"თუ გამოაცხადებენ, რომ სააკაშვილს ფსიქიატრიული პრობლემები აქვს, ძალიან შემცირდება მისი მომხრეების რიცხვი“ - კვირის პალიტრა

"თუ გამოაცხადებენ, რომ სააკაშვილს ფსიქიატრიული პრობლემები აქვს, ძალიან შემცირდება მისი მომხრეების რიცხვი“

„არ არის გამორიცხული,­ თავად „ოცნებას“ აწყობდეს ვადამდელი არჩევნები, ახლა ის ძალიან მომგებიან პოზიციაშია“

"საერთაშორისო დღის წესრიგი სააკაშვილის საკითხს უპირატესობას არ ანიჭებს", - ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი რამაზ­ საყვარელიძე. ამის ფონზე რამდენად ადეკვატურია მისი მომხრეებისა და ხელისუფლების ქმედებები, რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში და რამდენად­ არის თანხვედრაში გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა:

- საერთაშორისო საზოგადოება მუდმივად პედალირებს ერთსა და იგივე მომე­ნტზე - დასხედით ერთად და ეცადეთ გადაწყვიტოთ სახელმწიფოს პრობლემებიო. ბოლო ხანს ეს ყველაზე მკაფიოდ კელი დეგნანმა გამოთქვა. იმედია, ამ ეტაპამდე ოდესმე მივალთ. თუმცა დღეს ოპოზიცია ცდილობს ქუჩიდან გადაწყვიტოს პრობლემები.

- ფაქტია, ქუჩიდან ვერაფერი გაკეთდა. თუნდაც სააკაშვილის საკითხზე რატომ არ ცვლიან მიდგომას?

- რამდენიმე დღის წინ უსუფაშვილმა წამოაყენა წინადადება, რომ მოეთხოვათ საერთაშორისო ექსპერტიზა და შედეგების მიხედვით ემოქმედათ. რადგან ამას უცხოეთი და ოპოზიცია არ ითხოვს, სასურველია, ხელისუფლებას მაინც გაეკეთებინა, რადგან ეს გააიოლებდა მშვიდობიან რეჟიმში პროცესების გადაყვანას. ასეთი გაღმა-გამოღმა გაჯიქება საქართველოში ხშირია, მაგრამ უკვე მომაბეზრებელი გახდა.

- სააკაშვილის ჯანმრთელობა ყველაზე მეტად ხელისუფლების ინტერესში უნდა იყოს და რატომ აქვს ხელისუფლებას ასეთი რეაქცია?

- მეეჭვება, ხელისუფლება კმაყოფილდებოდეს მხოლოდ იმ ჯგუფის დიაგნოზით, რომელიც დაკავშირებულია სახალხო დამცველთან, რადგან ექიმების ეს ჯგუფი აშკარად პოლიტიკურად ორიენტირებულია და ხელისუფლებას, სავარაუდოდ, თავისი სამედიცინო დასკვნაც ექნება. თუ აქვს, რა უშლის ხელს, გამოაქვეყნოს და არ გააჩინოს ამდენი კითხვა. არათუ ეს დასკვნები უნდა გამოაქვეყნოს, არამედ ჩამოიყვანოს ის უცხოელი ექსპერტები, რომელთა წინაშე ოპოზიციაც უფრო მორიდებულია ხოლმე­. ამ დონეზე უნდა გადაწყდეს, სააკაშვილი რამდენად რთულ მდგომარეობაშია. სიმართლე გითხრათ, არ მესმის, სააკაშვილის მდგომარეობა რატომ არის მიბმული მის უცხოეთში გაგზავნასთან. უცხოელების აქეთ ჩამოყვანის პრაქტიკაც არსებობს. საბედნიეროდ, არც წამლების შოვნაა პრობლემა. თუ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ტრანსპორტირებას უნდა აარი­დონ თავი. არის ლაპარაკი, გარემოს შეცვლა მასზე დადებითად იმოქმედებსო. თუ იქ სანატორიუმში მოეწყობა, შესაძლებელია იმოქმედოს, მაგრამ, თუ იქაც ციხეში გადაიყვანენ, გარემოს შეცვლა კარდინალური­ არ იქნება. ციხეში ყველა პატიმარს აქვს დისკომფორტი. მაშინ ყველას მდგომარეობა განვიხილოთ, რატომ კეთდება გამონაკლისი?

- ამბობენ, რომ სააკაშვილი ჩვეულებრივი­ პატიმარი არ არის, თან მისი მომხრეები ციხეში გადაყვანას კი არა, გათავისუფლებას, სასჯელის გადავადებას, შინაპატიმრობას ითხოვენ. რაც მთავარია, აქცენტს აკეთებენ ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ანორექსიაც ხომ ფსიქოლოგიური პრობლემებით არის გამოწვეული. თუ დადასტურდა, რომ ფსიქიკური პრობლემები აქვს, ეს ხომ მის პოლიტიკიდან ჩამოშორებას გამოიწვევს და რატომ მიჰყავთ საქმე ამისკენ? შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ორივე მხარეს აწყობს?

