"ასეთია სისასტიკის დრამატურგია - ფანტაზია ამოუწურავია, ზღვარი არა აქვს“ - კვირის პალიტრა

"ასეთია სისასტიკის დრამატურგია - ფანტაზია ამოუწურავია, ზღვარი არა აქვს“

"ცხოვრება ომში, სიყვარულსა და უსიყვარულობაში, ლიტერატურის როლი და ადგილი სამყაროში, სადაც ომმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა - ეს არის თემები, რომლებზეც პროზაიკოსი ეკატერინე ტოგონიძე გვესაუბრა"

- სამყარო, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ, უკიდურესად გაშიშვლებულია. თუ აქამდე კიდევ იყო რაიმე დაფარული, გაუმხელელი, მიჩქმალული ან შერბილებული, ახლა ყველაფერი ხელისგულზეა: ჩვენი საერთო მტერი, მთელი პლანეტისა და ცივილიზაციის მტერი რუსეთი, უმოწყალოდ ანადგურებს ყველაფერს, რაც მის იმპერიალისტურ, დამპყრობლურ გეგმებს გადაეღობება. სპობს სიცოცხლეს, მშვიდობას და სიცოცხლის აზრს - თავისუფლებას, პოლიგონად კი უკრაინა გვევლინება. ამიტომ უკრაინელების გმირობა აღფრთოვანების გარდა დანაშაულის განცდასაც აჩენს, რადგან მათ უკომპრომისო ბრძოლას ძალიან კარგად გამოხატავს ქართული გამონათქვამი: სხვისი ხელით ნარის გლეჯა! უკრაინის ხელითა და სისხლით იგლიჯება­ ის ნარი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უფრო ძლიერად უნდა მოგვეგლიჯა ყველას, ვინც გმობს შოვინიზმს, ნაციონალიზმს, იმპერიალიზმით ნაკვებ აგრესიას, ვინც ირჩევს სიცოცხლეს, ღირსებასა და თავისუფლებას, იქნება ის რუსეთის მოქალაქე თუ განვითარებული სამყაროს წარმომადგენელი, რიგითი ადამიანი თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები მაღალჩინოსანი.

ბოროტების ზრდასთან ერთად იზრდება­ რუსული პროპაგანდისტული მანქანის მუშაობის მასშტაბიც - ტყუილის ფაბრიკამ რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა წაართვას რეალობის აღქმის უნარი და დაარწმუნოს, რომ შავი თეთრია: ომი უკრაინის დაწყებულია, ომი ისევ უკრაინელების გადასარჩენად დაგეგმილი სპეცოპერაციაა, ერთმორწმუნე რუსეთი „ღმერთის ხელით“ მოქმედებს და ა.შ. პროპაგანდამ მხოლოდ ომის მაყურებლად ქცეულ რუს (და არა მარტო რუს) ხალხს კი არა, უკრაინაში მივლენილ ჯარისკაცებსაც უნდა დაუბინდოს საღი აზრი და გონება. რუსული ჯარი ბრძოლის ველზე უკვე ადამიანობადაკარგული უნდა გავიდეს, რადგან მხოლოდ სულის გარეშე დარჩენილ არსებებს შეუძლიათ ჩაიდინონ ის სისასტიკე, რასაც რუსი დამპყრობლები უკრაინაში აკეთებენ.

ომიდან ორი თვის შემდეგ უკვე მივიღეთ შემზარავ სიტყვათა შეთანხმება: ორსული ბავშვები... დაცხრილულ, დამწვარ და წამებით მოკლულ ასობით ბავშვთან ერთად უკვე გვყავს დასახიჩრებული, განწირული, გაუპატიურებული მოზარდები, 11, 10, 14 წლის გოგონები - ორსული ბავშვები. ეს ყველაფერი ფიზიკურ გენოციდსაც კი გასცდა, რაღაც უფრო მეტია, ბოროტების უფრო შემზარავი განსხეულება.

- "რუსეთი ებრძვის ცივილიზაციას" - გვესმის ხანდახან. ამის პარალელურად განსხვავებული მოსაზრებებიც აქვთ: "თუმცა არსებობს მეორე რუსეთიც"...

