"რატომ გამორბიან რუსები საქართველოში და რატომ არ გამორბიან რუსეთში მყოფი ქართველები?!" - კვირის პალიტრა

"რატომ გამორბიან რუსები საქართველოში და რატომ არ გამორბიან რუსეთში მყოფი ქართველები?!"

"საქართველოში საოცრება ხდება, ომი და უბედურება უკრაინაშია და საქართველოს რუსეთიდან ჰყავს ლტოლვილები. არ გიჩნდებათ კითხვა - რუსები რომ „გამოურბიან“ პუტინის რეჟიმს და საქართველოში სახლდებიან, რუსეთში მომუშავე „მილიონი ქართველი“ რატომ არ გამორბის სამშობლოში?!“ - ასეთ რიტორიკულ კითხვას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სვამს და „კვირის პალიტრას“ იმ საფრთხეების შესახებ ესაუბრება, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას.

გია ხუხაშვილი:

- საკითხი ორ ნაწილად გავყოთ - რატომ გამორბიან რუსები და რატომ არ გამორბიან ქართველები?! შესაძლოა, რუსების ერთი ნაწილი მართლაც პუტინის რეჟიმის შიშით იყოს საქართველოში გამოქცეული, მაგრამ ამ ხალხში არის გარკვეული ნაწილი, რომელიც სანქციების ასარიდებლად პლაცდარმს ეძებს. ძალიან გამიკვირდება, ეს რომ ასე არ იყოს. იმპორტ-ექსპორტის გართულებასთან დაკავშირებით იქნება ეს თუ ფინანსების მოძრაობასთან, საქართველოს პლაცდარმად გამოყენების მცდელობა აუცილებლად იქნება. შესაბამისად, რუსეთიდან „გამოქცეული“ ხალხის ნაწილი, აუცილებლად იქნება გამოგზავნილი, გარკვეული სქემების დასალაგებლად. ამას სახელმწიფოს მხრიდან ძალიან სერიოზული კონტროლი და მონიტორინგი ჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ჩვენი სახელმწიფოს ინტრესები სერიოზულად დაზიანდეს. ჩვენ უკვე მოვისმინეთ დაზვერვის სამსახურის რამდენიმე განცხადება, რომელიც სწორედ სანქცირებული ტვირთების საკითხს შეეხებოდა.

ხელისუფლება კი ცდილობს, რომ უკრაინელების განცხადება ცილისწამებად მონათლოს, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, დაზვერვას რაღაც ტიპის ინფორმაცია აუცილებლად ექნება. მართალია ეს ინფორმაცია თუ ტყუილია ან უბრალოდ მცდელობას აქვს ადგილი, ეს უნდა გაარკვიოს და მონიტორინგი აწარმოოს ჩვენმა სახელმწიფომ. ჩვენ ახლა ისეთი საფრთხის წინაშე ვართ, რომ სპეცსამსახურები აქ ჩამოსულ ყოველ რუსს უნდა აკონტროლებდეს. საერთოდ, გაუგებარია, რატომ გვაქვს მორღვეული საზღვარი რუსეთთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას მკაცრი სავიზო კონტროლი აქვს ჩვენს ქვეყანასთან დაწესებული. დღეს საქართველოში საოცრება ხდება, ომი და უბედურება უკრაინაშია და საქართველოს რუსეთიდან ჰყავს ლტოლვილები. რაც შეეხება, ქართველების საკითხს, ამასაც აქვს თავისი მიზეზი, აქ რომ ჩამოვიდნენ რა უნდა აკეთონ?!

ზოგადად, მიგრაციის მიზეზი ყოველთვის კეთილდღეობა, ლუკმაპურის შოვნაა. ჩვენთან იმდენად ცუდად არის ამ მხრივ საქმე, რომ რუსეთში შექმნილი პრობლემების მიუხედავად, ქართველებს ისევ იქ ურჩევნიათ დარჩენა. ალბათ, იმასაც ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი მალე დამთავრდება. არალეგალი ქართველისთვის კი საქართველოში ჩამოსვლა და შემდეგ უკან გაბრუნება მთელ რიგ პრობლემებთან არის დაკავშირებული. მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ მთავარი პრობლემა ის არის, რომ რუსეთში არსებული პრობლემების მიუხედავად, ქართველები სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებენ.

