არქიტექტურისთვის შეუფერებელნი - კვირის პალიტრა

არქიტექტურისთვის შეუფერებელნი

მოძრაობა "წმინდა გიორგის სადროშო" თავისუფლების მოედნიდან წმინდა გიორგის ძეგლის დემონტაჟს ითხოვს. როგორც აღნიშნულ ორგანიზაციაში ამბობენ, მართლმადიდებლური წესით წმინდანებისთვის ძეგლის დადგმა არ შეიძლება. ამავე ორგანიზაციის ინიციატივით, თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის ძეგლის ადგილას, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული 17 ქართველი მებრძოლის - შინდისის გმირების მემორიალი უნდა დაიდგას.

ბოლო დროს, ძეგლების დემონტაჟი და აქეთ-იქით ტარება აღარავის უკვირს, გასაკვირი მხოლოდ ის არის, რომ "წმინდა გიორგის სადროშოს" განცხადებას წინ უსწრებდა ხმები იმის შესახებ, რომ წმინდა გიორგის ქანაკების გატანა თავისუფლების მოედნიდან თავად ხელისუფლებას სურს და ამისათვის მყარ არგუმენტს ეძებს. თავისუფლების მოედანზე ახლა სარესტავრაციო სამუშაოებია გაჩაღებული: ხარაჩოებშია მოქცეული საკრებულოს შენობა, "საქართველოს ბანკის" ცენტრალური ოფისი და სასტუმრო "მარიოტი". ამბობენ, რომ დიდი, ბრჭყვიალა ქანდაკება ძველი თბილისის არქიტექტურაში არ ჯდება და ის შესაძლოა აეროპორტისკენ "გადააგორონ".

თავის დროზე, უფრო ზუსტად კი 2006 წლის 23 ნოემბერს, წმინდა გიორგის ქანდაკება, რომელსაც სინამდვილეში "თავისუფლების მონუმენტი" ჰქვია, თავისუფლების მოედანზე დიდი ზარ-ზეიმით დაიდგა. ქანდაკების სიმაღლე მოედნის ნიშნულიდან 35 მეტრია, 27 ტონა ბრინჯაოსგან არის ჩამოსხმული და მის მოპირკეთებაზე 2 კილოგრამი ოქრო დაიხარჯა. ქანდაკების ავტორი ზურაბ წერეთელია, რომელმაც "თავისუფლების მონუმენტი" საჩუქრად გადასცა ქალაქს.

ახლა ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ქანდაკება უგემოვნოდ არის შესრულებული, რომ ყველა მხრიდან მხოლოდ ურჩხული ჩანს, მაგრამ რამდენჯერაც უნდა გაიარო სკულპტურასთან, აუცილებლად შენიშნავთ კისერმოგრეხილ ხალხს, ძირითადად უცხოელებს, რომლებსაც სურთ ცაში აღმართული ქანდაკების კარგად შეთვალიერება. ალბათ ამიტომაც არის, რომ ამ ადგილას ფეხით მოსიარულენი ძირითადად ყელმოღერებული დადიან და ვერ ამჩნევენ იქვე მოწყალების სათხოვნელად გამოსულ მოხუცებს. არადა მერწმუნეთ, თუ ერთხელ მაინც დახრით თავს, აუცილებლად შენიშნავთ მოხუცების აკანკალებულ ხელებს... იქნებ ჯობდეს, ძეგლების აქეთ-იქით ტარებას, ამ უმწეოებისთვის მიგვეხედა.

KvirisPalitra.Ge"გენაცვალე, ტელევიზორში არ გამომაჩინო." - მეუბნება ციალა ბებო და სახეს შავი თავშალის ქვეშ მალავს. მისი ამბავი ბანალურია, შვილმკვდარ დედას შვილიშვილების რჩენა უხდება, მხოლოდ პენსიით კი ამის გაკეთება შეუძლებელია. "ბავშვებს ესირცხვილებათ აქ რომ ვზივარ და გამვლელებს დახმარებას ვთხოვ, ამიტომაც არ მინდა, საქვეყნოდ გამომაჩინოთ. მოუკვდეთ იმათ ბებო, სკოლაში უნდა წავიდნენ და თითო ხელი სამოსი ხომ მაინც უნდათ. ხალხიც ისეა შვილო გაღარიბებული, რომ საჭმლის ფულს ძლივს ვაგროვებ." - ამბობს ცილა ბებო და ხელში მეტალის ყუთი ისე უკანკალებს, მანქანების ხმაურის მიუხედავად ხურდა ფულის ჟღარუნი ისმის. 71 წლის ქალს კუჭზე უმძიმესი ოპერაცია აქვს გადატანილი, მას შემდეგ ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად შეერყა და შრომისუუნარო გახდა. დამოუკიდებლად გადაადგილებაც უჭირს, ამიტომ დილაობით შვილიშვილს მოჰყავს, პატარა გასაშლელ სკამზე დასვამს ბებოს და დღის განმავლობაში კიდევ ერთხელ მოაკითხავს, ვაითუ რამე დასჭირდეს.