- ყველაფერი, რაც სიცოცხლეს სპობს, იმთავითვე ებრძვის ცივილიზაციას, რადგან სიცოცხლის გარეშე ვერც ცივილიზაცია იქნება, ვერც მშვიდობა და თავისუფლება, ვერც ამ ფუნდამენტურ უფლებებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული კეთილდღეობა. მე არ ვიცი, არსებობს თუ არა „მეორე რუსეთი. ცხადია, არსებობენ მოაზროვნე და რეალობით შეძრწუნებული­ ადამიანები, რომლებსაც ბედმა რუსეთის მოქალაქეობა არგუნა, მაგრამ მათი რაოდენობა, სულისკვეთება და გამბედაობა არ არის ისეთი ძლიერი, რომელსაც ალტერნატიული საზოგადოების ჩამოყალიბება და რეჟიმთან დაპირისპირება შეუძლია. მათ რაღაც პრინციპულად მნიშვნელოვანი აკლიათ, რომ რუსული მედლის მეორე მხარედ, უკუნეთი სიბნელის სინათლედ იქცნენ: არ ჰყოფნით იმის პასუხისმგებლობა, რომ გააცნობიერონ, ამ ბოროტებასთან დაპირისპირება მათი ვალიც არის. არ ჰყოფნით რწმენა, რომ ასე ცხოვრება სიკვდილზე უარესია.

- საუკუნეებია ქართველები და უკრაინელებიც რუსეთთან უთანასწორო ბრძოლაში ვართ ჩართული. სხვადასხვა მასშტაბის შედეგი გვაქვს, მიზანი კი ერთი - თავისუფლება. ქართველები­ ამ ომში სიცოცხლეს დაუნანებლად თმობენ, ქართველი საზოგადოება კი უკრაინაში მიმდინარე პროცესებით ცხოვრობს. საერთო მტერმა გაგვაერთიანა თუ ქართველს დაჩაგრულის დასაცავად გენეტიკური თავგანწირვა აქვს?

- ამ ომმა დიდი პროცესები დაძრა ჩვენში, იქნება ეს ომგამოვლილი ადამიანების რეტრავმატიზაცია თუ ომგამოუვლელი­ ახალგაზრდა თაობის შეძრწუნება-შეჯანჯღარება. ზოგჯერ ომგამოვლილ ადამიანებს სწყინთ, როცა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მეტ ემოციას იწვევს ჩვენივე მოქალაქეებში, ვიდრე საკუთარი წარსული. თუმცა რაღა წარსული?! მცოცავი ოკუპაცია ხომ დღემდე გრძელდება და ტერიტორიიდან გატაცებული, მოკლული, გაძარცული, ნაწამები ადამიანები ახლაც გვყავს.

უკრაინა საკუთარი აწმყოს გაცნობიერებაში, ალბათ, ბევრს დაეხმარა. ეს შიში, ტკივილი და სასოწარკვეთა მათაც მისწვდა, ვინც უშუალოდ ომში არაა ჩაბმული, მაგრამ რუსული ბოროტება საკუთარ ტყავზე აქვს ნაგემი; ვინც ემიჯნება ხელისუფლების საეჭვო პოზიციებს, რცხვენია, რომ საქართველო რუსეთის „არამეგობარ ქვეყანათა“ სიაში არ მოხვდა დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და სხვა ქვეყნების გვერდით; ვისთვისაც გაუგებარია, რატომ არ იკრძალებიან ძმათა სასაფლაოზე უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი, უკრაინელებთან ერთად ბრძოლაში დაცემული და საქართველოში გადმოსვენებული ქართველი გმირები.

დღევანდელობა ტოტალიტარული რეჟიმის აღმწერი კლასიკური ნიმუში და გაფრთხილებაა, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ასეთმა გეზმა, რა თქმა უნდა, ორუელის დისტოპია "1984"-ია. ბევრ ჩვენგანს პირველი სწორედ ეს ნაწარმოები და ამ რომანით დამკვიდრებული ისეთი ცნებები ახსენდება, როგორიცაა დიდი ძმა, ნიუსპიკი და ა.შ.

