"ორსულობა რისკთან იყო დაკავშირებული, მაგრამ დედობაზე უარი ვერ ვთქვი!" - ბედისწერასთან მებრძოლები - კვირის პალიტრა

"ორსულობა რისკთან იყო დაკავშირებული, მაგრამ დედობაზე უარი ვერ ვთქვი!" - ბედისწერასთან მებრძოლები

დიანა ჯიშიაშვილი 18 წლის საავადმყოფოში გახდა... იმ ზაფხულს ბებიასთან ჩავიდა სტუმრად, მდინარე აბაშაში­ მისი ბოლო ნახტომი კი საბედისწერო აღმოჩნდა­. ექიმებს იმედი არ ჰქონდათ, რომ გადარჩებოდა. მშობლებისთვის ისიც კი უთქვამთ, ხომ ხედავთ, კვდება და ჯობს, სახლში წაიყვანოთო. დიანა უკვე 17 წელია, რაც ეტლით დადის, თუმცა ღირსეულად შეძლო პრობლემებთან გამკლავება და არაერთ წარმატებასაც მიაღწია: მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორია ფარიკაობაში, 2021 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები აიღო ფარიკაობის ორ სახეობაში - დაშნასა და რაპირაში. ამჟამად საქართველოს პარლამენტის აპარატის საქმის წარმოების დეპარტამენტში მუშაობს და შშმ პირებისთვის შიდა ქართლში პროექტებს ახორციელებს.

ერთი წლის შემდეგ ისტორია განმეორდა:­ ირაკლი ჭანტურიაც 18 წლის იყო, ისიც იმავე მდინარეში სწორედ იმ ადგილიდან გადახტა, საიდანაც დიანა. ორივე შემთხვევა, ერთი წლის შუალედით, აგვისტოში მოხდა. ირაკლიმაც შეძლო გამოწვევებთან გამკლავება, ის აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში - 2017 წლიდან აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იყო, ახლა შშმ პირთა ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით მერიის სპეციალური მრჩეველი და აბაშის შშმ პირთა ორგანიზაცია „"სიკეთის მაძიებლის" თავმჯდომარეა.

13052022-1000-1652421829.21_REC.png

"ორსულობა რისკთან იყო დაკავშირებული, მაგრამ დედობაზე უარი ვერ ვთქვი!"

დიანა: - ძალიან მიყვარდა ცურვა და მდინარეზე ხშირად მივდიოდი. იმ დღეს უკვე წამოსვლას ვაპირებდით, რომ ყვირილი გავიგონეთ - ჩემი ტოლი გოგო იხრჩობოდა წყალში. ამოვიყვანე და ვიფიქრე, წასვლამდე მოდი, კიდევ ერთხელ ჩავხტები-მეთქი. ფეხი დამისრიალდა, ცუდად გადავეშვი და თავი ქვებზე დავარტყი. კისრის მალების დაზიანება, სრული პარალიზება - ასეთი იყო ჩემი დიაგნოზი.

ეს ამბავი 2005 წლის 18 აგვისტოს მოხდა. მაშინ ყურადღება არ მივაქციე ჩემს უცნაურ წარმოსახვასა თუ განწყობას, მერე კი გამახსენდა, რომ იმ დღეს მდინარე რატომღაც შავ-თეთრი ფერის დავინახე და შემეშინდა, მაგრამ რაკი კარგად ვცურავდი, ამისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია, თან იმ ადგილიდან არაერთხელ გადავმხტარვარ. ამ ამბის შემდეგ ერთხელ კიდევ მქონდა მსგავსი წარმოსახვა - გორში სპექტაკლში ვმონაწილეობდი და შენობა, სადაც ვიყავით, ისევ შავ-თეთრ ფერებში დავინახე. ძალიან შემეშინდა და გავიფიქრე, ახლა რა შეიძლებოდა მომხდარიყო. მაშინ გოგა ჯერ არ იყო ჩემი მეუღლე. დავურეკე, რომ წამოსაყვანად მოსულიყო და გარეთ რომ გამოვდიოდით, უცებ ისეთი ქარიშხალი ამოვარდა, სახურავი ჩამოინგრა.

