"ჩემს მოსწავლეებზე ვდარდობ და თითოეულს ინტერნეტით ვეძებ“ - კვირის პალიტრა

"ჩემს მოსწავლეებზე ვდარდობ და თითოეულს ინტერნეტით ვეძებ“

რუსეთ-უკრაინის ომს ქართველებისთვის კიდევ ერთი გაუსაძლისი ტკივილი ახლავს: მან უკრაინაში ერთხელ ლტოლვილი­ ქართველები მეორედ აქცია ლტო­ლვილებად. მათ შორის არიან ქორეოგრაფი აკაკი იაკობაშვილი და მისი ოჯახიც. ქართველმა ხელოვანმა, რომელიც უკრაინამ ბავშვების აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის არაერთხელ დააჯილდოვა, დღეს ოდესაში დატოვა სახლი და ცეკვის დარბაზი, რომელზეც განსაკუთრებულად წუხს. მაგრამ ახლა მთავარია, ბატონი აკაკი, მისი ოჯახი და მოწაფეები გადარჩნენ, მერე კი ანსამბლი "საქართველო" კვლავ აცეკვდება. ჩვენ ხელოვანი უკრაინის საზღვარზე ვიპოვეთ, როდესაც ისევ ოდესაში დაბრუნებაზე ფიქრობდა.

- 1990-იან წლებში, როდესაც საქარ­თველოს დაცლა დაიწყო, ქართველ ლტოლვილთა ტალღა, ძირითადად, პოსტსაბჭოთა სივრცეს მივაწყდით. რაც იმხანად ევროპის დაკეტილი კარითაც იყო განპირობებული. თანაც ოდესას, ასე თუ ისე, ვიცნობდით. ის მარავალეროვანი ქალაქია და იქ მეგობრებს უსათუოდ ვიპოვიდი. შემდეგ პროფესიის შეცვლამ მომიწია, ცოლ-შვილიც ჩამოვიყვანე. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასაც უჭირდა, აქ გათბობა, სინათლე და საკვები მაინც დაგვხვდა, თუმცა გვქონდა მეორე ნატვრაც - ჩემი მეუღლე ირმა ხუციძეც მოცეკვავეა, ამიტომ გვინდოდა, ჩვენი საქმე გვეკეთებინა, ბავშვებისთვის სტუდია გაგვეხსნა და ცეკვა გვესწავლებინა, რაშიც, სრულიად მოულოდნელად, ოდესელი ქალბატონი დაგვეხმარა. მან გვითხრა, დარბზს გაშოვნინებთ, დანარჩენი თქვენ იცითო.

- წარმომიდგენია, ეს როგორი სიხარული იქნებოდა თქვენთვის.

- ენით აღუწერელი! თითქოს ცხოვ­რებას თავიდან ვიწყებდით, თუმცა სტუდიის დაარსებაზე რომ მიდგა საქმე, აღმო­ჩნდა, რომ ოდესაში ცეკვისთვის საკმარისი­ ქართველი ბავშვი ვერ გვეყოლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არც ისე მცირერიცხოვანია ქართული დიასპორა - დაახლოებით 3000 კაცია, ცეკვის ასაკის ბავშვები არ იყვნენ, მაგრამ მერე სხვადასხვა ეროვნების ბავშვები მოვაგროვეთ, რომელთა შორის ჩემი ორი ქართველი შვილიც ჩავაყენე. აი, ასე დაიწყო "საქართველომ", რომელსაც მომავალი აღმოაჩნდა. იმ დღიდან 21 წელი გავიდა და მხოლოდ ომმა გვაიძულა, საიუბილეო კონცერტი ჩაგ­ვეშალა, თუმცა გაისად აღარ გამოვტოვებთ, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით და საიუბილეო კონცერტსაც ჩავატარებთ.

ანსამბლის პირველი თაობა, რომელმაც­ ჩვენთან მოსვლისას წერა-კითხვაც არ იცოდა, უკვე კაცები და ქალები არიან და დღესაც ცეკვავენ, რაც თვითონაც მიკვირს, თუმცა ამის მიზეზი, ალბათ, ის არის, რომ რაც ეს ანსამბლი შეიქმნა, ერთი დღეც არ ყოფილა, სტუდიაში არ მივსულიყავი და ბავშვები არ მემეცადინებინა. მე სხვა სამსახური არ მაქვს, ეს არის ჩემი სიცოცხლე - ქართული ცეკვა! თანაც მე ხომ მხოლოდ ცეკვას არ ვასწავლი, ვასწავლი იმ პიროვნულ და ეროვნულ ღირსებებს, რომელთაც ქართული ცეკვა ეფუძნება. მაგალითად, როდესაც ქართულ ცეკვაში ვაჟი ნახევარი ნაბიჯით ჩამორჩება ქალს, ბავშვს ხომ უნდა აუხსნა ამის მიზეზი, ხომ უნდა უთხრა, რომ ეს "ნახევარი ნაბიჯის სიშორე" ქალისადმი მოკრძალების, პატივისცემის ნიშანია, რაც ვაჟკაცს მოეთხოვება?! ხომ უნდა იცოდეს, ოსურ ცეკვაში ჩოხის გრძელი სახელო მიანიშნებს, რომ ვაჟი ქალს შიშველი ხელით არ უნდა შეეხოს?! ეს ყველაფერი ბავშვების ცნობიერში რჩება და მერე ღირსებად ყალიბდება. არა მხოლოდ სცენაზე, შესვენებებზეც კი თუ ბიჭი გოგონას უხეშად დაელაპარაკა, მაშინვე ავუხსნი, რასაც ცეკვაში გასწავლით, ის მხოლოდ სცენაზე კი არ უნდა შეასრულოთ, მთელ ცხოვრებაში უნდა გაიდევნოთ-მეთქი.

