"ობოლი იყო, ჯერ მამამისი ვერ მოგვინელებია და ახლა თავად წავიდა..." - რას ჰყვება გერმანიაში დაღუპულ 24 წლის ბიჭზე ახლობელი - კვირის პალიტრა

"ობოლი იყო, ჯერ მამამისი ვერ მოგვინელებია და ახლა თავად წავიდა..." - რას ჰყვება გერმანიაში დაღუპულ 24 წლის ბიჭზე ახლობელი

ემიგრაციაში კიდევ ერთი ქართველი ახალგაზრდა, 24 წლის ტატო მურუსიძე დაიღუპა. კეთილშობილი და უღალატო ახალგაზრდის ახლობელები მასზე ტკივილის გარეშე ვერ საუბრობენ: მსგავსი ტრაგედიები არა მხოლოდ გარდაცვლილის ოჯახს ეხება, არამედ ქვეყანასაც - ემიგრაციაში მყოფი ახალგაზრდების გარდაცვალების გახშირებული შემთხვევები ქვეყნისთვის უმძიმესი დანაკლისია. მით უფრო, მცირერიცხვოვანი ერისთის.

ტატო მურუსიძის ერთ-ერთი ახლობელი, რომელმაც ვინაობის გამხელისაგან თავი შეიკავა, მასზე გვიამბობს.

- რა უნდა ვთქვა, ტატოს შესახებ. გამუდმებით ვტირი და მინდა, რომ ეს სიზმარი იყოს, გავიღვიძო და ვიღაცამ მითხრას, დამშვიდდი, ცუდი სიზმარი ნახეო. ცუდად ვართ ყველა, ვინც მას ვიცნობდით. იმიტომ, რომ ტატოსნაირები ცოტანი არიან. მართალია, გარდაცვლილზე ხშირად ვამბობთ, რომ კარგი ადამიანი იყოო, მაგრამ ტატოს მიმართ მხოლოდ ამიტომ არ ვამბობ ასე. ბიჭი ობოლი იყო, 5 წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა, ჯერ მამამისი ვერ მოგვინელებია და ახლა თავად წავიდა. სულ ერთი კითხვა მიტრიალებს თავში - ასე რატომ მოხდა, რატომ? ის დედამ და ბებიამ გაზარდეს და გაზარდეს საუკეთესო ადამიანად. იცით, როგორი იყო? თვალებში რომ შემოგხედავდა და ამით ხვდებოდა, რაიმე პრობლემა თუ გქონდა, მერე აუცილებლად ჩაგეკითხებოდა, რაც გჭირდა და დახმარებასაც შემოგთავაზებდა, როგორც შეეძლო. მითხარით, ასეთები ბევრნი არიან?!

275854099-721335322329447-8713601850877944656-n-1652009757.jpg

- ახალგაზრდა გერმანიაში სამუშაოდ იყო წასული?

- ემიგრაციაში ტატოს დედა იყო სამუშაოდ წასული. ეს ქალი დიდი ხანია ემიგრაციაშია და ერთ-ერთი საუკეთესო დედაა, ვისაც ვიცნობ. ადამიანი შვილის გამო გადაიკარგა უცხოეთში, სხვანაირად, ჩვენს ქვეყანაში ობოლი სანახევროდ მშიერი უნდა ჰყოლოდა. ტატო კი ბებიასთან იზრდებოდა თბილისში. ბიჭი დედის მოსანახულებლად გერმანიაში რამდენჯერმე ჩავიდა და უკანვე დაბრუნდა. ბოლოს, როგორც ვიცი, საერთოდაც წავიდა. სხვა რა გზაა, როცა საკუთარ ქვეყანაში გასაქანს ვერ ხედავ, როცა არანაირი პერსპექტივა არ არის, მეტი რა გზა გაქვს, სხვაგან უნდა გადასახლდე.

საღამოს, შინდაბრუნებულ დედამისს შვილი გარდაცვლილი დახვდა. ამ ეტაპზე, გარდაცვალების მიზეზიც კი არ არის დადგენილი, ექსპერტიზა არ ჩატარებულა ჯერჯერობით. თანაგრძნობის სიტყვები არ მყოფნის, იმიტომ, რომ ასეთი სიტყვები არ არსებობს. ამ შემთხვევაში დედას რა უნდა ვუთხრა? ალბათ ერთადერთი ის, რომ მას საუკეთესო შვილი ჰყავდა...

"კვირის პალიტრა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს დაღუპული ტატო მურუსიძის ოჯახსა და ახლობლებს...

(სპეციალურად საიტისთვის)