"თუ რუსეთი ახლა არ შევაჩერეთ, ხვალ ევროპაც, კავკასიაც დიდი საფრთხის წინაშე დავდგებით“ - კვირის პალიტრა

"თუ რუსეთი ახლა არ შევაჩერეთ, ხვალ ევროპაც, კავკასიაც დიდი საფრთხის წინაშე დავდგებით“

თეთრმა სახლმა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ახალი პაკეტი შეიმუშავა, რომელიც მეომარი ქვეყნისთვის არტილერიით, საბრძოლო მასალით, რადარებითა და სხვა აღჭურვილობით დახმარებას ითვალისწინებს. ამ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს. "შეერთებული შტატები უკრაინის მამაცი ხალხის მტკიცე მხარდაჭერას განაგრძობს, როდესაც ისინი თავიანთ ქვეყანას რუსეთის აგრესიისგან იცავენ. ჩვენ ვგზავნით იარაღსა და აღჭურვილობას", - განაცხადა ბაიდენმა. გარდა ამისა, აშშ იზიარებს ევროკავშირის გადაწყვეტილებას რუსეთისთვის სანქციების ახალი პაკეტის დაწესების შესახებ. ცნობისთვის: ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკვე განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთს სანქციების მე-6 პაკეტს დაუწესებს, რაც გაერთიანებაში რუსული ნავთობის სრულ აკრძალვას, სამი რუსული სახელმწიფო მაუწყებლის ევროკავშირის ტერიტორიაზე ეთერში გასვლის აკრძალვასა და რუსეთის უდიდესი ბანკის, "სბერბანკის" სვიფტის საგადასახადო სისტემიდან გათიშვას მოიცავს. მთელი ამ ამბის კულმინაცია გერმანიისთვის რუსეთისადმი უჩვეულოდ კრიტიკული პოზიციის დაფიქსირება იყო: "რუსეთის უკრაინაში შეჭრის, რუსი ჯარისკაცების ყოველი სისასტიკის შემდეგ ყოველდღე ჩვენი გადაწყვეტილება და ერთიანობა მხოლოდ ძლიერდება. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ პუტინმა ეს ომი არ უნდა მოიგოს და ვერც მოიგებს", - ასეთი იყო გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადება. როგორ ცვლის ახალი დახმარებებისა და სანქციების პაკეტები რუსეთ-უკრაინის ომის სურათს, იქმნება თუ არა მსოფლიოში ახალი კოალიციები და სად შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო, ამის შესახებ საერთაშორისო პოლიტიკის მკვლევარი თენგიზ ფხალაძე გვესაუბრა:

- ბრიუსელში ვარ და ზუსტად ვიცი, რაც ხდება. სერიოზული კონსულტაციები­ მიმდინარეობდა აშშ-სა და გერმანიას, ასევე­ ამერიკასა და ევროკავშირს შორის. ევროკავშირის შემუშავებული მე-6 პაკეტი რუსეთისთვის ძალიან მძიმე იქნება. ცივილიზებული სამყაროს ყველა ლიდერი შეთანხმდა, რომ რუსეთმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა­ და პუტინის რეჟიმმა უნდა აგოს პასუხი არა მარტო უკრაინაში, არამედ საქართველოში ჩადენილი ბოროტების­თვისაც. ყველა დარწმუნდა, რომ თუ პუტინი დღეს არ შეაჩერეს, ხვალ უფრო რთულ პრობლემას შექმნის. ჩვენთვის ეს ისტორიული მომენტია. გაიხსნა ის შესაძლებლობების ფანჯარა, რომელზეც დიდი ხანია ვოცნებობთ. ახლა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ არავის გაუჩნდეს კითხვა, ვართ თუ არა მზად ამისთვის.

- ცოტა ხნის წინ უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა იულია ოვჩინიკოვამ IღI-ს კვლევაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ უკრაინის მოსახლეობამ ქვეყნებს შორის, რომლებიც ყველაზე მეტად დაეხმარნენ, საქართველო პოლონეთის, ბრიტანეთისა და აშშ-ის შემდეგ მეოთხე ადგილზე დაასახელა. მან მადლიერება გამოხატა უკრაინაში ვიზიტით მყოფი საქართველოს ხელისუფლების წევრების მიმართაც. უკრაინელი ხალხის ასეთი განწყობის მიუხედავად, უკრაინის ხელისუფლებისგან­ დროდადრო რატომ ვისმენთ საყვედურებსა და ბრალდებებს?

- ეს განპირობებულია საქართველოდან გასული სხვადასხვა შინაარსის გზავნილებით. ჩვენი ქვეყანა დიდ დახმარებას უწევს უკრაინას. დიპლომატიურ ფრონტზე არ არსებობს პლატფორმა, სადაც უკრაინას საქართველო მხარს არ უჭერდეს, არ ასპ­ონსორებდეს და ადვოკატირებას არ უწევდეს. სპონსორობა დიპლომატიურ ენაზე ნიშნავს, რომ ჩვენ ვატარებთ საინფორმაციო კამპანიას უკრაინის სასარგებლოდ. იმავდროულად, დიდია საქართველოდან უკრაინაში­ წასული ჰუმანიტარული დახმარებაც. ძალიან მნიშვნელოვანია ის ხელშეწყობაც, რაც უკრაინელ ლტოლვილებს აქვთ საქართველოში. თუმცა ზოგიერთი სახელმწიფო მოხელე, რბილად რომ ვთქვათ, ჩრდილს აყენებს ყოველივე იმას, რასაც საქ­ართველო აკეთებს. თუ არ იცი, რას აკეთებს საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად და მხოლოდ ზოგიერთი­ ჩინოვნიკის განცხადებებს ეყრდნობი, რეალობისგან განსხვავებული შთაბეჭდილება გექმნება.

