EXCLUSIVE: "ძალიან მენატრება, ყოველდღე ვნახულობ სიზმარში" - 2 წლის წინ ესპანეთში კოვიდით გარდაცვლილი ქალის ცხედარს სამშობლოში ჩამოასვენებენ - კვირის პალიტრა

EXCLUSIVE: "ძალიან მენატრება, ყოველდღე ვნახულობ სიზმარში" - 2 წლის წინ ესპანეთში კოვიდით გარდაცვლილი ქალის ცხედარს სამშობლოში ჩამოასვენებენ

ესპანეთში, აკლდამაში მყოფი ცირა ალიხანაშვილის ცხედარს სამშობლოში ჩამოასვენებენ

"ძალიან მძიმე ორი წელი გავიდა, ბავშვები სულ მეკითხებოდნენ, მამიკო როდის ჩამოვასვენებთ დედასო"

2-წლიანი გაუსაძლისი ლოდინის შემდეგ, 7 მაისს, 5 შვილის დედას, ცირა ალიხანაშვილს ესპანეთიდან სამშობლოში ჩამოასვენებენ და სამტრედიაში მიაბარებენ მიწას. ამ ოჯახის ტრაგედია ორი წლის წინ მთელმა საქართველომ გულთან მიიტანა და ყველა განიცდიდა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებას.

შეგახსენებთ, 34 წლის ცირა და მისი მეუღლე ესპანეთში 2020 წლის 2 მარტს, მას შემდეგ ჩავიდნენ, რაც ქალს საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მკურნალობისთვის განკუთვნილი თანხა ცოლ-ქმარმა ახლობლებისა და საქველმოქმედო ფონდის დახმარებით შეაგროვა. ცირა მადრიდის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადიოდა ქიმიოთერაპიის კურსს, სამწუხაროდ, ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. მაშინ მისი გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონავირუსი დასახელდა და, პროტოკოლიდან გამომდინარე, ოჯახს ცხედარი არ მისცეს, არადა, მისი მეუღლე, მამუკა ნაჭყებია ყველას დახმარებას სთხოვდა. სულისშემძვრელი იყო მისი ინტერვიუები, რომელიც მაშინ "კვირის პალიტრაშიც" დაიბეჭდა.

მართალია, საქმეში თავიდანვე ჩაერთო საქართველოს საელჩო, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. საბოლოოდ, ესპანეთის მთავრობამ ოჯახს ცხედრის აკლდამაში დაკრძალვის უფლება მისცა და ცირა ალიხანაშვილი 2020 წლის 27 მარტს ესპანეთში, აკლდამაში დაკრძალეს. ქმარი მის დაკრძალვას ესპანეთში შემოღებული საკარანტინო აკრძალვების გამო ვერ დაესწრო, მას მხოლოდ იმ აკლდამის ნომერი გადასცეს, სადაც მისი ცოლი დაასაფლავეს. მაშინ მართლაც ბევრი იბრძოლა ოჯახმა იმისთვის, რომ ცხედრის კრემაცია არ მომხდარიყო.

არადა, დედის გამოჯანმრთელებას სამტრედიაში 5 მცირეწლოვანი შვილი ელოდებოდა. ყველაზე პატარა მაშინ წლინახევრის იყო. ამ ოჯახის უმძიმეს ისტორიაზე პირველი სიუჟეტი "სიკეთის ქალაქმა" მოამზადა. ცირას რვა წლის გიორგი არ მალავდა, რომ სახლში პური ენატრებოდათ, არანაირი საცხოვრებელი პირობები არ ჰქონდათ, თუმცა ამბობდა, ოღონდ დედა ცოცხალი მყავდეს, მალე დამიბრუნდეს და არა უშავს, მშიერი დაძინებასაც ვისწავლიო. ამ უმძიმესი სიუჟეტის შემდეგ ამ ოჯახის მდგომარეობა ყველამ გულთან მიიტანა, ანგარიში გაიხსნა და ბავშვების დასახმარებლად თანხები ჩაირიცხა. საბოლოოდ, მათი ეკონომიკური მდგომარეობა შეიცვალა, სახლი გაურემონტეს და მათი საცხოვრებელი პირობებიც გაუმჯობესდა, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ეს პატარები უდედოდ იზრდებიან.

