რუსული უშიშროება და დაკითხვა КГБ-ში - კვირის პალიტრა

რუსული უშიშროება და დაკითხვა КГБ-ში

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #18)

"მოსკოვური დღიურების" ამ ნაწილში­ წაიკითხავთ, თუ როგორ მოვ­იარე­­ ქალაქის კაფე-რესტორნები და როგორ გავხდი­ უკვე "ბილეთიანი" (მოვიპოვე­ საბუთი­ დროებითი ცხოვრებისა და მუშაობის უფლებით) შეფ-Pპოვარი რესტორან "მწვანე კონცხში". ასევე­ წაიკითხავთ, როგორ აღმოვჩნდი ხაჭაპურის მოყვარული უშიშროების პოლკოვნიკის კაბინეტში, რომელსაც გორელი ბიცოლას წყალობით საქართველოსთან ტკბილი მოგონებები აკავშირებდა.

"მიმინო", "ლამაზო", "ბერიოზკა"

ცნობილი "ნეგლინკის შკოლის" მერე სად აღარ ვიყავი. მოვხვდი "ლამაზოში", სადაც დირექტორი მუდამ ჩასაფრებული იყო და ყველას პირში მოგვჩერებოდა. თავიდან გამიკვირდა და ვიკითხე, ასე მიშტერებით რატომ იცის ამ კაცმა ცქერა-მეთქი? თანამშრომლებს სიცილი აუტყდათ: გვაკვირდება, რამეს ზედმეტად ხომ არ ვჭამთო. მახსოვს, ერთ მზარეულს საღეჭი რეზინი ედო პირში და სანამ ცხვირწინ არ გაუწელა კევი, მანამდე არ მოსცილდა. "ლამაზოს" მერე იყო "მიმინო", რომლის მეპატრონეები უზბეკი და რუსი ბიზნესმენები იყვნენ. სწორედ იქ გავიცანი ქეთი, რომლისგანაც სამზარეულო საქმის წვრილმან-მსხვილმანს ვეზიარე. მერე იყო "ხვანჭკარა", სავაჭრო ცენტრში გახსნილი ქართული კუთხე, რომელიც ერთ თვეში დაიხურა... მერე - "ბერიოზკა" თბილისელი სომეხი მეპატრონეებით. ზემოთ ჩამოთვლილთაგან ყველაზე ნორმალურები ესენი იყვნენ. აქ გავიცანი ქუთაისელი დები: ინგა და მავლო, რომლებმაც ძალიან კარგად მიმიღეს. მეპატრონეებმაც კარგი თვალით შემომხედეს და როცა "პოვრების" განახლებაზე მიდგა საქმე, მე მომანდეს ახლების შერჩევა. "ლამაზოდან" გაშვებულ, ასევე უსაბუთო და უმუშევრად დარჩენილ ძალიან კარგ მაიკოს დავუკავშირდი. ის საიმედო ადამიანი გახლდათ. ცოტა ხანში მაიკომ თავისი ქუთაისელი ნაცნობი, მადონიე მოიყვანა... მართალია, ამის გამო მალე ინანა, მაგრამ "თითზე კბენანი" უკვე ძალიან გვიანი იყო. მადონიემ იმისთანა ინტრიგები ჩახლართა, ჩემს ძალებს­ აღემატებოდა ყველაფერზე თვალის დახუჭვა, ამიტომ წამოვედი იქიდან, ცოტა ხანში კი, მაიკოც უკან გამომყვა. მერე იყო რესტორანი "შალახო" და მისი თაღლითი­ მეპატრონე - თბილისელი სომეხი გრიგორა. ის თავისი წარსულით და 90-იან წლებში რეკეტიორობით გვეტრაბახებოდა. მას ჰყავდა თავისნაირი თაღლითი თელაველი ლევანა, რომელსაც მზარეულები სამუშაოდ ასეთი პირობით აჰყავდა: ორი კვირა ანაზღაურების გარეშე იმუშავებთ,­ თუ მოგვეწონებით, დარჩებითო... მე და მაიკო ამ დიდ გაუგებრობაშიც ერთად აღმოვჩნდით... მოგვიანებით გავარკვიეთ, რომ ორი კვირისა კი არა, შემდეგი დღეების ანაზღაურებაც სახვეწარი უხდებოდათ თანამშრომლებს. ბოლოს მიუგდებდნენ კაპიკებს და, თუ არ მოგწონთ, წადითო, - ეუბნებოდნენ. ცოტა ხანში ისევ ახლები აჰყავდათ. ასე ზოგავდნენ დიდ თანხას. იმდენი თანამშრომელი გააცურეს, მოტყუებულთა საკმაოდ დიდი ჯგუფი შედგა (ჩემი ჩათვლით) და საქმე იქამდე მივიდა, იქ მცხოვრებ ე.