"უკრაინელ ბავშვებს ვასწავლით ქართულ ენას და საქართველოს ისტორიას - მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო“ - კვირის პალიტრა

"უკრაინელ ბავშვებს ვასწავლით ქართულ ენას და საქართველოს ისტორიას - მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო“

ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინული სექტორი გაიხსნა, სადაც სამშობლოდან დევნილი უკრაინელი ბავშვები სწავლობენ. ბევრი მათგანი მარიუპოლიდან, ხერსონიდან და უკრაინის ყველაზე ცხელი წერტილებიდან ჩამოვიდა. ამ ბავშვებს თვალებშიც კი ეტყობათ, რამხელა ტკივილი არგუნა ცხოვრებამ - ტკივილი, რომლის დავიწყება ძნელია. უკრაინულ სექტორს პედაგოგი ოლენა კუხარევსკა ხელმძღვანელობს, რომელიც თბილისში მაშინ ჩამოვიდა, როცა კიევი ალყაში იყო მოქცეული და მოსახლეობა რუსულ ბომბებს სარდაფებში ემალებოდა. ის ემოციებს ვერ მალავს, როცა უკრაინას და იქ მიმდინარე ტრაგიკულ მოვლენებს იხსენებს:

- კიევში დიდი კერძო სკოლის დირექტორი ვარ. ახლა ჩვენი ლამაზი სკოლა ცარიელია, მე კი, სხვა უკრაინელების მსგავსად, იძულებული გავხდი, მშობლიური ადგილები მიმეტოვებინა. ჩვენი ბავშვები სხვადასხვა ქვეყანაში გაიფანტნენ და ახლა მათ ონლაინრეჟიმით ვასწავლით. საქართველოში 20 მარტს ჩამოვედი, მანამდე, რვა დღე, მეც სარდაფში ვიმალებოდი და გარეთ ვერ გამოვდიოდი. როცა კიევის დაბომბვა დაიწყეს, ქალაქის დატოვება გადავწყვიტეთ. ბომბებქვეშ მოვდიოდით და თან ბავშვებით სავსე მანქანა მოგვყვებოდა. კიევი უკვე ალყაში იყო და მხოლოდ ერთი "მწვანე გზა" არსებობდა - ოდესის მიმართულებით. სამშვიდობოს სწორედ ოდესის გავლით გამოვაღწიეთ.

- როგორ გაჩნდა იდეა, რომ 41-ე სკოლაში უკრაინული სექტორი შექმნილიყო?

- თბილისში რომ ჩამოვედი, დავინტერესდი, იყო თუ არა საქართველოში უკრაინული სკოლა. ფიზიკოსი ვარ და მინდოდა მასწავლებლად მემუშავა. აღმოჩნდა, რომ უკრაინული სკოლა აქ წლების წინ ყოფილა, მაგრამ მერე დახურულა. როცა ვნახე, რამდენი უკრაინელი იყო თბილისში, ვიფიქრე, რომ სკოლის გახსნა აუცილებელი იყო. ჯერ უკრაინულ დიასპორას მივმართე, რომელმაც უკრაინის საელჩოსთან დამაკავშირა. ჩემი ჩანაფიქრი ყველას გავაცანი და სოციალურ ქსელშიც დავწერე. სამ საათში უკვე 100 ბავშვი იყო დარეგისტრირებული. განათლების სამინისტრო დაგვეხმარა, რომ უკრაინული პროგრამები დაგვებეჭდა და უკრაინული სექტორი ძალიან სწრაფად - ორ კვირაში გავხსენით.

masw2-1652010186.jpg

- ალბათ, ძნელია იმ ბავშვებთან მუშაობა, რომლებმაც ომის საშინელება საკუთარი თვალით ნახეს.

