"რუსეთი ომში მორალურად უკვე დამარცხებულია, მაგრამ...“ - კვირის პალიტრა

"რუსეთი ომში მორალურად უკვე დამარცხებულია, მაგრამ...“

„ხანდახან ისეთი განცხადებები გვესმის, თითქოს საქართველოს ხელშია ომის დასრულება და ჩვენ ხელს არ ვანძრევთ“

2 თვეზე მეტი გავიდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. მიმდინარეობს ომის მეორე ფაზა - ოკუპანტი დონბასის მიმართულებით ფართომასშტაბიან შეტევაზე გადავიდა. მთელი კვირის განმავლობაში უმძიმესი მდგომარეობა იყო ქალაქ მარიუპოლში, ქარხანა "აზოვსტალის" ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, ხელჩართული ბრძოლა მიმდინარეობდა, თუმცა ქარხანა კვლავაც უკრაინელი მებრძოლების ხელშია. ამის პარალელურად, 7 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს წინსვლა აქვთ ხარკოვსა და ხერსონში. თავის მხრივ, რუსეთი განაგრძობს სარაკეტო შეტევებს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, თუმცა დასავლური ანტისარაკეტო სისტემების წყალობით უკრაინელები სულ უფრო მეტი რაკეტის ჩამოგდებას ახერხებენ. დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო ინფორმაციით, დონბასის მიმართულებაზე რუსეთს აქვს მცირე წინსვლა, თუმცა უკრაინის თავდაცვის ძალები დიდწილად ახერხებენ შეტევის მოგერიებას ფრონტის მთელ ხაზზე. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, რამდენ ხანს შეიძლება კიდევ გაგრძელდეს ომი? - ამ შეკითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ თორნიკე შარაშენიძესთან.

sharashenidze_35d62.png

- ვითარება მძიმეა, უკრაინა იბრძვის და ცხადად ჩანს, რომ არ შეურიგდება ტერიტორიების დაკარგვას. ბოლო ხანს მათ აშკარად გული მოეცათ - ისინი იღებენ ძალიან მაღალი დონის შეიარაღებას და გარკვეული მიმართულებით წარმატებასაც აღწევენ. მეორე მხრივ, ამ ეტაპზე წარმოუდგენელია ისიც, რომ რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიები წაართვან. შესაბამისად, ჩემი აზრით, ომი კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. უკრაინა იმედოვნებს, რომ დასავლეთის დახმარებითა და საკუთარი ბრძოლისუნარიანობით ტერიტორიების დაბრუნებას შეძლებს, რუსეთი კი ფიქრობს, რომ საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებით გამოფიტავს უკრაინას. სავარაუდოდ, კრემლში მოელიან, რომ უკრაინელები დაიღლებიან და მოლაპარაკებაზე დათანხმდებიან. დარწმუნებული ვარ, რომ ჯერ ეს არ მოხდება, მერე ვნახოთ... რუსეთი მორალურად უკვე დამარცხებულია, მაგრამ რეალურ ომში ის უკან იოლად არ დაიხევს.

- ბოლო დღეებში ბევრი ვარაუდობს, რომ პუტინი გამოაცხადებს ომსა და საყოველთაო მობილიზაციას.

- ცოტა გაუგებარია, რაში სჭირდება პუტინს ამის გამოცხადება. ისედაც შეუძლია ყოველგვარი მობილიზაციის გარეშე მოჰკიდოს ხალხს ხელი და წაიყვანოს საომრად. ომი რომ გამოაცხადოს, რით ახსნის ამას, რას იტყვის, რა შეიცვალაო? მთელი მათი პროპაგანდა რუსეთის მოქალაქეებს იმას უმტკიცებს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და ე.წ. სპეც­ოპერაცია წარმატებულია. ბუნებრივად გაჩნდება კითხვა, თუ საცაა გავიმარჯვებთ, ომის გამოცხადება და მობილიზაცია რა საჭიროაო?

- რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ლამის ყოველდღიურად ფართოვდება. ალბათ, კრემლისთვის ყველაზე მტკივნეული იქნება, თუ მართლაც დაწესდა რუსულ ნავთობზე ემბარგო, თუმცა ამას მოწინააღმდეგეები ჰყავს ევროკავშირშიც, მოვისმინეთ სლოვაკეთისა და უნგრეთის განცხადებები... რუსეთთან დაპირისპირებაში უმნიშვნელოვანესია დასავლეთის ერთიანი პოზიცია, რაც მეტად გაგრძელდება ომი, ერთიანობას საფრთხე ხომ არ შეექმნება?

- ჩემი აზრით, ევროპა ვერც რუსულ ნავთობზე და ვერც გაზზე ასე უცებ ვერ იტყვის უარს. ამისთვის მომზადებას მუშაობა სჭირდება. ეს პროცესი რომ დაეწყოთ 5-6 წლით ადრე, დღეს ეს შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ახლა, რამდენიმე თვეში, ვფიქრობ, ვერ მოხერხდება. სანქციები რომ დაუწესო ქვეყანას, მასზე არ უნდა იყო კრიტიკულად დამოკიდებული. ასეთ შემთხვევაში შენც არანაკლებ იზარალებ. სწორედ ამას ამბობს უნგრეთის პრეზიდენტი. ფაქტია, ევროპის დიდი ნაწილი რუსულ ენერგორესურსებზეა დამოკიდებული. ხომ კარგად ვიცით ყველამ, რომ ომში მყოფი უკრაინის ტერიტორიის გავლით მიეწოდება გაზი ევროპას, გაზსადენს მუშაობა ერთი დღითაც არ შეუჩერებია. მოკლედ, რუსეთის ეკონომიკური იზოლირება ასე უცებ ვერ მოხერხდება. ამას დრო და სერიოზული მუშაობა სჭირდება, რაც ნამდვილად დაწყებულია, მაგრამ ეს შედეგს რამდენიმე თვეში ვერ მოიტანს.

- მიუხედავად რუსეთის ხელისუფლების მტკიცებისა, რომ სანქციებს ქვეყანამ გაუძლო და მნიშვნელოვანი პრობლემები არა აქვთ, აშკარაა, რომ შეზღუდვები დარტყმას აყენებს რუსეთის ეკონომიკას, რაც საბოლოოდ რიგითი მოქალაქეების ცხოვრებაზე აისახება. თქვენი აზრით, რამდენ ხანში შეიძლება აღმოჩნდეს სანქციების შედეგი ისეთი მასშტაბური, რომ ამან ქვეყანაში ძვრები გამოიწვიოს?

- ჩემი აზრით, ეს პროცესები მარტივად არ დაიძვრება. პუტინის რეჟიმს ხალხი დატერორებული ჰყავს. ამასთანავე, სანქციები კი არის ძალიან მტკივნეული, მაგრამ კრემლში ფიქრობენ, რომ სანამ შეზღუდვები დამანგრეველ შედეგს მოიტანს, მოახერხებენ ომის დასრულებას და მერე ნელ-ნელა დაიწყებენ ვაჭრობას ევროპის ნაწილთან შესარიგებლად. ამასთან, არის ჩინეთიც, რომელიც მისი დიდი პარტნიორია. თუ მნიშვნელოვანი ცვლილებების მოლოდინი შეიძლება გვქონდეს რუსეთში, ისევ და ისევ "სამეფო კარის გადატრიალებაა". თუმცა ესეც როგორ შეიძლება მოხდეს, არ ვიცი, რადგან პუტინმა ისეთი სისტემა შექმნა, კონტროლის ისეთი დამატებითი მექანიზმები, რომ ამაზეც ექნება ნაფიქრი, მით უფრო, გამომდინარე რუსეთის ისტორიიდან, რაც მან კარგად იცის. მოკლედ, დიდი ალბათობით, პუტინს ესეც გათვლილი ექნება და საკუთარ გარემოცვასა და სახელისუფლებო წრეებს მაქსიმალურად აკონტროლებს. ამიტომაც ეს იოლი საქმე არ იქნება.