წ. კანონიერ ქურდს ვთხოვეთ დახმარება. ყველანი არალეგალები ვიყავით და პოლიციას ვერ მივმართავდით. ეს იცოდა "შალახოს" თაღლითმა­ მეპატრონემ და მისგან გაწვრთნილმა ლევანამ, ამიტომაც არაფრად აგდებდნენ გამწარებული თანამშრომლების მუქარას... "შალახომ" წინამორბედ რესტორნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა თაღლითობაში. ფული კი ამოვიღეთ, მაგრამ იმხელა ნერვიUულობა­ გადავიტანეთ, პირადად მე, კარგა ხანს ვერ მოვედი გონს. გულწრფელად მიკვირდა, როგორ შეიძლება ადამიანი ასე დაეცეს და დაკარგოს ყველა ღირსება. განა, ცუდი ადამიანი არ შემხვედრია საქართველოში? ბევრ ბოროტებაზე, სხვადასხვა თაღლითურ მაქინაციაზე მოუყოლიათ და დამიწერია კიდეც, მაგრამ მსგავსი ზნედაცემულობა, რასაც "შალახოში" გადავაწყდი, არსად მინახავს... მერე იყო არაბული სამზარეულო "ლაფა-ლაფა". მისი მეპატრონე სოხუმელი ქალბატონი გახლდათ, სახელად არდა. ეს იყო კაფე-ბისტრო, რომელსაც ღია სამზარეული ჰქონდა და კაფეში შესული სტუმარი თვალს ადევნებდა, როგორ მზადდებოდა მისი შეკვეთა. ცენტრში მდებარე ეს კაფე მუდამ გადავსებული იყო ხალხით. ყველაზე რთულ პოზიციაზე მე ამარჩიეს. თხელი ლავაში უნდა გამომეცხო, რომელშიც მერე ახვევდნენ ცხვრის, ქათმის ან ხბოს დაკეპილ ხორცს (იგივე­ შაურმა იყო). ჰქონდათ ასევე სირიულ-ებრაული სალათებიც, წვნიანებიც, მაგრამ წამყვანი კერძი "ლაფა" (ჩვენებური ლავაში) და მასში გახვეული დაკეპილი ხორცი გახლდათ. კაფე იხსნებოდა დილის 10 საათზე, მაგრამ მე გაცილებით ადრე მივდიოდი, რომ მომესწრო ცომის მოზელა და ლაფას გამოცხობა. 50 ცალს რომ გამოვაცხობდი, შვებით ამოვისუნთქავდი, რადგან მერე საშუალება მეძლეოდა, შედარებით მშვიდად მომეზილა შემდეგი პარტია... ზოგჯერ ხალხი რომ მოაწყდებოდა, წამში მთავრდებოდა დილით გამზადებული და მერე ვაი, თქვენს მარინას, მე დღე მადგებოდა. გახსოვთ ჩარლი ჩაპლინის ცნობილი ფილმი "ახალი დროება". იქ ფილმის გმირს მიაყენებენ მოძრავ ბილიკთან, სადაც დამაგრებულია ბოლტები და მან სწრაფად უნდა დაუჭიროს. ხელები ისე შეეჩვევა ბოლტების მოჭერას, რომ როცა სამუშაო დღე სრულდება, ხელები კვლავ უნებურად მოძრაობს და ქუჩაში გამვლელ ქალს მისდევს ღილების "მოსაჭერად". ზუსტად ჩარლის მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ღამის 11-ზე მეტროს ვაგონში რომ შევიდოდი და სკამზე ვჯდებოდი, ხელებს მეც უნებურად ვამოძრავებდი. ეს იყო კოშმარი. ვატყობდი, რომ აქ დიდხანს ვერ გავჩერდებოდი, ამიტომ ყველა ნაცნობს შევეხმიანე და ახალი სამუშაოს მოძებნაში დახმარება ვთხოვე. ზუსტად ორი კვირის მერე ადმინისტრატორმა დილის „თათბირზე“ გამოგვიცხადა, რომ პერსონალს ამცირებდა. შემცირებულ 4 თანამშრომელში მეც დამასახელეს. მოსკოვში ყოფნისას ასე არ გამხარებია არაფერი, არამცთუ სამსახურიდან წამოსვლა. ისეთი გამოვფრინდი იქიდან, სამუშაო ტანსაცმელიც კი დამავიწყდა... "ლაფა-ლაფას" მერე მალე გამოჩნდა "მწვანე კონცხი" ("ზელიონი მის"). მანამდე კი ნაცნობებმა მირჩიეს, თუ გინდა, რომ მშვიდად იარო ქუჩაში და სამუშაოც უკეთესი იშოვო, საბუთები გააკეთე დროებითი ცხოვრების და მუშაობის უფლებითო.