"ოღონდ ახლა ჩავიდე ჩემს შვილებთან, მერე ესპანეთში აუცილებლად დავბრუნდები და ცირას წავასვენებ საქართველოში. ხელისუფლება მპირდება, რომ დამეხმარება. მანამდე აკლდამაში იქნება დაკრძალული, ექნება თავისი ნომერი და ამ ნომრით მივაგნებ, როგორც კი მომეცემა საშუალება და გადასვენების ნებას დამრთავენ, გადავასვენებ", - ამბობდა მაშინ ჩვენთან ინტერვიუში მამუკა ნაჭყებია, რომელმაც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, რამდენიმე დღე ესპანეთში, კარანტინში გაატარა, მერე საქართველოში შვილებთან დაბრუნდა, მას შემდეგ 5 შვილს გვერდიდან არ შორდება და უდედობით გამოწვეულ ტკივილს უმსუბუქებს...

მართალია, თავიდან ესპანეთის მთავრობამ ოჯახს უთხრა, რომ 5 წლის შემდეგ დართავდნენ ცხედრის გადასვენების უფლებას, მაგრამ ჩვენმა საელჩომ ესპანეთში 2 წლის შემდეგ ამ პრობლემის მოგვარება შეძლო. ახლა კი ოჯახი ცხედრის მოლოდინშია. რამდენიმე თვის წინ მამუკა ნაჭყებიამ დახმარების თხოვნით ხელისუფლებას და საელჩოს სოციალური ქსელით მიმართ და ამას შედეგიც მოჰყვა. ახლა ის სამტრედიიდან თბილისშია ჩამოსული და მონატრებული მეუღლის ცხედარს ელოდება.

ხათუნა ნაჭყებია, ცირას მული:

- ორი წელია ამ დღეს ველოდებით. დღეს ვესაუბრე საელჩოს წარმომადგენელს, მითხრეს, რომ ჯერ სტამბოლში გადაასვენებენ, 6 მაისს, იქიდან კი 7 მაისს თბილისში ჩაფრინდება თვითმფრინავი და ცირას ცხედარს თბილისიდან სამტრედიაში გადავასვენებთ. ჩემი ძმა აეროპორტში დახვდება, უკვე მოელაპარაკა დამკრძალავ ბიუროს და მათი მანქანით გადაასვენებს სამტრედიაში. იქ საფლავი უკვე გამზადებული აქვს, როგორც კი შეგვატყობინა საელჩომ, რომ რამდენიმე დღეში შეგვეძლებოდა გადმოსვენება, ჩემმა ძმამ გაამზადა საფლავი, სურათიც და ყველაფერი გაკეთებულია.

279043892-407035150993894-3127283076968921664-n-1651822915.png

ჩვენი ცირას საფლავი გვექნება. რამდენიმე თვის წინ ჩემმა ძმა ჩაწერა ვიდეო და სახელმწიფოს მიმართავდა, გადმოსვენებაში დახმარებოდნენ. ამას გამოხმაურება მოჰყვა და საელჩო დაგვეხმარა. თბილისამდე ხარჯებიც სახელმწიფომ დაფარა, მადლობა მას.

21 მარტს გავიდა 2 წელი, რაც ცირა ჩვენს გვერდით აღარ არის. თავიდან გვითხრეს, რომ 5 წლის შემდეგ მოგვცემდნენ ცხედრის წამოსვენების უფლებას, ნამდვილად რთულია, ელოდო ამდენ ხანს... ბავშვებს დედის საფლავი არ ჰქონდათ. ვერც ესპანეთში მივდიოდით მის საფლავზე. ბევრმა ესპანეთში მყოფმა ქართველმა გამოთქვა სურვილი, რომ აენთოთ სანთელი მის აკლდამასთან, აღდგომას, წელსაც და შარშანაც იყვნენ იქ მისული ქართველები, მადრიდში, მის აკლდამასთან კვერცხი, ყვავილები აიტანეს, სანთლები აანთეს. მადლობა მინდა, მათ ვუთხრა. ახლა თავის მიწაზე, თავის სამშობლოში დაბრუნდება და ბავშვებს ექნებათ დედის საფლავი. ეს ორი წელი უმძიმესი იყო ჩვენი ოჯახისთვის. რთულია, ბავშვებს დედა რომ არ ჰყავთ გვერდით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, შეძლებისდაგვარად, რომ მათ ცოტათი მაინც შეუმსუბუქდეთ მდგომარეობა, ჩემი ძმა თვალებში უყურებს შვილებს, დედაჩემი ცდილობს, მზრუნველობა არ მოაკლოს და ყველანი ერთობით ვახერხებთ სითბოს და სიყვარულის გაზიარებას, მაგრამ ყველაზე დიდი ტრაგედიაა, რომ დედის გარეშე იზრდებიან.