- მართლაც უპრეცედენტოდ მასშტაბურად ეხმარება დასავლეთი უკრაინას. შესაბამისად­­, გაჩნდა ვარაუდები, მეტიც მოვისმინეთ განცხადებები, რაც ცხადყოფს დასავლეთის მიზანსაც. მაგალითად, გავიხსენებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებას, რომელმაც ბრძანა, ჩვენი მიზანია რუსეთის არა მარტო უკრაინის საზღვრებიდან გაყვანა, არამედ მისი ისე დასუსტება, რომ აგრესია ვერც მეზობლების და ვერც ვეღარავის წინააღმდეგ შეძლოსო. ზოგმა ექსპერტმა ეს განცხადება რუსეთის დემილიტარიზაციის სურვილად აღიქვა.

- სიმართლე გითხრათ, რუსეთის, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს, განიარაღება ცოტა წარმოუდგენელი მგონია, მაგრამ სრულიად რეალურია მისი იმგვარად გამოფიტვა, რომ მართლაც აღარ შერჩეს უკრაინაში ომის შემდეგ აგრესიისთვის ძალა, მით უფრო, თუ ასე გაგრძელდება ვითარება ომში, სადაც რუსეთმა ფრონტის ხაზზე გარდატეხას ვერ მიაღწია. ორი თვის განმავლობაში, მხოლოდ ხერსონის შენარჩუნება და მარიუპოლის ნაწილობრივ აღება მოახერხა. როცა ამ ინტერვიუს ვწერთ, "აზოვსტალი" ისევ უკრაინელების ხელშია. სხვა პერსპექტივა ჯერ რუსეთისთვის არ ჩანს.

არადა, ამ ორი თვის განმავლობაში ძალიან დიდი დანაკარგი განიცადა, როგორც ადამიანური, ისე სამხედრო. თუ კიდევ გააგრძელებს ბრძოლას, თან არ დაგვავიწყდეს, რომ უკრაინაც როცა დრო მოვა, გადავა კონტრშეტევაზე და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას შეეცდება, ამისთვის კი რუსეთს სულ უფრო მეტი რესურსი დასჭირდება, ეს კი მას გამოფიტავს. თუმცა, როგორც ვთქვი, კრემლში იმედოვნებენ, რომ უკრაინას დაღლიან, ვნახოთ, რა იქნება... უკრაინას უპირატესობა აქვს, ჯერ ერთი, სიმართლე მის მხარეს არის და მეორე - ის საკუთარ ტერიტორიაზეა.

- არ უნდა დაგვავიწყდეს მასშტაბური სამხედრო დახმარებაც.

- გეთანხმებით, დღეს რუსეთი ნატოს სტანდარტებით შეიარაღებულ უკრაინას ეომება. მთლად იოლადაც არა აქვს საქმე.

- მას შემდეგ, რაც მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში, რამდენიმე აფეთქება მოხდა, არაერთხელ გამოითქვა ვარაუდი, რომ რუსეთის სამიზნე შესაძლოა მოლდოვაც გახდეს.

- არ ვიცი, ამ ეტაპზე ეს რაში სჭირდება რუსეთს. მას სამხედრო ბაზა აქვს მოლდოვის ტერიტორიაზე, სწორედ ამ სეპარატისტულ რეგიონში, თუ იქიდან დაგეგმავს ოდესაზე თავდასხმას, ამაში კიდევ არის ლოგიკა. პუტინის რეჟიმს ისედაც ცუდად აქვს საქმე, რატომ გაირთულებს კიდევ ერთ სამხედრო კონფლიქტში ჩართვით საქმეს?

- ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, რუსეთს სჭირდება წინსვლა, რომ საკუთარ მოსახლეობას გამარჯვებად შეასაღოს და მხოლოდ ამის შემდეგ დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან. იზიარებთ ამ მოსაზრებას და რა შეიძლება მიიჩნიონ კრემლში ასეთ წარმატებად?

- არა მგონია, ხერსონისა და მარიუპოლის აღების გამარჯვებად გასაღება მოახერხოს. ამისთვის კიდევ რაღაც დასჭირდება... მისთვის იდეალური იქნებოდა ოდესის მითვისება, რადგან ამით შავიზღვისპირეთს სრულად წაართმევდა უკრაინას, მაგრამ შეძლებს? როგორც ცნობილია, ოდესის სანაპირო ზოლი უკრაინელებს კარგად აქვთ დანაღმული. იქიდან შეტევა, ფაქტობრივად, გამორიცხულია და მოლდოვის მიმართულებაც გამაგრებული აქვთ. რაც მოხდა მარიუპოლში, როდესაც ქალაქი ალყაში მოაქციეს, ოდესაში თითქმის გამორიცხულია. თუ ოდესა აიღეს, რაც ძნელად წარმომიდგენია, ეს შესაძლოა მართლაც გამოეცხადებინათ გამარჯვებად და ეფიქრათ სამშვიდობო მოლაპარაკებაზე.

- სამწუხაროდ, ბოლო არ უჩანს უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის დაძაბულობას. გამუდმებით გაისმის ბრალდებები უკრაინიდან და ძალიან მკვახე პასუხები საქართველოდან.

- იმედია, ბოლოს და ბოლოს, დასრულდება ეს უსიამოვნო გადაძახილი. როდესაც საქართველოს საყვედურობენ რაღაცებს, მინდა ვიკითხო, კი მაგრამ, რა გააფუჭა საქართველომ ასეთი? თუ არ ჩავთვლით საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის გაუაზრებელ და არასწორ განცხადებებს, არაფერი გაგვიფუჭებია. თუ გვთხოვენ რაიმეს გაკეთებას, მაშინ გვითხრან ისიც, რის გაკეთება შეუძლია ჩვენისთანა და ჩვენს მდგო­მარეობაში მყოფ ქვეყანას? ხანდახან ისეთი განცხადებები გვესმის, თითქოს საქართველოს ხელშია ომის დასრულება და ჩვენ ხელს არ ვანძრევთ.

- გასულ კვირას კიდევ ერთხელ გაისმა ბრალდება, საქართველო რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარებაო, რასაც ჩვენი ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს.

- თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი არაფერი ხდება. თუ საქართველოს მთავრობა წავა ასეთ ავანტიურაზე, ამისთვის საჭირო იქნება ივანიშვილის ნებართვა, აი, მას რაში სჭირდება ამაზე წასვლა, არ ვიცი. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ასე დამატებით ფულს იშოვისო, ისმის კითხვა, რაში სჭირდება ის რამდენიმე მილიონი, რომელიც შეიძლება იშოვოს, როდესაც შესაძლებელია მთელ მის ქონებას დაემუქროს ამის გამო სანქციები? ასე მხოლოდ გიჟი თუ მოიქცევა, აი, ივანიშვილი კი გიჟი ნამდვილად არ არის. როდესაც თავდაპირველად ამგვარი ბრალდება გაისმა, თუ არ ვცდები, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რამდენიმე დღეში მტკიცებულებებიც იქნებაო. გავიდა რამდენიმე დღე, სად არის მტკიცებულებები? ჩემი აზრით, ამ ყველაფერს ერთადერთი ახსნა აქვს - უკრაინიდან ამგვარი განცხადებები პრევენციის მიზნით კეთდება, რათა მსგავსი რამ თავიდან იქნეს აცილებული.

- უკრაინიდან მოვისმინეთ განცხადებები ივანიშვილისთვის, როგორც რუსი ოლიგარქისთვის, სანქციების დაწესების აუცილებლობაზეც.

