"სირენების უწყვეტი ხმა ისმოდა და ფანჯარა რომ გამოვაღე, მთელ პერიმეტრზე თეთრი კვამლი და საშინელი სუნი იდგა" - რას ჰყვებიან ადგილობრივები თემქაზე, კორპუსში გაჩენილ ხანძარზე - კვირის პალიტრა

"სირენების უწყვეტი ხმა ისმოდა და ფანჯარა რომ გამოვაღე, მთელ პერიმეტრზე თეთრი კვამლი და საშინელი სუნი იდგა" - რას ჰყვებიან ადგილობრივები თემქაზე, კორპუსში გაჩენილ ხანძარზე

დღეს დილით, თემქაზე, მესამე მიკრორაიონის 41-ე კორპუსში ხანძარი გაჩნდა. მაშველებმა დროულად მოახდინეს ცეცხლის ლიკვიდაცია, შემთხვევის ადგილზე გლდანი-ნაძალადევის სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მუშაობდა. დაკვამლიანება იმდენად ძლიერი იყო, რომ სადარბაზოში მაცხოვრებელი მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. ხანძარი მე-5 სართულზე არსებულ ბინაში, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ელექტროსადენიდან გაჩნდა.

"ბინის მეპატრონე ამბობდა, ელექსტროსადენიდან გაჩნდა ხანძარიო, საშინელი ბოლი იდგა, სუნთქვა ჭირდა, ადამიანის გარჩევაც შეუძლებელი იყო, რისგან გაჩნდა ხანძარი რეალურად და რა იყო მიზეზი, ამას ალბათ ექსპერტიზა დაადგენს, მთავარია მსხვერპლი არ არის“, - გვითხრა ადგილობრივმა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო სამსახურებიც.

თვითმხილველი, მეზობელი:

- დილის 08:30 წუთი იქნებოდა, სახანძრო-სამაშველო მანქანების სირენების უწყვეტი ხმა რომ ჩამესმა ძილში და ბოლოს, ეს ხმა იმდენად მოახლოვდა, რომ მივხვდი, შემთხვევა სადღაც ახლო მანძილზე იქნებოდა და როდესაც შეშინებულმა ფანჯარა გამოვაღე, მთელ პერიმეტრზე თეთრი კვამლი იდგა, ავტოფარეხებიც კი ძლივს ჩანდა და საშინელი სუნი იყო, დაკეტილი ფანჯრებიდანაც კი შემოაღწია სახლში და სადარბაზოშიც იგივე მდგომარეობა იყო. მეზობლები ეზოში გამოცვივდნენ, ზოგი ფანჯრიდან ყვიროდა, რა ხდებაო? სახანძრო-სამაშველო „რუპორით“ ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლს მოუწოდებდა, სწრაფად გაეტარებინა და ერთდროულად რამდენიმე ბრიგადა მოვიდა, მერე მათ პატრული და სასწრაფო დახმარების მანქანებიც მოჰყვნენ.

თავიდან ხალხმა თქვა, რომ ცეცხლი ავტომობილს ეკიდა, თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბინა იწვოდა. როგორც თქვეს, სახლში ასაკოვანი ბებია და შვილიშვილი იმყოფებოდნენ.

მალევე, დენიც წავიდა და "თელასიდან" სმს მოგვივიდა, რომ ობიექტზე ხანძრის გამო ელექტრო ენერგიის მოწოდება დროებით შეგვიწყდებოდა და ენერგომომარაგების სავარაუდო აღდგენის დრო 10:00 ეწერა, თუმცა, ყველაფერი უფრო ადრე მოგვარდა და დენიც მოვიდა.

როგორც მეზობელმა გვითხრა, ხანძრის გაჩენის მიზეზი სწორედ დენის სადენები გახდა, რაც მთავარია, მსხვერპლი არ არის. ამ ეტაპზე, როგორც ვიცი, კლინიკაში არიან გადაყვანილები.

(სპეციალურად საიტისთვის)