ჩემი ყველაზე პატარა ძმისშვილი ახლა 3 წლის არის და როცა ვრეკავ უცხოეთიდან, დედას მე მეძახის, გული მიკვდება. ხანდახან ბევრი რამ ისეთია გადასაწყვეტი, რასაც ვიცი, ცირა ადვილად გადაწყვეტდა, შვილებს რჩევებს მისცემდა. დედა ხომ შეუცვლელია, დედა მაინც სხვანაირად გასცემს შვილს პასუხს.

ჩემი ძმა ძალიან შეიცვალა, დღე და ღამე ლოცულობს, სანთლებს ანთებს. ძალიან განიცდის. ურთულესი მდგომარეობაა და მიჭირს ხანდახან სახლში დარეკვა ამის გამო... წვერიც არ გაიპარსა, ცირას რომ ჩამოვასვენებ მერე მოვიჭრიო... ასე გამოხატავს ტკივილს.

ცოტა ხნის წინ სიზმარი ნახა და მაშინ გადაწყვიტა, ვიდეომიმართვა გაეკეთებინა, რადგან ცირა დაესიზმრა და უთხრა, უცხო ხალხში ვარ და აქედან წამიყვანეო. მამუკა ტიროდა, რომ გაიღვიძა და ამის მერე ადგილს ვერ პოულობდა. სიზმარში ხშირად ნახულობს, მაგრამ ამაზე ჩვენთან არ საუბრობს, ბოლოს რომ დაესიზმრა, აქედან წამიყვანეთო, ეს პიკი იყო მისთვის, ძალიან ღელავდა. მადლობა საელჩოს, რომ გვერდით დაგვიდგა. სამტრედიაში იქნება ცირას სამუდამო სამყოფელი. მთელი ჩვენი ოჯახისთვის მძიმე დღეებია ისევ.

ცირას დედას თვალს ვერ ვუსწორებ ამ ტრაგედიის შემდეგ, ვერ ველაპარაკები. არ ვიცი, რა ვუთხრა დედას, რომელსაც სჯეროდა, რომ მისი შვილი გადარჩებოდა და იქიდან გამოჯანმრთელებული დაბრუნდებოდა. ამ იმედით გააცილა და მოულოდნელად ასეთი ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე შვილი აღარ ჰყავს. ცოტა შვება ისაა, რომ შვილის საფლავზე მივა. ბავშვებთან სამტრედიაში ჩადიან ცირას დედა და დები, როგორც კი ამის შესაძლებლობა აქვთ და ბავშვების გვერდით არიან. მათთვის საჩუქრები მიაქვთ და მათ გვერდით არიან, მაგრამ შვილმკვდარი დედა ხომ განადგურებულია და მთელი ცხოვრება ამ დარდით იქნება!

- როგორ გაიხსენებთ ცირას?

- ცირა ჩემთვის ყველაფერი იყო, ძალიან მიჭირს მასზე საუბარი. ჩვენ არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან. ერთად ვსწავლობდით, ერთ ჯგუფში და სანამ ჩემი ძმა შეირთავდა ცოლად, ჩემი დაქალი იყო. ჩემთვის შეუცვლელია, მიჭირს მასზე წარსულში ლაპარაკი. სასწაული ადამიანი იყო, უკარგესი, 17 წელი იყო ჩვენი რძალი და ზოგჯერ მინდა გავიხსენო ისეთი რამ ჩვენი ურთიერთობიდან, რაც ამ ტკივილს ცოტათი შემიმსუბუქებს, მაგრამ ოდნავ წყენასაც ვერ ვიხსენებ. ძალიან მიყვარს და მისი გარდაცვალების შემდეგ ნახევარი ადამიანი ვარ. ამის გაძლება ემოციურად მძიმეა ჩემთვის და მას მერე მედიკამენტს ვსვამ...

ცირა საოცარი გოგო იყო, ყველაფერს ღირსეულად იტანდა, იმ გაჭირვებასაც, რადგან უყვარდა ჩემი ძმა. მხოლოდ კარგი შემიძლია ვთქვა მასზე. ყველაზე კარგი დედა, უკარგესი ცოლი და რძალი იყო. სულ ვეკითხები საკუთარ თავს, განა ისეთი რა დავაშავეთ, რომ ასეთი უბედურება დაგვატყდა თავს. ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო, მარტომ დალია სული და ეს მანადგურებს, მკლავს. არც იმის მჯერა ბოლომდე, რომ ცირა კორონავირუსმა იმსხვერპლა. ვფიქრობ, ექიმების შეცდომაც იყო დაშვებული. თუ კორონავირუსი ჰქონდა, ქიმიოთერაპიის გაკეთება არ შეიძლებოდა. კორონავირუსი 3-4 დღეში არ გავიდოდა ორგანიზმიდან, ჩვენ გვითხრეს მალევე, რომ კორონისგან განიკურნა და მეორე ქიმია გაუკეთეს.

