"თუ სააკაშვილის ამბავი ტრაგიკულად დასრულდა, პოლარიზება და დაპირისპირება მერე იქნება თუ იქნება“ - კვირის პალიტრა

"თუ სააკაშვილის ამბავი ტრაგიკულად დასრულდა, პოლარიზება და დაპირისპირება მერე იქნება თუ იქნება“

"სააკაშვილი შეიძლება ბევრს არ მოსწონდეს, მაგრამ პატიმარი ადამიანის დაცინვა, ხელფეხშეკრული კაცის ცემის ტოლფასია“

რეგიონში სასტიკი ომის, მსოფლიო მასშტაბის საფრთხეებისა და გამოწვევის მიუხედავად, საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგი ისევ პოლიტიკური პარტიების ურთიერთდაპირისპირებაა, მთავარი საგანი კი ისევ მიხეილ სააკაშვილი და მისი პატიმრობაა. "ნაციონალური მოძრაობა" ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქციებს მართავს. ოპოზიციის ერთი ნაწილი კი, მაგალითად, "სტრატეგია აღმაშენებელი" ვადამდელ არჩევნებს ითხოვს, პარტია "დროა" ხალხს რუსული აგრესიის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. ქვეყნის პრობლემებსა და ოპოზიციურ ვნებათაღელვაზე ოპოზიციონერი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე გვესაუბრა:

- სააკაშვილთან დაკავშირებით ვითარება რთულია - კონსილიუმმა დაასკვნა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა­ მძიმეა და შესაძლებელია უფრო დამძიმდეს, მეტიც, ტრაგიკული შედეგითაც კი დასრულდეს. "ოცნება" ამას არად აგდებს, რაც უფრო ძაბავს ვითარებას. სააკაშვილი შეიძლება ბევრს არ მოსწონდეს, მაგრამ პატიმარი ადამიანის დაცინვა, მით უმეტეს, როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, ხელფეხშეკრული კაცის ცემის ტოლფასია. აი, ამას ვხედავთ ყოველდღე - ხელფეხშეკრულ კაცს სცემენ "ოცნება" და მისი სპიკერები. თუ არ ენდობიან იმ სპეციალისტებს, რომლებიც სახალხო დამცველმა მიიწვია, ჩამოიყვანონ უცხოეთიდან მიუკერძოებელი სპეციალისტები და მათი დასკვნის საფუძველზე იმოქმედონ.

- თუმცა "ლელო" არ აპირებს სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას.

- პარტიამ გადაწყვიტა, რომ ოჯახის აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს. თუმცა აუცილებელია კონსილიუმის გადაწყვეტილების აღსრულება, რათა პროცესი ტრაგიკული შედეგით არ დასრულდეს.

- ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ დროა, პოლიტიკურმა ლიდერებმა შეწყვიტონ ერთმანეთზე თავდასხმა და დაიწყონ მუშაობა ქვეყნის მომავლისთვის.

- ლოგიკურია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის სურვილი. ჩვენ არ გვინდა ამის მიხვედრა, თორემ ისინი კარგად ხვდებიან, რა საფრთხის წინაშე დგას ახლა ქვეყანა და რაოდენ მნიშვნელოვანია პოლიტიკური სპექტრის ერთობლივი მუშაობა­ ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის. ჩვენ რა ვქნათ?! გამოვდივართ პარლამენტში, ვაყენებთ ახალ-ახალ ინიციატივებს, გამოგვაქვს კანონპროექტები, მაგრამ მმართველი გუნდი ყველაფერზე ამბობს, არაფერი არ გვაინტერესებს, არაფერს არ გავითვალისწინებთ, რასაც ოპოზიცია ამბობს და აკეთებსო. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ წამოვაყენებთ ისეთ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესებს გამოხატავს. ამასთან, ვითანამშრომლებთ ისეთ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც მსგავსი სულისკვეთებით იქნებიან განმსჭვალულნი.

- "ნაციონალებთან" ანუ იმ პოლიტიკურ ძალასთანაც ითანამშრომლებთ, რომელიც ანალიტიკოსების ერთი ნაწილის აზრით, პოლარიზებას უწყობს ხელს და თქვენ, პატარ-პატარა პარტიებს, ალტერნატიულ ძალად ჩამოყალიბების საშუალებას არ გაძლევთ?

- "ლელო" მოქმედებს საკუთარი დღის წესრიგით. სხვათა შორის, საკმაოდ პოზიტიური დღის წესრიგი გვაქვს, მაგრამ პასუხად რას ვიღებთ?! როგორც კი დაინახავენ, რომ "ლელოს" რეიტინგი იზრდება, მაშინვე "ნაცმოძრაობის" იარლიყს გვაკერებენ. ყველაფერს აკეთებენ, რომ დაგვაზიანონ და ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრად ჩამოყალიბების საშუალება არ მოგვცენ.

- იქნებ "ოცნებას" დროდადრო საბაბს თავად აძლევთ "ნაციონალებთან" ერთად პოზიციონირებით? თუნდაც თვითმმართველობის არჩევნებში "ნაციონალებთან" ალიანსის შექმნა.

- პირველ ტურში დამოუკიდებლად ვმონაწილეობდით, მეორე ტურის წინ კი საინტერესო წინადადება­ მივიღეთ. ეს კოალიციური მუშაობის კარგი მაგალითი იყო. ამ ქვეყნის მომავალი კოალიციურ მმართველობაშია.

- დანარჩენი ოპოზიციის ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას "ლელოც" უერთდება?

- ვადამდელი არჩევნები დღის წესრიგში დგება მაშინ, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით არ ვითარდება.­ IRI-ს კვლევაში ნათლად ჩანს, რომ მოსახლეობის­ დიდი ნაწილი მმართველი გუნდის­ მუშაობით უკმაყოფილოა და არ არის გასაკვირი, რომ ოპოზიცია ისევ აყენებს დღის წესრიგში ვადამდელ არჩევნებს. შეიძლება მავანმა თქვას, ახლა, როცა უკრაინაში ომია, რა დროს ვადამდელი არჩევნებიაო, მაგრამ იცით, პრობლემა რა არის? უკრაინაში ომი საქართველოსაც ბევრი გამოწვევის წინაშე აყენებს. ამასთან გასამკლავებლად პოლიტიკური დაპირისპირება უნდა შეწყდეს, მაგრამ ეს არ სურს "ოცნებას".

- IRI-ს ბოლო კვლევაში ისიც ნათლად ჩანს, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობა მთლიან პოლიტიკურ სპექტრს უცხადებს უნდობლობას. გამოკითხული რესპონდენტების 60%-ს სურს მომავალ არჩევნებზე ახალი პოლიტიკური პარტიები იხილოს.

- ლოგიკურია, რომ მოქალაქეები არსებული ვითარებით უკმაყოფილო არიან, პასუხისმგებლობას მხოლოდ ხელისუფლებას კი არა, ყველა პოლიტიკურ ჯგუფს აკისრებენ და ნაკლებად უწევენ ანგარიშს, ოპოზიციას აქვს თუ არა მართვის ბერკეტი.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ "ლელოს" ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბებაში სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი?

- სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ პოლარიზებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი და ეს მომენტი ძალიან კარგად გამოიყენა "ოცნებამ". ამ პროცესის დასრულების ერთადერთი საშუალება სააკაშვილის სათანადო მკურნალობაა. თუ სააკაშვილის ამბავი ტრაგიკულად დასრულდა, პოლარიზება და დაპირისპირება მერე იქნება თუ იქნება.

ხათუნა ბახტურიძე