"კუზია" უკრაინელი 12 წლის გოგონასთვის შევქმენი, ძალიან მტკივნეულად განიცდის, რომ აღარ აქვსო" - კვირის პალიტრა

"კუზია" უკრაინელი 12 წლის გოგონასთვის შევქმენი, ძალიან მტკივნეულად განიცდის, რომ აღარ აქვსო"

22-28 მაისს გერმანიაში, ქალაქ ნოიშტატში - ნანა ყაულაშვილი თოჯინების ოსკარზე კონკურსში მიიღებს მონაწილეობას... მას სამი ნამუშევარი აქვს წარდგენილი სამ სხვადასხვა ნომინაციაში...

„მეთოჯინეობა - ესაა განსაკუთრებული სულიერი მდგომარეობა, როდესაც არაფრისგან ქმნი ნამუშევარს. ამას ძალიან დიდი შრომა სჭირდება და უდიდესი სიხარული მოაქვს”, – ეს ნანა ყაულაშვილის სიტყვებია, რომელიც პროფესიით ექიმი-ოფთალმოლოგია, მაგრამ პირველი თოჯინა 24 წლის წინ გააკეთა და მას შემდეგ ამ საქმეს განსაკუთრებული რუდუნებით ემსახურება...

ნანა ყაულაშვილს თბილისის თითქმის ყველა გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული. 2015 წელს ჰქონდა პირველი პერსონალური გამოფენა “არტ-ავენიუში”, შემდეგ მონაწილეობა მიიღო - მიუნსტერის, პრაღისა და ბაქოს საერთაშორისო გამოფენებში, სადაც საპატიო სიგელები მოიპოვა... მისი თოჯინები გამოფენილია ხელოვნების სასახლეში, საშობაო გამოფენაზე...

ცნობილ ხელოვანს დღევანდელობაზე ვესაუბრეთ...

- ქალბატონო ნანა, ძალიან წარმატებული და ცნობილი ხელოვანი ხართ... ბოლო პერიოდში თუ შექმენით თოჯინები ომის თემაზე?

- გულწრფელად გეტყვით, რუსეთ-უკრაინის ომმა, უკრაინაში დატრიალებულმა კოშმარმა იმდენად იმოქმედა, ვეღარ ვმუშაობ. მხოლოდ შეკვეთას თუ ვასრულებ... ორი თვეა უკვე, რაც ასე ვარ და ძალა არ მაქვს, ჩემს საყვარელ საქმეს ვემსახურო.

რაც შეეხება შეკვეთებს, გერმანიიდან მთხოვა ჩემი ხელოვნების გულშემატკივარმა, თოჯინა გამეკეთებინა, მალე გერმანიაში მივდივარ და თოჯინას თავად წავუღებ, რომელიც მისი შეკვეთით შევქმენი... სულ ახლახან კი მთხოვეს, თოჯინა გამეკეთებინა უკრაინელი ლტოლვილი ბავშვისთვის, რომელიც ახლა ისრაელში იმყოფება... დაახლოებით, სამი კვირის წინ დამირეკა ერთმა ადამიანმა ისრაელიდან და მკითხა, თუ შემეძლო ისეთი თოჯინა შემექმნა, როგორსაც მეტყოდა... "კუზია" არის მულტფილმის გმირი, რომელიც სახეზე გამურულია.

თავდაპირველად ვკითხე, თოჯინა გამურული სახით შემექმნა თუ უფრო გაცინებული, მხიარული და სუფთა სახის... მითხრა, როგორიც სურდა და მისი სურვილის მიხედვით შევქმენი თოჯინა, რომელსაც გამურული სახე აქვს და რაც მულტფილმში ეცვა, ისეთი სამოსი ჩავაცვი, შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად მივამსგავსე...

როდესაც თოჯინის ფოტო სოციალურ ქსელში გავავრცელე, ბევრი მსაყვედურობდა, ასეთი გამურული სახის და სევდიანი თოჯინა რატომ შექმენი, ბავშვს ხომ პირიქით დასტრესავსო... რა მექნა, მათი სურვილი და დაკვეთა ასეთი იყო და ზუსტად ის შევასრულე, რაც მითხრეს.

მაგალითად, ჩემი სურვილით, ბავშვისთვის უფრო მხიარული სახის თოჯინას გავაკეთებდი, ლამაზ და სუფთა სამოსს ჩავაცმევდი... მაგრამ მათ მითხრეს, ბავშვს ასეთი თოჯინა ჰქონდა და ძალიან მტკივნეულად განიცდის, რომ აღარ აქვსო.

ომის თემაზე ვერაფერს ვქმნი, იმიტომ, რომ მე მექნება სახლში თუ სხვებს, ის ხომ ყოველთვის ომს და საშინელებას მოგვაგონებს, რაც ძალიან მძიმე იქნება... ახლა პირიქით, ჩვენი ნამუშევრებით ადამიანებს ტკივილი უნდა შევუმსუბუქოთ, ცხოვრების ხალისი დავუბრუნოთ.

წარმოიდგინეთ, ნამუშევრის შექმნას სამი კვირა სჭირდება და თუ ომის თემაზე ქმნი, ის სამი კვირა სულ უარყოფითზე უნდა იფიქრო და შემდეგ - რამდენჯერაც შეხედავ... ამიტომ შეგნებულად არაფერს ვქმნი! ისედაც ყველა მხოლოდ ამ ამბებით ვართ მოცული და ახლა ვერც შევძლებთ, ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანოთ.

გერმანიაში მონაწილეობის მიღება ომამდე მთხოვეს და დავთანხმდი. იქ ჩემი ძველი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.

(სპეციალურად საიტისთვის)