"უცებ სიჩუმე ჩამოვარდა. თავი დახარა და ხმის კანკალით გვითხრა: ერთ ტანკში ვისხედით, ყუმბარა ისეთ ადგილზე მოხვდა, სადაც საწვავია, და ცეცხლი მოეკიდა. მე ამოვასწარი, ლევანი კი..." - კვირის პალიტრა

"უცებ სიჩუმე ჩამოვარდა. თავი დახარა და ხმის კანკალით გვითხრა: ერთ ტანკში ვისხედით, ყუმბარა ისეთ ადგილზე მოხვდა, სადაც საწვავია, და ცეცხლი მოეკიდა. მე ამოვასწარი, ლევანი კი..."

9 მაისი - გვინდა თუ არა, მეორე მსოფლიო ომს გვახსენებს. დღეს უკრაინაშიც სასტიკი ომია და საქართველოს ისევ ჰყავს ღიმილის ბიჭები, ამჯერად უკრაინაში რომ იბრძვიან. ამ ბიჭებმა კი რეზო ჩხეიძე, მისი "ჯარისკაცის მამა", "ღიმილის ბიჭები" და მასთან უკანასკნელი ინტერვიუ გამახსენა.

გერმანული როიალი და ჩეკისტი

- ეს იყო ის საშინელი 37 წელი, რომელმაც მაშინდელ საბჭოთა კავშირს ქარი­შხალივით გადაურბინა. დაანგრია ოჯახები­, ხალხი დაწყვიტა, ადამიანებს გადასახლებაში უშვებდნენ. ჩვენი ოჯახი იყო მამა, დედა და სამი ბავშვი. მე ყველაზე უმცროსი­ ვიყავი. მამა გახლდათ მწერალი - დია ჩიანელი. ერთ ღამეს ჩეკისტები გამოგვეცხადდნენ. ამ დროს ჩვენ გვერდით ოთახში გვეძინა. ისეთი ხმაური ატეხეს, მთელი სახლი ზანზარებდა. დაიწყეს ჩხრეკა. ამ ჩხრეკაში­ წააწყდნენ რევოლვერის ფუტლარს. გახარებულები ეცნენ, არიქა, იარაღი ვიპოვეთო. სასწრაფოდ გახსნეს და ჩემი სათამაშო­ რევოლვერი შერჩათ ხელში... მამა რომ მიდიოდა, ამოიღო ჯიბიდან პატარა შავი საფულე და დედაჩემს დაუტოვა­ ის, რაც ჰქონდა, 26 მანეთი. დედა მესამე კურსის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი იყო. დავრჩით სამი შვილი და დედა 26 მანეთით. დილა რომ გათენდა, დედაჩემმა გვითხრა, აბა, ჩააწყვეთ წიგნები და წადით სკოლაშიო. ჩვენ შევეწინააღმდეგეთ: "რა სკოლა, მამა დააპატიმრეს!" მაშინ დედამ მკაცრად გვითხრა, არავინ უნდა იფიქროს, რომ დავგლახავდით! წადით სკოლაში და ისე დაიჭირეთ თავი, არაფერი შეგამჩნიოთ ვინმემო. მივედი სკოლაში და მობუზული კლასში დავჯექი. გავიდა 10 წუთი და შემოდის სკოლის დირექტორის მდივანი, რეზო ჩხეიძე სასწრაფოდ გამოცხადდეს დირექტორთანო. ვიფიქრე, ახლა დაიწყება დაკითხვები-მეთქი... შევედი დირექტორთან. უცებ ეს ქალი წამოვარდა და ჩამეხუტა, ატირდა და მითხრა: "შენ არ უნდა გამოიცვალო, როგორც სწავლობდი, ისევ ისე უნდა ისწავლოო - ფრიადოსანი ვიყავი. ხელს ვერავინ გახლებს. აგერ ვარ მე და თუ ვინმემ რაიმე გითხრას, მითხარი და მე გავცემ საკადრის პასუხსო...

