"განადგურებულები არიან მშობლები, ბღავიან" - ესპანეთში ხანძარს შეწირული სამტრედიელი ძმების ამბავი - კვირის პალიტრა

"განადგურებულები არიან მშობლები, ბღავიან" - ესპანეთში ხანძარს შეწირული სამტრედიელი ძმების ამბავი

"4-სართულიან შენობაში მე-3 სართულზე ჰქონდათ ბინა ნაქირავები. პირველ სართულზე ვიღაც თავხედმა ხანძარი გააჩინა. არ ვიცი, გული მოუვიდა თუ რა იყო, რაღაც მიზეზის გამო ხანძარი გააჩინა და დაკვამლიანებამ ჩემი შვილები შეიწირა, დაძინებული შვილები დამეღუპნენ!

საელჩო ჩართულია და, ალბათ, 5-6 დღეში საბუთები მოგვარდება. მიცვალებულებს დანაშაული არაფერი აქვთ გარდა იმისა, რომ შეეწირნენ გაუგებრობას," - ამბობს დაღუპული ძმების დედა, ნესტან ჩარგეიშვილი.

სამტრედიელი ძმების, გიორგი და საბა მატარაძეების ბარსელონაში ტრაგიკულად დაღუპვის ამბავმა მთელი ქვეყანა შეძრა. ბიჭები ესპანეთში 2 თვის წინ ჩავიდნენ და იქ ბიზნესის დაწყებას გეგმავდნენ, მაგრამ საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ახლა ოჯახი მათი ცხედრების მოლოდინშია. ძალიან უჭირთ ახლობლებს მათზე წარსულში საუბარი. სოციალური ქსელი სავსეა ტკივილიანი სტატუსებით...

როგორც მათი ოჯახის ახლობელი ჩვენთან საუბარში ამბობს, ბიჭებს საოცარი ძმობა ჰქონდათ. ისინი ესპანეთში დიდი გეგმებით წავიდნენ. ბარსელონაში მოტოსერვისის გახსნას აპირებდნენ. როგორც ამბობენ, ბიზნესის დასაწყებად ძმებს საქართველოდან თანხაც ჰქონდათ წაღებული. თუმცა ადგილზე ჩასულებმა აღმოაჩინეს, რომ ტურისტული ვიზით შესულებს, ლეგალური სტატუსი არ გააჩნდათ და ამიტომ ბიზნესის რეგისტრაციას ვერ ახერხებდნენ. ძმებმა ამ პრობლემის მოგვარების გზებიც მოძებნეს, ფართობიც იქირავეს და ბიზნესიც უნდა დაეწყოთ, მაგრამ მათ ნაქირავებ კორპუსში გაჩენილმა ხანძარმა უდანაშაულო ბიჭების სიცოცხლე იმსხვერპლა.

ძმები ბარსელონაში, სანტა კოლომაში ცხოვრობდნენ. როგორც ადგილობრივი საინფორმაციო წყაროები იუწყებიან, ტრაგედია 4 მაისს, გამთენიას, სამსართულიან საცხოვრებელ კორპუსში დატრიალდა. მაშველებმა პირველი და მეორე სართულის სადარბაზოში ხანძრის ორი კერა აღმოაჩინეს. სამწუხაროდ, ხანძარს კორპუსში მცხოვრები 3 ადამიანი, მათ შორის, ძმები მატარაძეები ემსხვერპლნენ, მეოთხე დაშავებული კი მძიმე მდგომარეობაშია. სავარაუდოდ, ბიჭები კვამლისგან გაიგუდნენ. როგორც ესპანური პრესა იუწყება, ეს კორპუსი, კონფლიქტური სამეზობლოთი გამოირჩეოდა, მეზობლებს შორის, თურმე, ხშირად იყო ჩხუბი და დაპირისპირება. ამბობენ, სახლის პირველ სართულზე მცხოვრებ კრიმინალური სტატუსის მქონე მამაკაცს არა ერთი მომჩივანი ჰყავდა. ეს მამაკაცი ოჯახთან ერთად ბინაში უნებართვოდ იყო შეჭრილი, რომელსაც, საბოლოოდ, სასამართლოს გზით დაატოვებინეს საცხოვრებელი სახლი.

