"მე აღარ მჯერა რუსების... როგორც ვხედავ, ტვინი გამოურეცხეს" - რას ჰყვება უკრაინაში მყოფი მიშა ჭიაურელი - კვირის პალიტრა

"მე აღარ მჯერა რუსების... როგორც ვხედავ, ტვინი გამოურეცხეს" - რას ჰყვება უკრაინაში მყოფი მიშა ჭიაურელი

„ქალაქში რომ გამოვდივართ, ჩემს ნათლულს ქართული დროშა აქვს შემოხვეული და ისე დადის. შემოგვხედავენ, მოგვაძახებენ: „სლავა უკრაინე! სლავა გრუზიი!“ არაჩვეულებრივი ხალხია. საერთოდ არ ჰგვანან რუსებს. სულ სხვა გამომეტყველება აქვთ. თბილი ხალხია, ქალიან-კაციანად მებრძოლები. ვუთხარი, უძველეს ერებს შორის მეორე ხართ-მეთქი. პირველები ვინ იყვნენო. რა თქმა უნდა, ქართველები-მეთქი. დაიხოცნენ სიცილით“

როგორც კი გაიგო, უკრაინაში ომი დაიწყოო, მაშინვე მოვლენების ეპიცენტრში გამგზავრებაზე დაიწყო ფიქრი. სხვანაირად არც შეეძლო 9 აპრილის, აფხაზეთის ომისა და სხვა უმნიშვნელოვანეს თემებზე ნამუშევარ ბევრის მნახველ კინოდოკუმენტალისტს. რომ დავურეკე, დიდი მიხეილ ჭიაურელის შთამომავალმა, 80 წლით უმცროსმა მიხეილ ჭიაურელმა საუბარი წინაპრების გახსენებით დაიწყო.

- პირველად მოსკოვში რომ გავფრინდი,­ 17 წლის ვიყავი. დედაჩემის მამას, რომელიც ფსიქოლოგი, დიმიტრი უზნაძის პირველი ასპირანტი გახლდათ, ინსულტი დაემართა და მასთან ჩავფრინდი. 1958 წელი იყო. მანამდე გალაკტიონს თბილისში კი ვხედავდი ხოლმე, მაგრამ პირისპირ იქ, მოსკოვში, ბაბუას სანახავად მისული სასტუმროს ლიფტში შევხვდი... იმის შემდეგაც ხშირად დავდიოდი მოსკოვში, მერე იქვე ვსწავლობდი და მეგობრებიც შევიძინე, რომელთა უმრავლესობა ცოცხალი აღარ არის...

30 წელია, რუსეთში არ ვყოფილვარ და როგორც ვხედავ, ამ ხნის განმავლობაში იქაურებს ტვინი გამოურეცხეს. არის მცირე ნაწილი, რომელიც მის პოლიტიკას ეწინააღმდეგება, მაგრამ, ალბათ, იმიტომ, რომ პირადად ექმნებათ დისკომფორტი. მე აღარ მჯერა რუსების... 24 თებერვლამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ ომი არ დაიწყებოდა. ვფიქრობდი, არ არსებობს, აგერ არის ევროპა, ამდენი ხალხი-მეთქი, მაგრამ მართლა არ დაიწყო ამ შიზოფრენიკმა?!

არ მიყვარს პოლიტიკა, პოლიტიკანები, მაგრამ მინდა-არ მინდა, სულ მოვლენების ეპიცენტრში ვტრიალებ - ჩემი ფილმები­ აბა, რაზეა?.. მოკლედ, ავიღე შვებულება, ჩავალაგე ჩანთა და ჩემს ნათლულ ლექსო ჩხეიძესთან ერთად ჩავედი ვარშავაში. ჩავსხედით მეტროში, მაგრამ არ ვიცით, სად მივდივართ. ვიცით, რომ კიევისკენ გვაქვს გეზი. ამოვედით ავტოსადგურში... კარგა­ ხანს ვიწვალეთ. მერე, როგორც იყო, ავიღეთ­ ვარშავა-კიევის ავტობუსის ბილეთი. რადგან გზები დაბომბილი იყო, სულ შემოვლითი გზებით ვიარეთ. ჩვიდმეტ-ნახევარი საათი მოვანდომეთ კიევამდე ჩასვლას. ისე გავემგზავრე, ჩემმა დამაც არ იცოდა. ფეთება სჭირს ჩემზე, ამიტომ მოვატყუე, იერუსალიმში მივდივარ აღდგომაზე-მეთქი. ჩემმა შვილებმა იცოდნენ მხოლოდ ჩემი ამბავი. ჩემმა დამ აღდგომის წინა ღამით დამირეკა, წირვაზე მიდიხარო? რა თქმა უნდა-მეთქი. სანთელს­ ჩამომიტანო? აუცილებლად-მეთქი. მერე გაიგო­ და დამირეკა. სულ მუშტებს მიქნევდა...

