"შესაძლოა, ისინი უთბილესი იყვნენ, მაგრამ მეორე წამს უმნიშვნელო რამის გამო ადამიანს წარმოუდგენელი რისხვა­ დაატეხონ" - კვირის პალიტრა

"შესაძლოა, ისინი უთბილესი იყვნენ, მაგრამ მეორე წამს უმნიშვნელო რამის გამო ადამიანს წარმოუდგენელი რისხვა­ დაატეხონ"

ბედნიერებაა იმის გაცნობიერება,­ რომ ყოველ ჩვენგანს შეუძლია, უარი თქვას მძიმე გარემოზე და იპოვოს ადგილი, სადაც კარგად იქნება, თუმცა, ისიც ცხადია, რომ იდეალური გარემო არ არსებობს და ყველგან შეიძლება შეგხვდეს ადამიანი, რომელიც ხასიათს დაგიმძიმებს. როგორ მოქმედებენ ჩვენზე ე.წ. ტოქსიკური ადამიანები­ და როგორ შეიძლება მათთან ურთიერთობისთვის თავის არიდება? გვესაუბრება ფსიქოლოგი­ მარიამ­ ბაზაძე.

- ქალბატონო მარიამ, ჩვენ გარშემო­ გლობალური პრობლემებია და თითქოს დროც არ გვრჩება საზიანო ურთიერთობებზე სასაუბროდ, არადა, ყველაზე მეტად სწორედ ეს "ტოქსიკური ადამიანები" და მათთან­ ურთიერთობა გვირთულებს ცხოვრებას. რა განაპირობებს მსგავს ურთიერთობებს და როგორ გვაზიანებენ ისინი?

- უპირველესად, ვამჯობინებდი, გამოთქმა "ტოქსიკური ადამიანისათვის" სულ სხვა, ასე ვთქვათ, შემნდობი თვალით შეგვეხედა, იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი ვართ იმ გარემოს წევრები, სადაც ეს ურთიერთობები ყალიბდება. ყველანი ვართ დაკავშირებული ბავშვობის დროინდელ ტრავმებსა თუ ბულინგთან, რაც ადამიანს მთელი­ სიცოცხლის მანძილზე ახსენებს თავს და ტოქსიკურ ურთიერთობებს კვებავს. მაგრამ ზოგიერთი ჩვენგანი ახერხებს ამის გაცნობიერებას და "ტოქსიკოზის" დათრგუნვას, ზოგიერთი - ვერა. სწორედ ეს უკანასკნელნი ქმნიან მუდმივად ტოქსიკურ გარემოს მათთვის, ვის გვერდითაც არიან, ასე რომ ე.წ. ტოქსიკური ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა მათივე ტოქსიკური ბავშვობის მსხვერპლია. ცხადია, თუ ადამიანი ისეთ ოჯახშია გაზრდილი, სადაც ჩხუბი ჩვეულებრივი მოვლენა იყო; თუ მშობლებს თუნდაც ობიექტური მიზეზების გამო უჭირდათ ბავშვების მიმართ სითბოს გამოხატვა; თითქმის რეაგირების გარეშე ტოვებდნენ შვილების კარგ საქციელს და მხოლოდ ცუდ საქციელზე ამახვილებდნენ ყურადღებას, რა გასაკვირია, რომ ბავშვი ე.წ. ტოქსიკურ ადამიანად გაიზარდოს?! სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენი ტვინი ხომ ისეა მოწყობილი, რომ ბავშვობის ემოცია იქ ღრმად იდგამს ფესვს და შემდეგ ადამიანი ამას მთელი სიცოცხლის მანძილზე ავლენს. სხვათა შორის, ოჯახის შექმნისას, როდესაც ადამიანის გვერდით ჩნდება მუდმივი თანამგზავრი, იწყება, ასე ვთქვათ, "შენახული" ემოციების გამოვლენა, უარყოფითი ემოციები კი უმტკივნეულოდ არ ვლინდება. ისინი აზიანებს წყვილის ემოციურ საზღვრებს, რაც ჯერ ემოციურ ტკივილს იწვევს, მერე კი - დაძაბულობას. ტოქსიკური ურთიერთობა არის ადამიანის მიერ მეორე ადამიანის სულიერი საზღვრების უხეში ნგრევა, რასაც ადამიანის ემოციური ტკივილი და ფიზიკური გამოფიტვაც კი მოსდევს. ტოქსიკური ურთიერთობის ნაწილია სხვისი სურვილების იგნორირება, მისი დამცირება, მის "უვარგისობაზე" ლაპარაკი (განსაკუთრებით - სხვების თანდასწრებით), რაც "მსხვერპლს" თვითშეფასებისა და განვითარების უნარს უნადგურებს, სისასტიკით კი ფიზიკურ ძალადობას არ ჩამოუვარდება. ხანგრძლივმა ტოქსიკურმა ურთიერთობებმა, შესაძლოა, ადამიანი სრულიად არაადეკვატურ არსებად აქციოს.დამთგრუნველი ემოციები განსაკუთრებით მაშინ აქტიურდება, როდესაც, მაგალითად, ერთ-ერთი მეუღლე საკუთარ მომავალს მეორეზე აშენებს, მისი დაკარგვის ეშინია და ცდილობს, ეს შიში მისი დათგრუნვით ჩაიხშოს. დროთა განმავლობაში­ "მსხვერპლს" სირცხვილისა და დანაშაულის­ გრძნობაც კი უვითარდება თავისი "უვარგისობის"­ გამო და შიშით ელის ყოველ ახალ შეტევას.