diana2-1652013627.jpg

ჩემი გადარჩენა ექიმებს წარმოუდგენლად მიაჩნდათ. რეანიმაციაში ორ თვეზე­ მეტხანს ვიწექი. ოპერაციის შემდეგ 6-7 თვე კიდურებს ვერ ვამოძრავებდი, თავსაც ვერ ვატრიალებდი, ვერც ვლაპარაკობდი. მხოლოდ წელიწად-ნახევრის შემდეგ შევ­ძელი ეტლში ჩაჯდომა და მაშინაც დიდი გაჭირვებით: ტანს ვერ ვიმორჩილებდი,­ მაშინვე გონებას ვკარგავდი. გამიჩნდა ნაწოლები, რამაც მენჯის ძვლის დაზიანება გამოიწვია. ორი წელი საავადმყოფოებში გავატარე.

- ამის მიუხედავად, პრობლემებს არ შეუშინდით და ორი წლის წინ დედა გახდით.

- იმხელა ბედნიერებაა შვილის ყოლა, მართლაც ყველაფერი გადაწონა. მართალია, ორსულობა რისკთან იყო დაკავშირებული - ჩემამდე იმ ტრავმითა და დაზიანებებით ბავშვი არავის გაუჩენია, მაგრამ დედობაზე უარი ვერ ვთქვი! მაბედნიერებს ჩემი შვილი, უფრო აქტიურად ვცხოვრობ, რადგან ბავშვს მეტი ენერგია სჭირდება. ყოველდღიურად უამრავი საქმის კეთება გიწევს. ჩემი პრობლემები და ჯანმრთელობაც მეორეხარისხოვანი გახდა, მთავარი დღეს ანდრიაა. რთული ყოფილა ბავშვის აღზრდა. დამჯერი ბიჭია, მაგრამ ცელქია, სულ უნდა იმოძრაოს, ითამაშოს, ილაპარაკოს, ერთი წამით არ მოგასვენებს.­ არაადაპტირებულ გარემოში გასვლა ხომ ისედაც გიჭირს და ბავშვთან ერთად უფრო ძნელდება. ანდრიამ უკვე იცის, რომ უნდა დამელოდოს. როდესაც ტაქსიში ვსხდებით, ყოველთვის ეხმარება მამას ეტლის დაკეცვასა და მანქანაში ჩადებაში. არ მინდა, დავტვირთო, მაგრამ სწყინს, დახმარებას რომ ვუშლი.

რამდენიმე თვის წინ "კოვიდი" გადავიტანე. ისე სუსტად ვიყავი, ეტლით სიარული მიჭირდა. ანდრია ეტლის უკან დადგებოდა ხოლმე და აწვებოდა, აბაზანამდე მიმიყვანდა, შუქს აანთებდა, საპონს მომაწვდიდა, გამოსვლაშიც მეხმარებოდა. კარგად რომ გავხდი და დახმარება აღარ მჭირდებოდა, მაინც უნდოდა, თვითონ მივეყვანე. თავიდან როგორიც დამინახა, ისეთი მიმიღო, თვლის, რომ ასე უნდა იყოს. ერთხელ პარკში მითხრა, დედიკო, მოდი, რა, ვირბინოთო და რომ შემომხედა, დააყოლა, არა უშავს, შენ ეტლით ირბინეო. ოპერაცია რომ გაიკეთო, მერე ფეხები არ აგიმუშავდებაო? - დაინტერესდა ერთხელ. პატარაა, მაგრამ თანადგომის დიდი უნარი აქვს.

ადრე ვერც ვიფიქრებდი, თუ ოჯახს შევქმნიდი. საზოგადოებაში დამკვიდრებული სტიგმა მაიძულებდა, ასე მეფიქრა. მიხარია, რომ ცნობიერება შეიცვალა, თუმცა, როგორც ჩანს, არიან ადამიანები, რომლებისთვისაც არაფერი შეცვლილა და ჩვენ მათთვის მხოლოდ "უსარგებლო მცენარეები" ვართ. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ვინც ახლა გადის ამ ეტაპს, მისთვის როგორი მტკივნეული იქნებოდა ნანუკა ჟორჟოლიანის სიტყვები? ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ თუ სააკაშვილს დასჭირდება ეტლი, ის იქნება მცენარე და მისი ცხოვრება აზრს დაკარგავს. საჯაროდ ასეთი რამის თქმა მიუღებელია.

