ვინ ცდილობს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას?! - კვირის პალიტრა

ვინ ცდილობს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას?!

"ჩემმა ვარშაველმა მეგობარმა, რომელიც პარტნიორობს და მეგობრობს უკრაინის პარლამენტის რამდენიმე წევრთან, მითხრა, პარლამენტის წევრები მეუბნებიან, შეგვჭამეს, ჩამოდიან რადიკალური ოპოზიციის წევრები საქართველოდან და გაუთავებლად გველაპარაკებიან იმაზე, რომ ხელი შევუშალოთ საქართველოს გაწევრებას ევროსტრუქტურებშიო“

უკრაინის ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენლისგან ისევ ისმის საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა. გამონაკლისი­ არც ეს კვირა იყო და ამჯერადაც "ქართული ოცნების" ლიდერებს­ პასუხის გაცემა მოუხდათ. რას ითხოვს უკრაინა და დგას თუ არა ვინმე ამ განცხადებების უკან? ამ საკითხებზე ექსპერტი მამუკა არეშიძე­ გვესაუბრება.

- ცივი გონებით რომ შევაფასოთ,­ უკრაინის ასეთი პოზიცია თითქოს გასა­გებია­ - ქვეყანა მაქსიმალურად ცდილობს­ საკუთარ თავზე დარტყმები შეიმსუბუქოს, არეალი გაზარდოს და რუსეთის ძალები­ გაფანტოს. მათ უნდათ, რაც შეიძლება ფართო ფრონტი იყოს - მოლდოვა, საქართველო... თუ ვინმე სამხრეთიდანაც შეუტევს რუსეთის ინტერესების სფეროს, კარგი იქნება, რაც აპრილის მეორე ნახევარში იგეგმებოდა კიდეც - ტაჯიკეთზე თალიბების შეტევას ვგულისხმობ, მაგრამ რუსეთმა პრევენციული ნაბიჯები გადადგა, "თალიბანის" ელჩი მოსკოვში დასვა და ეს საფრთხე­ შეამცირა. ეს არის უკრაინის­ მიდგომა, უკრაინის ინტერესები, მაგრამ არა - ჩვენი. ამიტომაც არის ასეთი მწვავე რეაქცია უკრაინელთა განცხადებებზე ჩვენს ხელისუფლებასა და საზოგადოებაში...

ბარიკადის ორივე მხარეს სერიოზულ ძალებს სურთ, რომ ეს ომი რაც შეიძლება ხანგრძლივი და ფართო მასშტაბის იყოს, ისე, რომ ნატო ამაში პირდაპირ არ იყოს ჩართული. დასავლეთში არსებულ ომის პარტიასა და რუსეთის ფართომასშტაბიან ომის პარტიას ამოცანა სხვადასხვა აქვთ, მიზანი­ - ერთი... ვინ არის სინამდვილეში არესტოვიჩი, ან პოდოლიაკი, ეს გასაგებია,­ მაგრამ საზოგადოებამ ამის მიღმაც უნდა დაინახოს, რა არის უკრაინის­ ჩინოვნიკების ერთი ჯგუფის მთავარი ამოცანა, თორემ გამოდის, პოდოლიაკი ცუდია, არესტოვიჩი ცუდია, ის იანუკოვიჩთან იყო შეკრული და რუსებთან თამაშობს და ასე შემდეგ, მაგრამ სინამდვილეში პრობლემა უფრო მასშტაბურია - ორივე მხარეს არიან ჯგუფები, რომელთაც­ ხანგრძლივი­ ომი უნდათ.

jariskaci2-1652004331.jpg

- თბილისის მერმა კახა კალაძემ პოდოლიაკის განცხადებას სამარცხვინო უწოდა და მოგვიწოდა, გაგვერკვია, ვინ არის ის...