დაკითხვა

როდესაც მივხვდი, რომ ჩემს პრობლემას ნავარაუდევ სამ წელიწადში ვერ მოვაგვარებდი, გადავწყვიტე, ნაცნობების რჩევა გამეთვალისწინებინა და დავიწყე საბუთების მოგროვება. ამისათვის ანკეტა შევავსე და საემიგრაციო სამსახურში შევიტანე. რაც დრო გადიოდა, უფრო მიძლიერდებოდა ნოსტალგია - საქართველოს დასტრიალებდა ჩემი ფიქრები. უცნაური ჩვევა­ დამჩემდა. გარეთ გასული ცაში ვიყურებოდი და თვითმფრინავებს შევცქეროდი. ასე მეგონა, ყველა საქართველოსკენ მიფრინავდა და უზარმაზარი სურვილით ვივსებოდი - იმ თვითმფრინავში ვმჯდარიყავი. ვერ აღგიწერთ ეს რა მტანჯველი გრძნობაა, როცა შენთვის არცთუ უცნობ ქალაქში­ დადიხარ, ამ ქალაქშივე გყავს­ ბიძა, ბიძაშვილები და მაინც ისე ხარ, როგორც უცხო პლანეტაზე. თოვლს რა გამოლევს რუსეთში? ოქტომბრის ბოლოდან იწყებოდა თოვა და მარტის ბოლომდე იდო და იდო... მე კი, დავდიოდი თოვლით გადათეთრებულ ქუჩებში, ყინვაში და გულდამდუღრული ვღიღინებდი: "თოვლი მოსულა თბილისში, თბილისი თოვლისფერია".

ერთ დღესაც, საემიგრაციო სამსახურში განცხადების შეტანიდან ორ კვირაში, ჩემს მობილურზე ზარი გაისმა. უცნობი ნომერი იყო. ვიფიქრე, ალბათ, სამსახურის თაობაზე მირეკავენ-თქო. ყურმილში ვიღაც დაყენებული ცივი და ოფიციალური ხმით მატყობინებდა: უშიშროების სამსახურიდან გიკავშირდებით, ხვალ უნდა გამოცხადდეთ ჩვენთან დილის 10 საათზეო. დამცხა. ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე რუსეთის უშიშროებაში მომიწევდა მისვლა. მაინც გავბედე და ვკითხე - რა ხდება, რატომ მიბარებთ-მეთქი? პასუხი მოკლე და უშიშროების სამსახურისთვის დამახასიათებელი იყო: მაგას, აქ რომ მოხვალთ, მერე გაიგებთ,ზოგადად კი, ჩვენ ვსვამთ კითხვებსო. ესეც შენი საბუთები და დროებითი მუშაობა. ანკეტაში მეწერა, რომ ჟურნალისტი ვიყავი, ისიც მეწერა, სად ვმუშაობდი (ვერ დავმალავდი, ანკეტის ყველა გრაფა უნდა შემევსო). ალბათ, ამიტომაც დაინტერესდნენ ჩემით. მთელი ღამე ათასნაირი სავარაუდო კითხვა ამომიტივტივდა და პასუხებსაც შესაბამისს ვუძებნიდი. ისიც ვიფიქრე, ალბათ, წლების წინ რომ ვერა პუტინა და პუტინის ნახევარდა, ლუბა ოსეფაშვილი ჩავწერე, იმათზეც შემეკითხებიან-თქო... სულაც არ გამიკვირდებოდა ამ წერილზე დაესვათ კითხვები, რადგან 2004 წელს, როცა "კვირის პალიტრაში" დაიბეჭდა ჩემი მასალა, ვინ აღარ მირეკავდა... რუსეთის ყველაზე მყვირალა გაზეთიდანაც კი ("მოსკოვსკი კომსომოლეციდან") შემეხმიანა ჟურნალისტი, რომელიც თავხედური ტონით მავალდებულებდა, რომ მეტეხში გავყოლოდი ვერა პუტინას სანახავად. მაშინ აბეზარი კოლეგა იოლად მოვიშორე - სხვის სახლში მეგზურობას და მასპინძლობას ვერ გაგიწევთ-მეთქი, მაგრამ უშიშროებას ასე მარტივად ხომ ვერ დავუძვრებოდი?!

