"ამ სიტყვების მერე ბერიამ ხრუშჩოვს ხიდის მშენებლობაზე პასუხისმგებელი პირის მასთან მიყვანა უბრძანა" - მედეა ჯაფარიძის საზოგადოებისთვის უცნობი როლი - კვირის პალიტრა

"ამ სიტყვების მერე ბერიამ ხრუშჩოვს ხიდის მშენებლობაზე პასუხისმგებელი პირის მასთან მიყვანა უბრძანა" - მედეა ჯაფარიძის საზოგადოებისთვის უცნობი როლი

"...სულ რაღაც ხუთ დღეში ირაკლი ციციშვილმა და მისმა ჯარისკაცებმა დნეპრზე 550 მეტრი სიგრძის ხიდი ააგეს,­ რომელიც ტივტივებდა, 20 სანტიმეტრით წყალქვეშ იყო მოქცეული და 30 ტონას უძლებდა. მასზე რომ ტექნიკა და ჯარისკაცები გადადიოდნენ, ისე ჩანდა, თითქოს წყალზე მოძრაობდნენ. ამ ტექნიკურმა­ მიგნებამ მთელი უკრაინის გათავისუფლება მოიტანა, ხოლო ირაკლი ციციშვილს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა... "ირაკლი ციციშვილის გმირობას მიეძღვნა ფილმი "ხიდი", რომელშიც მთავარ როლებს გიორგი შავგულიძე და მედეა ჯაფარიძე ასრულებდნენ "ხიდი" ეკრანზე 1942 წლის 15 აგვისტოს გამოვიდა, მაგრამ დავიწყებას ისე მალე მიეცა, ქართული კინოს მშვენების, მედეა ჯაფარიძის ამ როლის შესახებ მისმა შთამომავლებმაც კი არაფერი იციან. ისტორიკოსი სერგი ცენტერაძე წლებია, ქართულ კინოსა და ქართველ მსახიობთა ცხოვრებას იკვლევს. "ხიდის" შესახებაც სწორედ იგი გვიამბობს.

- მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ხიდი" ასახავს მეორე მსოფლიო ომის საომარ ეპიზოდს. იარაღით დატვირთული ეშელონები­ ვერ გადადიან მდინარეზე, რომელზეც ფაშისტებმა ხიდი ააფეთქეს. კაპიტან ილო გიგაურს (გიორგი შავგულიძე) და მის ბატა­ლიონს ხიდის სწრაფად აღდგენა ევალებათ. ბატალიონის სიმტკიცისა და გმირობის­ წყალობით საბრძოლო დავალება წარმატებით სრულდება - ხიდი აღდგენილია, იარაღითა და საჭურვლით დატვირთული ეშელონები კი დასავლეთისკენ მიდიან ფაშისტ დამპყრობთა შესამუსრავად. ფილმი ტიპური საბჭოთა, ანტიფაშისტური და პროპაგა­ნდისტული პროდუქტია. ფილმის რეჟისორები არიან შოთა მანაგაძე და კონსტანტინე პიპინაშვილი, სცენარის ავტორი­ - გიორგი მდივანი. მთავარ როლებს ასრულებენ იმ დროს დამწყები და სრულიად ახალგაზრდა მსახიობები მედეა ჯაფარიძე, რომელიც მანანას განასახიერებს­ და გიორგი შავგულიძე. სამწუხაროდ, ,,ხიდს" ქართველ მაყურებელთა უმეტესობა არ იცნობს.

kino3-1652015965.jpg

გოგი დოლიძე, კინომცოდნე: -ირაკლი ციციშვილმა თავად უამბო გი­ორგი­ მდივანს ხიდის აგების შესახებ. მდივანი ისეთი ნიჭიერი იყო, თუკი რაიმე ფაქტს ყურს მოჰკრავდა, სცენარს ერთ დღეში გაამზადებდა, სიუჟეტიც უცებ იქმნებოდა. ეს ფილმიც ომის პერიოდში ძალიან მალე გადაიღეს. ჩვეულებრივი საბჭოთა პროპაგანდა იყო, მხატვრული დონით ვერ დაიტრაბახებდა და დავიწყებასაც მალევე მიეცა.

