უკრაინელებმა რუსული ტანკების აფეთქება "ჯაველინებზე" ორჯერ ძვირიანი "ბრიმსტოუნებითაც" დაიწყეს (განახლება) - კვირის პალიტრა

უკრაინელებმა რუსული ტანკების აფეთქება "ჯაველინებზე" ორჯერ ძვირიანი "ბრიმსტოუნებითაც" დაიწყეს (განახლება)

„ჯაველინები“ რომ ტანკების რისხვა იყო უკრაინის ფრონტზეც დამტკიცდა, როდესაც არცერთ რუსულ ტანკს, გინდ მოდერნიზებულს და გინდაც სრულიად ახალს, ამ ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო რაკეტისგან გადარჩენის შანსი არ მიეცა.

ერთადერთი რაც შეიძლება „ჯაველინს“ დაუწუნო... მისი ფასია - „ჯაველინის“ ერთი „ჭკვიანი“ რაკეტის გასროლა 75 ათასს დოლარამდე ჯდება (მთლიანად „ჯაველინის ერთი სარაკეტო კომპლექსის ღირებულება, რომელშიც ერთჯერადი რაკეტის გარდა მრავალჯერადი გამოყენების გასაშვები დანადგარი და აკუმულატორებიც შედის, 240 ათასს დოლარამდე აღწევს), მაგრამ ეს ფასიც მისაღებია, თუკი მოწინააღმდეგის ნახევარმილიონიან ჯავშანმანქანას და მით უმეტეს 2-3 მლნ დოლარის ღირებულების ტანკს პირველივე გასროლით ააფეთქებ...

ეს კი არა, ომში ისეთი კრიტიკული მომენტებიც ხშირად დგება, როდესაც 75 ათასიან „ჯაველინს“ მოწინააღმდეგის ერთადერთი სნაიპერის გასანადგურებლადაც კი არ დაინანებ, თუკი მან სანგარში ცხოვრება გაგიმწარათ და თანამებრძოლი მოგიკლათ...

თუკი ვინმეს 75 ათასიანი „ჯაველინი“ ეძვირება, მაშინ რას იტყვის 135 ათას დოლარად შეფასებულ ბრიტანულ Brimstone -ზე, რომელთა აქტიური გამოყენება დაიწყეს უკრაინელებმა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ?

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელიც დიდი ენთუზიაზმით ეხმარება ომში მყოფ უკრაინას, კიევს ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დაჰპირდა თანამედროვე „ბრიმსტოუნის“ ტიპის მართვადი რაკეტების მიწოდებას, რომელიც წესით 10 მაისიდან უნდა დაწყებულიყო, მაგრამ რუსმა ოკუპანტებმა თავიანთი აფეთქებული ტანკების სიახლოვეს ჯერ კიდევ 6 მაისს აღმოაჩინეს „ბრიმსტოუნის“ რაკეტების დეტალები...

როგორც ჩანს პრემიერმა ჯონსონმა თავისი სიტყვა ამჯერადაც ვაჟკაცურად შეასრულა, თანაც დათქმულზე უფრო ადრეც.

ისე აუცილებლად აღსანიშნავია, რომ გამოიკვეთა ერთგვარი ტენდეცია - არც ამერიკელები და არც ბრიტანელები არ ასაიდუმლოებენ უკრაინისთვის მისაწოდებელი შეიარაღების არათუ კონკრეტულ დასახელებას, არამედ რაოდენობასაც, თუმცა, უკრაინელებისთვის გადაცემის თარიღში კი რუსეთის დაზვერვას ატყუებენ - როდესაც ოფიციალურად ცხადდება უკრაინისთვის გასაგზავნი შეირაღების მორიგი პარტიის შესახებ, ის იმ მომენტში ხშირად უკვე ჩატანილია უკრაინაში...

2-1652009147.jpg
„ტორნადოს“ ფიუზელაჟის ოთხ პილონზე ჩამოკიდებული 12 „ბრიმსტოუნი“

დავუბრუნდეთ „ბრიმსტოუნს“ - რას წარმოადგენს და ისეთი რა ძალუძს ამ ბრიტანულ რაკეტას,რომ თვით ამერიკულ „ჯაველინზეც“ კი თითქმის ორჯერ ძვირი ღირს?