- ფაქტია, "ნაცმოძრაობას" უღირს მისი გათავისუფლება ამ სიტყვის უფრო მატერიალური თვალსაზრისით. ვნახეთ, რომ უკმაყოფილო არიან ისინი, ვინც ფინანსურად არის დაკავშირებული ამ პარტიასთან. მეორე მხრივ, გარეთ მყოფ და სრულიად ჯანმრთელ სააკაშვილს არ ჰყავდა იმდენი მომხრე, რომ ოდნავ მაინც მიახლოებოდნენ ხელისუფლებას ისიც და მისი პარტიაც. თუ ახლა გამოაცხადებენ, რომ სააკაშვილს­ ფსიქიატრიული­ პრობლემები აქვს, ძალიან შემცირდება მისი მომხრეების­ რიცხვი როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში და ამისკენ რატომ მიჰყავს საქმე­, გაუგებარია­. ალბათ, იმის ბრალია, რომ სააკაშვილს ჰქონდა და ახლაც აქვს მძაფრი რეაქციები ზოგიერთ საკითხზე და ასეთივე რეაქცია­ აქვს ახლა ციხეში ყოფნაზეც და მიაჩნიათ­, რომ ოღონდ გამოიყვანონ მდგომარეობიდან, ყველა თანახმაა, ახლა მის პოლიტიკურ მომავალზე უარი თქვან. თუმცა ჯერჯერობით არიან თანახმა... რაც შეეხება ხელისუფლებას,­ სააკაშვილის ციხეში ყოფნა არ არის მისთვის დისკომფორტის­ მომტანი, მაგრამ თუ მის გათავისუფლებას დათანხმდება იმ მოტივით, რომ ყოფილი პრეზიდენტია და ასე შემდეგ, ბევრ მომხრეს დაკარგავს. "ოცნებას" შეაქცევენ ზურგს, ისევე, როგორც დიდმა ნაწილმა უკვე შეაქცია და არ მიდის­ არჩევნებზე. ეს 50-60% ხომ მათი მომხრე იყო? ეს პროცენტი კიდევ გაიზრდება, ამიტომ "ოცნებას" ურჩევნია სააკაშვილი კანონის ფარგლებში ჰყავდეს მოქცეული.

- ბოლო დღეებში კობახიძემ დაიწყო საუბარი სააკაშვილი-გახარია-ხაზარაძის ალიანსსა­ და სახელმწიფო გადატრიალების გეგმაზე. რამდენად სერიოზულია ამაზე მტკიცებულებების გარეშე ლაპარაკი? ხელისუფლების რა გეგმის ნაწილი შეიძლება იყოს ეს?

- გახარიაც და ხაზარაძეც მესამე ალტერნატიულობისკენ მიიწევენ, გახარია - უფრო მეტად. მესამე ძალად პარტიის ჩამოყალიბება ნიშნავს,­ რომ ეს პარტია კონკურენტი იქნება როგორც "ნაციონალების", ასევე მმართველი პარტიის, კონკურენტთან კი ბრძოლაა საჭირო და "ოცნებაც" იბრძვის.­ მას ჯერჯერობით უმართლებს, რომ "ნაციონალები" მიუღებელია ამომრჩევლისთვის და ამიტომ­ ყველა ის პარტია, რომელთაც "ნაციონალების" ელფერი დაჰკრავთ, რეიტინგდაკარგულია, ახალი პარტიული ხაზი კი ჯერ არ გამოკვეთილა. რომ გამოიკვეთოს, ალბათ, იქაც გაჩნდება კონტრხერხები, მაგრამ ის, რომ მმართველი პარტია ცდილობს კომპრომატები აამოქმედოს, გასაკვირი არ არის. ასე ექცეოდა "ნაცმოძრაობაც"­ ოპონენტებს.­ თუმცა კითხვები რომ არ გაჩნდეს, თუკი ფაქტები და არგუმენტები არის, სასურველია, დადონ.

- კვლევებს თუ შევხედავთ, მმართველი პარტიის რეიტინგიც ძალზე შემცირებულია, მაგრამ ოპოზიცია ისეთ დღეშია, "ოცნებას" არ უნდა ეშინოდეს. შესაბამისად, ოპოზიციის ჩაძირვის მცდელობა რაზე მიანიშნებს, ხელისუფლება ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება თუ უკვე დაიწყო 2024 წლისთვის მზადება?

- მგონი, სამიზნე 2024 წლის არჩევნებია­ და არა ვადამდელი, რადგან ამის პირობები­ არ ჩანს. თუმცა არ არის გამორიცხული,­ თავად "ოცნებას" აწყობდეს ვადამდელი, ახლა ის ძალიან მომგებიან პოზიციაშია.

რუსა მაჩაიძე