- მართლაც რთულია, რადგან ბევრი ბავშვი გვყავს მარიუპოლიდან და მელიტოპოლიდან. ახლა კიდევ ერთ, ახალ ჯგუფს ველოდებით. ამ ბავშვებმა დიდი სტრესი გადაიტანეს და ძალიან დათრგუნვილები არიან. უმეტესობა პირველ დღეებში არც კი ლაპარაკობდა, ბევრი მათგანი უმძიმეს მდგომარეობაში იყო. მათ ოჯახებს აქ არაფერი ჩამოჰყოლიათ. საცხოვრებელი ხომ დაკარგეს და დაკარგეს, მაგრამ ელემენტარული საყოფაცხოვრებო ნივთებიც კი არ აქვთ. ბევრს დოკუმენტებიც არა აქვს. ბევრი ოჯახი ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც მოდის, მათ შორის - ხერსონიდან და ხერსონის ოლქიდან, რადგან იქ ბავშვებს აიძულებენ, რუსულ სკოლაში იარონ და რუსული სახელმძღვანელოებით ისწავლონ, მშობლებს კი მათი რუსულ სკოლაში გაშვება არ სურთ. ამ ბავშვებს სხვადასხვა ისტორია აქვთ. ბევრი მათგანი საქართველოში იმიტომ ჩამოვიდა, რომ აქ მეგობრები ან ნათესავები ჰყავს. მარიუპოლიდან ოჯახები ავტობუსებით გადაჰყავდათ სპეციალურ ბანაკებში, სადაც მათ ამოწმებდნენ. ამ ოჯახებმა როგორღაც შეძლეს რუსეთიდან საქართველოში ჩამოსვლა. ნაწილი პოლონეთიდან შემოდის.

- ბავშვებთან ფსიქოლოგიც მუშაობს?

- ძალიან კარგი ფსიქოლოგი გვყავს, რომელიც დონეცკიდანაა. მას ბევრი სამუშაო აქვს, რადგან სტრესს მარტო ბავშვები კი არა, მასწავლებლებიც განიცდიან. ბევრი ისეთი მოსწავლე გვყავს, რომელთა მამები, ახლობლები და ოჯახის წევრები უკრაინაში არიან, ზოგიერთს მაღალი სამხედრო წოდება აქვს და დღემდე მარიუპოლში იბრძვის, ამიტომ ვცდილობთ, ეს ბავშვები ფოტო და ვიდეოკადრებში არ მოხვდნენ, რადგან მათი ჩვენება სასურველი არ არის. გული მტკივა, როცა ვფიქრობ, რომ უკვე 11-მა მილიონმა უკრაინელმა დატოვა სამშობლო და ისინი მთელ მსოფლიოში გაიფანტნენ. ეს ჩვენი ხალხის გენოციდია!

- საბედნიეროდ, ამ რთულ სიტუაციაში უკრაინას თითქმის მთელი მსოფლიო ეხმარება...

- ყველა გვეხმარება, მაგრამ არ შემიძლია არ ვახსენო პოლონეთი. ისინი­ ომის პირველივე დღიდან ჩვენ გვერდით დგანან. მადლობის მეტს ვერაფერს ვიტყვი­ ქართველების, თითოეული იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც ამ რთულ დროში ჩვენს ლტოლვილ ბავშვებსა და ოჯახებს ეხმარებიან. უკრაინელების დიდი ნაწილი სასტუმროებში ცხოვრობს და გადასახადებს მერია უხდის. ძალიან ბევრი მოხალისე მუშაობს, რომლებიც ლტოლვილებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებენ.მაგალითად, ამ დღეებში ერთი ოჯახი ჩამოვიდა, რომელსაც ერთი წლის ბავშვისთვის ეტლი სჭირდება. ახლა პატარისთვის ეტლს ვეძებთ და ამის თაობაზე უკვე მივწერე მოხალისეებს. რასაც ამ ოთახში ხედავთ - რვეულები, ნოუთბუქები - ყველაფერი ნაჩუქარია. არ შემიძლია არ გითხრათ, რომ პრინტერი, რომელიც ძალიან გვეხმარება, რუსულმა სკოლამ გვაჩუქა. ჯერ უკრაინული სახელმძღვანელოები არ გვაქვს და ამ პრინტერზე ვბეჭდავთ. თბილისში არის რუსული სკოლა, სადაც პუტინის რეჟიმს გამოქცეული ოჯახების შვილები სწავლობენ და ჩვენს ბავშვებს ისინიც ეხმარებიან. ძალიან გვიწყობს ხელს განათლების სამინისტრო და ყველანაირად გვაფინანსებს, პედაგოგების ხელფასსაც სამინისტრო იხდის. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბავშვებს ნოუთბუქები აჩუქა. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან სახელმძღვანელოები არ გვაქვს და ბავშვებს შეუძლიათ ელექტრონული წიგნებით ისარგებლონ. ბავშვებისთვის ტრანსპორტიც უფასოა, რადგან ისინი სხვადასხვა უბანში ცხოვრობენ.

- როგორც ვიცი, თქვენი მოსწავლეები ქართულ ენასაც სწავლობენ.