მამის დაპატიმრებიდან მესამე დღეს მოვიდნენ ნივთების აღსაწერად. ჩვენი ბინა 3-ოთახიანი იყო და ზუსტად 3 კაცი მოვიდა. ერთი, რომელსაც ტყავის პალტო ეცვა, ეტყობოდა, მათი უფროსი იყო. გერმანულ როიალთან გაჩერდა და ჭერში დაიწყო ყურება, მერე დედას მიმართა იმერული აქცენტით, რა არის, ქალბატონო, ან ნათესავი არა გყავთ, ან მეზობელი, ეს როიალი რომ დაგიდგამთ გამოფშიკირებული, არ შეიძლება ვინმესთან გაიტანოთ? მაინცდამაინც უნდა აღვწეროო?! ვინ იყო, რა გვარი, წარმოდგენა არა მაქვს. მოკლედ, ყველაფერი ჩაწერა იმ კაცმა, როიალის გარდა­. ცოტა მოგვიანებით ის როიალი გავყიდეთ და 5-6 თვე მაგით გავიტანეთ თავი.

მამის დაპატიმრების შემდეგ ჩვენთან შავებში ჩაცმული უცნობი ქალი ათ დღეში­ ერთხელ მოდიოდა და მოჰქონდა მამას წერილები, რომლებიც ქიმიური ფანქრით პაპიროსის პატარა ქაღალდებზე იყო დაწერილი. მოვიდოდა, დადებდა და ნახვამდ­ისაც არ ამბობდა, ისე მიდიოდა. ბოლოს რომ მოვიდა, არაფერი ჰქონდა ხელში, თავი დახარა, ცოტა ხანს ასე იდგა და როგორც ჩუმად მოვიდა, ისევე ჩუმად გავიდა სახლიდან...

"ღიმილის ბიჭები“

- ომის პერიოდია. მერვე კლასში ვარ. გადავწყვიტე სკოლაში დამედგა სპექტაკლი "გიორგი სააკაძე". გაკვეთილების მერე კლასში საათობით ვრჩებოდით და რეპეტიციას გავდიოდით. ლევან ჩხიკვაძე, რომელიც გიორგი სააკაძეს თამაშობდა, ჩვენზე უფროსი იყო და ისე მოხდა, რომ ზუსტად პრემიერის წინადღეს სამხედრო კომისარიატიდან მოუვიდა უწყება, დილის 8 საათზე უნდა გამოცხადებულიყო, არადა, საღამოს 8 საათზე სპექტაკლი გვაქვს. მოდი, ლევან, წავიდეთ სამხედრო კომისართან-მეთქი და მართლაც წავედით. ოთახში დაგვხვდა მაიორი, რომელიც ტელეფონზე­ ლაპარაკობდა და თან გვათვალიერებდა. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ამოგვხედა. ვუთხარი: სკოლაში, გიორგი სააკაძეს ვდგამთ და ხვალ გვაქვს სპექტაკლი. ვინც სააკაძეს თამაშობს, ის დილით თქვენთან უნდა გამოცხადდეს და სპექტაკლი ჩაგვეშლება-მეთქი. აბა, ვინ თამაშობს სააკაძესო, და თან საუბრისას ღიმილი შევამჩნიე სახეზე და გამბედაობაც მომემატა. მოკლედ, ერთი დღით გადაგვიტანეს მისი გამოცხადება კომისარიატში და სპექტაკლიც შედგა. გავიდა ხანი. ლევანისგან არაფერი ისმოდა. იმ პერიოდში თბილისში თუ ჯგუფურად დაინახავდით ხალხს, ეს იმის ნიშანი იყო, რომ ჯარიდან ვიღაც დაბრუნდა, და დედები კითხულობდნენ თავიანთი შვილების ამბავს... ერთ დღესაც კლასელები პლეხანოვზე მოვდივართ და ვხედავთ, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ბიჭი მოდის და უკან ბრბო მოჰყვება. ჩვენც მივუახლოვდით. უცნობს ტანკისტის ნიშანი უკეთია. რა გინდათ, ბიჭებოო? - გვკითხა. ლევანზე ვკითხეთ. ლევანიც ხომ ტანკისტი იყო... უცებ სიჩუმე ჩამოვარდა. თავი დახარა და შემდეგ ხმის კანკალით გვითხრა: ერთ ტანკში ვისხედით, ჩვენს ტანკს ყუმბარა მოხვდა ისეთ ადგილზე, სადაც საწვავია, და ცეცხლი მოეკიდა. მე ამოვასწარი, ლევანი კი ტანკში დაიწვაო.

