"ყველა ერთსულოვანი იყო, რომ უნდა შედგეს სია და დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც ჩემი შვილის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში მიიღეს მონაწილეობა" - კვირის პალიტრა

"ყველა ერთსულოვანი იყო, რომ უნდა შედგეს სია და დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც ჩემი შვილის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში მიიღეს მონაწილეობა"

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ევროპარლამენტარებსა და ევროსაბჭოს წარმომადგენლებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია აქვთ.

როგორც მან „მთავარ არხთან“ განაცხადა, დასავლელი პარტნიორები თანხმდებიან იმაზე, რომ უნდა შედგეს ე.წ. მაგნიტსკის სიის მსგავსი და დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში მიიღეს მონაწილეობა.

„შეხვედრისას ამ ადამიანებისგან ხშირად ისმოდა „მაგნიტსკის სია“. ყველა ერთსულოვანი იყო, რომ უნდა შედგეს სია და სათანადოდ დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში მიიღეს მონაწილეობა. მისი ჯანმრთელობის შესახებ, ის, რომ ციხეშია, ინფორმაცია ყველას ჰქონდა და ძალიან გაკვირვებულები, ძალიან აღშფოთებულები იყვნენ“,- განაცხადა გიული ალასანიამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი ჩალაძესთან ერთად სტრასბურგში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

მათი განცხადებით, პარტნიორებთან შეხვედრაზე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მისი უფლებების დარღვევაზე ისაუბრეს.