"გარღვევა" გაურღვიეს - ყველაზე თანამედროვე რუსული T-90M ტანკიც აფეთქებულია... - კვირის პალიტრა

"გარღვევა" გაურღვიეს - ყველაზე თანამედროვე რუსული T-90M ტანკიც აფეთქებულია...

რამდენიმე დღის წინ რუსმა პროპაგანდისტებმა დიდი ზარზეიმით გააპიარეს, რომ, თურმე, მათმა არმიამ უკრაინასთან ომში ჩართო ყველაზე უახლესი რუსული სერიული წარმოების ტანკი T-90M და ამის შემდეგ უკრაინელ ტანკისტებს მათი მოძველებული T-64-ებით შავი დღე დაუდგებათო...

მართალაც, გავიდა ორიოდე დღე და ინტერნეტსივრცეში გავრცერლდა ასე ნაქები უახლესი რუსული T-90M-ის ახალი ფოტო... ოღონდ აფეთქებულ და დამწვარ მდგომარეობაში!

აუფეთქებელი ტანკი, ისევე, როგორც სხვა სამხედრო ტექნიკა, არ არსებობს, გინდ რუსული იყოს, გინდ - ამერიკული და გინდაც - ჩინური, მაგრამ თავად რუსეთის პროპაგადის ბრალია, როდესაც ისინი „მსოფლიოში ანალოგის არმქონედ“ მოიხსენიებენ და აპიარებენ შეიარაღების ამა თუ იმ სახეობასა და ტიპს, მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ მორიგი მოდიფიკაცია შეიძლება გახლდეს.

„მსოფლიოში ანალოგის არმქონე“ ახალი T-90M-ის რუსეთის არმიის შეიარაღებაში მიღება ზუსტად ორი წლის წინ, 2020 წლის გაზაფხულიდან დაიწყო და დღეისათვის რუსი ტანკისტების განკარგულებში შეიძლება არაუმეტეს 67 ასეთი ტანკი იყოს, თანაც, მათგან ახლადდამზადებული - თითებზე ჩამოსათვლელია, დანარჩენები კი უფრო ძველი T-90A-ს მოდიფიცირების შემდეგ შეიქმნა.

2-1651740782.jpg
უკრაინის ფრონტზე პირველად აღბეჭდილი რუსული T-90M -ი ბრძოლამდე...

რუსეთის სამხედრო პროპაგანდას არ უყვარს იმის გახსენება, რომ თავად T-90-იც საქვეყნოდ ცნობილი T-72-ის მორიგ მოდიფიკაციას წარმოადგენდა, ხოლო T-72 კი სამობილიზაციო ანუ უფრო იაფი და მარტივი მოდიფიკაციაა... T-64 ტიპის ტანკისა, ანუ ისევ უკრაინის ხარკოვის ქარხნის ტანკს მივადექით, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოსთვის მართლაც იქცა ახალ სიტყვად მსოფლიო სატანკო მრეწველობაში, როგორც ქვემეხის ავტომატური დატენვის მექანიზმის მქონე და, შესაბამისად, სამკაცამდე შემცირებული ეკიპაჟის მქონე ტანკი.

მას შემდეგ სწორედ ხარკოველების T-64-იდან იღებდა სათავეს ლენინგრადელთა აირტურბინიანი T-80, ტაგილელების T-72 და T-90-იც, გარდა უახლესი T-14 „არმატისა“.

„არმატაც“ შეიძლება ჩაითვალოს რევოლუციურ ტანკად, რადგან მისი სამკაციანი ეკიპაჟი საბრძოლო ნაწილისგან ცალკე გამოყოფილ შეჯავშნულ მოდულში ზის და ქვემეხიდან ჭურვების გასროლას დისტანციურად ახორციელებს (შესაბამისად, მას შეიძლება ნაკლებად ემუქრებოდეს ტანკის აფეთქებისას ჭურვების დეტონაციის შედეგად მრავალტონიანი ქვემეხიანი კოშკურას ჰაერში ატყორცნის დროს ეკიპაჟის გარანტირებული დაღუპვის საფრთხე).

მაგრამ ათი წლის განმავლობაში რუსეთმა მხოლოდ რამდენიმე ათეული „არმატა“ დაამზადა და ისინი ჯერ კიდევ საქარხნო და საველე გამოცდებს გადიან და მათი სერიული წარმოება კვლავ დიდ პრობლემებთანაა დაკავშირებული, თუმცა არ არის გამორიცხული, რუსმა გენერლებმა გაბედონ „არმატების“ უკრაინის ფრონტზე საბრძოლო ნათლობა...

მანამდე კი, უკრაინასთან ომში, რუსეთს ჯერ T-90M-ი გამოჰყავს, რომელსაც მოდიფიკაციის შემდეგ 1 130 ცხ.ძ.-მდე აქვს ფორსირებული დიზელის ძრავა, უყენია ავტომატური ტრანსმისია და პირველად საბჭოთა/რუსული ტანკების ისტორიაში, მექანიკოს-მძღოლი აღარ „ეჭიდავება“ ბერკეტებს ტანკის მართვისას, ამისთვის ბევრად მოხერხებული (ისე, როგორც დასავლურ ტანკებშია) სპეციალური შტურვალი დააყენეს და სიჩქარეთა გადართვასაც ავტომატური კოლოფი ახორციელებს.

ტანკზე ახალი დინამიკური დაცვის ელემენტები აყენია, გაუმჯობესებულია ეკიპაჟის მეთაურის ოპტიკურ-ელექტრონული დასამიზნებელ-ცეცხლის მართვის სისტემა ანუ დამმიზნებელ-ოპერატორის გარდა, თავად ტანკის მეთაურსაც შეუძლია სამიზნეების მოძებნა და ზუსტი გასროლის განხორციელება.

ამ და სხვა გაუმჯობესებების გამო, რუსმა კონსტრუქტორებმა T-90M-ს „პრორივ-3“ უწოდეს ანუ - „გარღვევა-3“ იმის გამო, რომ T-90 ტიპის ტანკის მესამე გარღვევითი, მნიშვნელოვანი მოდერნიზაცია განახორციელეს.

3-1651740820.png

...და ბრძოლის შემდეგ - ასე გამოიყურება აფეთქებული და დამწვარი რუსი პროპაგანდისტების სიამაყე - T-90M -ი

მაგრამ უკრაინელი მებრძოლის მიერ გასროლილი „ჯაველინისთვის“ სულ ერთი იყო, რა დაარქვეს რუსებმა თავის საამაყო ტანკს ,რომელიც ორი წლის წინ, 9 მაისის სამხედრო აღლუმზე პირველად ჩაატარეს მოსკოვში, წითელ მოედანზე, პრეზიდენტ პუტინის წინ - უკრაინელის გასროლილმა ამერიკულმა „ჯაველინმა“ რუსული „გარღვევა“ მართლაც რომ გაარღვია...