გავიდა დრო და გადავიღე "ღიმილის ბიჭები", რომელიც ლევანს მივუძღვენი.

"ჯარისკაცის მამა"

- ამ ფილმის ისტორია კინოსტუდიის ეზოში დაიწყო, სადაც იმ პერიოდში ფილმ "ზღვის ბილიკის" გადაღება მიმდინარეობდა. მთავარ როლს სერგო ზაქარიაძე თამაშობდა. კინოსტუდიაში რომ მივედი, გარეთ რამდენიმე ადამიანი იდგა, მათ შორის იყო სულიკო ჟღენტი, რომელსაც იღლიაში­ ამოჩრილი ჰქონდა რაღაც ქაღალდები. მთხოვა, როცა მოიცლი, წაიკითხეო. ეს იყო განაცხადი მომავალი ფილმისა "ჯარისკაცის მამა". მეორე დღეს აღფრთოვანებული მივედი სერგო ზაქარიაძესთან პავილიონში. გრიმს იკეთებდა. მივესალმე, მაგრამ არც შემოუხედავს. მე მაინც არ ვჩერდები, სცენარი მოგიტანეთ, აქ კახელი მევენახე კაცის სახეა დახატული. შვილი ფრონტზეა, ტანკი­სტია და ახლა დაჭრილია-მეთქი. სერგომ ინტერესით ამომხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს და ისევ გრიმს მიუბრუნდა. მე გავაგრძელე: "ჩადის ეს მახარაშვილი ფრონტზე, იპოვის იმ ჰოსპიტალს, სადაც მისი შვილი იწვა..." სერგომ გამომხედა:­ "რაო?" "რა და, გამოდის, ტყუილად ჩასულა იქ, შვილი უკვე გაუწერიათ და ფრონტზე გაუმგზავრებიათ". სერგომ მკითხა: "მერე რა გადაწყვიტა მაგ შენმა მახარაშვილმა?" "რა და, დაიწყო იმ გზით სიარული, სადაც მისი შვილი ტანკით წავიდა. მიდის ამ გზაზე და ვერ პოულობს შვილს". "მერე? მერე რა ქნა?!" - წამოდგა და მომიახლოვდა. მაშინ­ მიაგნო მის შვილს, როდესაც სასიკვდილოდ იყო დაჭრილი-მეთქი. იმ ადგილზე, სადაც უკვე დაღუპულ შვილს ეუბნება, დედაშენს რა ვუთხრაო, მას ცრემლები წამოუვიდა. ცოტა ხანს ორივე მდუმარედ ვიდექით, მერე კი შევაპარე: "მინდა ამ ფილმში გიორგი მახარაშვილი თქვენ ითამ­აშოთ". ბედნიერი ვიქნები, თუ მართლაც მე ვითამაშებო! სერგომ გრიმი გვერდით გადადო და ორივე ავტირდით.

ფიქრები საკუთარ თავზე

- მე მგონია, ჩემი ფილმები კეთილია. ეს ღმერთის ძალაა, ქრისტიანული ძალა, იმიტომ, რომ ღმერთი დიდი მოწყალეა. ეს ქვეყანა სხვანაირი ქვეყანაა. თვითონ გასწავლის, ამ ქვეყნის შვილი რომ ხარ, კაცი უნდა იყო, და მეც ამას ვცდილობ. ჩემს პროფესიაში ჩავდე, რაც შემეძლო. არის საკითხები, რომლებიც სრულებით არ მესმის და არც არასოდეს მოვკიდებ ხელს. მე ასეთი შემქმნეს ჩემმა მშობლებმა. ჩემი ცხოვრება ჰუმანიზმის ქადაგებებიდან მოდის... ვცდილობ უკეთესი ვიყო, ვიდრე ვარ, რაც ხშირად არ გამომდის. ბოლო ხანებში, რაც ასაკში შევედი, მაინტერესებს საკუთარი თავი, ვფიქრობ, კიდევ რა სურათი გადავიღო, მაგრამ მაინც ისეთ საკითხებზე ვფიქრობ, რომ ჩემი ეს დიდი გამოცდილება, რაც ღმერთისა და ცხოვრებისაგან მივიღე, ჩემს საყვარელ ქვეყანას, სამშობლოს გავუზიარო.

რუსუდან შაიშმელაშვილი