ქართველი ექიმებიც შეცდნენ, ცირა აქედან რომ წავიყვანეთ, თურმე, სეფსისი იყო დაწყებული და ეს ვერ დაინახეს, არ გვითხრეს. მერე ესპანეთში დაიკარგა დიდი დრო სეფსისისგან განკურნებაში, ამასობაში ხომ იწამლებოდა მისი ორგანიზმი... მეორე ქიმია თუ გადაიტანა, ეს გოგო გადარჩებაო, გვეუბნებოდნენ ექიმები და მერე, ასეთი უმძიმესი ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით. ცირა უდიდესი ტკივილია.

- ბავშვებს საყოფაცხოვრებო პირობები აქვთ?

- დიახ, ხალხმა გაუკეთა მათ ყველაფერი. ბავშვებს დღეს აქვთ მოწყობილი სახლი. ჯობდა, არაფერი ჰქონოდათ და დედა ჰყოლოდათ გვერდით... ცხოვრების სისასტიკეა ეს, ბავშვები დედის გარეშე რომ იზრდებიან. ემოციურად ძალიან მძიმე დღეებია ჩვენთვის.

"კვირის პალიტრამ" მცირე კომენტარი მამუკა ნაჭყებიასაც ვთხოვეთ, რომელიც თბილისში ელოდება მეუღლის ცხედარს.

მამუკა ნაჭყებია:

- ვემზადები ცირას დასახვედრად, ამისთვის ჩამოვედი თბილისში და აეროპორტში ველოდები. პირდაპირ წავასვენებ სამტრედიაში, შეიძლება ერთი დღე სახლში დავასვენო მისი ცხედარი და მერე მივაბარებთ მიწას. ძალიან მიჭირს მასთან შეხვედრა, ორი წელია, ამისთვის ვიბრძვი. ემოციურად ძალიან რთულია ჩემთვის, ყველაფერი თავიდან განახლდა, თუმცა არც არასოდეს განელებულა. არ ვიცი, სხვები როგორ განიცდიან ასეთ დროს, მაგრამ ჩემთვის გაუსაძლისი ტკივილია.

საელჩო და სახელმწიფო დამიდგა გვერდით და მადლობა მათ. ახლა სასაფლაო გამზადებული გვაქვს. ძალიან მძიმე ორი წელი გავიდა, საშინლად მძიმე დღეები, სიტყვებით გადმოცემაც არ შემიძლია. ბავშვები ყოველ წუთას ელოდებიან დედას, ეს ორი წელი სულ მეკითხებოდნენ, - მამიკო როდის ჩამოვასვენებთ დედასო და კონკრეტული პასუხი არ მქონდა. ეს მძიმე დღე დადგა, მივაღწიეთ შედეგს და ცირას საფლავი გვექნება.

- როგორც შევიტყვე, დაგესიზმრათ მეუღლე და ამან აგაფორიაქათ, ხშირად ნახულობთ სიზმარში?

- ყოველდღე ვნახულობ სიზმარში. ალბათ, ნერვიულობის, მონატრების და გაუთავებელი ფიქრის ფონზეა, რომ ყოველღამე მესიზმრება. იმ დღესაც დამესიზმრა, - უცხო ხალხთან ვარო, მითხრა. ძალიან რთულია ამ ტკივილის გაძლება, ძალიან რთულია ეს ყველაფერი... საფლავზე გავალთ და ეს დიდ რამეს ნიშნავს ჩვენთვის.

17 წელი ვიცხოვრეთ მე და ცირამ ერთად. საოცარი ადამიანი იყო. პრობლემებზე საუბარი საერთოდ არ იცოდა, არ შეგაწუხებდა. როცა სტკიოდა, მაშინაც არ შეგაწუხებდა, სულ სხვა ბუნების იყო.... ძალიან მენატრება.

მადლობა ყველას, ვინც მხარში დაგვიდგა და დაგვეხმარა მის ჩამოსვენებაში.

(სპეციალურად საიტისთვის)