"მხოლოდ შეიარაღებულ ძალებსა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგობას შეუძლია შეაჩეროს ეს არაადამიანური თავდასხმა" - კვირის პალიტრა

"მხოლოდ შეიარაღებულ ძალებსა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგობას შეუძლია შეაჩეროს ეს არაადამიანური თავდასხმა"

მხოლოდ უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგობას შეუძლია შეაჩეროს ეს არაადამიანური თავდასხმა. ეს ბარბაროსობა, რომელსაც აქვს რაკეტები, მაგრამ არ გააჩნია არაფერი, რაც ადამიანს ადამიანად აქცევს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, რუსული ჯარი ახლა დამიზნებით ანადგურებს მუზეუმებსაც კი. მისი თქმით, როგორც ჩანს, მუზეუმებიც საშინელ საფრთხეს წარმოადგენს თანამედროვე რუსეთისთვის.

„გასულ ღამეს რუსულმა ჯარმა დახარჯა რაკეტა, რათა ხარკოვის ოლქში გრიგორი სკოვოროდის მუზეუმი გაენადგურებინა. რათა გაენადგურებინა XVIII საუკუნეში მცხოვრები ფილოსოფოსისა და პოეტის მუზეუმი, რომელიც ადამიანებს ასწავლიდა, რა არის ჭეშმარიტი ქრისტიანული დამოკიდებულება ცხოვრებისადმი და როგორ უნდა შეიცნოს ადამიანმა საკუთარი თავი. რა გაეწყობა, როგორც ჩანს, ეს საშინელ საფრთხეს წარმოადგენს თანამედროვე რუსეთისთვის - მუზეუმები, ქრისტიანული მიდგომა ცხოვრებისადმი. ამ ომის განმავლობაშირუსული ჯარი ყოველდღიურად ისეთ რაღაცებს აკეთებს, რომ სიტყვებიც არ მაქვს, მაგრამ ყოველ შემდეგ დღეს ისინი ისეთ რაღაცას აკეთებენ, რომ ამას ახლებურად გრძნობ. დამიზნებითი სარაკეტო თავდასხმა მუზეუმზე, ამას ხომ ყველა ტერორისტი ვერ მოიფიქრებს. ასეთი ჯარი იბრძვის ჩვენ წინააღმდეგ, ამის მიტანა სურთ მათ სხვა ევროპულ ქვეყნებშიც“,- განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, 7 მაისის მდგომარეობით, რუსულმა ჯარმა კულტურული მემკვიდრეობის თითქმის 200 ობიექტი გაანადგურა ან დააზიანა. ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დღეს რუსებმა იერიში მიიტანეს ოდესაზეც.

„ქალაქზე, რომელშიც თითქმის ყველა ქუჩას აქვს რაღაც ისტორიული, მაგრამ რუსული ჯარისთვის ამასაც არ აქვს მნიშვნეელობა. მათ მხოლოდ მოკვლა და განადგურება სურთ. ოდესა? ხარკოვი ? დონბასი? მათთვის სულ ერთია. მხოლოდ უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგობას შეუძლია შეაჩეროს ეს არაადამიანური თავდასხმა. ეს ბარბაროსობა, რომელსაც აქვს რაკეტები, მაგრამ არ გააჩნია არაფერი, რაც ადამიანს ადამიანად აქცევს“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსი ოკუპანტების ასეთმა ქმედებამ, განსაუთრებით მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა ხსოვნისა და ნაციზმზე გამარჯვების წლისთავზე უნდა გაახსენოს ყველა სახელმწიფოს და ერს, რომ შეუძლებელია ერთხელ და სამუდამო დაამარცხო ბოროტება.

„სამწუხაროდ ბოროტებას აქვს დაბრუნების თვისება, როდესაც ადამიანები პატივს არ სცემენ სხვა ადამიანის უფლებას, არღვევენ კანონს და ანადგურებენ კულტურას. სწორედ ეს მოუვიდა რუსულ სახელმწიფოს. სწორედ ამიტომ გვიწევს ახლა ყველას თავდაცვა. ჩვენი ხალხის, ჩვენი ქალაქების, ჩვენი მუზეუმების დაცვა, რომლებიც ხდება რუსული რაკეტების სამიზნე“,- განაცხადა ზელენსკიმ.