მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური არ ადასტურებს - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური არ ადასტურებს

რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური არ ადასტურებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, სასწრაფო დახმარება სხვა პატიმარს სხვა დაწესებულებაში დასჭირდა.

გარდა ამისა, "ინტერპრესნიუსთან" ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც.

ცნობისთვის, დღეს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს ყველა აუცილებელი გამოკვლევა ჩაუტარდება და მიეწოდება შესაბამისი მკურნალობა დაწესებულების ფარგლებს გარეთაც საქართველოში.

მათივე ცნობით, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ექიმების 24 - საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები და სათანადო სამედიცინო შემოწმება შესაბამისი პროფილის ექიმების მიერ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური.

ინფორმაციისთვის, მედიაში და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსთავის ციხე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დატოვა, რომელსაც შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაჰყავს.

სააკაშვილი არსად გაუყვანიათ, იგი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია.

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "არსად გაუყვანიათ და იგი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია".

რატი ბრეგაძის შეფასებით, "პოლიტიკური მიზნებისთვის ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ მცდარი საზოგადოებრივი წარმოდგენების შექმნის მცდელობა სხვა არაფერია თუ არა მავნებლობა".

"მრავალჯერ ვთხოვეთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავშეკავება.

პოლიტიკური მიზნებისთვის ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ მცდარი საზოგადოებრივი წარმოდგენების შექმნის მცდელობა სხვა არაფერია თუ არა მავნებლობა.

სააკაშვილი არსად გაუყვანიათ, იგი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია.

ყალბი ინფორმაციით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა პოლიტიკური მოროდიორობაა",- დაწერა მინისტრმა რატი ბრეგაძემ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში".

ინფორმაციისთვის, მედიაში და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსთავის ციხე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დატოვა, რომელმაც შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანა, ერთ-ერთ დაწესებულებად კი რესპუბლიკური საავადმყოფო სახელდებოდა.

IPN