"კალიბრების" სროლისთვის "ნეპტუნით" შურისძიება - მართლაც იძირება თუ არა მორიგი რუსული ხომალდი? - კვირის პალიტრა

"კალიბრების" სროლისთვის "ნეპტუნით" შურისძიება - მართლაც იძირება თუ არა მორიგი რუსული ხომალდი?

ინტერნეტსივრცეში, უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯერ კიდევ 5 მაისის საღამოდან შავ ზღვაში, უკვე კარგად ცნობილ კუნძულ ზმეინისთან ცეცხლი უკიდია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 11356Р პროექტის „ბურევესტნიკის“ კლასის რუსულ სარაკეტო ფრეგატს.

იმის გამო, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტში სამი ასეთი ახალი ფრეგატია, რომლებსაც, ისევე როგორც სხვა ხომალდებს სპეციალურად წაუშალეს საბორტე ნომრები, ძნელი სათქმელია, თუ კონკრეტულად რომელი მათგანი იწვის, მაგრამ ეჭვი „ადმირალ მაკაროვზეა“.

„ადმირალი მაკაროვი“, „ადმირალი გრიგორევიჩი“ და "ადმირალი ესენი“ - სწორედ ის რუსული სამხედრო ხომალდებია, რომლებიც უკრაინული ქალაქებისკენ უშვებენ ფრთოსან რაკეტებს „კალიბრებს“.

„კალიბრების“ გაშვებისთვის კი სავარაუდოდ უკრაინელებმა შურისძიება ხომალდსაწინააღმდეგო „ნეპტუნით “ გადაუხადეს, სწორედ ასეთივე „ნეპტუნებით“ უკრაინელებმა 13 აპრილს დააზიანეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“,რომელიც ერთდღიანი ხანძრის შემდეგ ჩაიძირა.

2-1651841729.jpg
უკრაინელების „ნეპტუნები“ შავ ზღვაში ეტყობა ჯერ კიდევ არაერთ რუსულ ხომალდს „ესტუმრებიან“...

ელის იგივე ბედი თუ არა მორიგ რუსულ ხომალდს კუნძულ ზმეინისთან?

გამომდიანრა იქიდან, რომ რუსული სამხედრო ავიაცია ძალიან გააქტიურებულია ამ რაიონში და კუნძულისკენ სამაშველო გემებიც გაიგზავნა, დიდი ალბათობით „ნეპტუნმორტყმულ“ რუსულ ფრეგატს „მოსკვას“ გზის - სამ ასოზე, ბოლომდე გაყოლა ელოდება...

საგულისხმოა, რომ შავი ზღვის აკვატორიის თავზე, 6 მაისის შუადღისისთვის ასევე დაფიქსირდა სამი ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი, მათ შორის „ავაქსი“ და უპილოტო „გლობალ ჰოუკი“, რაც შემთხვევითობა შეიძლება სულაც არ იყოს-პენტაგონსაც ძალიან აინტერესებს დაზიანებული რუსული ფრეგატის შემდგომი ბედი...

ამასთან, ამერიკულ პრესაში გაჟონა ინფორმაციამ, თითქოს სწორედ ამერიკულმა მხარემ გადასცა უკრაინელებს რუსული „მოსკვას“ ზუსტი ადგილსამყოფელის კოორდინატები, რაც უკრაინელმა სამხედროებმა ხომალდსაწინააღმდეგო „ნეპტუნების“ დასაგეზად გამოიყენეს.

არ არის გამორიცხული ამ ბოლო შემთხვევაშიც იყოს ამერიკულ დაზვერვის წახმარება, რაც სრულიად ლოგიკურად მოჩანს - ყველა ხერხი და მეთოდი მისაღებია აგრესორის დასამარცხებლად.

2 მაისს უკრაინულმა უპილოტო „ბაირაქტარმა“ ორი ზუსტი საჰაერო დარტყმით იმავე კუნძულ ზმეინის სიახლოვეს ორი რუსული სწრაფმავალი საერიშო-სადესატო კატარღა - „რაპტორი“ გაანადგურა, დღეს კი გავრცელდა ვიდეოკადრები, თუ როგორ აფეთქებს უკრაინელების თურქული დრონი უშუალოდ კუნძულ ზმეინიზე, შუქურას შენობასთან მიმალულ რუსულ საზენიტო დანადგარს, სავარაუდოდ „ტორს“...

თურქული საიტის «Clash Report» -ის მტკიცებით ამ ფოტოზე ცეცხლწაკიდებული „ადმირალი მაკაროვია“ ასახული

„ბურევესტნიკის“ მოდერნიზებული კლასის რუსული სარაკეტო ფრეგატის სრული წყალწყვა 4 ათასს ტონას აღემატება. მისი სიგრძე 124 მ-ზე, სიგანე კი 15 მ-ზე მეტია. ფრეგატს ამოძრავებს 56 ათასი ცხ.ძ.-ის სიმძლავრის დიზელ-აირტურბინიანი ენერგეტიკული დანადგარი. სრული სვლის სიჩქარე 30 კვანძს უტოლდება, ხოლო ეკონომიური, 14 კვანძით ფრეგატს 4 850 მილის დაფარვა შეუძლია. ცურვის ხანგრძლივობა მარაგის შევსების გარეშე, 30 დღე-ღამეს შეადგენს. ფრეგატის ეკიპაჟში 180 მეზღვაური (მათ შორის 18 ოფიცერი) და 20 საზღვაო ქვეითია.

ამ კლასის ფრეგატი შეიარაღებულია „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტის გასაშვები რვა ვერტიკალური სასტრტო შახტით, 24 საზენიტო რაკეტით (რომლებიც „ბუკის“ რაკეტის მოდერნიზებულ ვარიანტს წარმოადგენენ და მათი სტარტი ასევე ვერტიკალურად ხდება), წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო რაკეტა-ტორპედოებით და ოთხი სატორპედო აპარატით. ფრეგატის კიჩოზე განთავსებულია ერთი შვეულმფრენის ანგარი და ასაფრენ-დასაფრენი მოედანი.

ომის დასაწყისში ასევ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოდესის ტრავერსზე უკრაინელებმა „გრადის“ ზალპით ღამით დააზიანეს ერთი რუსული ხომალდი, ხოლო მოგვიანებით „ნეპტუნით“ კი „ადმირალი ესენი“, თუმცა ამის დამამტკიცებელი ფოტოვიდეო მასალა არ გავრცელებულა, განსხვავებით ცეცხლწაკიდებული დიდი სადესანტო ხომალდის „სარატოვის“, სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“ და ორი „რაპტორის“ შემთხვევებისგან.

იმედია, რომ მორიგი რუსული ხომალდის დაზიანების ამსახველი ფაქტები ინტერნეტსივრცეში მალე გავრცელდება...