- რატომ, რა მტკიცებულებები არსებობს ივანიშვილის წინააღმდეგ? სავარაუდოდ, ეს უფრო ემოციური განცხადებებია. ჩანს, მათ 24 საათის განმავლობაში ვიღაც აწვეთებს, ივანიშვილი რუსეთზე მუშაობსო.

- თქვენი აზრით, ამგვარი ხმები საფუძველს მოკლებულია?

- როდესაც კაცს მილიარდები აქვს, პენსიაზე გასვლა და დასვენება უნდა, არ მესმის, რატომ უნდა გაირთულოს საქმე?! ის გაცილებით ფრთხილი და რაციონალური ადამიანი მგონია, რომელიც ასეთ რისკზე არ წავა.

- მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა ძალზე გაუარესდა. ამას ადასტურებენ ექიმები, ომბუდსმენი, ოჯახის წევრები და სამედიცინო დახმარების მისაღებად მის უცხოეთში გადაყვანას ითხოვენ, რის საპასუხოდ ხელისუფლებისგან მხოლოდ ცინიკური განცხადებები გვესმის.

- მეც ვფიქრობ, რომ აუცილებელია სამკურნალოდ მისი უცხოეთში გადაყვანა. ხელისუფლება მსჯელობს სამართლებრივად და ამბობს, რომ სააკაშვილი პატიმარია და სახელმწიფო მასაც ისე უნდა მოექცეს, როგორც სხვა პატიმრებს, რაშიც არის ლოგიკა, მაგრამ სააკაშვილის პატიმრობას არა აქვს მხოლოდ სამართლებრივი მხარე, ეს პოლიტიკური საკითხიც არის. ჯვარი სწერია, მაგრამ თუ რაიმე დაემართა, რაც უნდა სამართლებრივად მართალი იყოს, საბოლოოდ ეს ხელისუფლებას დაჰბრალდება, რაც ქვეყნის პრობლემად იქცევა. გამსახურდიას პრობლემა დღემდე მოჰყვება ქვეყანას. ეს გათიშულობა, პოლარიზაცია სწორედ მაშინ დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა. ახლა კიდევ ახალი დაპირისპირების გაღვივება არ გვჭირდება.

- სააკაშვილის ოჯახმა და პოლიტიკურმა მხარდამჭერებმა აქციები დაიწყეს, ბოლო დროს კი ისევ გაისმა განცხადებები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობაზე.

- რიგგარეშე არჩევნებს რაც შეეხება, ცოტა მეცინება ამაზე რომ ლაპარაკობენ. ხომ ვნახეთ ყველამ ბოლოდროინდელი სოციოლოგიური კვლევები. ისევ "ოცნება" იგებს, თუ სურთ 2022 წელს ჩაატარონ არჩევნები და "ოცნებას" ხელისუფლებაში ყოფნა 2026 წლამდე გაუხანგრძლივონ, კი ბატონო... რიგგარეშე არჩევნებს რომ ითხოვენ, არიან მზად მოსაგებად?

რაც დრო გადის, ასეთი სურათი გვაქვს: "ქართული ოცნების" რეიტინგი არ იზრდება და გაყინულია, რაც არ არის გასაკვირი. პარალელურად იკლებს ოპოზიციის რეიტინგი, რასაც აქვს მიზეზი... საკუთარ თავს უნდა დააბრალონ და მოჰკითხონ, რატომ. ცდილობენ ხოლმე ეს ყველაფერი ხალხს გადააბრალონ: "ქართველი ხალხი ვერ გაიზარდა", "ქართველი ხალხი სადღაც ჩარჩა" და ასე შემდეგ, რაც კომიკურია - როცა არაფრის თავი არა გაქვს და არჩევნებს ისევ წააგებ, რატომ დაგიჟინია ვადამდელი არჩევნები, გაუგებარია.