- თქვენი ვერსიით, რუსების შემოსვლასთან დაკავშირებული საფრთხეები ხელისუფლებას გააზრებული არ აქვს თუ ყველაფერი კარგად იცის, მაგრამ ხელს არ უშლის რამე მიზეზის გამო?

- ყველაზე საუკეთესო ვარიანტში, ჩვენი ხელისუფლება ამ საფრთხეს სერიოზულად არ აღიქვამს. მეორე მხრივ, რუსეთთან ლოიალური პოლიტიკის დემონსტრირებას ახდენს. ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ ვიღაც ხელს ითბობდეს ამით. სანქციების გვერდის ავლის სქემები ძალიან შემოსავლიანია. ბუნებრივია, აქ ჩამოსული რუსი ადგილობრივი ქართველის დახმარების გარეშე ამ სქემებს ვერ დაალაგებს. ისიც ბუნებრივია, რომ რუსებმა პარტნიორები, პირველ რიგში, ხელისუფლების ორბიტაზე მოძებნონ. სხვათა შორის, სანქციების გვერდის ავლისთვის სულაც არ არის აუცილებელი იმპორტ-ექსპორტის ოპერაციები საქართველოს ტერიტორიის გავლით ხდებოდეს. აქ მთავარია ფინანსური სქემის დალაგება და თუ ამის საშუალება არსებობს, მაშინ პროდუქტი არ არის აუცილებელი, ჩვენს საბაჟო სივრცეში მოხვდეს. ამიტომ ინსტიტუტებს, რომლებიც მონიტორინგს აწარმოებენ, ვურჩევდი, ყურადღება მიაქციონ არა მხოლოდ საბაჟოზე საეჭვო ცვლილებებს, არამედ - ფინანსური ნაკადების უცნაურ დინამიკასაც.

- თქვენ რუსეთისადმი ლოიალური პოლიტიკა ახსენეთ, თუმცა ღარიბაშვილის მიერ 5 მაისს პოლონეთში ჩატარებულ დონორთა კონფერენციაზე გაკეთებული განცხადება საკმაოდ კრიტიკული იყო რუსეთისადმი. პრემიერმა თქვა, რომ საქართველო სრულ სოლიდარობს უცხადებს უკრაინას და გმობს რუსეთის სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას ამ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის ფუნდამენტურ პრინციპებს.

- კარგია, რომ ღარიბაშვილმა ასეთი განცხადება გააკეთა, მაგრამ ჩვენ ახლა პოლიტიკის ისეთ ეტაპზე ვართ, რომ მხოლოდ სადღეგრძელოებით ფონს ვეღარ გავალთ. ქმედებებში უნდა აისახოს - სანქციებსაც უნდა შევურთდეთ და სავიზო რეჟიმიც უნდა დავაწესოთ რუსეთთან. ცარიელი რიტორიკა არაფერს ნიშნავს, გასაგებია, რომ პოლონეთში დაგმო რუსეთი, მაგრამ ჩამოვა და აქ სხვა რამეს იტყვის, ცალ თვალს რუსეთს ჩაუპაჭუნებს.

- ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების და გამოწვევების მიუხედავად, დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგი ისევ სააკაშვილზეა მორგებული. თქვენი ვერსიით, როგორ უნდა მოგვარდეს საბოლოოდ სააკაშვილის საკითხი?

- სააკაშვილის საკითხს მე არც პოლიტიკურ ასპექტში განვიხილავ და არც სამართლებრივში, ჩემი შეხედულებით, ეს არის ჰუმანიტარული საკითხი. მე არ ვარ ექიმი, რომ ამაზე ვილაპარაკო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ნდობით აღჭურვილმა კონსილიუმმა უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. წესით, ხელისუფლება უნდა იყოს სააკაშვილის სიცოცხლის გარანტი, მაგრამ თუ არ შეუძლია იყოს გარანტი, მაშინ ის უნდა გაკეთდეს, რაც ექსპრეზიდენტის სიცოცხლის შესანარჩუნებლად არის საჭირო.

(სპეციალურად საიტისთვის)

ხათუნა ბახტურიძე