"ჩვენ ყველგან ვართ და მათ აუცილებლად იპოვის სიკვდილი“ - კვირის პალიტრა

"ჩვენ ყველგან ვართ და მათ აუცილებლად იპოვის სიკვდილი“

მარიუპოლს რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მისი საშუალებით სამხრეთსა და აღმოსავლეთში ანექსირებულ და კონტროლირებად ტერიტორიებზე ხმელეთით დაკავშირებაა შესაძლებელი. გარდა ამისა, მას აგრესორი ქვეყნისთვის მორალური დატვირთვაც აქვს, რადგან პუტინის გუნდსა და სამხედრო გენერალიტეტს აცოფებს "აზოვსტალში" გამაგრებული ბატალიონისა და 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის გაუტეხელი წინააღმდეგობა. "აზოველი" პიტერ ბაუდის თქმით, ახლა მთავარია, მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო ადგილას გაყვანა, რათა მათ თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობა მიეცეთ.

- ეს იცის მტერმა და ამიტომაც აჭიანურებს მათი ალყიდან გამოყვანას. ამით დროს წელავს, "აზოვსტალში" მეომრების შემცირებასა და აბსოლუტურ ბლოკადაში მოქცევას ელოდება. ეტყობა, იმედი აქვს, რომ დანებდებიან, რაც გამორიცხულია - ბრძოლა ბოლო ტყვიამდე იქნება. ეს იციან, თან ძალიან აღიზიანებთ "აზოველების" გმირობა.

ბოლო ექვსი წელი აქტიურად ვემზადებოდით ამ ომისთვის. გვამზადებდა და გვწვრთნიდა ის ხალხი, რომელიც რუსულ სტრატეგიას, მათ ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების დონეს, საფუძვლებს,­ ტაქტიკას კარგად იცნობდა. ერთადერთი, რაც მოულოდნელი იყო, მშვიდობიანი­ მოსახლეობის შეუბრალებლად ხოცვაა. მარიუპოლი და ზოგადად, აღმოსავლეთი უკრაინა რუსულენოვანია, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა ერთმორწმუნე რუსეთისთვის ბარიერი - 9-სართულიანი კორპუსის დაბომბვას სახურავიდან იწყებდნენ, შემდეგ კი, "მოწყალებას იჩენდნენ" და ქუჩაში დარჩენილ ადამიანებს პურს ურიგებდნენ.

ჩვენ ერთად ვართ, განურჩევლად პროფესიისა და პოლიტიკური შეხედულებებისა; იზიუმთან მტერთან ბრძოლისას დაიღუპა თქვენი კოლეგა საშა მახოვი, რომელიც მუშაობის პარალელურად, იბრძოდა. ვხედავ, ჩემი უბნის ინკასატორი და საცხობის მეპატრონე უფრო თავგანწირვით იბრძვიან, ვიდრე "უძლეველი რუსული არმიის" ჯარისკაცები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობასთან არიან მაგრები, ოღონდ ბატალიონთან ერთად, თორემ მინახავს 5-6 ავტომატიანი ჯარისკაცი, უიარაღო მოქალაქეების რომ შეშინებიათ. უკრაინის შეიარაღებული ძალების კვალდაკვალ იბრძვიან სხვადასხვა­ ქვეყნიდან ჩამოსული უკრაინელი მოხალისეები, რომლებიც ემიგრაციაში ცხოვრობდნენ, როდესაც სამშობლოს დასჭირდა, ყველაფერი მიატოვეს და წამოვიდნენ.

ჩვენ უკან დახევის უფლება არა გვაქვს. უკან დახევა სიკვდილს ნიშნავს. ჩვენ თავისუფალი უკრაინისთვის ვიბრძვით... ეს კარგად იციან ქართველმა ბიჭებმა, რომლებიც ჩვენს მხარდამხარ ლომებივით იბრძვიან.

