"მარიუპოლელი მადონა“ - კვირის პალიტრა

"მარიუპოლელი მადონა“

"ქალი მართლაც მადონას ჰგავს, მაგრამ ბავშვი ქრისტე არ არის, უკრაინელი პატარაა... ნამუშევარს ძალიან საინტერესო იდეა აქვს: ღვთისმშობელი თავის ყრმასთან ერთად უკრაინის დროშის ფონზეა გამოსახული, ირგვლივ კი ყველაფერი ისეა გასხივოსნებული, მტრის ჩამოყრილი ბომბები იქაურობას ვერ ეკარება..."

წლების წინ გამოცემა Huffpost Arts-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც თბილისელი მხატვარი საიმონ რომან კრიხელი მსოფლიოს სამ უდიდეს ფიგურატიულ ხელოვანს შორის დასახელდა. 2011 წელს ქართული პრესა წერდა საიმონ რომან კრიხელის მილიონებად შეფასებულ ნამუშევარზე­ "სამყაროს ყველაზე მშვენიერი ქალი", იგივე­ "თანამედროვე მონა ლიზა", რომლის შეძენის­ მსურველთა შორის, მსოფლიოს ცნობილ ადამიანებთან ერთად, ბიძინა ივანიშვილიც დაასახელეს. როგორც თავად მხატვარმა განაცხადა, ამ სურათზე უკრაინელი მოდელის სილამაზეა წარმოჩენილი. 2011 წელს საიმონ რომან კრიხელი სამხატვრო აკადემიის მოწვევით საქართველოში ჩამოვიდა და საქართველოს გამორჩეული ნახატი დაუტოვა საჩუქრად. საერთაშორისო მასშტაბით მას იცნობენ, როგორც საქართველოში დაბადებულსა და გაზრდილს. მხატვრის საყვარელი თემაა ხევსურეთის კოშკები, ხედები. ბევრი ნახატი აქვს ამ მოტივებზე შექმნილი და კიდევ არაერთის დახატვას აპირებს.

ამჯერად საიმონ რომან კრიხელმა რუსეთ-უკრაინის ომს მიუძღვნა ნამუშევარი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "სადაც ქალი და ბავშვია, იქ სიცოცხლე გრძელდება"; "მარიუპოლელი მადონა, შემაძრწუნებელი რეალობა, შესრულება - ბრწყინვალე!" - წერდნენ სოცქსელში.

საიმონ რომან კრიხელს ამ თემაზე სასაუბროდ ნიუ-იორკში დავუკავშირდით.

- წარმოუდგენელი მასშტაბის რამ ხდება, ამდენი ხალხი იღუპება... ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ომი. მსოფლიო განვითარდა, ასეთი მიღწევებია და ახლა თითქოს შუა საუკუნეებში დავბრუნდით...

- ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა­ თქვენს ნამუშევარს, რომელსაც "მარიუპოლელი მადონა" უწოდეს...

- ჩანაფიქრიც ეგ იყო... დღემდე­ რენესანსის ტრადიციებით მოვდივარ. ვთვლი, რომ რენესანსი კაცობრიობის და ხელოვნების ისტორიის მწვერვალია... ჩემს ნამუშევარში მიქელანჯელოს, ჯოტოს, მაზაჩოს ტრადიციების სინთეზია... არ ვიცი, ამ ომზე რა ვთქვა, ყველა სიტყვა ბანალური მგონია... ყველას ისე გვტკივა, თითქოს ჩვენს ქვეყანაში ხდებოდეს ეს უბედურება. ნამუშევარში ავსახე ჩემი ემოცია­ და თუ ამ ნახატით რამე გადმოვეცი, ძალიან მიხარია. კიდევ რამდენიმე ნამუშევრის შექმნა მაქვს ჩაფიქრებული, ოღონდ არა - ომის ილუსტრაციების. მინდა ჩემებურად გადმოვცე ყველაფერი, ისე, როგორც აღვიქვამ... არ მინდა, ნამუშევრები ომის დოკუმენტური სურათებივით გამოვიდეს.

- რუსეთში თუ ყოფილხართ და რას იტყვით ამ ქვეყანაზე?

- რუსეთში მხოლოდ ერთხელ ვიყავი, ძალიან დიდი ხნის წინ, ბავშვობაში...­ ისეთი რეჟიმი, როგორიც დღეს იქ არის, თანამედროვე სამყაროში აღარ უნდა არსებობდეს! წლების განმავლობაში თავიანთ ხალხს იმდენი ტყუილით ასაზრდოებენ, არც არის გასაკვირი, რომ იქ ბევრი მთავრობას უჭერს მხარს და ვისაც ესმის, რაც ხდება, მათ ხმას ახშობენ...

- ამბობენ, მხატვრებს თავიანთი ნამუშევრებით წინასწარმეტყველება შეუძლიათო...

- ძალიან ბევრი რამ მოხდება, მაგრამ საბოლოოდ ბოროტება დამარცხდება - ამის მჯერა და ეს ჩემი ნამუშევრითაც გადმოვეცი, მაგრამ თუ პირიქით მოხდება, ძალიან დიდი იმედგაცრუება და ისტორიული უსამართლობა იქნება! სინათლემ აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს!

სოლომონ ნადიმაშვილი, ხელოვნებათმცოდნე: - ომის თემას ყოველთვის ეხმიანებოდნენ მსოფლიოს გამორჩეული მხატვრები. ამ მხრივ გამორჩეულია პაბლო პიკასოს "მშვიდობის მტრედი",­ ირაკლი თოიძის პლაკატი "დედა-სამშობლო გვეძახის"... საიმონ რომან კრიხელის ნახატს "მარიუპოლელი მადონა" უწოდეს... ძალიან საინტერესოა, რომ ქალი მართლაც მადონას ჰგავს, მაგრამ ბავშვი ქრისტე არ არის, უკრაინელი პატარაა... ნამუშევარს ძალიან საინტერესო იდეა აქვს: ღვთისმშობელი თავის ყრმასთან ერთად უკრაინის დროშის ფონზეა გამოსახული, ირგვლივ კი ყველაფერი ისეა გასხივოსნებული, მტრის ჩამოყრილი ბომბები იქაურობას ვერ ეკარება. ვფიქრობ, ინსპირაციაა მიქელანჯელოს კომპოზიცია "მადონა ყრმა იესოსთან ერთად"... ნახატი სიმბოლურ-ალეგორიულია და ასახავს უკრაინელი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისა და სიკეთის გამარჯვებისათვის. სურათი თანამედროვე სტილის, მხატვრისთვის სახასიათო მანერით არის შესრულებული. იგრძნობა ინდივიდუალურობა, ფიგურათა მინიმალისტური გადმოცემა. ძალიან ლაკონიურად არის თემა წარმოჩენილი. უკრაინელი მადონა გვევლინება უკრაინელი ხალხის მფარველად, უკრაინელი ხალხის შეუპოვრობისა და სიცოცხლის მარადიულობის სიმბოლოდ.