- დიახ, აბა, იმასაც ხომ არ იტყვის­, ჩვენს პარტნიორებშიც არიან ჯგუფები,­ რომლებსაც ომი უნდათო?! ამას ვამბობთ­ ექსპერტები, ხელისუფლება ამას ვერ იტყვის. წარმოიდგინეთ, კალაძე რომ გამოსულიყო და ეთქვა, არსებობს კონგრესმენთა ჯგუფი აშშ-ში, რომელსაც უნდა, რუსეთი რაც შეიძლება მასშტაბურ ომში იყოს ჩართულიო; ან რომ ეთქვა, ბრიტანეთში სამხედროების ერთი ჯგუფია, რომელიც ამას ლობირებსო. ეს საერთაშორისო სკანდალს გამოიწვევს, ამიტომ მმართველი პარტია იძულებულია, უკრაინელების ამ ნაწილს უპასუხოს. ამ მხრივ ჩვენი ხელისუფლება ჩიხურ მდგომარეობაშია. მათი მხრიდან არაბუნებრივი, არაადეკვატური რეაგირება გამოდის, მაგრამ სხვა გამოსავალი არა აქვთ. რეაგირება საჭიროა, მაგრამ ეს არის ჩარჩო, რომელსაც ისინი ვერ გასცდებიან.

- საქართველოს შეეძლო უფრო მკაფიო­ პოზიცია გამოეხატაო, თქვა პოდოლიაკმა. მართლაც შეუძლია საქართველოს უფრო მწვავე განცხადებები აკეთოს?

- საქართველო განსაკუთრებით მკაფიო პოზიციას ვერ გამოხატავს, ამიტომ­ ის ძალიან რთულ მდგომარეობაშია. ჩვენ ხომ ვიცით, რომ საქართველო არის მასშტაბური ომის ნაწილი - რუსეთისთვის სამხრეთ კავკასიის პრობლემა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და სურს, ეს ერთხელ და სამუდამოდ მოაგვაროს. წარმოიდგინეთ, რომ უკრაინაში ომი დამთავრდა. თუ რუსეთი­ დამარცხდა, ამ საკითხზე ლაპარაკიც აღარ იქნება, მაგრამ, ვთქვათ, არ დამარცხდა, ან დროებითი ზავი შედგა. მაშინ­ რუსეთისთვის სამხრეთი კავკასია ისევ ძალიან მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, სადაც ნელ-ნელა ფეხს იკიდებს თურქეთი და ძლიერდება აზერბაიჯანიც, თურქეთის მთავარი მოკავშირე.­ თუ რუსეთი ვერ გააკონტროლებს სამხრეთ კავკასიას, შავი ზღვის კონტროლი უაღრესად­ შეზღუდული ექნება, ამიტომ ეს არის რუსეთის ისტორიული ამოცანა, ეკატერინე მეორის პერიოდიდან მოყოლებული. ამ დროს მასშტაბური ომის პარტია, რომელიც დღეს არის რუსეთში პატრუშევის მეთაურობით, ითხოვს, მოდი, ეს ყველაფერი ახლავე მოვაგვაროთო... ომის დამთავრების შემთხვევაში მაინც დაიწყება გარჩევები, მაგრამ ამ გარჩევებს მასშტაბური ომის სახე ექნება თუ დიპლომატიური შერკინების, დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოიქცევა დღეს ჩვენი ხელისუფლება და საზოგადოება. მინდა ობიექტური ვიყო და ვთქვა, რომ დღეს ამაზე­ მკაფიო საქართველოს ხელისუფლება ვერ იქნება. რასაც ახლა აკეთებს საერთაშორისო ასპარეზზე, უკრაინის მხარდაჭერა იქნება თუ ჰუმანიტარული დახმარება, ამაზე მეტს ის, სამწუხაროდ, ვერ გააკეთებს. ემოციებით მოქმედების გამო ჩვენ არაერთხელ წავაგეთ.

- უკრაინის დაზვერვა აკონტროლებს ყველაფერს და ვიცით, რუსეთი მოლაპარაკებებს მართავს საქართველოსთანო, თქვა პოდოლიაკმა. შეიძლება მართლაც ასე იყოს?