„ბრიმსტოუნს“ იმდენი რამე შეუძლია, რომ მისი ასეთი ფასიც გასაკვირი აღარ უნდა იყოს, რადგან ის ერთგვარ უნივერსალურ რაკეტას წარმოადგენს, რომელსაც შეუძლია შეასრულოს „ჰაერი-მიწა“, „ჰაერი-კატარღა“ და „მიწა-მიწა“ კლასის რაკეტების ფუნქციები, ხოლო თუ ძალიან გაჭირდა, არც „მიწა-ჰაერის“ კლასის საზენიტო რაკეტის „სამუშაოს“ ითაკილებს შვეულმფრენების ჩამოსაგდებად.

მეოცე საუკუნის ბოლოს შექმნილი „ბრიმსტოუნი“ კარგად ცნობილი ამერიკული AGM-114 Hellfire-ის გაუმჯობესებულ ვარინტად იქცა, რომელიც დამიზნების ბევრად სრულყოფილი სისტემით გამოირჩეოდა - მასზე ეყენა მილიმეტრულ დიაპაზონში მომუშავე აქტიური რადიოლოკაციური დამიზნების თავაკი, რომელიც განსაკუთრებულ სიზუსტეს ანიჭებდა რაკეტას მიზანში მოსახვედრად, მაშინაც კი თუკი სამიზნე ობიექტი 100 კმ/სტ სიჩქარით „თავქუდმოგლეჯილი“ გარბოდა...

„ბრიმსტოუნის“ ავღანეთში გამოყენების შემდეგ, კონსტრუქტორებმა რაკეტას ლაზერული დამიზნების სისტემაც დაუმატეს, რამაც კიდევ უფრო გაზარდა „წერტილოვანი“ დარტყმის სიზუსტე, მაგრამ ბუნებრივია მნიშვნელოვნად გააძვირა რაკეტის თვითღირებულება.

არსებობს „ბრიმსტოუნის“ რამდენიმე მოდიფიკაცია. რაკეტის თავდაპირველი მოდიფიკაცია 50 კმ-მდე იწონიდა,1,8 მ-ის სიგრძის იყო და 6,3 კგ მასის ტანდემური კუმულაციური ქობინი ეყენა.

რაკეტის მაქსიმალური სიჩქარე ზებგერითი გახლდათ და 1 500 კმ/სთ-მდე აღწევდა, რაც მის ჩამოგდებას მოწინააღმდეგის საზენიტო საშუალებებით ბევრად ართულებდა.

„ტორნადოსა“ და „ჰარიერის“ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავიდან გაშვების შემთხვევაში „ბრიმსტოუნის“ ფრენის მაქსიმალური სიშორე 20 კმ-ს აღწევდა, „აპაჩის“ დამრტყმელი შვეულმფრენიდან სტარტის შემთხვევაში კი-12 კმ-ს.

მოდერნიზებულ „ბრიმსტოუნ-2“ -ს გაუზარდეს მოქმედების რადიუსი-თვითმფრინავი მას უკვე 60 კმ-მდე უშვებდა, შვეულმფრენი კი 40 კმ-მდე.

მესამე მოდიფიკაცია-„ბრიმსტოუნ-3“-ი „მიწა-მიწა“ კლასის რაკეტად გადაიქცა, ხოლო მისი საზღვაო მოდიფიკაცია- Sea Spear -ი კი „ჰაერი-კატარღის“ კლასად ( კატარღის და არა ხომალდსაწინააღმდეგოსი იმიტომ, რომ სულ რაღაც ექვს კგ-იანი საბრძოლო ქობინით პირველი რანგის ხომალდს-კრეისერს კი არა, მესამე რანგის-კორვეტსაც ბევრს ვერაფერს დააკლებ და მხოლოდ მეოთხე რანგის-კატარღების გარანტირებულად დაზიანება-ჩაძირვა შეიძლება).

3-1652009188.jpg
„ბრიმსტოუნის“ სტარტი „აპაჩიდან“

ათი წლის წინ კონსტრუქტორებმა შექმნეს „ბრიმსტოუნის“ კიდევ ერთი მოდიფიკაცია-Spear 3 -ი, რომელსაც უკვე 100 კმ მანძილზეც შეუძლია მიზნის ზუსტად დაზიანება და ის უკვე ფაქტობრივად მინი ფრთოსან რაკეტას წარმოადგენს.

