"ხალხი აქციებზე რომ არ გამოდის, ამიტომ ადამიანი უნდა მოკლან?“ - კვირის პალიტრა

"ხალხი აქციებზე რომ არ გამოდის, ამიტომ ადამიანი უნდა მოკლან?“

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნონა მამულაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის გადასარჩენად საჭიროა, მოსახლეობა იყოს გარეთ და აპროტესტებდეს. "მიუხედავად აქციების დაშლისა და მათი აქტივისტების დაკავებისა, „აქციები, გაგრძელდება". რას აპირებს "ნაციონალური მოძრაობა", ნონა მამულაშვილი გვესაუბრა:

- ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ავტორიტარულ რეჟიმად ჩამოყალიბებულიყო. ხომ ვხედავთ, ერევანში გაშლილია კარვები, პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ და არავინ შლის. აქ კი სამი კარავი დაიდგა, ხალხმა პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად წამოაყენა მოთხოვნები და დავინახეთ, როგორ დაშალეს კარვები და დააპატიმრეს ხალხი. ყველაფრის მიუხედავად, აქციები გაგრძელდება. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ავტორიტარულ რეჟიმთან გვაქვს საქმე და იოლი არ არის მასთან ბრძოლა მაშინ, როცა ივანიშვილის მითითებებს ასრულებენ.­ რუსეთის დაშლა ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ამასობაში თუ გვინდა დემოკრატიული მომავალი გვქონდეს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საქართველოში კიდევ ერთი პრეზიდენტი არ მოვკლათ რუსეთის ხელით.

- ამ კონტექსტში უნდა ვახსენოთ ტუსკის მიერ სააკაშვილის 31 მაისს EPP-ის ყრილობაზე მიწვევაც.

- აბსურდია, რომ თურმე უკრაინის ნახევარი მთავრობა "ნაცები" არიან. ყველა ევროპარლამენტარი, რომელიც "ოცნ­ებას" აკრიტიკებს, ისინიც "ნაცები" ყოფილან. ახლა აღმოჩნდა, რომ ტუსკიც "ნაცია" და ასეთი წერილი "ჩაუდო" "ოცნებას".

- ვხედავთ, ხალხი აქციაზე არ გამოდის...

- ხალხი აქციებზე რომ არ გამოდის, ამიტომ ადამიანი უნდა მოკლან? ასეთია ეს ხალხი და ჩვენ ხელები ჩამოვუშვათ? თუ ხალხი სააკაშვილის მხარდამჭერი არ არის, ის მაინც ხომ აწუხებს, რომ მესამე პრეზიდენტი ციხეში კვდება ისევ ქართველის ხელით? ჩვენ ვყალიბდებით დიქტატორულ სახელმწიფოდ, სადაც ადამიანის სიცოცხლეს ფასი არა აქვს. მაშინ, როცა პრეზიდენტს ასე ექცევიან, ჩვეულებრივ მოქალაქეს რას გაუკეთებენ.

- ერთ-ერთი პრეტენზიაც ეს არის, რომ ყველა თანასწორია და სააკაშვილისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება მიუღებელია...

- არავის არ უნდა მოვექცეთ განსხვავებულად, მაგრამ მაშინ მოვიქცეთ ისე, როგორც დიქტატორულ სახელმწიფოებში­ იქცევიან და ჩავქოლოთ. საქართველოში, სადაც ყველა ინსტიტუტი ოლიგარქს­ აქვს მითვისებული და ყველაფერს აკონტროლებს,­ ლაპარაკი იმაზე, რომ ყველას ერთნაირად ვექცევით, სასაცილოა.

- პრეზიდენტთან თუ გაქვთ კომუნიკაცია? იქნებ­ შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება?

- არა, არ ვიცი, რის გაკეთებას აპირებს, მაგრამ პოლიტიკოსმა,­ რომელსაც ელემენტარულად მაინც ესმის პოლიტიკა, არასდროს უნდა თქვას "არა და არასოდეს"­. თუ ქალბატონი სალომე თვლის, რომ ასეთი მიდგომით იმ სკამს შეინარჩუნებს, რომელზეც ზის, ცდება. დღეს ან თეთრ მხარეს,­ ანუ ცივილიზაციის მხარეს უნდა იყო, ან შავ მხარეს, რომელიც არის რუსეთი. პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს, სურს იყოს ევროპელი თუ პუტინის ინტერესების გამტარებელი.

- "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებას რა ვარიანტებს სთავაზობს ამ საკითხის გადასაჭრელად?

- სააკაშვილის მდგომარეობა უმძიმესია. ამას ამბობს ექიმების კონსილიუმი,­ რომელიც სახალხო დამცველის ეგიდით შეიქმნა. ხელისუფლებამ უნდა შეძლოს და გადადგას ეს ნაბიჯი, გამოვიდეს ბიძIინა ივანიშვილის მონობიდან და საქართველოს მესამე პრეზიდენტი გადაიყვანოს საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

რუსა მაჩაიძე