"დიდი შვიდეულის" ვირტუალური სამიტი დაიწყო - რა სანქციებს აწესებს აშშ? - კვირის პალიტრა

"დიდი შვიდეულის" ვირტუალური სამიტი დაიწყო - რა სანქციებს აწესებს აშშ?

თეთრი სახლის ოფიციალური პირის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვირტუალური შეხვედრა ,,დიდიშვიდეულის” ქვეყნების ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრის უახლეს მოვლენებზე, უკრაინის მხარდაჭერასა და ,,დიდი შვიდეულის” უწყვეტი ერთიანობის” დემონსტრირებაზე, მათ კოლექტიურ პასუხზე.

CNN-ის ინფორმაციით, შეხვედრის დღის წესრიგში ასევე იქნება რუსეთის მიმართ სანქციების საკითხიც.

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ახალი პაკეტის თანახმად, სანქციები მიმართულია სამი რუსული ტელევიზიისა და ,,გაზპრომბანკის" ხელმძღვანელების წინააღმდეგ.

პაკეტი მოიცავს რუსებისთვის საბუღალტრო და საკონსულტაციო სერვისების მიწოდების აკრძალვასაც.

,,ეს არ არის სრული ბლოკირება. ჩვენ ,,გაზპრომბანკის" აქტივებს არ ვყინავთ და ,,გაზპრომბანკთან" რაიმე ტრანზაქციას არ ვკრძალავთ. რაზეც მივანიშნებთ არის ის, რომ ,,გაზპრომბანკი" უსაფრთხო თავშესაფარი არ არის და ამიტომ, ჩვენ სანქციებს ვუწესებთ მათ ზოგიერთ აღმასრულებელ ხელმძღვანელს", - განუცხადა ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს.

მათივე ინფორმაციით, სანქციების სიას დაემატა 8 ხელმძღვანელი ,,სბერბანკიდან", რომელიც რუსეთის საბანკო აქტივების მესამედს ფლობს.

სანქციები ასევე მოსკოვის ინდუსტრიულ ბანკს და მისი 10 შვილობილ კომპანიას დაუწესდება.

IPN