- მტკნარი სიცრუეა! უკრაინული დაზვერვა არაფერს აკონტროლებს! არც პოდოლიაკი, არესტოვიჩი, დანილოვი და სხვები ახმოვანებენ თავიანთ აზრებს. ისინი,­ უკეთეს შემთხვევაში, ახმოვანებენ იმ აზრს, რომელიც აქვთ მასშტაბური ომის დასავლელ მომხრეებს, უარეს შემთხვევაში ახმოვანებენ რუსეთის აზრს და უფრო უარეს შემთხვევაში, მათი აზრი შეიძლება მართლაც ემთხვეოდეს მასშტაბური ომის მომხრეთა აზრს. რაც შეეხება მოლაპარაკებებს და იმ დოკუმენტს, რომელზეც მან ილაპარაკა, ეშმაკურად შედგენილი დოკუმენტია. ასეთი­ შემოთავაზებები შეიძლება არსებობდეს და ამას მოლაპარაკებას დაარქმევ თუ ზონდაჟს,­ შენს პატიოსნებაზეა დამოკიდებული. თავიანთი კავშირების მეშვეობით - ეს იქნება­ რუსი თუ ქართველი ბიზნესმენების საშუალებით - ეცდებიან, რაღაც ხვრელები იპოვონ. შეიძლება ეს ბიზნესმენები სახელმწიფოს საფარქვეშაც მუშაობენ და რუსეთის სახელმწიფოს დავალებას ასრ­ულებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს­, რომ ისინი მრგვალ მაგიდასთან სხედან, მოლაპარაკებებს მართავენ და რაღაცას ხელი უნდა მოაწერონ. პოდოლიაკის­ ეს განცხადება ვითომ პრევენციულია, მაგრამ ინფორმაცია არა გაქვს­ და შენი ჭკუით, პრევენციას ცდილობ, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია. ეს არის არა საქართველოს ხელისუფლების, არამედ, ქვეყნის დისკრედიტაცია, მაგრამ დღეს პოდოლიაკისა და სხვებისთვის საქართველო­ მეორეხარისხოვანია. მათთვის მთავარი უკრაინის ინტერესებია. ჩვენთვისაც მთავარი საქართველოს ინტერესებია. მეგობრობა აქაც პირობითია და მეგობრებთან ასე არ იქცევიან.

- შესაძლებელია, რომ გარკვეული ძალები უკრა­ი­ნულ მხარეს აწვდიდნენ­ პროვოკაციულ ინფო­რ­მ­აციებს? და მათ ეს გადაუმოწმებლად უნდა დაიჯერონ?

- რასაკვირველია, შე­უმო­წმებელ ინფორმაციას არ უნდა დაეყრდნონ. მაგრამ იმ გუნდს, რომელიც უკრაინაშია­ და "ნაცმოძრაობასთან" არის ასოცირებული, თავისი ამოცანა აქვს - ცდილობს ხელისუფლების­ დისკრედიტაციას და ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა, მაგრამ არაერთხელ მითქვამს, რომ განსაკუთრებულ წონას ნუ შევძენთ, ასე ვთქვათ, იქაურ "ნაცმოძრაობას". იქ კონკრეტული პირები აკეთებენ ცუდ საქმეს და ერთ-ერთი გამხმოვანებელია დავით არახამია, რომელიც სააკაშვილის გუნდის წევრი იყო და ძალიან ახლოს არის ამ გუნდთან, მაგრამ მათი წონა მთავარი არ არის. იმ ადამიანებს­ - დასავლეთს, პარტნიორებს­ ვგულისხმობ­ - რომლებიც ყველანაირად ეხმარებიან უკრაინას, ერთი ზარით შეუძლიათ ეს ლაპარაკი შეწყვიტონ,­ მაგრამ ამას არ აკეთებენ, რადგან სხვადასხვა პოლიტიკური ძალა იბრძვის და ერთი საერთო ამოცანის შიგნით კიდევ თავ-თავიანთი ამოცანები აქვთ. საქართველოში ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტის დროს რამდენჯერმე ითქვა, რომ ეს არ უნდა ხდებოდეს. დეგნანსაც აქვს ძალიან ფრთხილად ნათქვამი, ეს იგრძნობა და ასე არ უნდა ხდებოდესო...

