"თავისუფლება მიშას“, "მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხეშია" - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები საპროტესტო აქციას მართავენ - კვირის პალიტრა

"თავისუფლება მიშას“, "მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხეშია" - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები საპროტესტო აქციას მართავენ

"თავისუფლება მიშას“, "მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხეშია“, - ამ ლოზუნგებით ბათუმში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.

როგორც შეკრებილები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში, სამკურნალოდ გადაყვანა. როგორც ისინი ამბობენ, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, რაშიც ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, ყოველდღიურად სხვადასხვა ფორმით გაიმართება.

"18 წლის წინ 6 მაისს, აჭარაში რაც ხდებოდა ყველას გვახსოვს, უნივერსიტეტთან დაიწყო აჭარის რევოლუცია, შეიკრიბა ათასობით ადამიანი. გახსოვთ, რომ აჭარა გამოყოფილი იყო სამშობლოსგან, ააფეთქეს ჩოლოქის ხიდი, აჭარაში რუსული სპეცსამსახურები იყვნენ ხელისუფლებაში.

ჩვენ არ გვინდა რუსეთი, ჩვენ არ გვინდა წარსულში დაბრუნება. ამიტომ დღეს ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდება. დღევანდელი დღე სიმბოლურია, რადგან სწორედ ქვეყნის აღმშენებლობა, ინსტიტუტების შექმნა მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება. ჩვენ ვალდებული ვართ მის სიცოცხლეს გავუფრთხილდეთ. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარია”, - აცხადებენ აქციაზე შეკრებილები.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები საპროტესტო მსვლელობით აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლებენ, სადაც კარვების გაშლას გეგმავენ. ბათუმის უნივერსიტეტთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

"ინტერპრესნიუსი"