ტოქსიკურ ადამიანებთან ურთიერთობაში ხშირად სიფრთხილეც არ ჭრის, რადგან მათ უარყოფითი­ ემოციები მეხსიერების­ გამო აქვთ და არა რეალობის. რაღაც მომენტში, შესაძლოა, ისინი უთბილესი იყვნენ, მაგრამ მეორე წამს უმნიშვნელო რამის გამო ადამიანს წარმოუდგენელი რისხვა­ დაატეხონ. მართალია, ისიც შეუძლიათ, რომ რაღაც მომენტში გულწრფელი იყვნენ და მსხვერპლსაც გულწრფელობის სურვილი გაუჩინონ, მაგრამ როდესაც "მსხვერპლის" ნდობას მოიპოვებენ, შეუძლიათ საუბრის სურვილი ცინიკური შენიშვნით გაუქრონ. როდესაც თქვენ ანთ­ებული ხართ და ადამიანს საკუთარ გეგმებზე ელაპარაკებით, მისი ცინიკური შენიშვნა,­ რომ ამ გეგმებიდან არაფერი გამოგივათ, წაგართმევთ რამის კეთების სურვილს. ასეთი­ შენიშვნები შურით არის გამოწვეული და თინეიჯერების ქცევას უფრო ჰგავს, ვიდრე ზრდასრული ადამიანისას. ტოქსიკური ურთიერთობა შეიძლება ჰქონდეს დედა-შვილსაც. ბევრი ჩვენგანი იცნობს დედებს, რომლებიც მუდამ აკონტროლებენ შვილებს (ან - პირიქით) და მათი ცხოვრებით ცხოვრობენ. სამწუხაროდ, სხვისი ცხოვრებით ცხოვრება და ამის ტოქსიკურ რეჟიმში გადაყვანა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ადამიანი საკუთარ ადგილს, ფუნქციას ვერ პოულობს და ცდილობს­ ხელიდან არ გაუშვას ის ადამიანი, ვისი ცხოვრებითაც იცხოვრებს.

- ეს ადამიანები ოდესმე გრძნობენ, რას სჩადიან? ან ფსიქოლოგთან თუ აღიარებენ?

- ადამიანი ფსიქოლოგთან მაშინ მიდის, როდესაც თავისი მდგომარეობა არ მოსწონს და ამ მდგომარეობიდან გამოსვლა სურს, მაგრამ როდესაც მიჩვეულია ურთიერთობის კონკრეტულ ფორმას­ და ამის გამო ხიბ­ლშიც კი ვარდება, ფსიქოლოგთან არ მივა. ზოგჯერ ასეთებს მსხვერპლის არჩევაც ახასიათებთ:­ რომელიმე კონკრეტული ადამიანის მიმართ არიან ტოქსიკურები­, დანარჩენებთან კი თითქოს ადეკვატურად იქცევიან, თუმცა­ ეს იშვი­ათად ხდება­. ზოგადად, ე.წ. ტოქსიკური ადამიანები ცდილობენ, თავიანთი გავლენის ქვეშ მოიქციონ სხვა ადამიანები, რითიც საკუთარ უპირატესობას წარმოაჩენენ. ისინი ხშირად კამათობენ, შენიშვნებს აძლევენ გარშემო მყოფთ, ქედმაღლობენ, მუდმივად წუწუნებენ და ა.შ.

- ბევრი ჩივის, რომ თუნდაც მხოლოდ წუწუნის მოსმენის შემდეგ ვერ გრძნობს თავს კარგად, დათრგუნვილი და დაქანცულია.

