"ვლადიმერ პუტინის მიწვევა G-20-ის სამიტზე ჯო ბაიდენს თავის ტკივილად ექცა" - რას წერს The Washington Post - კვირის პალიტრა

"ვლადიმერ პუტინის მიწვევა G-20-ის სამიტზე ჯო ბაიდენს თავის ტკივილად ექცა" - რას წერს The Washington Post

"პრეზიდენტ ჯო ბაიდენისათვის „თავის ტკივილად“ იქცა ინდონეზიის პრეზიდენტის - ჯოკო ვიდოდოს გადაწყვეტილება, რომ მან, მასპინძლის უფლებით, „დიდი ოცეულის“ (G-20) სამიტზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც მიიწვია", - წერს გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) სტატიაში, რომლის სათაურიც მის დედააზრს ასახავს: „ვლადიმერ პუტინის მიწვევა G-20-ის სამიტზე ჯო ბაიდენს თავის ტკივილად ექცა“ (ავტორი - ოლივერ კნოქსი).

„ამერიკა ცდილობს, რომ რუსეთი მსოფლიო პოლიტიკიდან გარიყოს, რეალობა კი ისეთია, რომ რუსეთის „გარიყვას“ ვაშინგტონის ყველა პარტნიორი არ ეთანხმება. ეს დემოკრატი პრეზიდენტისათვის ნამდვილ „თავის ტკივილად“ იქცა“, - ნათქვამია სტატიაში.

ჯერ კიდევ მარტში ამერიკის ლიდერმა განაცხადა, რომ აუცილებელია, რუსეთი მსოფლიოს 20 განვითარებული ქვეყნის ჯგუფიდან - „დიდი ოცეულიდან“ (G20) გაირიცხოს და ვლადიმერ პუტინი იმ ეკონომიკურ სამიტზე არ უნდა დაუშვან, რომელიც ინდონეზიაში, ნოემბრის შუა რიცხვებში უნდა გაიმართოს. ჯო ბაიდენმა თავისი განცხადების გაკეთებისას აღნიშნა, რომ თუ სხვა ქვეყნები რუსეთის გარიცხვას არ დაეთანხმებიან, სამაგიეროდ, უკრაინა უნდა იქნეს მიწვეულიო.

მიმდინარე წელს ინდონეზიას სამიტის მასპინძლისა და G20-ის თავმჯდომარის სტატუსი აქვს. სამიტი, რომლის დევიზია „ავღორძინდეთ ერთად და ძლიერად“, საკურორტო კუნძულ ბალიზე უნდა გაიმართოს. ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ გასულ ხუთშაბათს დაადასტურა, რომ მან ვლადიმერ პუტინი სამიტზე მიიწვია, ასევე, მიწვევა გაუგზავნა უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკისაც. ჯოკო ვიდოდოს თქმით, ჯაკარტას სურს, რომ „ოცეულში“ განხეთქილება არ იყოს და სტაბილური თანამშრომლობა არსებობდეს.

ვლადიმერ პუტინი თავისი ინდონეზიელი კოლეგის მიწვევას დაეთანხმა. თავის მხრივ, ვლადიმერ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ მიწვევა მიიღო, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მართლაც და, გაურკვეველია, მოახერხებს თუ არა უკრაინის პრეზიდენტი პირადად მონაწილეობას სამიტში. იგი ბოლო ორი თვის განმავლობაში, საომარი სიტუაციის გამო, მსოფლიოს მხოლოდ ვირტუალურად მიმართავს.

სწორედ ამიტომ დგას ჯო ბაიდენის წინაშე არცთუ იოლი დილემა: რამდენად მისაღებია თეთრი სახლის მეთაურისათვის იმ სამიტში მონაწილეობა იმ ქვეყნის ლიდერთან ერთად, რომელიც მან „სამხედრო დამნაშავედ“ მონათლა? ან იქნებ ჯო ბაიდენისათვის უმჯობესი იქნება, ინდონეზიაში ვინმე გაგზავნოს თავის ნაცვლად? ან იქნებ საერთოდ ბოიკოტი გამოუცხადოს სამიტს? მაგრამ არის იმის რისკი, რომ აშშ სამიტს განერიდება, მაშინ იქ პირველობა რუსეთს და ჩინეთს დარჩებათ...

ისე, კაცმა რომ თქვას, თითქმის წარმოუდგენელია, რომ აშშ-ის ლიდერმა ინდონეზიაში წასვლაზე და აზიაში დაგეგმილ უმსხვილეს საერთაშორისო ეკონომიკურ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვას. დღეს, როცა მსოფლიო ეკონომიკაში, პანდემიის შედეგების გამო, მძიმე სიტუაციაა და ეს ყველაფერი ვაჭრობაზე ნეგატიურად მოქმედებს, პლუს - ინფლაციის მაღალი დონე, ეს ყველაფერი 2022 წლის ნოემბერში დაგეგმილ აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებზეც უარყოფით გავლენას მოახდენს, - წერს „ვაშინგტონ პოსტი“.

სტატიის ავტორის აზრით, არის იმის შესაძლებლობა, რომ სამიტის დროს ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი ვიდეო და ფოტოკადრებში ერთად იშვიათად მოხვდნენ. გარდა ამისა, დღეს ნამდვილად არ არის ორმხრივი საუბრის აუცილებლობაც. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ სამიტის ჯგუფური ფოტოგადაღებისას შეიძლება რაღაც გაურკვევლობები გაჩნდეს და „დამდურებული ლიდერები ერთმანეთს მოულოდნელად დაეჯახონ“.

რასაკვირველია, ჯოკო ვიდოდოს გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინის სამიტზე მიწვევის თაობაზე ვაშინგტონისთვის „შოკისმომგვრელი არ ყოფილა“. ბოლოსდაბოლოს, „დიდი ოცეულის“ შემადგენლობაში, რუსეთის გარდა, ის ქვეყნებიც შედიან (ჩინეთი, ინდოეთი, საუდის არაბეთი და სამხრეთ აფრიკა), რომლებიც გარკვეული დონით ეწინააღმდეგებოდნენ უკრაინის ომთან დაკავშირებით ანტირუსული სანქციების დაწესებას. გარდა ამისა, თეთრ სახლს გუნება გამოუკეთდა იმ ერთობლივი განცხადებით, რომელიც „დიდმა შვიდეულმა“ (G-7) გააკეთა - რუსეთი არ უნდა იქნეს დაშვებული „დიდი ოცეულის“ სამიტზეო.

ვნახოთ, სამიტამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა დარჩენილი.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