"მოყვარეს პირში უძრახე": გაბუტული გერმანია, გახარებული პუტინი - ვის უჯერებს ზელენსკი? - კვირის პალიტრა

"მოყვარეს პირში უძრახე": გაბუტული გერმანია, გახარებული პუტინი - ვის უჯერებს ზელენსკი?

სიმართლე გითხრათ, სხვადასხვა მიზეზების გამო, 2019 წლის შემდეგ უკრაინის შიდაპოლიტიკური მდგომარეობის ანალიზით განსაკუთრებით არ დავინტერესებულვარ. ალბათ ბევრი თქგვენგანიც ასე იყო. თუმცა “ცალი თვალით” დანახულიდანაც ჩანდა, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტის, ზელენსკის „კარზე“ დიდი შიდა ბრძოლები მიმდინარეობდა სტრატეგიული პოსტების ხელში ჩასაგდებად. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ “ხალხის მსახურის” პარტიასა და საპარლამენტო ფრაქციაში დაპირისპირება და “საქმის გარჩევები” დაიწყო. მთელი 2020 წელი “ხალხის მსახური” ფუტკრის სკასავით ზუზუნებდა: კომპრომატები ერთმანეთის წინააღმდეგ, ოპოზიციის დადანაშაულება რუსეთის აგენტობაში, კორუფციული ბრალდებები, პარტიიდან და ფრაქციიდან გარიცხვა. ეს ყველაფერი ასუსტებდა და აზიანებდა უკრაინას.

2019 წლის მაისში უკრაინის პრეზიდენტად შოუმენისა და მსახიობის, ვლადიმერ ზელენსკის არჩევა პუტინისთვის დიდი საჩუქარი უნდა ყოფილიყო: სახელმწიფოს მართვის ურთულეს საკითხებში გამოუცდელ ზელენსკის საბედისწერო შეცდომა უნდა დაეშვა. ზელენსკისა და პუტინის პირველი შეხვედრა 2019 წლის 9 დეკემბერს პარიზში შედგა.

1-1651832723.jpg
ზელენსკი, მაკრონი და პუტინი. პარიზი, 2019 წლის 9 დეკემბერი.

ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ზომაზე მეტად ოპტიმისტურად იყო განწყობილი. „შემიძლია მას დავურეკო, ის აუცილებლად დამელაპარაკება“, - ამბობდა ზელენსკი პუტინთან კონტაქტის შესახებ. პუტინი მის შეცდომას ელოდა, ზელენსკი კი დიდ მოთმინებას იჩენდა... ზოგადად, უყვარს „ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს“ ახალგაზრდა, გამოუცდელ კოლეგა-პრეზიდენტებთან „მუშაობა“: მოძღვრავს და გამოცდილებას უზიარებს, როცა საჭიროა კომპლიმენტებსაც არ იშურებს. თან აკვირდება, სწავლობს მათ სისუსტეებს. ასე იყო, როდესაც ახლად არჩეული საქართველოს პრეზიდენტი „მიხეილ ნიკოლაევიჩი“ მოსკოვს ესტუმრა და 2004 წლის 11 თებერვალს „ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს“ შეხვდა. პუტინი კეთილგანწყობას ასხივებდა და თან სააკაშვილის პიროვნების შესწავლას ახდენდა (კა–გე–ბეში მოწინააღმდეგის ფსიქოლოგიურ ანალიზს ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდნენ).

2-1651832771.jpg
მოსკოვი, 11 თებერვალი 2004 წელი.

უკვე რამდენიმე პირადი შეხვედრისა და ეფ–ეს–ბეს ფსიქოლოგების დასკვნის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტს ქართველი კოლეგის ზუსტი ფსიქოლოგიური პორტრეტი ჰქონდა: ემოციური, ზედმეტად აჩქარებული, ხშირად გაუწონასწორებელი, ზედმეტად თავდაჯერებული და ა.შ. „გურუ ვოვამ“ , ჩვენდა სამწუხაროდ, 2008 წლის აგვისტოში კარგად გამოიყენა „მიხეილ ნიკოლაევიჩის“ ხასიათის „თავისებურებანი“...

ზელენსკის ის საბედისწერო შეცდომა უნდა დაეშვა, რაც სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოში. თუმცა გავიდა სამი წელი და უკრაინის პრეზიდენტი პუტინის პროვოკაციებზე არა და არ რეაგირებდა: არ აძლევდა მცირე საბაბსაც კი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე რუსეთის სამხედრო იერიშის დასაწყებად. ამიტომაა, რომ დღეს მსოფლიო ლიდერები ხაზგასმით ამბობენ: „რუსეთმა მოახდინა არაპროვოცირებული სამხედრო თავდასხმა უკრაინაზეო“. ამ ფაქტის კონსტატაცია მნიშვნელოვნად განაპირობებს უკრაინის უპირობო მხარდაჭერას საერთაშორისო საზოგადოების მიერ.

