ვინ არის პუტინის სავარაუდო მემკვიდრე და რა ვიცით მის შესახებ? - კვირის პალიტრა

ვინ არის პუტინის სავარაუდო მემკვიდრე და რა ვიცით მის შესახებ?

ბოლო პერიოდში მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ამ საკითხთან ერთად კი აქტუალური გახდა კითხვა, ვინ იქნება პუტინის მემკვიდრე, ვინ შეძლებს მისი ადგილის დაკავებას? სააგენტო "უნიანის" ცნობით, ჟურნალისტებმა მოახერხეს გარკვეული ინფორმაციის მოპოვება, საიდანაც ჩანს, რომ ვლადიმერ პუტინის შეცვლას მხოლოდ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, არმიის გენერალი ნიკოლაი პატრუშევი შეძლებს...

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ 12-წუთიან ვიდეოკლიპში, სადაც ვლადიმერ პუტინისა და სერგეი შოიგუს შეხვედრაა ასახული, პუტინი, თითქოსდა, საკმაოდ მხნედ გამოიყურებოდა, თუმცა ფეხს არ აჩერებდა და მისი სახეც შესამჩნევად გასივებული ჩანდა. სწორედ ამ ვიდეომ აალაპარაკა ზოგიერთი ექსპერტი თუ ანალიტიკოსი.

1-ელ მაისს ბრიტანულმა ტაბლოიდმა The Sun გამოაქვეყნა სტატია, სადაც პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იყო საუბარი. სტატიის ავტორი აღნიშნავდა, რომ ვლადიმერ პუტინს პარკინსონის დაავადება და შიზოფრენიული აშლილობა სჭირდა. გამოცემის ცნობით, თუ პუტინს ჯანმრთელობის აღდგენა დასჭირდა, ფედერაციის ხელმძღვანელი იმ პერიოდში მმართველის დიდი ხნის მეგობარი, ეფ-ეს-ბეს აგენტი პატრუშევი იქნება.

მსგავსი შინაარსის სტატია გამოაქვეყნა "დოიჩე ველემაც" სათაურით: "პუტინი და პარკინსონის დაავადება: რას ამბობენ სამედიცინო ექსპერტები?", თუმცა უამრავ განხილვასთან ერთად სტატიაში ვკითხულობთ:

„ნამდვილი ნევროლოგები ავადმყოფის მდგომარეობას კომენტარს არ გაუკეთებენ და დიაგნოზს გამოკვლევების გარეშე არ დაუსვამენ, თუ ის მათი პაციენტი არ არის... ჩემი შეხედულებით, რუსეთის პრეზიდენტს პარკინსონიზმის არავითარი ნიშნები არ აქვს... დიახ, ის საკმაოდ ცუდად გამოიყურებოდა, მაგრამ ეს პარკინსონის დაავადების შედეგი არ არის“, - აღნიშნავს გამოცემასთან ჯონ ჰარდი, რომელიც დიდი ბრიტანეთის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დემენციის პრობლემების შესწავლით არის დაკავებული.

putin-1651829155.jpg
ნიკოლაი პატრუშევი და ვლადიმერ პუტინი 2008 წელი, (MIKHAIL KLIMENTYEV / AFP. Getty Images)

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას არავითარი ზუსტი ინფორმაცია არ აქვს პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, გრძელდება საუბარი, ვინ იქნება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის შემცვლელი.

მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ბოლო პერიოდში პუტინსა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანს თითქმის 2-საათიანი შეხვედრა ჰქონდათ, სადაც პუტინმა მას ღიად უთხრა, რომ სახელისუფლებო ვერტიკალში მისთვის ყველაზე სანდო პიროვნებაა.

აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობით, ასეთ ვითარებაში ხელისუფლება დროებით სახელმწიფო დუმის მეთაურს გადაეცემა, თუმცა ამჯერად, როგორც ჩანს, სხვაგვარად იმოქმედებენ.

