"მარჯვნივ შევუხვიეთ და გვესროლეს, ტყვია ფეხებში მომხვდა, ვერაფერს ვაკეთებდი", - 15 წლის დაჭრილმა გოგონამ 4 ადამიანი გადაარჩინა - კვირის პალიტრა

"მარჯვნივ შევუხვიეთ და გვესროლეს, ტყვია ფეხებში მომხვდა, ვერაფერს ვაკეთებდი", - 15 წლის დაჭრილმა გოგონამ 4 ადამიანი გადაარჩინა

სოციალურ ქსელში ყოველდღე ვრცელდება ახალი ინფორმაცია უკრაინელთა გმირობის შესახებ. ამჯერად საზოგადოების ყურადღების ცენტრში 15 წლის გოგონა მოექცა, რომელიც უკრაინის ქალაქ პოპასნადან გახლავთ.

როგორც ტელეგრამის არხზე ლუგანსკის რეგიონული ადმინისტრაციის უფროსი სერგეი გაიდაი წერს, 15 წლის დაჭრილმა გოგონამ ცხელი წერტილიდან 4 ადამიანი გამოიყვანა და სიკვდილს გადაარჩინა.

გავრცელებული ინფორმაციით, ევაკუაციისას, მანქანა, სადაც 15 წლის გოგონა 1 ქალი და სამი მამაკაცი იყო, ოკუპანტებმა დაცხრილეს. შემთხვევისას უფროსები მძიმედ დაიჭრა, გოგონას სამი ტყვია მოხვდა, თუმცა საჭეს მაინც მიუჯდა და მანქანა ტერიტორიიდან გამიყვანა.

მან დანაღმული გზა გაიარა და უფროსები სამედიცინო დაწესებულებამდე მიიყვანა. როგორც თავად ამბობს, მანქანა ორჯერ დაცხრილეს.

"მარჯვნივ შევუხვიეთ და დაგვცხრილეს, ტყვია ფეხებში მომხვდა, ვერაფერს ვაკეთებდი. უცებ მანქანა გაჩერდა, თუმცა მაინც ავამუშავე. ფეხები ძალიან მტკიოდა, მაგრამ მათ ცეცხლის ქვეშ ვერ მივატოვებდი", - ამბობს გადარჩენილი გოგონა.

"15 წლის დაჭრილმა გოგონამ პაპასნოდან ბახმუტამდე 30 კილომეტრი გაიარა და დაჭრილები საავადმყოფომდე მიიყვანა", - წერს ტელეგრამზე ლუგანსკის რეგიონული ადმინისტრაციის უფროსი სერგეი გაიდაი.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა ახლა უსაფრთხოდაა. (წყარო)