- სწორედ ასე გამოიცნობა ტოქსიკური ურთიერთობი. როდესაც ვინმესთან ურთიერთობის შემდეგ ხვდები, რომ "კარგად ვერ ხარ", დისკომფორტს, შიშსა და დაძაბულობას გრძნობ, ესე იგი, ტოქსიკურ ადამიანთან გქონია ურთიერთობა. ე.წ. ტოქსიკური ადამიანები, ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად თავიანთი უარყოფითი ემოციებით მართლაც ცდილობენ სხვების გაღიზიანებას, რითაც თავად "ბედნიერდებიან".­ რასაკვირველია, ეს ნამდვილი ბედნიერება არ არის, თუმცა ასეთი დამოკიდებულება სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ეს ხალხი ბავშვობაში მხოლოდ ცუდი საქციელით იპყრობდა ყურადღებას. მაგალითად, დედის ყურადღების მისაქცევად ისინი ცდილობდნენ, ცუდი საქციელი­ ჩაედინათ. ალბათ, ბევრი დამეთანხმება, რომ მსგავსი ფაქტი არაერთხელ უნახავს. როდესაც ადამიანი გამუდმებით რაღაცაზე წუწუნებს, ამით ცდილობს, დაგიმტკიცოთ, რომ არსებობს, თუმცა ეს წუწუნიც ხელოვნური როდია - ის თავისი ცხოვრებით მართლაც ცუდად არის.

- და ჩვენ რატომღა ვხდებით ცუდად?

- იმიტომ, რომ ადამიანის ტვინი ე.წ. სარკისებური ნეირონებით რეაგირებს. სარკისებური ნეირონების მუშაობის პრინციპი გარკვეული ემოციების ტვინის კონკრეტულ უბანში აღქმაა. ამ პრინციპის მიხედვით, მთავარი ის არის, რომ ტკივილი აის­ახება ტვინის გარკვეულ უბანში და არა ის, ეს ჩვენი ტკივილია თუ - სხვისი, ასე რომ, ჩვენს ტვინზე აისახება და გვტკივა სხვა ადამიანთა ტკივილებიც. სწორედ ამიტომ ვიფარებთ თვალებზე ხელებს, როცა ფილმებში ვინმეს კლავენ; ამიტომ გვტკივა­ სხვისი ტკივილი, როდესაც ის ამ ტკივილზე წუწუნებს და რა გასაკვირია, რომ ეს წუწუნი გვთრგუნავს...

- საინტერესო ახსნაა... და როგორ შეიძლება გავანეიტრალოთ ე.წ. ტოქსიკური ურთიერთობები, რომ ნაკლებად დავოსდეთ?

- დაოსება სწორედ შესაფერისი სიტყვაა, რადგან ტოქსიკურ ურთიერთობაში­ ჩვენ იმ ღრუბელივით ვართ, რომელიც, ერთი მხრივ, ამ ურთიერთობიდან იწოვს უიმედობას, წუწუნს, ცინიკურობას, მეორე მხრივ კი მას სწურავენ ენერგიას. რის გამოც ვმძიმდებით და დაბლა ვეშვებით, თუმცა ამ ურთიერთობაში არის შრეები და სხვადასხვაგვარი მიდგომა სჭირდება.

არიან ე.წ. ტოქსიკური ადამიანები, რომლებთან ურთიერთობა შეგვიძლია მალე შევწყვიტოთ; ჩვენს თავს ვკითხოთ, რისთვის გვჭირდება ადამიანები, რომლებიც გვრთგუნავენ, გვამცირებენ და გვაღიზიანებენ? და როდესაც მივიღებთ პასუხს, რომ მათ ჩვენთვის, ზიანის გარდა, არაფერი მოაქვთ, უბრალოდ, მოვკვეთოთ ისინი, მაგრამ არის ურთიერთობები, რომელთაც იოლად ვერ შევწყვეტთ, მაგალითად, ოჯახში ან თუნდაც სამასახურში. ამ შემთხვევაში აუცილებელია პირდაპირი და უკომპრომისო საუბარი იმის შესახებ, რა ტკივილს გვაყენებენ ეს "ტოქსიკური ადამიანები" და არა - საკითხის იგნორირება. ხშირად ეს ამართლებს. ანდა ჩვენ შეგვიძლია, საზღვრები დავუწესოთ ამ ადამიანებს და თავიდან ავირიდოთ მათი ტოქსიკურობა.

და კიდევ ერთი: არასოდეს აჰყვეთ ადამიანებს, რომლებიც უეცრად ფეთქდებიან და უეცარი რისხვით იჭრებიან თქვენს გარემოში - ყვირიან, მრისხანებენ და უპირატესობის დამტკიცებას ასე ცდილობენ. აყოლით თქვენც მათ ცნობიერებაში აღმოჩნდებით, რაც კარგს არაფერს მოგიტანთ. მერწმუნეთ, ჯობს, კარი გაიხუროთ და გახვიდეთ. ეს რთულია, მაგრამ, სამაგიეროდ, შეინარჩუნებთ სიმშვიდესა და სტაბილურობას.