ნიკოლაი პატრუშევის გავლენებზე საუბრისას "რადიო თავისუფლების" რუსულ სამსახურთან ინტერვიუში ანალიტიკოსი ვალერი სალავეი ამბობს:

"პატრუშევი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა ძალოვნებს შორის და პრეზიდენტისთვის ის ყველაზე სანდო პიროვნებაა. მათ ურთიერთობას ვერავინ დააზიანებს. ეს არის ნამდვილი მამაკაცური და, ამავე დროს, პროფესიონალთა ძლიერი მეგობრობა. პუტინს პატრუშევის მიმართ ნდობის ძალიან მაღალი ხარისხი აქვს. ის მასზე მეტად არც ერთ ადამიანს არ ენდობა. პატრუშევი ახდენს ყველა სტრატეგიის ფორმირებასა და ფორმულირებას, შემდეგ წარუდგენს პუტინს, ის კი ამ სტრატეგიას ამტკიცებს. სტრატეგიის არსი მარტივია - არ დაუშვან, რეჟიმს რამე დაემუქროს. ამ ორი ადამიანის, პუტინისა და პატრუშევის მსოფლმხედველობა იზომორფულია, ერთი სტრუქტურა აქვთ, სწორედ ამიტომაც ესმით მათ ერთმანეთის ასე კარგად. პატრუშევი ფიზიკურად პრეზიდენტ პუტინზე გაცილებით უკეთ გამოიყურება. როგორც ვიცი, ის ყოველდღე თამაშობს ფრენბურთს, ფიზიკურად და მენტალურადაც გაცილებით ძლიერია, ვიდრე - პუტინი", - აღნიშნავს ვალერი სალავეი.

patrushev-1651735486.jpg

"თუ ჩინოვნიკებზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, პატრუშევს კონკურენტი არ ჰყავს. თუ პრეზიდენტის უახლოეს წრეზე ვსაუბრობთ, პუტინის ყველაზე ნდობით აღჭურვილი პირი იური კოვალჩუკია, რომელიც ფორმალურად არც ერთ სახელმწიფო სამსახურში არ არის, მაგრამ პრეზიდენტს ეფექტიან რჩევებს აძლევს... კავალჩუკი და პატრუშევი პუტინთან ყველაზე დაახლოებული ადამიანები არიან, მაგრამ ის ორთავეს სხვადასხვა საკითხში ენდობა", - ამბობს ვალერი სალავეი

ნიკოლაი პატრუშევი 70 წლისაა. ის 1999-2008 წლებში ეფ-ეს-ბეს დირექტორი გახლდათ, 2008 წლიდან კი უსაფრთხოების საბჭოს მდივანია. გემთშენებლობის ინსტიტუტის დასრულების შემდეგ მან მინსკში КГБ-ს უმაღლესი კურსი გაიარა. სწორედ აქედან დაიწყო პატრუშევის კარიერული წინსვლა, საბოლოოდ კი, ეფ-ეს-ბეს დირექტორიც გახდა.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2006 წელს საუბრობდნენ პოლიტოლოგები, რომ პუტინის მემკვიდრე პატრუშევი გახდებოდა, თუმცა პრეზიდენტად მედვედევი აირჩიეს. 2016 წელს ლონდონის სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წელს მოკლული ეფ-ეს-ბეს ოფიცრის - ალექსანდრე ლიტვინენკოს საქმეს კავშირი აქვს ვლადიმერ პუტინსა და იმ დროის ეფ-ეს-ბეს დირექტორ ნიკოლაი პატრუშევთან.

2018 წელს პატრუშევის სახელი კიდევ ერთ სკანდალში ფიგურირებდა, რომელიც ავღანეთში რუსეთის ფედერაციის საკონსულოდან ნარკოტიკული საშუალების, კოკაინის კონტრაბანდას უკავშირდებოდა.

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, სხვა რუსი მაღალჩნოსნებისა თუ ბიზნესმენების მსგავსად, პატრუშევიც სანქცირებულთა სიაში მოხვდა.

რაც შეეხება პუტინის სავარაუდო მემკვიდრის ოჯახს, მას ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი. დმიტრი პატრუშევი რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრია, უმცროსმა ვაჟმა - ანდრეიმ კი 2003 წელს ეფ-ეს-ბეს აკადემია დაასრულა. ის შემდეგ ეფ-ეს-ბეში მუშაობდა კიდეც, 2006 წლიდან კი რუსეთის უდიდესი ნავთობკომპანიის - „როსნეფტის“ დირექტორის მრჩევლად დაინიშნა.