მშობლებისგან თანადგომა არ მაკლდა, მაგრამ ჩემმა მეუღლემ თავდაჯერებულობა­ შემმატა. მშობელი რომ გიღებს, გასაგებია, მაგრამ სხვა რომ გაგიცნობს და მიგიღებს შენი ტკივილით, პარალიზებული ხელ-ფეხით, ეს გაძლიერებს და გიადვილდება პრობლემების დაძლევა კარიერაშიც და ოჯახშიც. ბევრს გაუკვირდა გოგას გადაწყვეტილება. როდესაც მიზეზი ჰკითხეს, გოგამ უპასუხა, რომ განსაკუთრებული არაფერი იყო. ხომ შეიძლებოდა, ცოლად მომეყვანა და მერე შემთხვეოდა ასეთი რამო?

საერთოდ, დიდი მნიშვნელობა აქვს სხვების დამოკიდებულებას - რას გეტყვიან, როგორ დაგაიმედებენ. როდესაც ირაკლის ოჯახის წევრებმა გაიგეს ჩემი შემთხვევის შესახებ, დამიკავშირდნენ - აინტერესებდათ, რა გზა გავიარე, პროგრესი თუ მქონდა, რას მეუბნებოდნენ ექიმები... ასე გავიცანით ერთმანეთი და მას შემდეგ ხშირად ვურეკავდი, ვამხნევებდი, ვაიმედებდი, ვეუბნებოდი, ლაპარაკსაც დაიწყებ, გაივლი კიდეც, ნუ გეშინია-მეთქი. ის ურთულესი პერიოდი, ფაქტობრივად, ერთად გავიარეთ. როდესაც მე მქონდა დეპრესია, ის მამხნევებდა, როდესაც მას ჰქონდა - მე.

"გავიმარჯვე, სიკვდილზე ძლიერი აღმოვჩნდი!"

ირაკლი: - დავიბადე და გავიზარდე აბაშაში, სოფელ მაცხოვრისკარში. ცელქი და მოუსვენარი ვიყავი ბავშვობაში,­ არ ვერიდებოდი ხიფათს, არ მეშინოდა წყლის, სიმაღლის, ცხენით ჯირითი მიყვარდა. 12 წლისა უკვე კარგად ვცურავდი, რამდენიმე­ ადამიანიც კი მყავს გადარჩენილი, მაგრამ მაინც ასე მოხდა... სისწრაფისგან ფეხი დამისხლტა და მდინარეში ცუდად გადავეშვი, რამაც ხერხემლის მოტეხილობა გამოიწვია. შემდეგ სეფსისი განვითარდა. თბილისში წაყვანა გახდა საჭირო და რაკი მაშინ სასწრაფო დახმარების მანქანები ჭირდა, ერთ გოგონასთან ერთად წამომიყვანეს, ერთი მანქანით. გზაში ექიმებისთვის მითქვამს, ჟანგბადი მაგას ასუნთქეთ, გოგოა-მეთქი, მერე გავთიშულვარ. ორი თვის შემდეგ გონზე რომ მოვედი, სასწრაფოს ექიმებმა მითხრეს, ჯენტლმენობა­ იმ მდგომარეობაშიც კი არ დაგიკარგავსო. სულ მაინტერესებს, იმ გოგოს რა ბედი ეწია, ვერსად მივაკვლიე, არც სახელი ვიცი და არც გვარი.

მეექვსე მალის მოტეხილობა მქონდა, მეხუთეც დამიზიანდა, კიდურების სამუდამოდ მოშლა მეწერა დიაგნოზში, მაგრამ ამის მიუხედავად, არ დავნებდი და გავიმარჯვე, სიკვდილზე ძლიერი აღმოვჩნდი!

