"მხოლოდ ღვთისმშობლის იმედად ყოფნა არ შეიძლება - საქართველო ყველა ვარიანტში უნდა ზრდიდეს თავის თავდაცვის ძალებს" - კვირის პალიტრა

"მხოლოდ ღვთისმშობლის იმედად ყოფნა არ შეიძლება - საქართველო ყველა ვარიანტში უნდა ზრდიდეს თავის თავდაცვის ძალებს"

მსხვერპლი, რომელიც რუსებმა განიცადეს, მაჩვენებელია იმისა, რომ მას არ აქვს იმის რესურსი, რომ კიდევ წინ წაიწიოს. ახალი ტერიტორიების დაკავების რესურსი რუსეთს არ აქვს, ის გაურბის უკვე მსხვერპლს, - ამის შესახებ პოლკოვნიკმა აკია ბარბაქაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

აკია ბარბაქაძის განცხადებით, ომი მალე არ დასრულდება, რადგან უკრაინა ბოლომდე იბრძოლებს, რათა გაათავისუფლოს რუსეთის მიერ დაკავებული უკანასკნელი გოჯი მიწაც კი.

"რუსებმა ინიციატივა დაკარგეს, გაჩერდნენ, პაუზას აკეთებენ, გადაწყობა ხდება. ეს ომი კარგა ხანს არ დასრულდება. არ არის ასე მარტივი ომის ასეთ დონეზე დასრულება იმიტომ, რომ უკრაინა იბრძვის სანამ არ გაათავისუფლებს უკანასკნელ გოჯ მიწას, ყირიმის ჩათვლით.

არის პატარ-პატარა უპირატესობები, მაგრამ უკრაინის მხარეს, ერთადერთი, სადაც რუსეთი აქტიურობს, ეს არის „აზოვსტალი“, მარიუპოლის მესამედი ნაწილი“, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

როგორც პოლკოვნიკმა გადაცემაში აღნიშნა, რუსული პროპაგანდა ცდილობს „ჩაფლავებული, შეუმდგარი შეტევის წარმატებად გასაღებას“.

„ის მსხვერპლი, რაც აქვთ რუსებს ამ ომში, არის საკმაოდ მაღალი. ავღანეთში არ ჰქონიათ ამხელა მსხვერპლი, რაც ამ ორი თვის განმავლობაში აქვთ. მარიუპოლზე კონტროლის დამყარების შესახებ განცხადებები არის პროპაგანდის ნაწილი, ეს პროპაგანდა მათ სჭირდებათ თავისი მოსახლეობისთვის. გამართლებაა ამით, რომ წარმატება აქვთ. ისინი ყიდიან როგორც წარმატებას ამ ფაქტობრივად ჩაფლავებულ, შეუმდგარ შეტევას, ასაღებენ წარმატებად. პუტინი არის ერთმმართველი დიქტატორი, რომელიც უკვეთს პროპაგანდას, მაგრამ რეალური წინსვლა, ახალი ტერიტორიების დაკავება, უკეთეს ოპერატიულ ზღუდეებზე გასვლა არ მომხდარა რუსეთის მხრიდან. უკრაინის ნაწილების ალყაში მოქცევა, მასობრივი ტყვეების აყვანა, უკრაინის საბრძოლო ტექნიკის განადგურება არ მომხდარა ამ 72 დღის განმავლობაში და დღემდე რჩება აქილევსის ქუსლად მარიუპოლის ბოლომდე დაკავება. სანამ „აზოვსტალში“ არიან უკრაინელი მეომრები, ოპერატიული თვალსაზრისით ითვლება, რომ მარიუპოლი არის ნაწილობრივ დაკავებული და რუსეთი მას ვერ აკონტროლებს. ამ ჯარისკაცების მხოლოდ დაბომბვა ეფექტს საბოლოო ჯამში ვერ ძლევა“, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

აკია ბარბაქაძემ გადაცემაში საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა საქართველო თავდაცვის ძალებს უნდა ზრდიდეს, რადგან არსებობს საფრთხე, რომ ჩვენს ტერიტორიაზეც მოხდეს „ომის გადმოდინება“.

„მხოლოდ ღვთისმშობლის იმედად ყოფნა არ შეიძლება. საქართველო ყველა ვარიანტში უნდა ზრდიდეს თავის თავდაცვის ძალებს. რიცხოვნობის და ბრძოლისუნარიანობის ზრდაზე უნდა იყოს გადასული. ჩვენ ვართ ფეთქებადი რეგიონი და ეს რეგიონი არ გვაძლევს სიმშვიდის გარანტიას ანუ შეიძლება მოხდეს ომის გადმოდინება. არსებობს ასეთი ტერმინი. ეს შეიძლება რაღაც ეტაპზე რუსეთის ინტერესშიც კი იყოს და აქ მოინდომოს მან მინიმუმ არეულობის შეტანა, მაქსიმუმ დაკავება ქართული ტერიტორიის. აქ მხოლოდ დიპლომატიით, დაპირებებით და ენის მოჩლექით ლაპარაკით არაფერი არ გამოვა, თუ პუტინის თავში ეს გადაწყვეტილება მომწიფდა, პუტინი შეეცდება ამის გაკეთებას“, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

"ინტერპრესნიუსი"