რაც შეეხება ისტორიულ პერიოდს, აქაც მეორდება წარსული, უამრავი პარალელია და რუსული ხელწერაც უცვლელია, თან ამ ომმა დროც დააჩქარა ან სულ წაგვართვა. ეს დრო ჩვენ უკვე გვქონდა! ეს დრო გვქონდა დაბადებიდან აფხაზეთის, აგვისტოს, უკრაინის ომამდე ან იქნებ ეს დრო გვქონდა დაბადებამდეც კი, როცა ჩვენი წინაპრები ეწირებოდნენ გასაბჭოებას, რეპრესიებს, მეორე მსოფლიო ომს. ჩვენ, ქართველები, და არა მარტო, იმთავითვე ამ ცოდნით უნდა დავბადებულიყავით. კაცობრიობა ხომ ჩვენამდე შეთანხმდა ფუნდამენტურ ღირებულებებზე?! ჩვენ რომ ფეხი და ენა ავიდგით ამ ფუნდამენტური ღირებულებების დასაცავად, უკვე შექმნილი იყო ქარტიები, უსაფრთხოების კავშირები და გაერთიანებები; დადებული იყო პირობები - დედამიწაზე თანაცხოვრების წესები სწორედ ადამიანის სიცოცხლეზე, თავისუფლებაზე, ღირსებასა და თანასწორობაზე იყო დაფუძნებული. გათავისებული იყო ელემენტარული ჭეშმარიტებები: რომ ომი გამანადგურებელია, აგრესია დამღუპველია, სახელმწიფოს სუვერენიტეტი უზენაესია, უსაფრთხოება სადარაჯოა და მშვიდობა არ არსებობს თავისუფლების გარეშე, თავისუფლება კი ადამიანის დაბადებითი უფლებაა. ჩვენ ხომ დიდი ხნის წინ ვაღიარეთ, რომ ყველა ერთად და შეთანხმებულად უნდა ვზრუნავდეთ პლანეტის გადარჩენაზე. სწორედ ამიტომ ამ ეპოქაში მცხოვრებთ ეს დრო აღარ გვაქვს, ჩვენ სინათლესა და სიბნელეს შორის არჩევანი უკვე გაკეთებული უნდა გვქონდეს. აღარ გვაქვს არც ალტერნატივა, არც რაიმე შუალედი ან დასაფიქრებელი პერიოდი. ამ დროს თითოეულ წუთს ათობით სიცოცხლე ეწირება!..

- რამდენად რთული პერიოდია მწერლისთვის?

- როგორც ჩანს, მყისიერი რეფლექსი უფრო პოეზიის საქმეა, დაიწერა კიდეც უკრაინის ომზე ძალიან ემოციური ლექსები. პროზას, ალბათ, მეტი დრო სჭირდება, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პროზაც და პოეზიაც ხშირად წინ უსწრებს მოვლენებს. მაგალითად, ქართულ თანამედროვე ლიტერატურას ზუსტად ომამდე შეემატა რამდენიმე რომანი ომის თემაზე. მათ რიცხვში მოხვდა ჩემი ბოლო წიგნიც, „"შინ - შენ". რამდენიმე დღის წინ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჩემთვის უცნობმა გოგონამ სოციალურ ქსელში ციტატა გამოაქვეყნა: "ადამიანები იწყებენ ომს და მერე უბრალოდ კი არ ხოცავენ ერთმანეთს, მოკვლის მრავალფეროვან გზებს პოულობენ, ეშხში შედიან. დღეს იმაზე სასტიკები უნდა იყვნენ, ვიდრე გუშინ. გუშინ თუ ფრჩხილები, კბილები დააძვრეს ადამიანს, დღეს ეს აღარ კმარა, მეტი დაუნდობლობაა საჭირო, დიდ ქვაბში უნდა ჩააგდონ და ცოცხლად მოხარშონ, ხვალ კი, სანამ ამ ყველაფერს დამართებენ, ჯერ საკუთარი ხელით უნდა მოაკვლევინონ მეგობარი. ადამიანი მარტო ფიზიკურად კი არა, ჯერ სულიერად უნდა გაანადგურონ. ასეთია სისასტიკის დრამატურგია, ფანტაზია ამოუწურავია, ზღვარი არა აქვს", - ამ მონოლოგს ჩემი რომანის ერთი პერსონაჟი წარმოთქვამს. მკითხველთა მსგავსი გამოხმაურებებით ვხვდები, რომ ომის თემა გაუაზრებლად, დიდ ტალღასავით შემოიჭრა ქართულ თანამედროვე მწერლობაში ომამდე ძალიან ცოტა ხნით ადრე.