აზოვამდე ერთი ჩვეულებრივი ოჯახის შვილი ვიყავი. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გავიგე, რომ ჩემი ნათესავები საქართველოში აპირებდნენ წასვლას. მე არც მიფიქრია ომში ჩართვა, მაგრამ შემდეგ ვნახე ქართული ქალაქების დაბომბვის ჩანაწერი და გავბრაზდი. მაშინ მითხრეს მეგობრებმა, თუ მსოფლიო რუსეთს არ შეაჩერებს, ეს ჩვენც გველოდებაო, მაგრამ ვერ დავიჯერე. რუსეთი ხომ პატარა ქვეყნებთან არის მაგარი, მიწასთან დაადუღა ჩეჩნეთი, მაგრამ საქართველოს მსოფლიო დაუდგა და დაბომბვა შეჩერდა, ახლა სხვა რეალობაა, ჩეჩნეთს ვერსად გაიმეორებს-მეთქი... პუტინი იქ შეჩერდება­, სადაც გააჩერებენო, მიპასუხეს. მაინც არ დავუჯერე. ვფიქრობდი, როგორ, ჩვენ 45 მილიონზე მეტი ვართ, ასე თვითმფრინავებით შემოჭრას და დაბომბვას ვერ გაბედავს-მეთქი. 2014 წელს კი რუსეთმა ტერიტორიები წაგვართვა. მაშინ მეც დავიჯერე, რომ ომი გარდაუვალი იყო.

მამაჩემი მთელი ცხოვრება მორგში მუშაობდა. მე კი ამ ორ თვეში მასზე სამჯერ მეტი სიკვდილი ვნახე, ვიდრე მამამ 25 წლის განმავლობაში... მას ავღანეთის ომიც ნანახი აქვს, 90-იანები წლების ამბებმაც მის კისერზე გადაიარა. სულ მეუბნებოდა, ერთადერთი, რასაც ვერ უშველი, დაკარგული სიცოცხლეაო.

აქამდე მეგონა, ყველაფრის ატანა შემეძლო, მაგრამ როდესაც ბუჩასა და იზიუმში ბავშვების, მათ შორის გაუპატიურებული მოზარდების ცხედრები ვნახე, მიხვდი, ამას ვერასდროს ვაპატიებ მტერს. ჩვენს ბავშვებზე მოძალადეებს ცოცხლებს არ გავუშვებთ, მათ შვილების მოფერება ვეღარ უნდა შეძლონ. როდესაც ჩემმა მეგობრებმა სარდაფიდან პარკში გადახვეული ბავშვების ცხედრები გამოიტანეს, მოხუცი ცოლ-ქმარი მოვიდა და მადლობა გადაგვიხადა, რომ "ბავშვები ვიპოვეთ", რომ შვილიშვილების დამარხვის შესაძლებლობა მიეცათ...­ ეს ხომ არასდროს დაგვავიწყდება? ბუჩის­ მორგში ასობით ხელფეხდაკარგული, დაჭრილი, ადამიანი იდგა და დნმ-ის ანალიზს აბარებდა, რომ შვილები, ოჯახის წევრები ამოეცნოთ. უკრაინელებთან ერთად, ფრანგი სპეციალისტებიც მუშაობდნენ, ერთი ცხარე ცრემლით ტიროდა, ამდენი ბავშვის ცხედარი არასდროს მინახავსო. ისინი ჩვენი შვილები იყვნენ, რომლებიც რუსებმა დაგვიხოცეს. ჩვენი დემორალიზება ასე გადაწყვიტეს - ოჯახის წევრებს გვიხოცავენ, რომ ჩვენი "შეჩერება" შეძლონ, შეჩერება კი რუსული ლოგიკით წინააღმდეგობის შეწყვეტაა.

უკრაინის ქალაქებში დახოცილთა უმეტესობას ზურგსა და თავში აქვს ნასროლი, იმიტომ, რომ რუსებს ყველგან "აზოველები" ელანდებათ, ჰგონიათ, ყველგან ჩვენ ვართ. იზიუმში 12 წლის ბავშვი დაიჭერეს,­ გვაჩვენე "აზოველები" თავს სად აფარებენო. მოზარდს ჩვენ შესახებ მხოლოდ გაგონილი ჰქონდა. აწამეს და ისე მოკლეს.

ოკუპირებულ ქალაქებშიც კი ჩვენს კვალს ხედავენ და ერთმანეთსაც არ ინდობენ. დიახ, ჩვენ ყველგან ვართ და სადაც უნდა იყვნენ, მათ სიკვდილი აუცილებლად იპოვის.