სხვა დონის მოთხოვნაა ამ ომში საქარ­თ­ველოს ჩართვა. გარკვეული ძალები უკრაინას აწვდიან არასწორ ინფორმაციას და სათავისოდ მუშაობენ. მათ რომ ჰკითხოთ, საქართველოს ომში ჩართვა გინდათო? გეტყვიან, არაო, მაგრამ სინამდვილეში სხვა რამე გამოდის... ჩემმა ვარშაველმა მეგობარმა, რომელიც პარტნიორობს და მეგობრობს უკრაინის პარლამენტის რამდენიმე წევრთან, მითხრა, პარლამენტის წევრები მეუბნებიან, შეგვჭამეს, ჩამოდიან რადიკალური ოპოზიციის წევრები საქართველოდან და გაუთავებლად გველაპარაკებიან იმაზე, რომ ხელი შევუშალოთ საქართველოს გაწევრებას ევროსტრუქტურებშიო.

- უკრაინის ლიდერების კრიტიკულ განცხ­ადებებს როგორ უყურებენ სხვა უკრაინელები?

- მცირე გამონაკლისის გარდა, ყველა მეკითხება, რას გვერჩითო. სამწუხაროდ, მათ ისიც კი არ იციან, რომ საქა­რთველო მიერთებულია ყველა სანქციას, რომლებიც­ უკრაინის დასახმარებლად მიიღო­ მსოფ­ლიომ. არ იციან არც ჰუმანიტარული დახმარების ამბავი. გარდა ამისა, ვერ აცნობიერებენ ჩვენს მდგომარეობას. მაგრამ არის ექსპერტთა ნაწილი, რომელიც ცდილობს, სწორად შეაფასოს მოვლენები...

უკრაინულ საექსპერტო საზოგადოებაში­ გაჩნდა ახალი ტრენდი - გაღიზიანება არესტოვიჩის მიმართ. ეს განპირობებულია­ იმ კონფლიქტით, რომელიც გაჩნდა არესტოვიჩსა და პოლკ "აზოვს" შორის. ვფიქრობ, მომავალში ამას სერიოზული შედე­გები მოჰყვება. თუ "აზოვის" ხუთი მებ­რძოლი­ მაინც გადარჩა ამ ომში, მე არ ვიცი, არესტოვიჩს რა გადაარჩენს. "აზოვის" მეთაურის მოადგილის განცხადება, პრაქტიკულად, ღია ომია. მან კატეგორიულად უარყო არესტოვიჩის ნათქვამი და ასევე კატეგორიულად მოსთხოვა მთავარსარდალს, რომლის სახელი შეგნებულად არ დაასახელა, დაჭრილები აქედან გაიყვანეთო. მის ტონში მუქარა იგრძნობოდა. მე როგორც ვიცი, უკიდურესად არიან გაღიზიანებული უკრაინული პოლიტიკური ელიტის დღევანდელი საქციელით. გასაგებია, რომ ისინი მძიმე მდგომარეობაში არიან, ცოტანი დარჩნენ, დახმარების გარეშე, სიკვდილს ყოველდღე თვალებში უყურებენ, დაჭრილებს ვერ შველიან, განწირულები არიან და ეს გზა თვითონ აირჩიეს. პოლკი "აზოვი"­ თავიდანვე ამ იდეოლოგიით იყო განმსჭვალული, რომ უკრაინისთვის დახოცილიყვნენ, მაგრამ სიკვდილსაც ხომ თავისი­ ფორმა აქვს! მე ვხედავ, რომ მათი შველა წარმოუდგენელია. ადგილმდებარეობაც არ უწყობთ ხელს, არც - გარშემო შექმნილი სიტუაცია, უკრაინას არ ჰყავს სადესანტო ავიაცია, რომ იქ პარაშუტისტები გადასხას და ახლა ეს აღარც გამოუვა, უკვე გვიანია, მაგრამ ეს დაძაბულობა ხომ არსებობს! ხელისუფლების ზოგიერთი ჩინოვნიკის მიმართ ნელ-ნელა გაღიზიანება გაუჩნდა საქმეში ჩახედულ საზოგადოებასაც, თუმცა მაინცდამაინც გარეთ არ გამოაქვთ ყველაფერი, იმიტომ, რომ ომია და რაც უნდა უარყოფითად იყვნენ განწყობილი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ, მაინც კონსოლიდაციას არჩევენ.