- ციალა ბებო, იცით, რომ წმინდა გიორგის ქანდაკების აქედან გადატანას ითხოვენ?

- ნეტავი ვის რას უშლის, დგას თავისთვის და უამრავი ადამიანი მოდის სანახავად. რაც მის გადატანა-გადმოტანაში ფული უნდა დახარჯონ, იმ თანხით გაჭირვებულ ხალხს დაეხმარონ. მხოლოდ აქედან თავისუფლების მეტრომდე ათი მათხოვარი მაინც შეგხვდება. ჩემს თავს აღარ დავეძებ, გული მიღონდება, როცა მოწყალების სათხოვნელად გამოსულ მეძუძურ დედებს ვხედავ, აქვე, ქუჩაში რომ აჭმევენ შვილებს ძუძუს. ვინ იცის, ალბათ ჩვენც არ ვეხატებით გულზე ამ მთავრობას. ახალი შენობების იერსახეს არ შევეფერებით და ჩვენი ჯერიც მალე დადგება. ძეგლივით ვზივარ აქ მთელი დღე და ვინ იცის, იქნებ ჩემისთანებსაც დაუპირონ გადაადგილება...

ქუჩის ბინადრების ისტორია ერთმანეთს ძალიან ჰგავს - ყველა გაჭირვებამ გამოიყვანა მოწყალების სათხოვნელად, მაგრამ ერთი ამბავი მართლაც გამორჩეული აღმოჩნდა. ეთერი ბებო გამვლელებს დახმარებას არასდროს სთხოვს, ქუჩაში იმიტომ დგას, რომ ერთხელ ძილში ხილვა ჰქონდა.

"ბებო, სარჩენად მხოლოდ ჩემი თავი მაბარია, ამიტომ პენსიას როგორმე ვიკმარდი და ქუჩაში სამათხოვროდ არ გამოვიდოდი, მაგრამ ჩემს თავს ერთი ასეთი ამბავი მოხდა: სამი შვილი მყავდა. მესამე შვილი დღენაკლული გამიჩნდა. გოგონა მხოლოდ კილონახევარს იწონიდა და ექიმებმა მისი გადარჩენის არანაირი შანსი არ მომცეს. სამშობიაროდან რომ გამომწერეს, ახალშობილი ინკუბატორში დაიტოვეს და ყოველდღე ელოდნენ, როდის გააჩერებდა სუნთქვას, მაგრამ სასწაული მოხდა და ბავშვი გადარჩა. ცხრა თვის რომ შესრულდა საავადმყოფოდან გამომატანეს. ეს ნამდვილი ღვთის სასწაული იყო, მაგრამ ღვთის მადლს მანამ არ ვაფასებთ, სანამ დიდი უბედურება არ დაგვატყდება თავს. ჩემს ცხოვრებაშიც ასე მოხდა, ჯერ ახალგაზრდა ვაჟი დამეღუპა, დენმა დაარტყა, შემდეგ კი უფროსი ქალიშვილი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ჩემი უმცროსი ქალიშვილიც უცხოეთში წავიდა სამუშაოდ და იქ დიდი პრობლემები შეექმნა. მოკლედ, ნაბოლარა და სიმწრით გამოზრდილი ქალიშვილიც მეცლებოდა ხელიდან. ძალიან ვნერვიულობდი, ადგილს ვერ ვპოულობდი და ვერც მას ვშველოდი რამეს. ერთხელაც ხილვა მქონდა. როგორც შენ გიყურებ ახლა, ისე მომიახლოვდა დაბალი ტანის, თეთრ წვერ-ულვაშიანი მამაკაცი და მითხრა: გადი ქუჩაში და ხალხი დალოცეო. თითქმის წელიწადია აქ ვდგავარ და გამვლელ-გამომვლელს ვლოცავ. მათ ჰგონიათ, რომ მოწყალებას ვითხოვ და ხურდას მაძლევენ. რამდენჯერმე ვცადე ამეხსნა, რომ ფული არ მინდა, მაგრამ ეწყინათ, იფიქრეს რომ მეცოტავა და ლანძღვა-გინება მომაყოლეს. მას შემდეგ ვინც ფულს მაძლევს, ვართმევ. ჩემს შვილს კი საქმეები კარგად აეწყო, ნელ-ნელა ვალებსაც ისტუმრებს.

ამბობენ, ამ ძეგლს აქედან წაიღებენო. არ მესმის, რატომ? ეს ადგილი საგანგებოდ შევარჩიე, გამვლელებს ასე ვლოცავ: წმინდა გიორგის მადლი შეგეწიოთ-მეთქი. სადაც ამ ძეგლს წაიღებენ, მეც იქ წავალ, რადგან მის მფარველობას ვგრძნობ."

(სპეციალურად საიტისთვის)