ასე გულუბრყვილოდ მჯეროდა ხელოვნების ძალის, როგორც იმ ნიადაგის, რომელსაც, დოჩანაშვილის თქმით, "ძნელი ხის" ამოყვანა შეუძლია ჩვენს სულში, "ჩვენს კლდოვან სულში". დღეს თითქოს უფრო სხვა გამოწვევებია. მიუხედავად იმისა, რომ ისტორია მეორდება, თითქოს ყოველი შემდეგი დანაშაული მაინც უფრო სასტიკია, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ წარსულის გადაფასებით უნდა გვესწავლა ამ შეცდომებზე, უნდა ჩაგვებარებინა ეს გამოცდა და უნდა გვეცნო უფსკრულისკენ მიმავალი გზა, მასზე შედგომა აღარასდროს დაგვეშვა. როგორც განმეორებითი დანაშაული ისჯება უფრო მკაცრად, თითქოს ჩვენც უფრო და უფრო დიდ სასჯელად გვევლინება ისტორიის შეცდომების გამეორება.

როგორც ერთი ცალკეული მედიკამენტი ან მხოლოდ ლოცვა, ან მხოლოდ ფიზიკური ვარჯიში, მხოლოდ ჯანსაღი კვება არ ეყოფა დაავადებულ ადამიანს მძიმე და კომპლექსურ სენთან საბრძოლველად, ისევე არ არის საკმარისი დასნეულებული კაცობრიობისთვის მხოლოდ ხელოვნება. ცნობიერების გასაჯანსაღებლად ყველა კომპონენტს თავისი როლი აქვს, ხელოვნებას შესაძლოა მართლაც დიდი და ძლიერი, მაგრამ არასაკმარისი. დღეს გამბედაობა, წინააღმდეგობის უნარი, კაცობრიობის მომავალზე ფიქრი, ცვლილებების ძალის საკუთარ თავში პოვნა და კონფორმიზმის ზოგჯერ თავგანწირვის ფასად დაძლევა სხვა თვისებებზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ერთი ჩემი მეგობარი, მწერალი და რეჟისორი, რომელიც ბერლინში ცხოვრობს, დღეს წერისთვის ვერ იცლის, რადგან უკრაინელი დევნილების საკუთარ სახლში შეფარებით, მათი ბავშვების საბავშვო ბაღებში შეყვანაზე ზრუნავს. რომელი უფრო მნიშვნელოვანია ამწუთას, მისი ღრმა და საინტერესო რომანი თუ დღევანდელი ყოველდღიური საქმიანობა?! მწერლებსაც, ხელოვანებსაც და ნებისმიერი პროფესიის ადამიანებს უკვე მეტი მოგვეთხოვება.

- არადა, ხშირად ამბობენ, სოციალურ პრობლემებში ჩაფლულებმა სიყვარული დავკარგეთ და ღირებულებები გადაასხვაფერეთო...

- ამ პერიოდში ყველას ხელახლა გაგვახსენდა რუსი რეჟისორის ზვიაგინცევის ფილმი „"არსიყვარული". უსიყვარულობა საშინელი სენია, ეპიდემია, რომელიც ადამიანში ანადგურებს ადამიანს და სპობს მომავალს. ამ გაუსაძლის დროში დაბადებულებს ახლა გვიწევს ხელახლა დაბადება, რადგან „გაუსაძლისის გაძლებიდან იბადება ადამიანი, მეორედ და ნამდვილად" (მერაბ მამარდაშვილი). ეს „დაბადება“ ყველა ჩვენგანის ვალი, ჩვენი საზოგადოებისა და უკვე მთლიანად კაცობრიობის გამოსავალია. ჩვენ ხომ, გვინდა თუ არა, ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული. ჩვენი ძალა ხომ მართლა ერთობაშია.