jariskacebiii-1652011722.jpg

ორი კვირით ჩამოვედი, მაგრამ გავიგე, რომ პუტინი 9 მაისისთვის რაღაც პროვოკაციებს გეგმავს, ამიტომ წამოსვლა გადავდე. ჩემი ნათლული ვოლონტიორებს შეუერთდა. მე პირდაპირ მივაჭერი კინოსარეჟისორო უნივერსიტეტს და რექტორს შევთავაზე, მინდა სამკუთხედი გავაკეთო - უნივერსიტეტი, ტელეარხები და მე, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელი-მეთქი. უნივერსიტეტში შევქმნი ახალგაზრდულ გაერთიანება "დებიუტს", (25 წელი ვხელმძღვანელობდი­ საქართველოში, სანამ დოკუმენტური ფილმების სტუდია არ დახურეს). წელიწადში ერთხელ ბოლო კურსელები გააკეთებენ საკურსოს, სადიპლომოს და დებიუტს. ეს, მინიმუმ, 30 დოკუმენტური ფილმი გამოდის. არხისთვისაც სასარგებლო საქმეა, ბავშვებისთვისაც დიდი პრაქტიკა და მოტივაციაა - მუშაობენ, გამოცდილებას იღებენ, თან რასაც გადაიღებენ, ისტორიას შემორჩება... თან ვუხსნიდი, ეს ჰუმანიტარული­ პროექტია, მე არაფერი მინდა, არც - თქვენ, არც - ბავშვებს-მეთქი. ყველაფერი გაფორმდა და როგორც კი ომი დამთავრდება, დაიწყებენ­ თანამშრომლობას. ბუჩაში მივდივარ, ქალაქის მერს ვხვდებით. მერე კი გადავიღებ რაღაცებს...

- ქალაქში როგორი ვითარებაა?

- რომ ჩამოვედით, ქალაქი თითქმის­ ცარიელი იყო. გარინდული, რამდენიმე დღეში ამუშავდა მეტრო, ტაქსი, კაფეები... გარეთ რომ გამოვდივართ, ჩემს ნათლულს ქართული დროშა აქვს შემოხვეული და ისე დადის. შემოგვხედავენ, მოგვაძახებენ: "სლავა უკრაინე! სლავა გრუზიი!" არაჩვეულებრივი ხალხია. საერთოდ არ ჰგვანან რუსებს.­ სულ სხვა გამომეტყველება­ აქვთ. თბილი ხალხია, ქალიან-კაციანად მებრძოლები. ვუთხარი, უძველეს ერებს შორის მეორე ხართ-მეთქი. პირველები ვინ იყვნენო.­ რა თქმა უნდა, ქართველები-მეთქი. დაიხოცნენ სიცილით.

ბევრი ქართველი შემხვდა. ემბლემები რომ დავუნახე, ქართველები ხართ-მეთქი, ვკითხე. ქართველები ვართ, საბრძოლველად მივდივართო. აქ საქართველო ყველას უყვარს. სოფიკოს რომ გაიგონებენ, სუნთქვა ეკვრით. ტაქსით მივდიოდით. მძღოლმა ჩემი გვარი გაიგო, კივილი დაიწყო, აბაჟაიუ სოფიკოო. უდიდესი სიყვარული აქვთ ქართველების მიმართ...

- ომის ფინალს როდის და როგორ ხედავთ?

- მე ანალიტიკოსი არ ვარ, მაგრამ მეც კი ვგრძნობ, რომ გამარჯვება კი არა, რუსეთმა იმაზე უნდა იზრუნოს, არ დაიშალოს, თორემ მისი საქმე წასულია.