ედიშერ ჯაფარიძე, სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი: - ირაკლი ციციშვილი 1918 წლის 17 დეკემბერს თბილისში დაიბადა. მან მთელი შეგნებული სიცოცხლე არქიტექტურასა და სამშენებლო ხელოვნებას მიუძღვნა, მისი სახელი კი დნეპრის ხიდის აგებამ უკვდავყო. არქივებმა შემოგვინახა ამ ფაქტთან დაკავშირებული საიდუმლო მასალები, რომელთაც გრიფი "საიდუმლო" ადევს. ამ საიდუმლო დოკუმენტებში არის ბერიას დაცვის ყოფილი უფროსის, რაფაელ სარქისოვის, ჩანაწერები, რომლებშიც ვკითხულობთ: "მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში საბჭოთა არმია ფაშისტებს ძლიერ დარტყმებს აყენებდა, საქმე წინ მაინც ნელა მიიწევდა და მდინარე დნეპრის ფორსირებაც ჭიანურდებოდა, ამიტომ სიტუაციის გასარკვევად სტალინმა ადგილზე ლავრენტი­ ბერია მიავლინა. მას მეც თან ვახლდი. დნეპრის ფორსირება პირველ უკრაინულ ფრონტს უნდა მოეხდინა, რომელსაც არმიის გენერალი ნიკოლაი ვატუტინი მეთაურობდა, სამხედრო საბჭოში კი ნიკიტა ხრუშჩოვი შედიოდა. ადგილზე რომ ჩავედით და სიტუაციას გავეცანით, აღმოჩნდა, რომ დნეპრზე ხიდის გადება ვერ ხერხდებოდა და ბერიას სწორედ ეს პრობლემა უნდა მოეგვარებინა. მიუხედავად იმისა, რომ სტალინმა ბერია ფრონტზე ზეწოლისთვის მიავლინა, ბერია ძალიან კორექტული იყო და ვატუტინისგან მოხსენება შექმნილი ვითარების შესახებ მშვიდად მოისმინა. ვატუტინმა ლაპარაკი რომ დაასრულა, მოულოდნელად ხრუშჩოვი აყვირდა, ყველა გალანძღა, ბოლოს კი ასე დაასრულა, კარგი ინჟინრები არ გვყავს, მხდალები არიან და ხიდს ვერ აშენებენ, რომ მდინარეზე ჯარი გადავიყვანოთო. ბერია ასეთ გამოხდომებს ვერ იტანდა, თუმცა მწვავე რეაქცია არ გამოუვლენია ხრუშჩოვის სიტყვებზე და უთხრა, ყველაფერს გავარკვევთ და დამნაშავეებს დავსჯითო. ამ სიტყვების მერე ბერიამ ხრუშჩოვს ხიდის მშენებლობაზე პასუხისმგებელი პირის მასთან მიყვანა უბრძანა. აღმოჩნდა, რომ ის პირველი უკრაინული ფრონტის 38-ე არმიის 268-ე ცალკეულ საინჟინრო ბატალიონის 22 წლის კაპიტანი ირაკლი ციციშვილი იყო.

kino2-1652015965.jpg

ბერიამ ამ ულვაშა ქართველს რომ შეხედა, რომელიც მამაცურად გამოიყურებოდა და შიშის ნატამალიც არ ეტყობოდა, მიესალმა და რუსულად უთხრა: "მომახსენეთ, რა ხდება!" ციციშვილმა უთხრა, რომ ხიდის მშენებლობას ხელს ფაშისტების საავიაციო და საარტილერიო დაბომბვები უშლიდა. კაპიტანმა ასე დააბოლოვა თავისი მოხსენება: "ამხანაგო ბერია, თავს არ ვზოგავთ. მე და ჩემი მებრძოლები ძლიერი ცეცხლის ქვეშ ვმუშაობთ და უკვე ოცი ჯარისკაცი დამეღუპა. მიუხედავად ამისა, ხიდი მაინც ვერ კეთდება". "უფრო მეტი თავგანწირვაა საჭირო" - ჩაერთო ხრუშჩოვი. ბერია ჩაფიქრდა, ორიოდე წუთის შემდეგ კი ციციშვილს უკვე ქართულად უთხრა: "სასწრაფოდ რამეა მოსაფიქრებელი, კაპიტანო, თორემ დრო არ ითმენს". "შევეცდებით, ამხანაგო ბერია. ხიდს ან ავაგებთ, ან ყველანი თავს შევწირავთ!" - თქვა ციციშვილმა. ბერია კიდევ ცოტა ხანს ჩაფიქრდა და ციციშვილს უთხრა: "ასეთი თავგანწირვა უაზრობაა. რა იქნება, რომ ხიდი ღამღამობით ააშენოთ, თანაც წყლით რომ იყოს დაფარული, რათა ფაშისტებმა ვერ შენიშნონ? შესაძლებელია ასეთი რამ?" ციციშვილს სახე გაუბრწყინდა. ძლივს შეიკავა თავი, რომ ბერიასთვის მხარზე მეგობრულად არ დაეკრა ხელი, შემდეგ ბერიას გამოეჯგიმა და ქართულად უთხრა: "ორიგინალური მიგნებაა, ამხანაგო ბერია და სავსებით შესაძლებელია. წყალქვეშ მოტივტივე ხიდს ავაშენებთ!"

მართლაც, სულ რაღაც ხუთ დღეში ირაკლი ციციშვილმა და მისმა ჯარისკაცებმა დნეპრზე 550-მეტრიანი ხიდი ააგეს. მასზე რომ ტექნიკა და ჯარისკაცები გადადიოდნენ, ისე ჩანდა, თითქოს წყალზე მოძრაობდნენ.

1943 წლის ნოემბერში ბერიამ თვითონ გადასცა ოქროს ვარსკვლავი და ლენინის ორდენი ციციშვილს და დასძინა: "ყოჩაღ, თავადო, შენმა გმირობამ ქვეყანას დიდი გამარჯვება მოუტანა!".