ჩემი ბავშვები ერთმანეთის ერთგულები არიან. ახლა ყოველ მათგანზე ვდარდობ და თითოეულს ინტერნეტით ვეძებ. თქვენ წარმოიდგინეთ, ცეკვაში ონლაინგაკვეთილებსაც კი ვატარებ, რომ ერთმანეთის სიშორე ნაკლებად ვიგრძნოთ. საკუთარი სახლი მეზობელს დავუტოვე, მასაც ვასწავლე, რომ ცუდ ნათესავს კარგი მეზობელი სჯობია, მაგრამ არ ვიცი, ჩვენს სტუდიასა და ინვენტარს რა ბედი ეწევა. ოკუპანტები კი ბომბავენ და ბომბავენ ქალაქს,M მისი უკრაინისთვის ჩამოშორება სურთ და ძალიან მზაკვრული გეგმები აქვთ: აქაურებს ასახლებენ და ადგილებს რუსი სამხედროებით ავსებენ, რომ მერე რეფერენდუმი ჩაატარონ და ეს ტერიტორიები რუსეთთან შეერთებულად გამოაცხადონ...

ჩვენ ევროპის არაერთი ქვეყანა გვაქვს მოვლილი, მაგრამ ამ სიხარულზე მეტად ის მწარე კონცერტები გვახსოვს, ოკუპაციამ რომ ჩაგვატარებინა. 2014 წელს, როდესაც ოკუპანტებმა­ ყირიმი დაიკავეს და იქიდან უკრაინული არმია იძულებით გამოვიდა, ჩვენ მათ კონცერტი გავუმართეთ. ეს ბიჭები მაშინ ყირიმთან ახლოს, ტრიალ მინდორზე იყვნენ დაბანაკებული და გული ბრაზით ჰქონდათ სავსე, მაგრამ ჩვენმა ყურებამ ისინი აღაფრთოვანა, იარაღიც კი შემართეს შურისძიების ნიშნად. ჩვენც ვტიროდით და ბავშვებიც... ასე იყო 2008 წელსაც, როდესაც გორში ვიცეკვეთ... ძალიან ხშირად სასტიკი პროტესტის გრძნობა მიჩნდება. რატომ ვართ ასე?! რაც ჩვენ გამოვიარეთ, ზუსტად იმავე გზას რატომ გადიან ჩვენი შვილები?!

- ოდესაში ქართველები დარჩნენ?

- რა თქმა უნდა. ზოგმა წამოსვლაზე უარი თქვა, განსაკუთრებით იმ ოჯახებმა­, რომელთა მამაკაცებს უკრაინიდან წასვლის­ უფლება არა აქვთ. მე ეს აკრძალვა არ მეხება, მაგრამ ოდესა ერთ-ერთმა ბოლომ დავტოვე. მას შემდეგ, რაც ჩემი შვილის ოჯახი და ცოლი გამოვიყვანე ქალაქიდან, იქ მარტო დავრჩი. თავს იმით ვიმშვიდებდი,­ რომ ქართულ დიასპორასა და ოდესაში საქართველოს საკონსულოს ვეხმარებოდი ლტოლვილების საზღვრამდე მიყვანაში. თუკი ამ ომში კიდევ რამე სანუგეშო მქონდა, ის იყო, რომ ამ დროს აქაური ქართველებიც ერთ მუშტად შეიკვრნენ ერთმანეთის დასახმარებლად. საკონსულო ყველაფერს აკეთებდა, რომ ქალაქიდან მსურველები გაეყვანა, ამისთვის ავტობუსიც გამოყვეს. ამის შემყურემ, ვინ იცის, რამდენჯერ გავიფიქრე, უკრაინელების არ იყოს, ნუთუ ჩვენს ერთ მუშტად შეკვრასაც მაინცდამაინც განსაცდელი სჭირდება-მეთქი?! არადა, ჩვენისთანა მცირერიცხოვან და ვეშაპის ხახაში ჩავარდნილ ერს მუდამ ერთ მუშტად ყოფნა სჭირდება!

ეთერ ერაძე