63 დღე აპარატით ვსუნთქავდი, ორი თვე რეანიმაციაში ვიწექი, რეაბილიტაციის კურსები გავიარე. 4-5 წელი მომინდა, რომ მომხდარი გამეანალიზებინა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩავრთულიყავი. გადავწყვიტე, შშმ პირთა ორგანიზაცია "სიკეთის მაძიებელი" დამეარსებინა. სხვათა შორის, არავისგან მიგრძნია დამამცირებელი დამოკიდებულება, გარდა იმ ერთი-ორი შემთხვევისა, უცნობებმა ხურდა­ რომ ჩამიყარეს. პირიქით, აბაშელებისგან ყოველთვის დიდ სიყვარულსა და თანადგომას ვგრძნობ. ჩემი სახლიდან ოფისი 3 კმ-შია და მიუხედავად იმისა, რომ შემიძლია საკუთარი მანქანით ვიარო, მირჩევნია, ეტლით მივიდე, რადგან მსიამოვნებს ხალხთან ურთიერთობა. დღეს ჩვენ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა, თუ არ ჩავთვლით თითო-ოროლა გამონაკლისს, რასაც შშმ პირების დიდი გულისწყრომა მოჰყვება ხოლმე. დასანანია, რომ ვიღაცის წამოსროლილი დაუფიქრებელი ფრაზები ამდენი წლის შრომას, ფაქტობრივად, წყალში გვიყრის.…

გადარჩენის შანსი 1% მქონდა. მე და დიანას ერთნაირი დიაგნოზი გვაქვს, ერთი და იგივე გზა გავიარეთ და სწორედ დიანაა­ პირველი შშმ პირი, რომელიც საავადმყოფოში ყოფნისას გავიცანი. ოთხი თვის განმავლობაში ვერ ვლაპარაკობდი, ხელებში ძალაც არ მქონდა და ტელეფონს დედა მომადებდა ხოლმე ყურზე, დიანას ნათქვამი­ რომ გამეგონა. მამხნევებდა, გამაგრდი, მალე უკეთესად იქნები, უნდა იბრძოლოო. მშობლები და ოჯახის წევრებიც ძალიან მეხმარებოდნენ, მაგრამ დიანა იყო ყველაზე დიდი სტიმული და მაგალითი იმისა, როგორ გამევლო ეს გზა. 17 წელია, ერთად­ მოვდივართ და ერთმანეთს ვაძლიერებთ. არ არის ეს გზა იოლი, მაგრამ ვცდილობ, ბედნიერი სახე დავანახო ყველას. ზოგჯერ თვითონაც მიკვირს, ამდენი რომ შევძელი. ემოციების კონტროლი ვისწავლე, თუმცა, რამდენი წელი გავიდა და, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სახლთან ახლოს არის ეს ადგილი, იქ არ ვყოფილვარ. ამბობენ, ჩამოიშალაო.…მომხდარის მიუხედავად, უფლის მიმართ საყვედური არასდროს მითქვამს. მე მყავს მშობლები, და, დისშვილები, მეგო­ბრები, ზოგს კი არავინ ჰყავს. თანაც, რომ არა ეს ტრავმა, უამრავ კარგ ადამიანს ვერ გავიცნობდი. ერთმა უშიშარმა ნახტომმა ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა, მაგრამ მხოლოდ უარყოფითი კუთხით არა. როდესაც უფალი ერთ რამეს გართმევს, სამაგიეროდ, ბევრ რამეს გაძლევს­, ოღონდ უნდა დაინახო. ბევრი ცრემლი და სიყვარული მინდა გავიყოლო ამ ქვეყნიდან. არასწორად­ არასდროს მიცხოვრია, ახლა კი ყველაფერს ვაკეთებ, რათა უფალს დავუმტკიცო, რომ ჩემს გადარჩენას ნამდვილად ჰქონდა აზრი. უგონოდ რომ ვიყავი, ახლობლებს მოძღვარი­ მოუყვანიათ საზიარებლად და პირველად მაშინ გამიხელია თვალები. დიდება­ უფალს, რომ სასწაულები ხდება. მთავარია, რწმენა გქონდეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ნინო ჯავახიშვილი