"პუტინი ნატოს თვითონ აფართოებს, ამჯერად ჩრდილოეთით“ - რას წერს უცხოური გამოცემა - კვირის პალიტრა

"პუტინი ნატოს თვითონ აფართოებს, ამჯერად ჩრდილოეთით“ - რას წერს უცხოური გამოცემა

გერმანული სამაუწყებლო კომპანია "დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) აქვეყნებს კომენტარს სათაურით: "პუტინი ნატოს თვითონ აფართოებს, ამჯერად ჩრდილოეთით“ (ავტორი - მათიას ვისუვა, გაზეთ "ფრანჰურტერ ალჰემაინე ცაიტუნგის“ მიმომხილველი). პუბლიკაციის დედააზრი: რუსეთის პრეზიდენტი ნატოს გაფართოებას ეწინააღმდეგება, მაგრამ მისი მოქმედებით პირიქით გამოდის - იs ხელს უწყობს ალიანსის გაფართოებას: ერთი უკრაინის ნაცვლად, სამხედრო ბლოკში ახლა ორი ქვეყანა - ფინეთი და შვედეთი გაწევრიანდება.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ბოლო კვირაში ფინეთმა და შვედეთმა ნატოსაკენ ისეთი დინამიური რბოლა განავითარეს, რომელიც ადრე წარმოუდგენელი იყო. გამოკითხვები მოწმობს, რომ მოსახლეობისათვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის იდეა მიმზიდველია. პოლიტიკურ დებატებში დომინოს პრინციპივით ზედიზედ ინგრევა ძველი პოსტულატები და როგორც ჩანს, მალე დაინგრევა უკანასკნელიც, როცა ბრიუსელში ჰელსინკისა და სტოკჰოლმის ოფიციალური განაცხადებები გაიგზავნება.

საინტერესო ისაა, რომ დომინოს პრინციპი თვითონ ვლადიმერ პუტინმა გამოიწვია: უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებისთანავე მან შვედეთს და ფინეთს, ფაქტიურად, სხვა არჩევანი არ დაუტოვა. ასე რომ, უკრაინის ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ნატოსადმი კიდევ ორი ქვეყნის მიერთება იქნება, რის შედეგადაც ალიანსის საზღვრის სიგრძე რუსეთთან პრაქტიკულად გაორმაგდება.

შვედეთი და ფინეთი: ნეიტრალიტეტიდან ნატოს წევრობამდე

არადა, სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, შვედებისა და ფინელების ეროვნულ თვითშეგნებაში სამხედრო კავშირებში მონაწილეობის არმიღების საკითხი წინააღმდეგობას არ იწვევდა. ნაპოლეონისდროინდელი ომების დასრულების შემდეგ, სტოკჰოლმისათვის წესად იქცა ბალანსის დაცვა, ერთი მხრივ, საკუთარ ამბიციებს და მეორე მხრივ, ქვეყნის ძლიერებას შორის, რათა საკუთარ ტერიტორიაზე ომი თავიდან აეცილებინა. გასულ ათწლეულებში ასეთი პრინციპის დაცვამ შვედეთს შესაძლებლობა მისცა ჰუმანიტარული ზესახელმწიფოს როლში გამოსულიყო და ყველას დახმარებოდა კონფლიქტების მოგვარებაში.

რაც შეეხება ფინელებს, მათ 1939-1940 წლების „ზამთრის ომი“ ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ. 1930-იანი წლების მეორე ნახევარში ფინეთის ხელისუფლება აინუნშიაც არ აგდებდა კრემლის მუქარებს და არავის არ სჯეროდა, რომ იოსებ სტალინი თავისი წითელი არმიით ფინეთს მართლაც თავს დაესხმებოდა. ფინელებს მოწინააღმდეგის ჭარბ ძალებთან მოუწიათ ბრძოლა და იძულებული გახდნენ თავიანთი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი საბჭოთა კავშირისთვის (რუსეთისთვის) დაეთმოთ, მაგრამ სამაგიეროდ, დამოუკიდებლობა შეინარჩუნეს. 1940-იანი წლების მეორე ნახევრიდან ჰელსინკი ცდილობდა მოსკოვი არ გაეღიზიანებინა. ფინეთისთვის ნეიტრალიტეტი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მშვიდობის შენარჩუნების მეთოდს, ერთგვარ ინსტრუმენტს წარმოადგენდა იმ ქვეყანასთან, რომელთანაც 1300 კილომეტრიანი საზღვარი ჰქონდა. მაგრამ „დრონი იცვალენ“.