რუსეთის აგრესიის შემდეგ კარგად გამოჩნდა ზელენსკის პატრიოტიზმი და პიროვნული თავდადება, თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უკრაინას სერიოზული პრობლემებს უქმნის, უპირველესად საგარეო პოლიტიკაში.

უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებებზე დიდი გავლენა აქვს მისი უახლოესი გარემოცვის რამდენიმე წევრს, უპირველესად კი პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, “რუხ კარდინალად“ წოდებულ ანდრეი ერმაკს. 2019 წლის 21 მაისს, ინაუგურაციის მეორე დღეს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის თანაშემწედ დანიშნა ნაკლებად ცნობილი ადვოკატი, ბიზნესმენი და კინოპროდიუსერი ანდრეი ერმაკი. ცხრა თვის განმავლობაში, პრეზიდენტის თანაშემწის სტატუსით, ერმაკი ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა უკრაინის საგარეო პოლიტიკურ საკითხებს, კერძოდ, პასუხისმგებელი იყო რუსეთთან ოფიციალურ და არაოფიციალურ მოლაპარაკებებზე. უკვე იმ პერიოდში უკრაინაში დაიწყო საუბრები იმის შესახებ, რომ ერმაკი, ზელენსკის მეშვეობით, გავლენას ახდენდა სახელმწიფო მართვის სტრატეგიულ საკითხებზე.

3-1651832843.jpg
ერმაკი ყოველთვის ზელენსკის გვერდითაა.

2020 წლის 11 თებერვალს ზელენსკიმ ანდრეი ერმაკი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსად დანიშნა. ამის შემდეგ ერმაკის გავლენა კიდევ უფრო გაიზარდა. ზელენსკი მას უსმენს და უჯერებს, რაც არა ერთხელ დადასტურდა. სწორედ ერმაკთან დაპირისპირების გამო გაათავისუფლა 2020 წლის 5 აგვისტოს ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი გენერალი ვასილი ბურბა. ეს დაპირისპირება „ვაგნერის“ ჯგუფის დაკავების სპეცოპერაციის ჩატარება-არჩატარების გამო მოხდა. ზელენსკი ჯერ თანახმა იყო, შემდეგ კი ერმაკმა დაარწმუნა, რომ ამ ოპერაციის ჩატარება რუსეთთან ურთიერთობას დაძაბავდა და ზელენსკიმ უარი თქვა „ვაგნერის“ მებრძოლების დაკავებაზე.

უკრაინის საგარეო პოლიტიკას „კულისებიდან“ დღესაც ანდრეი ერმაკი ხელმძღვანელობს, ხოლო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება უფრო „ფასადური ფიგურაა“, ის მხოლოდ ახმოვანებს „პრეზიდენტის ოფისში“ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ხშირად არასწორს.

რუსეთის აგრესიის საპასუხოდ 7 აპრილს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის ფედერაციის წევრობის შეჩერების შესახებ. კენჭისყრის შედეგები ამგვარი იყო: 93 –"მომხრე", 24 –"წინააღმდეგი" და 58 – "თავი შეიკავა". კენჭისყრაში რუსეთს არც ერთმა ევროპულმა სახელმწიფომ (სერბეთმაც კი) მხარი არ დაუჭირა. ჩვენმა მეზობლებმა – სომხეთმა და აზერბაიჯანმა კი, ვითომ არც ერთ მხარეს არ აწყენინეს და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, თუმცა ვინც თავი შეიკავა ან დაიმალა, ის ქვეყნებიც რეალურად რუსეთის აგრესიის პასიური მხარდამჭერები არიან.

საინტერესოა რომელი ქვეყანა იყო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის ფედერაციის წევრობის შეჩერების წინააღმდეგი და ფაქტობრივად რუსეთის აგრესიის აქტიური მომხრე? გარდა თავად რუსეთისა, ეს ქვეყნებია: ალჟირი, ბელორუსი, ბოლივია, ბურუნდი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ჩინეთი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ერიტრეა, ეთიოპია, გაბონი, ირანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ლაოსი, მალი, ნიკარაგუა, სირია, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ვიეტნამი, ზიმბაბვე.

საქართველო, როგორც ყოველთვის, უკრაინის გვერდით იდგა. საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა 8 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: “გაერომ შეაჩერა რუსეთის წევრობა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას, კერძოდ, საქართველოს, რომელმაც არა მხოლოდ მხარი დაუჭირა, არამედ, გახდა ამ გადაწყვეტილების თანაავტორიო”. მადლობა ბატონ კასიანოვს! თუმცა რაღაცას ვერ ვხვდები: თუ საქართველო ყველა საერთაშორისო ფორუმზე უკრაინას აქტიურად უჭერს მხარს, ჰუმანიტარულ დახმარებაზე რომ არაფერი ვთქვათ, მაშინ რაღა თბილისიდან გაიწვია ელჩი ზელენსკიმ და არა ვთქვათ: ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, ტაჯიკეთიდან, ვიეტნამიდან ან თუნდაც ირანიდან?