- დიახ, ყველა კლასში ვასწავლით ქართულ ენას და საქართველოს ისტორიას. მათ უნდა იცოდნენ, რომ უკრაინელებს და ქართველებს ბევრი რამ გვაქვს საერთო. რაც მთავარია, ჩვენ ერთი რწმენის ხალხი ვართ. მინდა, მათ თბილისი ვაჩვენოთ და ავუხსნათ, რატომ გვექცევიან ქართველები ასე თბილად, რომ ეს განსაცდელი თვითონაც გამოცადეს. ახლა მთავარია, უცხო გარემოსთან ადაპტაცია შეძლონ და კარგად გააცნობიერონ, როგორი ქვეყანაა საქართველო. ამ ბავშვებმა სწავლა 24 თებერვალს შეწყვიტეს და ახლა, სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსულები ერთ კლასში მოხვდნენ, ზოგმა უკრაინული ენაც კი არ იცის კარგად. აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც ომი მიმდინარეობს, ძალიან ბევრი რუსულენოვანი­ ოჯახი ცხოვრობს, არიან შერეული ოჯახებიც. მათთვის ახალ გარემოსთან შეგუება ადვილი არ არის, მაგრამ მშობლებს სურთ, მათმა შვილებმა უკრაინული ენა კარგად ისწავლონ. სხვათა შორის, ბევრი ბავშვი გადმოდის რუსული სექტორებიდან, რომლებიც ქართულ სკოლებში მოქ­მედებს. ბავშვები ამბობენ, რომ რაც ომი დაიწყო, მათ აძლევდნენ სახელმძღვანელოებს კრემლის გამოსახულებით და რუსეთის ისტორიას დამახინჯებით ასწავლიდნენ. ამის გამო მოსწავლეებს სულ კონფლიქტი ჰქონდათ... უკრაინულის მასწავლებლებს რთული ამოცანა აქვთ, თუმცა, მთავარია, ბავშვები დამშვიდდნენ და ახალ გარემოს შეეგუონ.

- ამ გადმოსახედიდან ომამდე რა შეცდომები დაუშვეს უკრაინელებმა?

- სამწუხაროდ, ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვით და არ მინდა საქართველომ იგივე გაიმეოროს. უპირველესად, ძალიან ბევრი რუსი შემოვუშვით უკრაინაში და ახლა ვხვდებით, რამდენი მოღალატე ყოფილა ჩვენს პოლიციასა და სხვადასხვა სტრუქტურაში... ისინი რვა წლის განმავლობაში რუსეთისთვის მუშაობდნენ. არ მისცეთ უფლება რუსულ სამყაროს, საქართველოში ასე ღრმად შემოვიდნენ. ეს ძალიან საშიშია. შემდეგ ისინი მოდიან იმ მიზეზით, რომ "თავიანთი ხალხი დაიცვან". დიახ, ისინი მიიჩნევენ, რომ რუსები ყველგან უნდა დაიცვან, მაგრამ რატომ არ ფიქრობენ, რამდენი რუსი დაიღუპა ბუჩაში, ირპენში, ჩერნიგოვში?

- უკვე ბევრს გაუჩნდა იმედი, რომ ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს.

- მართალია, ბევრი მსხვერპლისა და ტანჯვის ფასად, მაგრამ ეს ბოროტება ვინმემ ხომ უნდა შეაჩეროს?! ვიცი, რომ ომის შემდეგ გაგვიჭირდება, მაგრამ ახლა მთავარია, გავიმარჯვოთ! როცა უკრაინა გაიმარჯვებს, ყველა დამნაშავეს საკადრის პასუხს გავცემთ. ყველას სახელი ვიცით, ვინც უკრაინის მოქალაქეებს აწამებდა და ხოცავდა, ვინც ძალადობდა. ისინი რუსული არმიის ჯარისკაცები არიან. როგორ არ უნდა დაისაჯოს "ჯარისკაცი", რომელიც დედის თვალწინ შვილს გააუპატიურებს, ან დედას გააუპატიურებს შვილის თვალწინ?! არ ვიცი, როგორ უნდა გააგრძელოს ცხოვრება ამ ხალხმა! მინდა მოკლული და გაუპატიურებული ქალები და ბავშვები მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში ესიზმრებოდნენ! ჩემი სურვილია, მათი სასამართლო მარიუპოლში გაიმართოს - ქალაქში, რომელიც გადაწვეს და დაანგრიეს, რომ იქ საერთაშორისო ტრიბუნალი შეიკრიბოს და თითოეული დამნაშავე ძალიან მკაცრად გასამართლდეს!

ხათუნა ჩიგოგიძე