გასაგებია, ვის მხარეზე არიან ჰელსინკი და სტოკჰოლმი

კაცმა რომ თქვას, შვედეთი და ფინეთი ფაქტიურად დიდი ხანია ნეიტრალურები არ არიან. ისინი - როგორც ევროკავშირის წევრები - ნატოსაც დაუახლოვდნენ. ამიტომაც გასაგებია, თუ ვის მხარეზე არიან ისინი. დიდი მეზობლის მიერ ყირიმის ანექსიამ ორივე ქვეყანა შეაშფოთა და შესაბამისად, ნატოსთან პარტნიორული შეთანხმებები დადეს, დაიწყეს ერთობლივი სამხედრო მანევრების ჩატარებაც. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ალიანსში გაწევრიანებას არ ფიქრობდნენ. ჰელსინკი და სტოკჰოლმი საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას რთული კომბინაციებით ცდილობდნენ: ევროკავშირის მეშვეობით, ერთმანეთთან ურთიერთობით და მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობით... მაგრამ ბოლო დროს ამ მოდელმა შესაძლებლობები ამოწურა და მუშაობა შეწყვიტა

უკრაინაზე თავდასხმით ვლადიმერ პუტინმა მსგავს გათვლებს ჩრდილოეთ ევროპისათვის (სკანდინავიისათვის) საფუძველი გამოაცალა. ჰელსინკისა და სტოკჰოლმის ნდობა მოსკოვის მიმართ გაქრა. დიდი ხნის განმავლობაში ფინეთი და შვედეთი გაურბოდნენ სიტუაციის ესკალაციას და კრემლს ამის საბაბს არ აძლევდნენ. ომმა აჩვენა, რომ ვლადიმერ პუტინს თუ რაიმეს გაკეთება სურს, მას ამისთვის საბაბიც არ ჭირდება. მოისურვებს და თავს დაესხმება, მიიტაცებს, წაგლიჯავს... და როგორ შეიძლება ასეთ სიტუაციაში საკუთარი უსაფრთხოების დაცვა, როცა რუსეთი სურვილისამებრ ძალადობს? როცა იგი მტრად იმას გამოაცხადებს, ვინც არ მოეწონება? ამ კითხვებზე ფინეთისა და შვედეთისათვის პასუხი ერთმნიშვნელოვანია: ასეთ ვითარებაში მათი უსაფრთხოების გარანტიას მხოლოდ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლი უზრუნველყოფს.

ნატოს უსაფრთხოება და ბალტიის ზღვის ფაქტორი

მაგრამ პრობლემა ჯერ გადაწყვეტილი არ არის. რასაკვირველია, ნატოში გაწევრიანება დაკავშირებულია განსაზღვრულ ვალდებულებებთან და ახალ უცნობ გარემოებებთან. ეს ყველაფერი სკანდინავიაში ჯერ ბოლომდე გათვლილი არ აქვთ. მით უმეტეს, მოსკოვი მათ აფრთხილებთ, რომ ნატოში შესვლისათვის ნაბიჯი არ გადადგან, თორემ.... მართლაცდა, იმ დროს, როცა ფინეთში პოლიტიკური დისკუსია უკვე ფოკუსირდება ალიანსის წევრად მიღებაზე, შვედები შედარებით აყოვნებენ - პირველ რიგში ფრთხილობს მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია და მისი ლიდერი, პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი. მაგრამ აშკარაა, რომ საბოლოო ჯამში, სტოკჰოლმის გზა მაინც ბრიუსელისაკენ მიდის: ძნელია იმის წარმოდგენა, რომ შვედეთი ნატოს გარეშე დარჩება, როცა მის ირგვლივ ყველა ქვეყანა ალიანსის წევრი იქნება.

ნათელია, რომ ორივე ქვეყანა ნატოში მიღების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ერთი ისაა გაუგებარი, რა მოხდება განაცხადის წარდგენიდან ალიანსის წევრად უშუალო მიღებამდე - იმ რამდენიმეთვიან ინტერვალში, როცა მათზე ხელშეკრულების მეხუთე მუხლი ფორმალურად არ იქნება გავრცელებული. თუმცა აშშ-მა და გერმანიამ უკვე განაცხადეს, რომ ბერლინი და ვაშინგტონი მუდამ მზად იქნებიან ჰელსინკსა და სტოკჰოლმს დახმარება იმ დროს გაუწიონ, როცა ისინი მოითხოვენ, ნატოში უშუალო მიღებამდეც კი. შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანება მათ ინტერესებს პასუხობს. მით უმეტეს, რომ ჩრდილოატლანტიკური ბლოკისა და გერმანიის უსაფრთხოება დამოკიდებულია ბალტიის ზღვის ნაპირებზე არსებულ სიტუაციაზე.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