საქართველოზე „ორკესტირებულ შეტევას“ უკრაინის პრეზიდენტის „ოფისი“ „დირიჟორობს“ ანდრეი ერმაკის ხელმძღვანელობით.

4-1651832978.jpg
საინტერესოა რას გეგმავს ერმაკი?

ფუნქციები კი განაწილებულია ბუდანოვს (დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი) და ერმაკის „ბიჭებს“: არესტოვიჩსა და პოდოლიაკს შორის.

უკრაინის ხელისუფლების საგარეო–პოლიტიკური „იაღლიშები“ სამწუხაროდ ამით არ მთავრდება. სწორედ „პრეზიდენტის ოფისის“ ხელმძღვანელის რჩევების შედეგად დაეძაბა ომში მყოფ უკრაინას ურთიერთობა ევროპის უძლიერეს სახელმწიფოსთან, რომლის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერაც გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს რუსეთთან ომში. ეს ისტორია იმდენად არარაციონალურია, რომ ძნელად დასაჯერებელია. უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიის პრეზიდენტი მსოფლიოს თვალწინ პატარა ბავშვივით „დასაჯა“ და გერმანიის სახელმწიფო დაამცირა.

5-1651833025.jpg
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

12 აპრილს გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდა, სადაც პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას შეხვდა. ვიზიტის მთავარი თემა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი იყო. შტაინმაიერს სურდა 13 აპრილს ევროკავშირის სხვა ქვეყნების სამთავრობო დელეგაციებთან ერთად კიევში ჩასვლა და ზელენსკისთან შეხვედრა. მაგრამ უკრაინის პრეზიდენტმა, ჩემი აზრით ახლო გარემოცვის რჩევით, მისი ნახვა არ ისურვა და მის ნაცვლად გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიწვია. უკრაინის სამთავრობო წრეებიდან გერმანიის მხარეს აცნობეს, რომ ზელენსკის არ სურდა მასთან შეხვედრა, შტაინმაიერის რუსეთთან წარსულში მჭიდრო კავშირების გამო.

ეს გადაწყვეტილება ძალზე არალოგიკური იყო, თუნდაც იმიტომ რომ აპრილის დასაწყისში თავად გერმანიის პრეზიდენტმა აღიარა, რომ მისი პოლიტიკა რუსეთის მიმართ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არასწორი იყო. რა მოიგო „გერმანიის კუთხეში დაყენებით“ ზელენსკიმ და უკრაინამ? უკვე 14 აპრილს გერმანიის ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა მკაცრად გააკრიტიკა უკრაინა. "სამწუხაროდ უკრაინულმა მხარემ დაუშვა დიპლომატიური შეცდომა. ფედერალური პრეზიდენტი გერმანიაა. ამიტომ, პრეზიდენტ ზელენსკის უარი, მთელი გერმანიისთვის არის უარი", - განაცხადა ჰაბეკმა.

თავად კანცლერმა შოლცმა აღნიშნა, რომ გაოგნებული იყო ოფიციალური კიევის უარით შტაინმაიერის მიღებაზე და დაამატა, რომ თავად კიევში მანამ არ ჩავა, სანამ იქ პრეზიდენტ შტაინმაიერს არ მიიწვევენ. შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ არ შეიძლება ისეთ ქვეყნას, როგორიც გერმანიაა, რომელიც დიდ ფინანსურ და სამხედრო დახმარებას უწევს უკრაინას, უთხრა: თქვენი პრეზიდენტი ჩვენთვის არასასურველი სტუმარიაო.

სამწუხარო ფაქტია და თითქოს სიტუაციის დაწყნარება საუკეთესო გამოსავალი უნდა ყოფილიყო, თუმცა უკრაინის ხელისუფლებამ კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა. გერმანიაში უკრაინის ელჩმა(!) ანდრეი მელნიკმა კანცლერი შოლცი კიევში წასვლაზე უარის გამო, დიპლომატიური ეთიკეტის სრული დარღვევით, შეურაცხმყოფელი ეფითეტებით შეამკო. გერმანელები ამაყი ერია და შეურაცხყოფას მალე და მარტივად არ ივიწყებენ.

ასე რომ ამ დიპლომატიური სკანდალის დასასრული ჯერ არ ჩანს. ეს კი ყველაზე მეტად რუსეთის დიქტატორს ახარებს. საინტერესოა კიდევ რაიმე სკანდალურს და უკრაინითვის საზიანოს, ხომ არ ამზადებენ ერმაკი და მისი „ბიჭები“?

პ.ს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკმაოდ გვიან გადაწყვიტა შეცდომის გამოსწორება. გუშინ, 5 მაისს, მან დაურეკა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად კიევში მიიწვია.