ვის ეკრძალება აზარტულ თამაშებში მონაწილეობა და როგორ მოხვდებიან ისინი ე.წ. შავ სიაში - კვირის პალიტრა

ვის ეკრძალება აზარტულ თამაშებში მონაწილეობა და როგორ მოხვდებიან ისინი ე.წ. შავ სიაში

1-ლი მარტიდან კანონი ამოქმედდა და აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალათ 25 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, სახელმწიფო შემწეობის მიმღებ სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით; ასევე - მათ, ვინც მოხვდებიან­ ე.წ. შავ სიაში“სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან ოჯახის წევრების მოთხოვნით. სავარაუდოდ, აზარტული თამაშები მილიონამდე სრულწლოვან მოქალაქეს შეეზღუდება. აკრძალულია აზარტული თამაშების უცხოურ საიტებზე ქართული ბარათით თანხის გადარიცხვაც. ცვლილებების მიხედვით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, მათ შორის - კომერციული ბანკი, ვალდებულია­, არ დაუშვას მის მიერ გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტით რეზიდენტი პირების მიერ სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი უცხოური კომპანიის სასარგებლოდ ინტერნეტსივრცეში გადახდა. აკრძალულია სათამაშო ბიზნესის სატელევიზიო და გარე რეკლამა, რეკლამის განთავსება ქართულ ვებგვერდებზე. სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვებია მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება. რა შედეგი გამოიღო კანონის ცვლილებებმა, მიმართეს თუ არა თამაშდამოკიდებულმა პირებმა ე.წ. შავ სიაში შეყვანის მოთხოვნით შემოსავლების სამსახურს და რა ხარვეზებია ამ მხრივ? ამ საკითხებთან დაკავშირებული კვლევა ჩაატარა ორგანიზაციამ `ახალგაზრდა ადვოკატები~. ორგანიზაციის იურისტი სოფიო ჭელიძე ამბობს,­ რომ კანონი ფუნქციური აღმოჩნდა. შესწავლამ აჩვენა, რომ დამოკიდებულ პირთა შესახებ მონაცემთა ბაზაში ერთი თვის შემდეგ 518 მოქალაქეა რეგისტრირებული. მათგან 506-მა თავად მიმართა შემოსავლების სამსახურს და დარეგისტრირება მოითხოვა, მოსამართლის ბრძანების­ საფუძველზე კი ბაზაში 10 პირი შეიყვანეს.

- ჩვენი ორგანიზაციის ინტერესი იყო, დადგენილიყო, საქართველოს რამდენი მოქალაქეა დარეგისტრირებული ბაზაში, რამდენი პირადი განაცხადი შევიდა, რამდენი განცხადება არ დაკმაყოფილდა, სასამართლოს დავების შემთხვევაში როგორი სტატისტიკა გამოიკვეთა... დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურმა­ ბაზაში ერთი პირის მიმართვა გააუქმა, ერთი პირის მიმართვა კი უარყო, მაგრამ­ ჩვენი ორგანიზაციისთვის უცნობია, რა საფუძვლით მიიღეს ეს გადაწყვეტილებები.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება საზოგადოებისთვის კვლავ დიდი პრობლემაა. მონაცემები მუდმივად იზრდება. კანონში ცვლილება 2022 წლის 1-ლი მარტიდან ამოქმედდა. ამ პერიოდამდე არ იყო განსაზღვრული იმ პირთა წრე, რომელთაც აკრძალული უნდა ჰქონოდათ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშებში მონაწილეობა. ცვლილებით გაიზარდა თამაშებში­ მონაწილეთა მინიმალური ასაკიც - 25 წელი გახდა. ეს ეხება ონლაინთამაშებსაც და ძალიან კარგია. უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის მინიმალური ასაკი 18 წელია. ამასთან, სავალდებულო გახდა აზარტულ ან/და მომგებიან თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიის შედგენა, რაც შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს საქალაქო, რაიონული სასამართლოების უფლებამოსილებად განისაზღვრა. საქართველოს მოქალაქეს, რომელიც დამოკიდებულია აზარტულ თამაშებზე, ამ ცვლილებებით მიეცა შესაძლებლობა, მიმართოს შემოსავლების სამსახურს და პირადი­ განცხადების საფუძველზე მოითხოვოს თავისი მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეყვანა,­ რის შემდეგაც მას აეკრძალება აზარტულ ან მომგებიან თამაშებში­ მონაწილეობა და ვერ შევა ვერც ერთ ასეთ დაწესებულებაში. დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შეყვანა შესაძლებელია აზარტულ თამაშზე დამოკიდებული პირის ოჯახის წევრის განცხადების საფუძველზეც, რომელიც უნდა წარადგინონ სასამართლოში. სასამართლო განცხადების წარდგენიდან არა უადრეს სამი და არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა განიხილავს განცხადებას და გამოსცემს ბრძანებას, ამ პირის მონაცემები შეიტანოს დამოკიდებულ პირთა­ სიაში თუ უარი უთხრას განმცხადებელს. თუ ოჯახის წევრს სასამართლო უარს ეტყვის თხოვნის დაკმაყოფილებაზე, მას უფლება აქვს, ეს გადა­წყვეტილება ერთჯერადად სააპელაციო წესით გაასა­ჩივროს ზემდგომი ინსტა­ნციის სასამართლოში. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო დამოკიდებული პირის მონაცემებს გაუგზავნის შემოსავლების სამსახურს, რომელიც ამ მონაცემებს ასახავს ბაზაში და პირს აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალება როგორც ლაივ, ისე ონლაინკაზინოში.