ბრიტანელები არ აზუსტებენ, „ბრიმსტოუნის“ რომელი კონკრეტული მოდიფიკაცია გადასცეს უკრაინელებს, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს არ იქნებოდა „ჰაერი-მიწა“ და „ჰაერი-კატარღა“ კლასის მოდიფიკაციები, რადგან „ტორნადოდან“ თუ „აპაჩიდან“ „ბრიმსტუნის“ სტარტი ერთია და უკრაინელების „მიგებიდან“ თუ „მფრინავი ნიანგებიდან“ სულ სხვა - საჭიროა საბჭოთა სტანდარტის საფრენი აპარატის მოდერნიზება „ბრიმსტოუნების“ საბრძოლო გამოყენებისთვის, რისთვისაც უკრაინელებს არც დრო და არც ტექნიკური შესაძლებლობები ჯერჯერობით არ გააჩნიათ.

4-1652009215.jpg
საბჭოთა, ქვეითთა საბრძოლო მანქანის ბაზაზე დამონტაჟებული „მიწა-მიწა“კლასის „ბრიმსტოუნების“ გასაშვები დანადგარი

უფრო სავარაუდოა, რომ უკრაინელებმა ბრიტანელების გადაცემული „მიწა-მიწა“ კლასის „ბრიმსტოუნების გამოყენება დაიწყეს მობილური სარაკეტო დანადგარებიდან.

ბრიტანული „ბრიმსტოუნის“ უკრაინელი სამხედროების მიერ პროფესინალურ დონეზე გამოყენების შემთხვევაში, ტოლობა შედგება: ერთი გასროლილი „ბრიმსტოუნი“= ერთი აფეთქებული რუსული ტანკი!

1-1652082972.jpg
ბალახებზე „წამოგორებული“, ვითომ ჩამოვარდნილი „ბრიმსტოუნის“ სურათი სინამდვილეში... ფოტოშოპი აღმოჩნდა

პ.ს. ეს სტატია უკვე გამოქვეყნებული იყო, როდესაც რუსულ სამხედრო ინტერნეტსივრცეში ბალახებზე დაგდებული „ბრიმსტოუნის“ ეს ფოტო გავრცელდა იქედნური კომენტარებით-ესეც თქვენი ნაქები და ძვირადღირებული „ბრიმსტოუნი“! ბრიტანელებმა უკრაინელებს უვარგისი რაკეტები შეაჩეჩეს ხელში და ისინი გაშვების შემდეგ ვარდებიან, ჩვენი საამაყო რუსი კონსტრუქტორები რამდენიმე დღეში ნაწილ-ნაწილ დაშლიან ამ თქვენს „ბრიმსტოუნს“ და მასზე მაგარ რაკეტას გამოუშვებენო!

მართლაც, მთლად სასიამოვნო გასაგები და სანახავი არ იყო „ბრიმსტოუნის“ რაკეტის ჩამოვარდნა, თუმცა დეფექტი ყველა ტექნიკაში ხდება...

2-1652083006.jpg
ფოტოშოპის დადასტურება-რაკეტის კორპუსზე დატანებული შავი და ყვითელი ფერების „გადასვლა“ მარცხნივ

მაგრამ გადის რამდენიმე საათი და ისევ რუსულ სამხედრო ინტერნეტსივრცეში ახალი ინფორმაცია იდება-უკრაინელებმა მართლაც დაიწყეს ბრიტანელების ნაჩუქარი „ბრიმსტოუნების“ ფართოდ გამოყენება, თუმცა ბალახებზე „წამოგორებული“ „ბრიმსტოუნის“ სურათი...უბრალოდ ფოტოშოპი გახლდათო, რაშიც, ამ ფოტოს გადიდებისა და დეტალურად დათვალიერების შედეგად, ყველა დარწმუნდებაო...

3-1652083028.jpg
გაშვებული, მიზანს მოხვედრილი და აფეთქებული „ბრიმსტოუნის“ რაკეტისგან სინამდვილეში ასეთი(რომელზეც მარჯვენა ხელის იდაყვი აქვს დაყრდნობილი) ფრაგმენტი თუ რჩება...

ჩემი მხრიდან დავუმატებ, რომ სტარტაღებული „ბრიმსტოუნის“ სარაკეტო ძრავის მუშაობის დაწყების შემდეგ, თავად რაკეტის საქშენი სხვანაირად გამოიყურება...