"ნაცმოძრაობა“ თუ აღარ იქნება, "ოცნების“ არსებობაც აზრს დაკარგავს“ - კვირის პალიტრა

"ნაცმოძრაობა“ თუ აღარ იქნება, "ოცნების“ არსებობაც აზრს დაკარგავს“

"გვინდა სააკაშვილი გაიქცეს ქართული პოლიტიკიდანაც და ციხიდანაც", - ამბობს "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია. "საზღვარგარეთ მის გადაყვანას დიდი ხანია ვეთანხმები, ქვეყანაში მის მკურნალობას დიდი მნიშვნელობა არ ექნება. ამიტომ მოვუწოდებდი სააკაშვილის მეგობრებს ამაზე მაინცდამაინც დიდი აქცენტი არ გააკეთონ". ოპოზიციონერმა ლიდერებმა იაგო ხვიჩიას პოზიცია კრიტიკულად შეაფასეს. მაგალითად, თაკო ჩარკვიანმა თქვა, რომ იაგო ხვიჩიას რაც ძალა და ღონე აქვს, გირჩებს უშენს ციხეში სააკაშვილს. ამ საკითხებზე დაწვრილებით პარლამენტარი გვესაუბრა:

- ჩემი სურვილი, რომ სააკაშვილი ციხიდან გამოვიდეს, თუ გირჩების სროლის ტოლფასი იყო, არ ვიცოდი. სააკაშვილი ციხიდან და ქვეყნიდან ერთდროულად უნდა გავიდეს, სხვაგვარად არ გამოვა.

- მართლა ფიქრობთ, რომ "ქართული ოცნება" ამას დაუშვებს?

- თუ "ნაციონალები" ძალიან მოინდომებენ, "ოცნების" წინააღმდეგობის მიუხედავად, საკუთარი პარტიის დაშლას მაინც მოახერხებენ. სანამ "ქართულ ოცნებას" ჰყავს ისეთი მტრის ხატი, როგორიც "ნაციონალური მოძრაობაა", არჩევნებს ყოველთვის მოიგებს. თუ ოპოზიციას "ქართული ოცნების" დამარცხება მართლაც სურს, მტრის ხატი უნდა წაართვას. ამაზე გადის სააკაშვილის გათავისუფლებაც. თუ "ნაციონალური მოძრაობა" აღარ იქნება, მე ვერ წარმომიდგენია, ორ წელიწადში არჩევნები­ ჩატარდეს და ისევ "ოცნებამ" გაიმარჯვოს. როგორც კი "ნაცმოძრაობა" აღარ იქნება, "ოცნების" არსებობაც აზრს დაკარგავს.

- როგორ გააუქმებს საკუთარ პარტიას პოლიტიკური ძალა, რომელსაც ნახევარი მილიონი ამომრჩეველი ჰყავს?

- ჩვენი მიზანი ხომ არის "ოცნების" დამარცხება? ჰოდა, ამ მიზანს დღემდე ნაცადი ტაქტიკით თუ ვერ მივაღწიეთ, ახლა სხვა რამ ვცადოთ. ხომ არ შეიძლება გიჟებივით მუდმივად კედელს ვენარცხებოდეთ. მთავარია, მიშა მიხვდეს ამას და დაშალოს "ნაციონალური მოძრაობა", თუ ინიციატივა­ მისგან წამოვა, წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევს. მთავარია, მიშა მიხვდეს, რომ ერთდროულად ორი ქვეყნის პოლიტიკაში ვერ იქნება, ამით ქვეყანასაც ავნებს და საკუთარ თავსაც. ერთი სიტყვით, მიშა უნდა წავიდეს ქართული პოლიტიკიდან და "ნაციონალებისა" და "ოცნების" ჩხუბით მიღებული ტოქსიკური პროცესი დასრულდეს.

- თქვენ გჯერათ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად?

- მე ექიმების დასკვნა ეჭვქვეშ არასდროს დამიყენებია.

- თქვენ არ თქვით, სააკაშვილი თუ ჯანმრთელობის გაუარესების მეთოდით იბრძვის, მაშინ უარი უნდა თქვას ციხეში ყოველგვარ სამედიცინო შემოწმებაზე, საკვების მიღებაზე და მართლა გახდეს ავადო?

- ეს მისი მეგობრების განცხადებების პასუხად ვთქვი. ამ ხალხმა ჯერ კიდევ ნოემბერში ატეხა განგაში, მიშა კვდებაო. უკვე იმდენჯერ გავიგონეთ, ავად არის, სადღაც გადაიყვანეს, გული შეუწუხდაო, რომ უკვე აღარავის სჯერა.

- "ნაციონალების" აქციები შეცვლის მმართველი გუნდის აზრს სააკაშვილის შესახებ?

- "ნაცმოძრაობა" აქციებით ვერაფერს მიაღწევს. ისე, ამ ამბავს ერთი დადებითი მხარე აქვს - იქნებ საბოლოოდ მიხვდნენ, რომ სააკაშვილის გათავისუფლების ერთადერთი გზა "ნაცმოძრაობის" დაშლაა.

ხათუნა ბახტურიძე