სავარაუდოდ, განაწყენებულმა, შურისძიების მიზნით, შუაღამისას, როცა შენობაში მყოფებს ეძინათ, ხანძარი გააჩინა. კვამლის შედეგად გარდაცვლილები არიან ძმები მატარაძეები და მეორე სართულზე მცხოვრები ესპანელი ქალი, რომელიც, ასევე, გაიგუდა. დანარჩენები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აღნიშნული მამაკაცი ამ ტრაგედიის შემდეგ დასაკითხად წაიყვანეს. სავარაუდოდ, მას დააკავებენ, რადგან არის ვერსია, რომ ხანძარი სწორედ მან, განგებ გააჩინა, რასაც უდანაშაულო ძმების სიცოცხლე ემსხვერპლა.

ძმებ მატარაძეებს მოტოსერვისი, თურმე, თბილისში ჰქონდათ გახსნილი. როგორც მათი ვებ-გვერდიდან ირკვევა, ბიჭებს უცხოეთიდანაც ჩამოჰყავდათ მოტოციკლები და დიაგნოსტიკით დაწყებული, ყველანაირ სერვისს სთავაზობდნენ მომხმარებლებს, რომელთა რიცხვი საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ ბიჭებს, თურმე, აქ ბიზნესის განვითარების საშუალებას ვიღაცები არ აძლევდნენ, ამიტომ ისინი იძულებულები გახდნენ, ქვეყნიდან წასულიყვნენ იმ იმედით, რომ სხვა ქვეყანაში მშვიდად საქმიანობას შეძლებდნენ. "სულ საქმის გარჩევებით დავიღალე, აღარ მინდა, აქ სულ პრობლემებიაო", - უთქვამს წასვლის წინ ერთ-ერთ ძმას.

ისინი, ნიჭიერი, მიზანდასახული და ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდები იყვნენ. სამწუხაროდ, ბევრი გეგმა და ოცნება განუხორციელებელი დარჩათ.

იზაბელა ინასარიძე, ბიჭების მეგობარი და მეზობელი:

- მთელი სამტრედია დადუმებულია ამ ტრაგედიის შემდეგ და სიტყვებს ვერ ვპოულობთ. საოცარი ბიჭები დავკარგეთ, უკეთილშობილესი ძმები, რომლებიც სულ ერთად იყვნენ და ჩემს მეხსიერებაში მუდამ ასე დარჩებიან. ბავშვობიდან შრომობდნენ. გიორგი 15 წლიდან მუშაობდა და თავისი გამომუშავებული ფული ჰქონდა, ამ თანხით თავის პატარა ძმას, საბასაც ეხმარებოდა, მერე საბაც წამოიზარდა და ამ საქმეში ერთად იყვნენ.

რამდენიმე წელია, რაც თბილისში მოტოსალონი გახსნეს და იქ შრომობდნენ, მაგრამ, როგორც ვიცი, მანდ მათ ბიზნესსაქმიანობას გასაქანი არ მიეცა. ზოგი ფულს არ აძლევდა, ხან ვიღაც ჩაერია და ამის გამო, სულ უწევდათ ნერვიულობა, ამიტომ გადაწყვიტეს, უცხო ქვეყანაში წასულიყვნენ და იქ აეწყოთ ბიზნესი, იქ განევითარებინათ თავიანთი საქმიანობა. აქედან რაღაცები წაიღეს, თავიანთი ნივთები, სრულად ორი თვე არც არის, რაც წავიდნენ საქართველოდან.

ერთი ბიჭია ვოვა, რომელმაც წაიყვანა ისინი. ის ბიჭი რამდენიმე წელია, წასულია ესპანეთში და უთხრა, რომ დაეხმარებოდა საქმის აწყობაში. თურმე, თავიდან იმ ბიჭთან იყვნენ ბინაში და ის დაეხმარა შემდეგ, რომ ეს ბინა ექირავებინათ. ერთი თვე 4 მაისს გავიდა, რაც იმ ბინაში ცხოვრობდნენ. საკმაოდ კარგ ოჯახში აღზრდილი ბიჭები არიან. ოჯახს ეკონომიკურად არ უჭირდა. სამტრედიაში დარბაზი აქვთ და ეს იყო მათი შემოსავლის წყარო. მაგრამ გიორგი პატარაობიდანვე სულ შრომობდა. ავტოფარეხი ჰქონდა და თავიდან იქ აკეთებდა მოპედებს, მოტოებს, მანქანის რაღაცებს. სულ ამ საქმეში იყო, ხელობა თავისით ისწავლა. თავისი მოპედი ჰყავდა და თავიდან იმას შლიდა და აწყობდა. საბამ კარგად იცოდა კომპიუტერი, ვინდოუსის გადაყენებაზეც მუშაობდა და მერე ძმას ეხმარებოდა, ერთად შრომობდნენ. ძალიან კარგი ბიჭები იყვნენ.