გამოვცხადდი დანიშნულ დროს. შევედი უშიშროების შენობაში, დამხვდა ახალგაზრდა კაცი, რომელიც გამეცნო (პოლკოვნიკი­ ესა და ესო) და გამიძღვა კაბინეტისკენ­. ათასმა ფიქრმა გამიელვა წუთში: ამათთან ყველაფერი მოსულა. მეორე გასასვლელიდან რომ გამიყვანონ და მორჩა, გამაქრონ, თითქოს არც ვყოფილვარ... გასაკვირი იქნება? ჯერ არ გაუკეთებიათ ასე? თანაც, საქართველოდან ვარ, მათ მიერ ოკუპირე­ბული ქვეყნიდან, ჟურნალისტი... თავისი ჟურნალისტები მოუშორებიათ უპრობლემოდ, ქართველი ჟურნალისტის მოშორება რა პრობლემაა? კაბინეტში რომ შევედი, კედელთან დიდი მაგიდა და ორი სკამი დამხვდა. ოთახს ფანჯარა არ ჰქონდა, ამიტომ მკრთალი შუქი ანათებდა. იმ სათვალიანმა, საოცრად რომ ჰგავდა გამხდარ ბერიას (იქნებოდა ასე 35 წლამდე), მის მოპირდაპირე სკამზე მიმითითა. დავჯექი თუ არა, მაგიდის ელექტროსანათი ჩართო და პროჟექტურის განათება მომიშვირა. გაოცებისგან პირი დავაღე. ერთი ჩვევა მაქვს, მძიმე წუთებში არ ვიბნევი, ვცდილობ შევინარჩუნო სიმშვიდე და არავის ვაგრძნობინო, რომ რამეზე ვნერვიულობ, სამაგიეროდ მერე ვიწყებ ნერვიულობას. ახლა რომ ვიხსენებ იმ საშინელ 2 საათს, მიკვირს, ისე თავისუფლად ველაპარაკე, თითქოს უშიშროების ხშირი სტუმარი ვიყავი.­ ლამპა-პროჟექტორზე გაოცება ღიმილით გამოვუხატე:

- ასეთი რამ ფილმებში თუ მინახავს მხოლოდ. ეტყობა, გასაუბრებაზე კი არა, დაკითხვაზე ვარ.

- უკაცრავად, ოთახში შუქი არაა და ამიტომ ჩავრთე, - თითქოს მომიბოდიშა.

