სამოქალაქო თავდაცვა - განგაშის სიგნალი - ვინ და როგორ უნდა გააფრთხილოს მოსახლეობა ექსტრემალურ სიტუაციებში - კვირის პალიტრა

სამოქალაქო თავდაცვა - განგაშის სიგნალი - ვინ და როგორ უნდა გააფრთხილოს მოსახლეობა ექსტრემალურ სიტუაციებში

რედაქციაში უამრავი თხოვნა შემოდის, მეტი ყურადღება დავუთმოთ საკითხს, როგორ მოიქცნენ მოქალაქეები ექსტრემალურ ვითარებაში. როგორც ყოველთვის, ვითვალისწინებთ მკითხველის თხოვნას და ახალ რუბრიკაში მარტივად და გასაგებად ვხსნით, როგორ უნდა იმოქმედონ მოქალაქეებმა არა მხოლოდ შეიარაღებული კონფლიქტის, არამედ, უპირველესად, მშვიდობიანობის დროს, ნებისმიერ მძიმე ვითარებასთან გასამკლავებლად, იქნება­ ეს წყალდიდობა, ღვარცოფი, მეწყერი,­ ზვავი, ავტოკატასტროფა,­ ხანძარი, მიწისძვრა თუ სხვა. ვუსუ­რვებთ ჩვენს მკითხველს, ამ რჩევ­ების პრაქტიკულად გამოყენება არასოდეს დასჭირდეთ.­ რუბრიკაში„"სამოქალაქო თავ­დ­­­აცვა"­­ სიამოვნებით ვუპ­ასუ­ხე­ბთ­ ამ საჭირბოროტო­ თემ­ე­ბთან­ დაკავშირებულ­ კითხვ­ე­­ბსაც­, რომელთა გამოგზავნა შეიძლება„"კვირის პალიტრის" საიტზე: www.kvirispalitra.ge გამოქვ­ეყნებული სტატიების კომენტარებში.

ნებისმიერ მოქმედებას აზრი და ეფექტიანობა ეკარგება, თუკი დაგვიანდა, ამიტომაც ექსტრემალურ სიტუაციებში და, მით უმეტეს, საბრძოლო მოქმედებების დროს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მოსახლეობის დროულ გაფრთხილებას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. მართალია, მიწისძვრას წინასწარ ვერავინ გამოიცნობს, მაგრამ ღვარცოფების, სეტყვისა თუ ქარიშხლის პროგნოზირება შესაძლებელია, ისევე, როგორც ომის დროს მოწინააღმდეგის საჰაერო თავდასხმის წინასწარ გამოვლენა.

დღეში რამდენჯერმე უკრაინის­ მასმედია ოპერატიულად ავრცელებს ქვეყნის რუკის ელექტრონულ სურათს, რომელზეც გაწითლებულია უკრაინის ის რაიონები­ და ქალაქები, სადაც რუსული სარაკეტო და საავიაციო თავდასხმებია მოსალოდნელი, ხოლო თავად უკრაინულ ქალაქებში გულის გამგმირავად ყვირის სირენა და მოსახლეობას თავშესაფრებში სწრაფად ჩასვლისკენ მოუწოდებს.

მართლაც, რა მნიშვნელობა ექნება თავშესაფარს, თუკი მოქალაქემ წინასწარ არ მიიღო განგაშის სიგნალი და მას სწრაფად არ მიაშურა?

საავიაციო დაბომბვის მაუ­წყებელ სპეციალურ სიგნალებს­ ევროპის ქალაქების მცხოვრებლები მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე გაეცნენ, იმ საშინ­ელი ომის დროს კი თავშეს­აფ­რების„სტუმარი ასობით მილიონი მოქალაქე გახდა ფრონტის ყველა მხარეს.

samx3-1652042294.jpg
პირველი მსოფლიო ომის დროს ასეთი კურიოზული მეთოდებითაც ცდილობდნენ თვითმფრინავის ძრავის ხმის "მიყურადებას" შედარებით შორ მანძილზე

იმ პერიოდში საჰაერო განგაშის სიგნალის გადაცემის მხოლოდ ორი ძირითადი ტექნიკური საშუალება არსებობდა: ქუჩებში დაყენებული რადიოდინამიკები და სირენები. რადიორეპროდუქტორი წინასწარ ჩაწერილი დიქტორის ტექსტით აფრთხილებდა მოსახლეობას საჰაერო თავდასხმის საშიშროების შესახებ, ხოლო ბოძებზე დამაგრებული სირენებიდან ძალზე ხმამაღალი ბგერები გამოიცემოდა.

დღეს, 21-ე საუკუნეში, კომუნიკაციისა და კავშირგაბმულობის მრავალი ახალი საშუალება მოქმედებს, მაგრამ ისევ გამოიყენება ძველებური მეთოდებიც - რადიოდინამიკებიდან ხმოვანი შეტყობინება და სირენების ყმუილი. დღეს, საგანგაშო სიტუაციების დროს, წყდება ყველა სატელევიზიო გადაცემა და მაყურებელი ეკრანზე ხედავს საჰაერო განგაშის ტექსტურ შეტყობინებას, რასაც ხმოვანი გაფრთხილებაც ემატება. მობილური კავშირის ოპერატორები ავტომატური რეჟიმით გზავნიან მოკლე ტექსტურ შეტყობინებას საჰაერო განგაშის შესახებ. ინტერნეტსივრცეში სწრაფად ვრცელდება ინფორმაცია მოსალოდნელი საფრთხის თაობაზე. ანუ დღეს საკმარისად არსებობს ტექნიკური საშუალებები, რომ მოსახლეობამ ყველგან ოპერატიულად მიიღოს გაფრთხილება მოსალოდნელ საჰაერო თავდასხმაზე­. პრობლემა სხვა რამეა - ვინ და რამდენ ხანში შეძლებს მოწინააღმდეგის მოსალოდნელი საჰაერო­ თავდასხმის ადრეულად აღმოჩენას და საგანგაშო სიგნალის გაგზავნას. მეორე მსოფლიო ომის დროს ეს, ძირითადად, ოთხი გზით კეთდებოდა:

