"მაშინ მივხვდი, რომ ისინი ეფ-ეს-ბეს გამოგზავნილი იყვნენ, რათა ჩეჩნები ქართველების წინააღმდეგ აემხედრებინათ" - კვირის პალიტრა

"მაშინ მივხვდი, რომ ისინი ეფ-ეს-ბეს გამოგზავნილი იყვნენ, რათა ჩეჩნები ქართველების წინააღმდეგ აემხედრებინათ"

ინტერვიუ ზურაბ ხანგოშვილთან:

- ბატონო ზურაბ, აფხაზეთის ომში ჩეჩნების რა კატეგორია იბრძოდა?

- აფხაზეთის თემა სულ სხვაა. ეფ-ეს-ბეს მიზანი იყო ჩეჩნების აფხაზეთში გაშვება.­ იმხანად ჩეჩნეთში ტელეარხი "კავკაზი" იყო და მახსოვს, 2 თუ 3 აფხაზი ტირილით გამოვიდა ეთერში­, ჩვენც და თქვენც მუსლიმანები ვართ, ქართველი ქრისტიანები გვხოცავენ და დაგვეხმარეთო. ამ ვიდეოს მთელი თვე ატრიალებდნენ. მაშინ მივხვდი, რომ ისინი ეფ-ეს-ბეს გამოგზავნილი იყვნენ, რათა ჩეჩნები ქართველების წინააღმდეგ აემხედრებინათ. არადა, რა გვქონდა გასაყოფი? რუსებმა კავკასიაში ყველა ერთმანეთს გადაჰკიდეს და ეს ორი ერიღა დარჩათ... რაღაც­ ჯგუფი შეიკრიბა და წავიდა აფხაზეთში საომრად. ამის წინააღმდეგი იყო ჯოჰარ დუდაევი და უთხრა მათ, თუ ქართველების­ წინააღმდეგ წახვალთ, ერის მოღალატეებად ჩაითვლებითო. თუმცა ყველა ერშია ცუდიც და კარგიც... ისინი მაროდიორობდნენ, ყველგან კრიზისი იყო, სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობდნენ და ამით ახსნეს მათი ქმედება.

- 2003 წელს გაერომ გროზნოს "პლანეტის ყველაზე განადგურებული ქალაქის" სტატუსი მიანიჭა, ჩეჩნეთის რესპუბლიკა კი, სამწუხაროდ, დაიშალა და რუსეთს დაექვემდებარა...

- დიახ, გროზნო, ფაქტობრივად, განადგურდა, მთავარი ქუჩები აღარ არსებობდა. ახლა უკრაინაში ვხედავთ იმავეს.

- თქვენი ძმა ზელიმხანი ამ ომის შემდეგ გახდა კადიროვის სამიზნე?

- ჩემი ძმა პატრიოტი კაცი იყო, მასაც შეეძლო რუსების მხარეს­ გადასვლა, მაგრამ კარგი ცხოვრების­ გამო არ გაყიდა თავისი ერი. ზელიმხანსა და კადიროვს­ შორის ურთიერთობა ცხინვალის ომის შემდეგ უფრო დაიძაბა, მას არ აწყობდა, რუსეთთან ომგამოვლილი და გამოცდილი ადამიანი რომ ჩაერთო ბრძოლებში. ზელიმხანი რუსების წინააღმდეგ 3-4 წელი ტყე-ტყე იბრძოდა, პარტიზანულ ომებში მონაწილეობდა, მისი ეშინოდათ რუსებსაც და კადიროვსაც.

- რა აქვს საერთო საქართველო-ჩეჩნეთ-უკრაინის ომებს?

- ყველაფერი ერთი სცენარით მიდის. უბრალოდ, უკრაინელები მუსლიმანები რომ ყოფილიყვნენ, ტერო­რისტული დაჯგუფებების გასანადგურებლად შესვლას მოიმიზეზებდა კრემლი, რადგან ასე არ იყო, ნაციზმი დააბრალეს. იმ ქალაქებში, სადაც რუსები ცხოვრობენ, ომის დაწყება ნაცისტების არსებობით "გააპრავეს",­ მათ უკრაინელები ავიწროებენო. დარ­წმუნებული ვარ, თვითონ ბომბ­ავდნენ და მერე უკრაინის მთავრობას დააბრალებდნენ. არაა გამორიცხული, საქმეში რამდენიმე უკრაინელიც ჩართეს... რასაც სჩადიან ბუჩაში, მარიუპოლში, ჩეჩნეთშიც ასე იქცეოდნენ. მაგრამ უკრაინისგან განსხვავებით, ომში ჩეჩნეთს საერთაშორისო დახმარება არ ჰქონია... იმედია, უკრაინის ომში პუტინს ბოლო მოეღება, რუსეთი აუცილებლად დამარცხდება. მაგრამ რუსეთის მთავრობა თუ შენარჩუნდა, ეს ჩვენთვის საზიანო იქნება. ბირთვული ომის შიშით დათმობაზე თუ წავა მსოფლიო, რუსეთი­ ისევ მოიკრებს ძალას და არც უკრაინა გადარჩება, არც საქართველო და არც ზოგადად კავკასია. ეს ომი 99%-ით­ წყვეტს კავკასიის ბედს. უკრაინელ ხალხს­ გამარჯვებას და ერთობის შენარჩუნებას ვუსურვებ, ერთიანობა თუ დაირღვა, არ იქნება მათი საქმე კარგად. წაიკითხე სტატია სრულად