ორი საათის მანძილზე, კაცს თვალი არ დაუხამხამებია, ისე მისვამდა კითხვებს: რატომ ჩამოვედი? აპარატურა ხომ არ მაქვს ჩამოტანილი? აქ სად და რა პოზიციაზე მინდა მუშაობა? ის გაზეთი, სადაც მე ვმუშაობ, მთლად კარგი განწყობით არ არის რუსეთის მიმართ და მე რა დამოკიდებულება მაქვს რუსულ პოლიტიკასთან? ამ კითხვებს იოლად გავართვი თავი. ეგონა, ჩემი ხელისუფლების ლანძღვას დავიწყებდი, მაგრამ მსგავსი არაფერი წამომცდენია და შევატყვე, გაუკვირდა. მერე შემომაპარა, რომ მთარგმნელი სჭირდებოდათ ქართულიდან რუსულზე და, ხომ არ ითანამშრომლებთ ჩვენთანო. ჯერ შუბლზე ამივიდა თვალები, მერე ისე გულიანად გამეცინა, მიხვდა, ეს საკითხი ჩემთვის ყოვლად მიუღებელი და გამორიცხული იყო. აბა, აქ რა უნდა გააკეთოთ ჟურნალისტმა? - ჩამეკითხა ეჭვიანად. ხაჭაპურები უნდა ვაცხო-მეთქი - ცოტა არ იყოს აგდებულად ვუპაუხე და მთელი ამ საუბრის მანძილზე პირველად გაკრთა მის ტუჩებზე ღიმილი. ვიფიქრე, ალბათ, მომეჩვენა-მეთქი, მაგრამ უცებ თავისი ამბის მოყოლა დაიწყო: პატარა ვიყავი, როცა ბიძაჩემი (დედის უმცროსი ძმა) დაქვრივდა. ბავშვობიდან მათამამებდა.­ მალევე შეირთო ქართველი ქალი, რომელიც გორის სოფლიდან იყო. ბიცოლაც ძალიან შემიყვარდა, სულ მეფერებოდა, ისეთ გემრიელ ხაჭაპურს მიკეთებდა, ისე მეთამაშებოდა ხოლმე, დედასთან წასვლა აღარც მინდოდა. ახლა ხშირად ვერ ვნახულობ, მაგრამ ბიძაც და ბიცოლაც ძალიან მიყვარსო. ბიცოლა სულ ნანობდა და ტიროდა, ნეტავ, არ გამეყიდა ჩემს სოფელში სახლ-კარი, ახლა ჩემს ქმართან მშვიდად ვიცხოვრებდი იქო... გაოცებული ვუსმენდი, ერთი გაფიქრება, ისიც გავივლე გულში, საინტერესო იქნება ამასთან ინტერვიუ-მეთქი, მაგრამ უშიშროების პოლკოვნიკთან ურთიერთობა, თან რუსეთში, ნამდვილად კამიკაძეობას ნიშნავდა და მაშინვე წერტილი დავუსვი ამ თემას. ერთი, რაზეც გაჩუმება ვერ მოვახერხე, მისი ბიძა-ბიცოლის გორის რაიონში "მშვიდად" ცხოვრების პერსპექტივა იყო: საქართველოში­ ვინც ჩამოდის, ყველა აღფრთოვანებულია ჩვენი მიწა-წყლით, მაგრამ არ ვიცი, თქვენი ბიძა და ბიცოლა რამდენად მშვიდად იცხოვრებდა გორის რაიონში, 2008-ში ბევრი სოფელი დაიბომბა რუსებისგან, მათ შორის გორიც, ახლა კი 20 პროცენტი ოკუპირებულია-მეთქი. ამაზე არ ამყვა (ამის გამო ბიძაშვილებმა მისაყვედურეს, უშიშროებაში რამ გათქმევინა ოკუპაციაზეო). ან რა უნდა ეპასუხა? რამე ტყუილი ვუთხარი? სულ ველოდებოდი კითხვას იმ ყბადაღებულ ინტერვიუზე, მაგრამ ვერა პუტინაზე არაფერი უკითხავს. ასე იყო თუ ისე, დასრულდა ჩემი ორსაათიანი დაკითხვა. გამომშვიდობებისას მითხრა, რომ კიდევ დამიკავშირდებოდა, მაგრამ აღარ შემხმიანებია.