- ჩვენ გვახსოვს ირაკლი ღარიბაშვილის ხისტი განცხადებები, თუმცა 5 მაისს პოლონეთში ჩატარებულ დონორთა კონფერენციაზე ის საკმაოდ კრიტიკული იყო რუსეთისადმი. პრემიერმა თქვა, რომ საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და გმობს რუსეთის სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას, რომ რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო­ სამართლისა და გაეროს ქარტიის ფუნდამენტურ პრინციპებს.

- ეს ძალიან კარგი იყო. დიახ, ჩვენ ზოგჯერ ძალიან სწორ განცხადებებს ვაკეთებთ, მაგრამ ზოგჯერ არასწორად ვსაუბრობთ. გვარ-სახელების დასახელება არ მინდა, მაგრამ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი აზიანებს იმ კონტრიბუციას, რაც საქართველოს უკვე აქვს. სახელისუფლებო გუნდი უნდა დაფიქრდეს, საქართველოს სახელით ვინ და რა შინაარსის განცხადებას აკეთებს...

- ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, დღეს საქართველოში რუსული სამხედრო ინტერვენციის საფრთხე არ არსებობს და ეს "ქართული­ ოცნების" პოლიტიკის დამსახურებაა.

- მე ასეთი დამშვიდებული ვერ ვიქნებოდი. რუსეთმა ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ის შეიჭრება ყველგან და ყოველთვის­, როცა დასჭირდება. ამასაც რომ თავი დავანებოთ, თუ საქართველოში სიმშვიდეა, მაშინ ვის ტერიტორიაზეა ყოველდღიური ბორდერიზაცია?! 20% ვის აქვს ოკუპირებული?! საქართველოში რუსული აგრესია პროცესშია, სხვა საკითხია, გადაიზრდება­ თუ არა მწვავე სამხედრო დაპირისპირებაში. ჩვენ ყველა შემთხვევისთვის მზად უნდა ვიყოთ, მით უფრო მაშინ, თუ რუსეთი უკრაინაში დამარცხდება. ასეთ შემთხვევაში პუტინის ავადმყოფურ ფანტაზიაში აუცილებლად დაიბადება იდეა - აქ თუ წავაგე, სხვაგან მაინც მოვიგებო. რუსეთმა თავის ხალხს წარმატება უნდა მიჰყიდოს. დიდი სიფრთხილე გვმართებს - ჩვენ რუსეთის სამიზნე ვართ. ამიტომ ახლა მთელი ძალისხმევა ერთმანეთთან დაპირისპირებაზე კი არა, ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებაზე უნდა მივმართოთ. თუ არადა, ერთ დღეს რუსეთი ისე დაგვამხობს თავზე ქვეყანას, გონზეც ვერ მოვალთ, სახელმწიფო აღარ გვექნება. ამას გვეუბნებიან ჩვენი პარტნიორებიც - მოეშვით ერთმანეთთან ქიშპობას და გააძლიერეთ თავდაცვაო.

- ჩვენ ახლახან მოვისმინეთ ვიქტორ ორბანის განცხადება, რომ ევროკომისიის მიერ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა უნგრეთის ეკონომიკაზე ჩამოგდებული ატომური ბომბის ტოლფასი იქნება. ისიც ვიცით, რომ ევროპელ ლიდერებს შორის ორბანი ერთადერთი­ არ არის, რომელიც ასე ფიქრობს.

- რუსეთს ევროპაზე ძალიან­ ძლიერი ზეწოლის ბერკეტი აქვს ენერგომატარებლების სახით. უნგრეთის ეკონომიკა მართლაც მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული. ამიტომ ორბანი ვერ იტყვის, აღარ მინდა რუსული გაზი და ნავთობი, სხვა წყაროს მოვნახავო. ამას დრო და რესურსები სჭირდება. დღეს უნგრეთი ამისთვის მზად არ არის, მაგრამ ევროკავშირი აქტიურად მუშაობს, რათა ყველა წევრ ქვეყანას დაეხმაროს რუსული ბერკეტებისგან გათავისუფ­ლებაში. პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნ­ების გაზსადენიც ნაბიჯია ამ საქმეში.

- საინტერესოა ისრაელის პოზიციაც. როდესაც ლავროვმა ზელენსკის კრიტიკისას განაცხადა, ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა და ყველაზე მგზნებარე ანტისემიტები სწორედ ებრაელები არიანო, ისრაელის გაბრაზებულმა­ მთავრობამ დაიწყო საუბარი უკრაინისთვის იარ­აღისა და "რკინის გუმბათების" მიწოდება­ზე. თუმცა პუტინის ბოდიშის შემდეგ უკრაინისთვის მხოლოდ ჩაფხუტების მიწოდებითა და ჰუმანიტარული დახმარებით შემოიფარგლება.

- მერწმუნეთ, მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ისრაელი უკრაინას ძალიან დიდ დახმარებას უწევს და უფრო დიდ დახმარებასაც აპირებს. ლავროვმა დიდი შეცდომა დაუშვა, ისეთი, რასაც პუტინის ბოდიში ვერ უშველის. ისრაელი, ისევე როგორც ნატოს ქვეყნები და ევროკავშირი, უფრო გააძლიერებს უკრაინის დახმარებას.

ხათუნა ბახტურიძე