“იფხიზლეთ, ახლოა სასუფეველი, თქვენ ის თაობა ხართ, რომელიც მეორედ მოსვლას მოესწრებაო“! - მამა გაბრიელის ცხოვრების უცნობი ეპიზოდები: რას ჰყვება მისი მეზობელი?
"ფსიქოპათიური პიროვნება, მიდრეკილი შიზოფრენიის მაგვარი ფსიქოზური ჩავარდნებით... თავისთვის ბუტბუტებს დაბალი ხმით, სწამს არსებობა ზეციური არსისა, ღმერთისა, ანგელოზებისა. საუბრისას ძირითადი ღერძი ყოველთვის იქითკენაა მიმართული, რომ ღმერთის წყალობითაა ყველაფერი. განყოფილებაში განმარტოვებულია, თუკი ვინმე გამოელაპარაკება, უსათუოდ უხსენებს ღმერთს, ანგელოზებს, ხატებს“, - ეს დიაგნოზი ბერის ავადმყოფობის ისტორიიდან, რომელიც გაცემულია 1966 წლის 19 იანვარს. სრულიად გასაგებია, რომ ათეისტური მთავრობის დროს, ღვთისმსხური ავადმყოფად შეერაცხათ. თუმცა ზოგი ჭირი მარგებელიაო, სწორედ ამ შემთხვევაზე იტყვიან. ამ დასკვნამ, ბერი დახვრეტისაგან იხსნა, რომელიც 24 საათში უნდა დაესაჯათ, ლენინის სურათის დაწვის გამო.
ბავშვობაში მას გოდერძი ერქვა და გვარად ურგებაძე იყო. თანატოლებთან თამაშის ნაცვლად, ქვებისაგან პატარა ეკლესიებს აშენებდა და შიგნით ასანთის ღერებს ანთებდა. ამბობენ, სკოლაში სწავლით არ გამოირჩეოდა, ოთხშაბათს და პარასკევს კი მუცელს იტკივებდა, რათა მარხვა შეენახაო. ქრისტეს სახელი პირველად შვიდი წლის ასაკში გაუგია. შემთხვევით მეზობლის კამათს შესწრებია. თურმე ერთს მეორესთვის უთქვამს:
- ქრისტესავით ჯვარს მაცვიო. პატარა გოდერძის უკითხავს, - ქრისტე ვინ იყოო? - ეგ თუ გაინტერესებს, ეკლესიაში წადი და იქ გაიგებო…
მერე ყველასაგან მალულად, 70 მანეთი შეუგროვებია და "ქრისტეს ისტორიის“ შესაძენად ნავთლუღის ბაზრობაზე წასულა. ბევრი უვლია, მაგრამ წიგნი ვერსად უპოვია. გულდაწყვეტილს შინ დაბრუნება განუზრახავს, რომ გზაზე თეთრწვერა მოხუცი გამოლაპარაკებია და მისგან სანატრელი წიგნიც შეუძენია. ბაზრობას რომ გამოსცდენია, წიგნისთვის დაუხედავს და მასზე "სახარება“ ამოუკითხავს. უფიქრია, ეს ის წიგნი არ არისო, მაგრამ უკან დაბრუნებულს იქ, სადაც თეთრწვერა მოხუცი ეგულებოდა, ყველა ვაჭარი ერთსა და იმავეს უმეორებდა, რომ აქ დღეს მოხუცი კაცი საერთოდ არ მდგარაო. ეს ალბათ მის ცხოვრებაში მომხდარი პირველი სასწაული იყო…
წლების შემდეგ კი საკუთარ ეზოში ნამდვილი ეკლესია ააშენა. განიცადა დევნა, შევიწროება, მაგრამ ქრისტეს გზიდან არასოდეს გადაუხვევია. ის პირველი სასულიერო პირი იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში, რომელიც ბერად აღიკვეცა, საეკლესიო სახელით - ბერი გაბრიელი. სასწაული მის ცხოვრებაშიც მრავლად იყო და გარდაცვალების შემდეგაც. მასზე ბევრს და საოცრებებს ჰყვებიან. ბევრი მის ახლობლობას იჩემებს, ძალიან ბევრს კი სურს, რომ მისი სასწაულის მხილველი და თანაზიარი იყოს. თავად კი უბრალოდ ცხოვრობდა, ყოველგვარი ანგარების გარეშე, თავისი სულის ნაწილსა და სითბოს ბავშვივით უშურველად არიგებდა. როცა ზეციურ საქართველოს შეუერთდა წმინდანად შერაცხეს და მის მიერ ჩადენილ სასწაულებზე ალაპარაკდნენ.
ამ ყველაფერზე სრულყოფილად საუბარი ერთ სტატიაში შეუძლებელია. მაგრამ ჩვენ შევხვდით ადამიანს, რომელიც მამა გაბრიელთან წლების განმავლობაში ურთიერთობდა. წმინდანის შესახებ მისი მეზობელი, მსახიობი დავით მამაცაშვილი მოგვითხრობს.
- ბატონო დავით, როგორც ჩვენთვის ცნობილია, მამა გაბრიელი თქვენი მეზობელი იყო?
- დიახ. ყველა ძალიან უყვარდა და სულ გვლოცავდა. მახსოვს, როგორ შემოდიოდა ჩვენს ეზოში, ჩემი მამა და ბიძები განსაკუთრებულად უყვარდა. ასეთი თბილი ადამიანი ჯერ არსად შემხვედრია. მისი გულიდან, საოცარი სიყვარული მოდიოდა. მახსოვს, ლენინის სურათი, რომ დაწვა, სულ იმას ამბობდა, ხომ მოვუღე ეშმაკს ბოლოო. ჩვენს თავზე ცხოვრობდა მისი ნათესავი და იქიდან რომ გამოდიოდა, მაშინვე ჩემებთან შემოივლიდა. ჩვენ მამაცაშვილები ვართ და სიყვარულით "მამაც“ ხალხს გვეძახდა. გააგრძელეთ კითხვა