"მწვანე კონცხი“

დროებითი ცხოვრების და მუშაობის უფლება რომ მოვიპოვე, უფრო თამამად დავიწყე ქუჩაში სიარული. აქეთ-იქიდან მომდიოდა ამბები დატერორებული ქართული რესტორნებისა და კაფეებისა. საემიგრაციო სამსახურმა კარგად იცოდა, რომ ყველას არ შეეძლო ამ საბუთის მოპოვება (ამ სამი წლის მანძილზე მოვახერხე და თბილისში ისევ ბელორუსის გზით დავბრუნდი, რათა რუსეთის საელჩოში, რომელიც შვეიცარიის საელჩოს შენობაშია, ოფიციალურად გამეკეთებინა ეს საბუთი). კარგად იცოდნენ, რომ სავსე იყო კვების ობიექტები არალეგალი ქართველებით, ამიტომაც დროდადრო, როგორც მონღოლთა ურდო, ისე შეესეოდნენ ამ ობიექტებს. თუ იმდენს ვერ ამოიღებდნენ, რამდენსაც ვარაუდობდნენ, სამი თვის მერე ისევ მიადგებოდნენ... ხოლო, თუ სოლიდურ თანხას გამოჰკრავდნენ ხელს, მაშინ ერთი წელი აღარ აწუხებდნენ, უბრალოდ, სტუმრის სტატუსით შედიოდნენ და უფასოდ სადილობდნენ ან ვახშმობდნენ. რუსი ხომ ზოგადად ასეთია, საქართველოში ჩამოსული კარგ მასპინძლობას ელის სტუმრის სტატუსით და რუსეთში ჩასული ქართველისგანაც იქით ითხოვს პატივისცემას. რუსეთში ყოფნისას­ საბოლოოდ დავრწმუნდი, რა "უფროსი ძმაც" გვყავს და რამხელა დათვთან ვიყოფთ საზღვარს... მუხრანის ლექსი ამეკვიატა და რუსის ხსენებაზე დღემდე ეს მაკერია პირზე: "ეს რა ყოფილა, ბატონო რუსი!/ ეს ვინ ყოფილა, ბატონო რუსი!/ არ მოგვანატრა ლახტი და გურზი/თემურ-ლენგისა და მურვან ყრუსი?!"

