"ლავროვის "დიდი დამსახურებაა“, რომ პუტინმა ომი მოკავშირე ქვეყნების გარეშე დაიწყო“ - კვირის პალიტრა

"ლავროვის "დიდი დამსახურებაა“, რომ პუტინმა ომი მოკავშირე ქვეყნების გარეშე დაიწყო“

"ხელშესახები უპირატესობა, რაც შეიძლება რუსეთის ხელისუფლებამ თავის მოსახლეობას როგორც წარმატება „შეასაღოს“, მარიუპოლის ალყაა, სადაც დიდი ზარ-ზეიმით დაიწყეს რუსული ნიშნების დადგმა..."

რა დაგვანახა უკრაინის ომმა, როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის შეიარაღებულ ძალებში რა სცენარით შეიძლება განვითარდეს პროცესები, ამის შესახებ გადამდგარი­ გენერალ-მაიორი, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, "ჯეოქეისის" მრჩეველი ვახტანგ კაპანაძე გვესაუბრა.

- აღმოსავლეთის მიმართულებით რუსულმა სამხედრო ძალებმა გადაჯგუფება თითქმის დაასრულეს. ძალზე სწორხაზოვნად მოქმედებენ - უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საცეცხლე დარტყმებს აყენებენ, წინააღმდეგობის შემთხვევაში უკან იხევენ და ისევ არტილერიას იშველიებენ. გასულ კვირას, რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ, საცეცხლე დარტყმები განაახლეს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთითაც, კერძოდ, პრიმორიეს მიმართულებით, სლავიანსკში, იქიდან კი კრამატორსკში გადავიდნენ, სადაც ძლიერი თავდაცვის კერა დახვდათ. ახლა ცდილობენ ლიმანის დასახლების ალყაში მოქცევას, სადაც უკრაინული მცირე დანაყოფია განთავსებული, თუმცა საეჭვოა, მოახერხონ, მით უფრო, გაანადგურონ. ხელშესახები უპირატესობა, რაც შეიძლება თავიანთ მოსახლეობას როგორც წარმატება "შეასაღონ", მარიუპოლის ალყაა, სადაც გასული კვირიდან დიდი ზარ-ზეიმით დაიწყეს რუსული ნიშნების დადგმა, თუმცა ეს უპირატესობაც­ სათუოა - "აზოვსტალში" დარჩენილი უკრაინელი სამხედროები ჩვენი დროის გმირები არიან, მათი წინააღმდეგობის ხანგრძლივობა კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რესურსი დარჩათ - მიწისქვეშა ბრძოლა იმდენად რთულია, კიდევ დიდხანს შეუძლიათ იქ ყოფნა, გააჩნია, მარაგი სადამდე ეყოფათ. "აზოვსტალის" მცველებისთვის უმძიმესი ტვირთია ის 600 დაჭრილი, რომლებიც უმძიმეს დღეში არიან. ჭრილობები ცელოფანის პარკებითა და წებოვანი ლენტებით აქვთ გადახვეული. ამას ემატება ისიც, რომ დახურულ სივრცეში, მზის სხივების გარეშე, ბაქტერიები უფრო სწრაფად ვრცელდება და ჭრილობებიც რთულდება. მარიუპოლის დაცვა საომარი ხელოვნების ქრესტომათიებში შევა როგორც წარმოუდგენელი ვაჟკაცობისა და სიმამაცის სიმბოლო. "აზოვსტალის" სამხედროები სულ თეთრი დროშით რომ გამოვიდნენ და ჩაჰბარდნენ რუსებს, ისე იბრძოლეს, ეს ნაბიჯი მათ საბრძოლო სულისკვეთებას ჩრდილსაც ვერ მიაყენებს და მათ აუგად ვერავინ მოიხსენიებს, ისინი უკვე გმირები არიან. რაც შეეხება მათ გადარჩენას, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია დროზე. თუ რაღაც დიდი გარდატეხა მოხდება და უკრაინა­ ისეთ კონტრშეტევაზე გადავა, მარიუპოლამდე რამდენიმეშრიან ალყას გაარღვევს და დერეფანს გააკეთებს, რომ 1200-ზე­­ მეტი "აზოველი", მათ შორის დაჭრილები­ გამოიყვანოს, სასწაული იქნება. ომში სასწაულებიც ხდება...

უკრაინელმა­ ხალხმა გადაწყვიტა, რომ ომს უკრაინა­ იგებს­ და ეს ბევრს ნიშნავს როგორც მოტივა­ციისთვის, ასევე გაჭიანურებული ომისთვის. რუსები ვერ აღწევენ წარმატებას, უკრაინელები არ მარცხდებიან და მათი მოტივაციაც იზრდება. განსაკუთრებით ეს შეინიშნება დონეცკის მიმართულებით, სადაც ძალზე მტკიცე დაცვა აქვთ უზრუნველყოფილი. რუსების უდიდესი­ ძალისხმევის მიუხედავად, ერთი ნაბიჯითაც­ ვერ დაახევინეს უკან. თავდაცვის გარღვევა ან უკრაინის თავდაცვის სიღრმეში შესვლა ვერ შეძლეს, რადგან უკრაინელებს კარგად­ ფორტიფიცირებული რაიონის თავდაცვა აქვთ. რუსეთის ხელისუფლება, ალბათ, თავის წარმატებად წარმოაჩენს ხერსონის ოკუპაციასაც, დერეფნის გაკეთებას და, ალბათ მარიუპოლში გამარჯვების იმედსაც არ კარგავს. უკრაინისთვის ანტისარაკეტო კომპლექსების გადაცემა იგეგმება და რუსეთის ჰაერში­ უპირატესობასაც წერტილი დაესმება. კონტრშეტევისთვის სჭირდებათ მეტი ჯავშანტექნიკა, დარტყმითი შესაძლებლობების გაზრდისთვის კი საჰაერო მხარდაჭერა. ახლა შეტევაზე გადასული რუსები უკრაინ­ისთვის მოძრავი სამიზნეები­ არიან, მაგრამ თუ უკრაინა შეტევაზე გადავა, არტილერია და საჰაერო მხარდაჭერა დასჭირდება.

- პუტინმა ლავროვის გამოსვლის გამო ბოდიში მოუხადა ისრაელს.

- არა მგონია, ამის მიზეზი ისრაელის­ შეიარაღებაში არსებული ობიექტური­ დაც­ვის­ სისტემა "გუმბათი" იყოს, ის მცირე ზომის რაიონს იცავს და რამდენი­ უნდა მი­იღოს უკრაინამ, რომ ყველა ქალაქი დაი­ცვას? ლავროვის წინდაუხედავი განცხადება ან იმაზე მიანიშნებს, რომ მისთვის ყველაფერი სულერთია, ან რეალობას ვერ აღიქვამს.­ ვფიქრობ, ლავროვის "დიდი დამსახურებაა", რომ პუტინმა ომი მოკავშირე ქვეყნების გარეშე დაიწყო. ბელარუსიც კი ცდილობს ამ სცენებში არ გაიხლართოს­ და რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის იმედზეა დარჩენილი. ამ ომმა რუსეთში არსებული ყველა პრობლემა გამოააშკარავა.

ლალი პაპასკირი