ჩვენ მივმართეთ სასამართლოს, მოეწოდებინა ინფორმაცია, რამდენმა პირმა მიმართა მათ ოჯახის წევრის ამ ბაზაში­ შეყვანის მოთხოვნით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასეთ სტატისტიკას სასამართლო არ აწარმოებს. მხოლოდ შემოსავლების სამსახურმა გვაცნობა, რომ მათთან სასამართლოდან ათი მოთხოვნა შევიდა, მაგრამ ჩვენთვის უცნობია, რამდენ ადამიანს ეთქვა უარი ან რა მოტივით. ვფიქრობთ, ეს ხარვეზია. ეს მონაცემები უნდა აღირიცხებოდეს სასამართლოში, რომ სურათი ნათელი იყოს. ჩვენმა ორგანიზაციამ ამ საკითხზე ინფორმაცია გამოითხოვა თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებიდანაც. გაირკვა, რომ როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2288-ე მუხლთან დაკავშირებული საქმე არ განხილულა. ეს ნიშნავს, რომ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე ბაზაში რეგისტრირებული 10 თამაშდამოკიდებული პირის საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოების მიღებულია და არც ერთი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა.

- გასაჩივრების უფლება აქვს იმ პირს, ვის სიაშიც შეტანასაც მისი ოჯახის წევრი ითხოვს?

- დიახ, პირს უფლება­ აქვს, სასამართლოს გადა­წყვეტილება გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში და მისი გაუქმება მოითხოვოს. ასევე ოჯახის წევრს აქვს უფლება, გაასაჩივროს, თუ სასამართლო მის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, კანონში განხორციელებული ცვლილებები, წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს არის პრევენცია და სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ისეთ მოწყვლად ჯგუფებზე, რომელთაც, მათი ნების მიუხედავად, არ შეუძლიათ თვითონ ებრძოლონ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას. სამწუხაროდ, ხშირად ასეთი­ დამოკიდებულება ტრაგიკულად მთავრდება და ამის უამრავი მაგალითია ჩვენ ირგვლივ. გვაქვს არაერთი ფაქტი, როდესაც თამაშდამოკიდებული პირისთვის თამაში საარსებო სახსრების დაკარგვის მიზეზი ხდება. საქართველო რომ აზარტული თამაშების ბიზნესისთვის ყველაზე ხელსაყრელი და მომგებიანი ადგილია, ყველამ იცის, თუმცა სახელმწიფოს პოლიტიკა, ერთი მხრივ, დაიცვას ბიზნესის ინტერესები, მეორე მხრივ კი შემოიღოს მართლზომიერი აკრძალვები, მისაღებია. მნიშვნელოვანია, კანონის აღსრულებისთვის უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება, მოხდეს სამიზნე ჯგუფების მაქსიმალურად ინფორმირება და გამოქვეყნდეს როგორც სამართალწარმოების სტატისტიკა, ასევე - სასამართლოს გადაწყვეტილებები. ჩვენი ორგანიზაცია ამ საკითხებზე მუშაობას კვლავაც გააგრძელებს.

- ხარვეზები თუ აღმოაჩინეთ კვლევის­ დროს?

- გამოიკვეთა რამდენიმე რისკ-ფაქტორი. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ პირს, რომელიც თავისი პირადი მონაცემებით დარეგისტრირდება ამ ბაზაში, თამაში აეკრძალება, მაგრამ მას შეუძლია, სხვა პირის მონაცემებით ონლაინკაზინოში ითამაშოს, რადგან ონლაინკაზინოების კონტროლი უფრო რთულია. შესაბამისად, ისმის კითხვა: ეფექტიანია თუ არა ეს კანონი და მოახერხებს თუ არა მოსახლეობა, გვერდი აუაროს ამ ცვლილებებს? ამას დრო გამოაჩენს. ჩვენ ტოტალიზატორებიდან არ გამოგვითხოვია ინფორმაცია, თუმცა შესაძლებელია კონკრეტული ტოტალიზატორის მფლობელთა არაკეთილსინდისიერების გამო თამაშდამოკიდებული პირი იქ მაინც შევიდეს, თუმცა ამ შემთხვევაში დაწესებულია სოლიდური ჯარიმები:P პირველ შემთხვევაში­ - 5.000 ლარი, მეორე შემთხვევაში - 10.000 ლარი. დაზღვევის ერთადერთი მექანიზმი არის ის, რომ დარეგისტრირებისას ონლაინტოტალიზატორები ითხოვენ ფოტოს, მაგრამ თუ პირი ერთხელ დარეგისტრირებულია, მეორედ შეუძლია შევიდეს ჩვეულებრივ ონლაინკაზინოში და ითამაშოს - მას იდენტიფიცირებას აღარ სთხოვენ, თავდაპირველად კი შეიძლება სხვა პირის ფოტოც გამოიყენოს.

ვფიქრობთ, სახელმწიფომ კანონით უნდა დაავალდებულოს ონლაინკაზინოები, რომ ყოველ ჯერზე მოხდეს პირის რეგისტრაცია.

თამაშდამოკიდებულება ნარკოდამოკიდებულებაზე არანაკლები პრობლემაა და მიგვაჩნია, რომ ამ ხალხთან ინდივიდუალურად მუშაობაა საჭირო, რათა ეს პრობლემა როგორმე აღმოიფხვრას.