"უკრაინაში ომი რაც უფრო მწვავდება, ხალხს მით უფრო აღარ სურს რუსულის გაგონება“ - კვირის პალიტრა

"უკრაინაში ომი რაც უფრო მწვავდება, ხალხს მით უფრო აღარ სურს რუსულის გაგონება“

"რეპეტიციაზე მათ ძალიან სერიოზულად განაცხადეს, საიუბილეო ღონისძიებაზე რუსულ ნაწარმოებს არ ვიმღერებთ, იმის დრო არ არის, რუსული ჰანგები ავაჟღეროთო..." - გვითხრა შვეიცარიაში მცხოვრებმა ქართველმა მუსიკოსმა სოფია გოშაძემ.

- სოფია თქვენ შესახებ გვიამბეთ...

- თბილისში დავიბადე... ექვსი წლიდან ჩემს უძვირფასეს ზინაიდა ქომეთიანთან ფორტეპიანოსთან ერთად კულტურის, ადამიანობისა და ჰუმანურობის შესწავლა დავიწყე. თბილისის კონსერვატორიაში შესანიშნავი პიანისტის, ნინო კერესელიძისა და ნანა დიმიტრიადის კლასში ვსწავლობდი. პედაგოგებთან ძალიან გამიმართლა, მაგრამ ჩემი მთავარი მასწავლებელი დედაჩემი გახლავთ - დარეჯან მახაშვილი. უსაზღვროდ მიყვარს სიმღერა. ბავშვობიდან თვითონაც ვწერ. ჩემი მეუღლე მამუკა ტეფნაძე ციურიხის თეატრის დასში მღერის. მყავს სამი შვილი.

- როგორც სოციალურ ქსელში წერდით, ხელოვანებმა უარი თქვეს, რუსი კლასიკოსების მუსიკა შეესრულებინათ. ქვეყანაში ბევრგან არის ასეთი განწყობა თუ მხოლოდ იმ გუნდებში, რომელთა ხელმძღვანელიც თქვენ ხართ?

- აქაც არიან ხელოვანები, რომლებიც ამბობენ, ჩაიკოვსკიმ რა დააშავა, რახმანინოვი, პირიქით, გაურბოდა საბჭოთა კავშირსო, თუმცა, რაც უფრო მეტად მწვავდება უკრაინის ომი, რუსეთის მიმართ დამოკიდებულება უფრო და უფრო ნეგატიური ხდება. შვეიცარიაში აცხადებენ, რომ რუსულ გაზზე ალტერნატივა მოძებნონ, რათა არაფრით იყვნენ რუსეთზე დამოკიდებული. შვეიცარიაში არის რაიონები, რომლებიც მთლიანად რუსებით არის დასახლებული. შეიძლება ნაწილი პუტინს ემხრობოდეს, მაგრამ ქვეყნის საერთო განწყობა ანტირუსულია.

ომი რომ დაიწყო, მე და ჩემი გუნდის წევრები ძალიან შევშფოთდით. თავად გაუჩნდათ სურვილი, რეპერტუარიდან ცოტა ხნით მაინც ამოგვეღო რუსი კომპოზიტორების ნაწარმოებები... შესრულების დროს თვითონაც ღიზიანდებოდნენ და ამჩნევდნენ, რომ არც მე მომწონდა. საიუბილეო კონცერტისთვის ვამზადებდით რუსულ საგუნდო ნაწარმოებს, რომელსაც გუნდი გერმანულად ასრულებდა. რუსულად ძალიან სასაცილოდ ჟღერდა და ამიტომაც გერმანულად მღეროდნენ, მაგრამ მათი პროტესტის გამო ისიც ამოვიღეთ. გუნდს 150 წელი უსრულდება - ეს უმნიშვნელოვანესი თარიღია. საკონცერტო რეპერტუარი მრავალფეროვანია, ქართულ ნაწარმოებებსაც მღერიან...

რეპეტიციაზე გუნდის წევრებმა განაცხადეს, საიუბილეო ღონისძიებაზე რუსულ ნაწარმოებს არ ვიმღერებთ, იმის დრო არ არის, რუსული ჰანგები ავაჟღეროთო... ხალხს აღარ სურს რუსულის გაგონებაც კი.

- თქვენი გუნდის წევრებმა იციან, რომ საქართველო რუსეთის მიერ არის ოკუპირებული?

- ყველაფერი იციან! თითქმის სამი წელია. ამ გუნდის ხელმძღვანელი ვარ, მათ ძალიან უნდათ საქართველოს ნახვა, სექტემბერში ჩამოსვლაც გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ ახლა სათუო გახდა ეს ვიზიტი...

- თქვენ მეორე გუნდის ხელმძღვანელიც ხართ...

- დიახ, ეს კათოლიკური ეკლესიის შერეული გუნდი გახლავთ. მხატვრული ხელმძღვანელისა და დირიჟორის თანამდებობა რომ მომეპოვებინა, შესარჩევი კონკურსი კათოლიკურ ეკლესიაში გავიარე. კათოლიკური მესის წაყვანა ადვილი არ არის, მსახურების დროს იყენებენ ორგანს, მესაში მონაწილეობენ ორკესტრი, გუნდი, სოლისტები... მუსიკალური ნაწარმოებების არჩევისას შეზღუდული არ ვართ, ვასრულებთ როგორც კლასიკას, ასევე - ჯაზსა და გოსპელს, თანამედროვე პოპს. მესის დროს ძალიან ხშირად მიწევს რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება: ორგანზე დაკვრა, გუნდისა და სოლისტების დირიჟორობა, უცებ ფორტეპიანოსთან გადაჯდომა.

ჩემი საეკლესიო გუნდის წევრები მუდმივად მხარში მიდგანან. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ტენორსა და დირიჟორს, მაინოფ კალკულს. ამ ადამიანმა შეცვალა ჩემი ცხოვრება. სწორედ მან ჩამაბარა საეკლესიო ორკესტრი და გუნდი საშობაო დღესასწაულის მოსამზადებლად. მენდო და მე ეს ნდობა გავამართლე.

მანანა გაბრიჭიძე