საშინელ დღეში არიან მათი მშობლები. დედას მეტი შვილი არ ჰყავს, მართლაც საშინელი მდგომარეობაა. როგორც ვიცით, ბიჭებს ეძინათ, როცა იმ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. საბა საწოლში უპოვიათ და გადაუყვანიათ საავადმყოფოში, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გიორგი ადგილზე იყო გარდაცვლილი. როგორც ვიცით, გიორგი ბინის კართან უპოვიათ. როგორც ჩანს, გამოეღვიძა და კარის გაღებას შეეცადა, მაგრამ გონება დაკარგა და წაიქცა.

იმის გააზრებაც მიჭირს, რომ ისინი ჩვენ გვერდით არ იქნებიან. ბიზნესისთვის ფართობიც ნაქირავები ჰქონიათ და ხვალ უნდა გასულიყვნენ სამუშაოდ. საშინელებაა მათი გარდაცვალების გააზრება. საბას ნათლია - მამუკა, ჩვენი ახლობელია, მან დაგვირეკა და გაგვაგებინა ეს საშინელი ამბავი. ჯერ ნათესავებს შევატყობინეთ, ისინი მოვიდნენ და ამის მერე უთხრეს მშობლებს, ზაზას და ნესტანის. საშინელება ტრიალებს, ძალიან გვტკივა და ამის დაჯერება მიჭირს, ვერ წარმომიდგენია ჩვენი უბანი მათ გარეშე. ძალიან თბილები იყვნენ. თუკი რამე დაგჭირდებოდა, იმ წუთასვე მიატოვებდნენ თავიანთ საქმეს და გვერდით დაგიდგებოდნენ. უბანში გამორჩეულები იყვნენ. ბიჭების ბიძა, ნესტანის ძმა გერმანიაშია და ის წავიდა გერმანიიდან ესპანეთში.

ალბათ, საელჩოს დახმარებით ჩამოასვენებენ. ძალიან განადგურებულები არიან მშობლები, ბღავიან, ამ დროს სანუგეშო რა უნდა უთხრა ადამიანს?

როგორც შევიტყვეთ, ამ ბიჭებს ახალგაზრდა მამიდაშვილიც ჰყავთ გარდაცვლილი...

"ძალიან შეძრულები ვართ ამ ამბით. საოცრად კარგი ბიჭები იყვნენ, გიორგი 27 წლის იყო, საბა - 22 წლის. ორი შვილი ჰყავდა დედას. დაოჯახებულები არ იყვნენ. აქაც საკმაოდ წარმატებულები იყვნენ, მაგრამ უნდოდათ, უფრო წინ წასულიყვნენ და მეტისთვის მიეღწიათ. ამ ბიჭებს რამდენიმე წლის წინ მამიდაშვილი მოუკლეს, მამიდის ოჯახი ეკლესიას აშენებს სამტრედიაში მისი სულის საოხად და ახლა ეს საშინელი ამბავი დაატყდათ თავს, ასე დაჩაგრული აღმოჩნდა ეს ოჯახი", - გვითხრა ადგილობრივმა.

"როგორ მენანები, გიო, ასეთი ახალგაზრდა. რამდენი გეგმები გქონდა, რაც გაგიცანი მუდამ გეუბნებოდი, რომ განსხვავებული ხარ, ასეთი ახალგაზრდა და მშრომელი იშვიათია ამქვეყნად-მეთქი, სულ ამას გიმეორებდი. საბა, შენი ძამიკოც შენთან ერთად წამოვიდა იმ ქვეყნად, რადგან სულ ერთად იყავით, მაგრამ დედას რას ერჩოდით, ამხელა ტკივილი როგორ გადაიტანოს! უფალო, შენ გადმოხედე ამ ორი ანგელოზის მშობლებს, ამათ კი დაუმკვიდრე ცათა სასუფეველი, სადაც მართალნი განისვენებენ", - წერს ლია მგელაძე.

"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს მატარაძეების ოჯახს და ახლობლებს ამ უდიდესი ტრაგედიის გამო. ჯერჯერობით უცნობია, ბიჭებს სამშობლოში როდის ჩამოასვენებენ.

(სპეციალურად საიტისთვის)