საბუთით მართლაც იოლად ვიპოვე სამსახური. ეს გახლდათ კაფე "ზელიონი მის" ("მწვანე კონცხი"), რომლის მეპატრონემაც საქართველოს სიყვარულით და ბათუმში მდებარე კონცხის პატივსაცემად დაარქვა ეს სახელი თავის ობიექტს. როცა მოსალაპარაკებლად მივედი და გავიგე, რომ დირექტორ ქალსაც დიდი კავშირები ჰქონდა საქართველოსთან, ბევრი აღარ მიფიქრია, იმ დღესვე დავთანხმდი სამუშაო პირობებს­. ალიონა 50 წლის ქალბატონი გახლდათ, რომელიც ქართველი საბუთიანი თანამშრომლის აღმოჩენით უსაზღვროდ გახარებული იყო. გულწრფელად გამოხატავდა ამ სიხარულს, მეც და სხვებსაც აღტაცებული გვეუბნებოდა: პატარა გოგოსავით მიხარია მარინოჩკას პოვნაო. მაშინვე შეფად გამომაცხადა, მთხოვა, ჩამომეწერა ქართული კერძების სია, რომელსაც გავუკეთებდი... ჩამოვუწერე: ოთხნაირი ხაჭაპური (იმერული, მეგრული, აჭარული და ფენოვანი). ლობიანი და კუბდარი, კერძები: ხარჩო, ჩაშუშული, საცივი (ოღონდ ბაჟეს ვარიანტი), ჩიხირთმა, მაწვნის შეჭამანდი, ოჯახური, შქმერული, სხვადასხვა ფხალეულობა (ისპანახის, კომბოსტოს, მწვანე ლობიოს და ჭარხლის)... მოუთმენლად ელოდა დირექტორი თავისი სამეგობრო წრით ჩემი ნახელავის დაგემოვნებას. მოკლედ, ჩავიცვი სამუშაო ფორმა, გავიკეთე წინსაფარი და დავიკაპიწე ხელები. გახსოვთ, "აურზაური სალხინეთში"? იქ რომ კომიიის წევრები უსხედან გრძელ მაგიდას?! აი, ზუსტად ასე უსხდნენ დირექტორი, მისი ძმა, დედა, და, შვილი, დირექტორის "გრაჟდანსკი" ქმარი ("გრაჟდანსკი" ქმარი იქ მეგობარ მამაკაცს ნიშნავს) კიდევ სამი მეგობარი და ერთიც სპეციალურად მოწვეული ფოტოგრაფი თავისი აპარატით, რათა გამზადებულ-გაფორმებული კერძებისთვის ფოტოები გადაეღო და მერე მენიუში ჩაედოთ. რაღაცნაირი აზარტი მომეძალა, თან ვხალისობდი ამ ხალმრავალ კომისიას რომ ვუყურებდი. ყველაფერი თანამიმდევრულად გავაკეთე. მხოლოდ ხარჩო გადავდე მეორე დღისთვის. აქვე უნდა აღვნიშნო ხარჩოს ფენომენი. ეს კერძი აქ მზარეულთა სუსტი წერტილი გახლავთ. რამდენ კაფეშიც მივედი, პირველი კითხვა ეს იყო: "ხარჩო იცი?" თავიდან ალალად წამომცდა, სახლში გამიკეთებია-მეთქი. მერე მითხრეს, რომ ასეთი პასუხით სამსახურს ვერ ვიშოვიდი. მახსოვს ერთი ეპიზოდი, როცა ქალებმა სულ ტაფები ურტყეს ერთმანეთს თავში იმის გამო, რომ ერთს ქინძის დამატებით მიაჩნდა ხარჩოს სწორად გაკეთება, მეორეს კი - მხოლოდ ოხრახუშისა და ნიახურის... მოკლედ, გავიდა დრო და ხარჩოც ისეთი ვისწავლე, როგორსაც იქ, მოსკოვში, პატივს სცემდნენ. რაც შეეხება კომისიას, როცა კერძების დაგემოვნებისას მომესმა მათი ოვაციები, მივხვდი, რომ ჩემით დაიწყო მათი გემრიელი და ბედნიერი­ ცხოვრების ეტაპი. გაკეთდა ახალი მენიუ, სადაც დიდი ადგილი დაეთმო "ქართულ მაგიდას" ("Грузинский стол"). ფოტოებიც კარგი გამოვიდა. მეორე დღეს ხარჩოც დააგემოვნეს და ზარ-ზეიმით მიმიღეს. ცოტა ხანში აღმოვაჩინე, რომდირექტორივით აღფრთოვანებული არ იყო ორი მზარეული. ისინი დონეცკელი­ კაზაკები იყვნენ, შენაცვლებით მუშაობდნენ ცხელი და ცივი კერძების საამქროში. ჩემი მისვლით მათი გრაფიკი დაირღვა. ერთ-ერთი კი გაუშვეს, რაზედაც ძალიან შევწუხდი.­ ალიონამ ეს შემატყო, გვერდით მომიჯდა და სხვებიც დაიმოწმა, რომ დიდი ხანია ამ კონფლიქტური ქალის გაშვებას აპირებდა... მან ამ გათავისუფლებულის ახლობელი ლენაც აჰყვა ლაპარაკში და ერთი შემთხვევა­ მიამბო: ისეთი მოჩხუბარი იყო, სტოპი არ იცოდა, ერთხელ ვერ გავაჩუმე და იძულებული გავხდი ქვაბი დამემხო თავზეო(!) მივხვდი, რომ ისევ გაუგებრობაში მოვხვდი და დიდი ძალისხმევა მომიწევდა, არსებულ სიტუაციას მოვრგებოდი. მთავარი იმ ეტაპზე მაინც ის იყო, რომ ემიგრაციის, პოლიციის ან უშიშროების სამსახურიდან შემოსულების აღარ შემეშინდებოდა და აღარც დავიმალებოდი.

არც აქ გამიმჟღავნებია, რომ ჟურნალისტი ვიყავი. ამათაც გადაწყვიტეს, რახან უმაღლესი განათლება მქონდა, მასწავლებელი ვიყავი. გამეცინა. რატომ აღმიქვამდნენ მასწავლებლად მოსკოველი ქართველები ან რუსები, ვერ ვიგებდი. ალბათ, ბევრ კითხვაზე რომ პასუხი მქონდა, ან მათსავით რომ არ ვჩხუბობდი, არ ვიწყევლებოდი, არ ვბილწსიტყვაობდი და ვცდილობდი მათ დაზავებას, ჩათვალეს, რომ ჩემს ქვეყანაში პედაგოგიურ საქმიანობას ვეწეოდი. თავიდან ვფიქრობდი, მხოლოდ ქართულ კერძებს გავაკეთებდი, მაგრამ შევცდი - როგორც ამ კაფე-რესტორნის შეფს, ყველაფერი გევალება, ქართული კერძებიც უნდა გააკეთო, ევროპული სალათებიც და მთელი სამზარეულო თავის პროდუქტებიანად უნდა გააკონტროლოო. თვალები შუბლზე ამივიდა, მაგრამ ის მისია, რისთვისაც ამდენი რამ გადავიტანე, რამენაირად უნდა შემესრულებინა, ამიტომაც თმენის რეჟიმში ვრჩებოდი. ცაში თვითმფრინავების ცქერა ლამის ავადმყოფურ აკვიატებად მექცა...