პირველი - აკუსტიკური ლო­კატორების მოქმედი ეგზემპლ­არები პირველი მსოფლიო ომის დროს გამოჩნდა და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაიხვეწა. მათი საშუალებით გამოცდილი ოპერატორები რამდენიმე ათეული კმ-ის დაშორებით მფრენი თვითმფრინავის ძრავის ხმას ისმენდნენ და მისი ფრენის მიმართულებისა და სიმაღლის მიახლოებით პარამეტრებს განსაზღვრავდნენ.

მეორე - დღისით თვითმფრ­ინავების ვიზუალურად აღმოჩენა სპეციალური ოპტიკური ხელსაწყ­ოებით, ხოლო ღამით - მძლავრი პროჟექტორების გამოყენებით.

samx2-1652042294.jpg
უკრაინის ომი - რუსულ საჰაერო თავდასხმას გადარჩენილი მოქალაქეები

მესამე - რადიოლოკაციური სადგურების სწრაფმა გავრცელებამ საჰაერო თავდაცვის მეზენიტეებს საშუალება მისცა, უკვე ასეულობით კმ-ის დაშორებიდან აღმოეჩინათ მფრინავი აპარატი და მოესწროთ როგორც საზენიტო ქვემეხებისა და ტყვიამფრქვევების მომზადება, ისე - საჰაერო განგაშის სიგნალის გადაცემაც.

მეოთხე - მოწინააღმდეგის აეროდრომის სიახლოვეს ჩამალული აგენტურული დაზვერვა პორტატული რადიოსადგურიდან მოკლე დაშიფრული გზავნილით თავისიანებს ატყობინებდა ბომბდამშენების აფრენის მომენტს.

დღეისთვის მოწინააღმდეგის სავარაუდო საჰაერო თავდასხმის ადრეული აღმოჩენის საშუალებებიდან უკვე ამოღებულია აკუსტიკური ლოკატორები და პროჟექტორები, სამაგიეროდ, დაემატა თანამგზავრული დაზვერვის ორბიტული საშუალებები და, ბუნ­ებრივია, დარჩა რადიოლოკატ­ორებითა და აგენტურული დაზვერვით ინფორმაციის მოპოვების­ მეთოდები, ისევე, როგორც ვიზუალური აღმოჩენა, მაგრამ აქაც არის ერთი ძალზე მნიშვნელოვანი გარემოება - რა მანძილი აშორებს მოწინააღმდეგის აეროდრომს დასაბომბ ობიექტამდე და რა სიჩქარეს ავითარებენ ბომბდამშენები.

თვით უკრაინაც კი, რომელსაც თავისი 603 000 კვკმ ფართობით ევროპის ქვეყნებს შორის პირველი­ ადგილი უჭირავს და მისი დასავლეთი საზღვრიდან აღმოსავლეთამდე 1 250 კმ-ია, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე - დაახლოებით 900 კმ, ვერ ასწრებს­ საჰაერო თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას, რადგან საჰაერო თავდასხმის საშუალებები (თვითმფრინავები და ფრთოსანი რაკეტები) 800-900 კმ/სთ სიჩქარით ესხმიან თავს უკრაინულ ქალაქებს, ხოლო აერობალისტიკური „ისკანდერი“ წამში 2 კმ სიჩქარეს ავითარებს და რუსეთის ტერიტორიიდან სტარტის შემდეგ 3-5 წუთში ეცემა უკრაინის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქს.

თუკი უზარმაზარ უკრაინას საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებით ასეთი პრობლემები აქვს, რა ქნას პატარა საქართველომ, რომლის ჩრდილოეთ საზღვრიდან სამხრეთამდე 200-ოდე კილომეტრიც არ არის? ქართული საჰაერო თავდაცის რადიოლოკაციური აღმოჩენის ტექნიკურ საშუალებებს დამატებით პრობლემას უქმნის კავკასიონის ქედი და რუსეთის სამხრეთიდან საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში მოულოდნელად შემოჭრილ რუსულ ბომბდამშენს დედაქალაქამდე მოსაღწევად რამდენიმე წუთი ჰყოფნის, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩრდილოკავკასიიდან გამოშვებულ "ისკანდერებზე". ქართველმა მეზენიტეებმა შეიძლება მოასწრონ უკვე საბრძოლო მორიგეობაზე მდგომი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით რეაგირება, მაგრამ საჰაერო განგაშის სიგნალის დროულად გადაცემა და, მით უმეტეს, 5-10 წუთში მოსახლეობის თავშესაფარში ჩასვლა თითქმის წარმოუდგენელია. მართალია, აუცილებელია, საჭიროებისას თავი ყველამ სადმე შეაფაროს, მაგრამ რა იცის ჩვეულებრივმა მოქალაქემ, სად არის თავშესაფარი და როგორ მივიდეს იქამდე? ყველა ხომ ვერ მოასწრებს თბილისის მეტროპოლიტენში ჩასვლას ან სად დაეტევა ამდენი ხალხი?

სწორედ ამ საჭირბოროტო კითხვაზე ვეცდებით პასუხის გაცემას "კვირის პალიტრის" ახალი რუბრიკის მესამე ნაწილში: "თავშესაფარი - როგორ მიაგნონ მას მოქალაქეებმა და რა საფრთხისგან დაგვიცავს ის".