"მწვანე კონცხში" მუშაობა შრომატევადი და საშინლად დამღლელი აღმოჩნდა. ღამის ორ საათამდე ვმუშაობდი. თუ სტუმარი ბევრი იყო - დილის 4-5-მდეც. ხშირად გვქონდა ქელეხები, ორმოცები, წლისთავები ან ქორწილები და იუბილეები. ქელეხებს 2-3 საათზე ნიშნავდნენ. ასეთ შემთხვევაში დილის 10-ზე მიწევდა მისვლა. თუ საღამოს ქორწილი ან იუბილე იყო, შინ გათენებისას ვბრუნდებოდი. მთელი ქართული სამზარეულო ხომ ჩემს კისერზე იყო, ევროპულის ცივი კერძები და ცხობაც მე მევალებოდა. ეს სამ პოზიციას გულისხმობდა, მე კი ერთის ხელფასს ვიღებდი. ესეც არ იკმარეს, კვირაში ერთხელ გენერალურ დალაგებასაც მთხოვდნენ. ამით ზოგავდნენ შეფ-მზარეულის, ევროპული კერძების მზარეულის, მცხობელისა და კიდევ დამლაგებლის ფულს. მე სულელი კი, იმდენად აღფრთოვანებული ვიყავი ალიონას სიყვარულით საქართველოს, ქართველების და ყოველივე ქართულის მიმართ, რომ ამ ხელფასზეც დავთანხმდი. მერე და მერე, როცა ქანცი გამიწყდა და ფეხზე ვეღარ ვდგებოდი, ხმა ამოვიღე და ვუთხარი, რომ ამ ხელფასზე ვეღარ ვიმუშავებდი. მიხვდა, წასვლას ვაპირებდი და გადაირია, თავს მოვიკლავ, არსად წახვიდე, რამდენსაც გინდა, იმდენს გადაგიხდიო? შემრცხვა ფულზე ვაჭრობა, ძლივს ამოვთქვი: ხელფასის მომატებას არ გთხოვ, როცა ბანკეტი, ქორწილი და ქელეხი იქნება, მოგებიდან 10 პროცენტი მომეცი-მეთქი. დამთანხმდა. ასე უკვე იმდენი გამომდიოდა, რამდენიც საბუთიან პერსონალს ერთ პოზიციაზე. რაც შეეხება დირექტორის ქართულ "ფესვებს", თურმე მისი მამა და ბაბუა სამხედროები იყვნენ და საქართველოში, კონცხზე რომ სასაზღვრო-სამხედრო ბაზა იყო, მრავალი წლის განმავლობში იქ მსახურობდნენ. წარმოშობით პეტერბურგელი რუსები გახლდნენ,­ საქართველოზე გიჟდებოდნენ და ძალიან დიდხანს, სანამ მამა პენსიაზე არ გავიდა, იქ ცხოვრობდნენ. ბათუმშიც ჰქონდათ ბინა და კონცხზეც. ალიონას მამაც, ბაბუაც და ბებიაც სუფთად ლაპარაკობდნენ ქართულად. მამამისი ამბობდა თურმე: მართალია, ეროვნებით რუსი ვარ, მაგრამ საქართველოს შვილად მიმაჩნია თავიო... ალიონაც და მისი ძმაც ზაფხულობით სტუმრობდნენ ბებია-ბაბუას. დედა ბუღალტერი იყო პროფესიით. პეტერბურგში კარგი სამსახური ჰქონდა, ამიტომაც იქ იყო ძირითადად, მაგრამ როგორც კი შვებულებას აიღებდა, კუთვნილს უფასოსაც მიაბამდა და მთელ ზაფხულს აჭარაში ატარებდა ოჯახთან ერთად. რაღა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მოსმენა მსიამოვნებდა და ამდენ ვაი-უბედურება­ გამოვლილი სადღა წავიდოდი?მარინა ბაბუნაშვილი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)