„სარკინიგზო ომი“ ანუ როგორ უმალავენ უკრაინის სარკინიგზო გვირაბებში რუსულ „კალიბრებს“ ამერიკულ ჰაუბიცებს... - კვირის პალიტრა

„სარკინიგზო ომი“ ანუ როგორ უმალავენ უკრაინის სარკინიგზო გვირაბებში რუსულ „კალიბრებს“ ამერიკულ ჰაუბიცებს...

უკრაინაში შეჭრილი რუსი აგრესორები რომ გადამწყვეტ გამარჯვებას ვერ აღწევენ, უპირველესად, უკრაინის არმიის გმირი მებრძოლების დამსახურებაა, მაგრამ საბრძოლო ჟინს აუცილებლად სჭირდება შეიარაღებითა და საბრძოლო მასალით გამაგრება, ამიტომაც დასავლეთის მიერ უწყვეტად მიწოდებული იარაღის პარტიები, რა თქმა უნდა, უდიდეს როლს თამაშობს რუსეთის არმიის შეჩერებაში, ხოლო როდესაც ამერიკული „"ლენდ-ლიზიც“ ამოქმედდება, რუს სამხედროებს კარგი დღე არ დაადგებათ. მოსკოვშიც ხვდებიან, რომ მზარდი დასავლური სამხედრო დახმარების მეოხებით უკრაინელები თავგანწირვით იბრძვიან, ამიტომაც რუსეთის გენერალიტეტს შეიძლება პირადად პუტინისგანაც აქვს დავალებული, ყველა ღონე იხმარონ, რომ დასავლეთის შეიარაღებამ ფრონტის ხაზამდე ვერ მიაღწიოს.

ეს სიტუაცია რაღაცით წააგავს ოთხი ათეული წლის წინანდელ მოვლენებს, როდესაც ავღანეთში შეჭრილი საბჭოთა არმია ომის თითქმის ათი წლის განმავლობაში ცდილობდა ავღანელ მოჯაჰედებს მეზობელი პაკისტანიდან როგორმე არ მიეღოთ ამერიკული „"სტინგერები“ თუ ჩინური "კალაშნიკოვები, მაგრამ ავღანეთ-პაკისტანის მთელი საზღვრის ჩაკეტვა მაინც ვერ მოახერხა.

რაც მაშინ საბჭოთა კავშირმა ვერ შეძლო ავღანეთში, იმას დღეს მით უმეტეს ვერ შეძლებს რუსეთი უკრაინაში, რომელსაც დასავლეთიდან ნატოს წევრი ოთხი ქვეყანა ესაზღვრება.

მართალია, უნგრეთი სამხედრო დახმარების თვალსაზრისით გამორიცხულია (უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანის აშკარად გამოხატული პრორუსული კურსისა და უკრაინა-უნგრეთის ისტორიულად დაძაბული ურთიერთობის გამო), მაგრამ პოლონეთი, სლოვაკეთი და რუმინეთიც კმარა იმისთვის, რომ უკრაინის საზღვარზე შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის ახალ-ახალი პარტიების გადაზიდვის პროცესი არ შეფერხდეს.

რუსეთის გენერალურ შტაბს აქვს რამდენიმე საშუალება, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებულმა შეიარაღებამ ფრონტის ხაზამდე ვერ ჩააღწიოს და უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის საოკუპაციო ჯარის წინააღმდეგ გამოყენება ვერ შეძლონ.

პირველი უშუალოდ ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე, მაგალითად, პოლონეთის, სლოვაკეთისა თუ რუმინეთის ავტომაგისტრალებსა და სარკინიგზო ხაზებზე დივერსიების მოწყობა ან სულაც საჰაერო დარტყმების განხორციელებაა, რომ უკრაინის არმიისთვის განკუთვნილი შეიარაღებით დატვირთული მანქანები და ვაგონები აფეთქდეს, მაგრამ ეს ნატოსთან ომის დაწყების ტოლფასი იქნება და კრემლში არც მთლად სულელები სხედან, ვერ მიხვდნენ, რომ თუ ამხელა რუსეთმა თავისი ნაქები ჯარით უკრაინის „"გადაყლაპვა ვერ შეძლო, ნატოს როგორ გაუმკლავდება?! ამიტომაც რუსეთის გენშტაბმა აირჩია მეორე და უფრო ლოგიკური გამოსავალი - დასავლეთის მოწოდებული შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების განადგურება საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზე.

დასავლეთ უკრაინას აღმოსავლეთ და სამხრეთ მხარეებთან საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო სატრანსპორტო დერეფნები აკავშირებდა. აქედან უკვე თითქმის გამოსარიცხია საჰაერო ტრანსპორტი, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ დიდი გაბარიტების სატრანსპორტო თვითმფრინავების აღმოჩენა და ჩამოყრა უკრაინის საჰაერო სივრცეში, სადაც უპირატესობას რუსული ავიაცია ფლობს, სამწუხაროდ, ადვილია, რაზეც უკვე ჩამოგდებული ორი უკრაინული სატრანსპორტო "ან-26 მეტყველებს. მეორე მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო აეროდრომებისა და სამოქალაქო აეროპორტების ბეტონირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლები, ძირითადად, უკვე მწყობრიდან არის გამოყვანილი.

რჩება საავტომობილო და სარკინიგზო კომუნიკაციები. მათგან სარკინიგზო უფრო მიმზიდველად გამოიყურება, რადგან ლვოვთან სარკინიგზო პლატფორმაზე დაყენებული პოლონური ტანკი და ამერიკული ჰაუბიცა ხრიგინ-ხრიგინით ჩავა დნეპრამდე და ფრონტის ხაზიც ხომ იქვეა, მაგრამ ყველაფერი ასე იოლად მხოლოდ ქაღალდზე ხდება, რეალურად კი რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს, სახმელეთო ჯარების სარაკეტო დანაყოფებსა და შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო ხომალდების ესკადრასთან ერთად, ნამდვილი „სარკინიგზო ომი“ აქვთ გამოცხადებული უკრაინის სარკინიგზო ხაზების ორგანიზაციასთან. დღე არ გავა, რომ რუსეთის ავიაციამ არ დაბომბოს, ხოლო ფრთოსანმა რაკეტებმა წერტილოვანი დარტყმები არ მიაყენონ უკრაინის სარკინიგზო ხაზების მნიშვნელოვან ობიექტებს: სარკინიგზო ხიდებს, ელექტროტრანსფორმატორებს, დეპოებს და ა.შ. ანუ ამით რუსეთის გენშტაბს სურს, უკრაინას საერთოდ შეაწყვეტინოს რკინიგზაზე მოძრაობა, რომ ვერ მოხერხდეს საბრძოლო მასალებისა და საწვავის ოპერატიული გადმოზიდვა ფრონტის ხაზზე მებრძოლი უკრაინის არმიის საბრძოლო დანაყოფების მოსამარაგებლად. დაახლოებით იგივე ეხება საავტომობილო გზებსაც, მაგრამ დაბომბილი სამანქანო გზის აღდგენა გაცილებით ადვილია, ვიდრე სარკინიგზო ხაზისა, ამიტომაც რუსი გენერლები, ძირითადად, საავტომობილი ხიდებს უმიზნებენ.

მორღვეული ლოჯისტიკა ომში ჩაბმული ქვეყნისთვის ადრე თუ გვიან მარცხის ტოლფასი გახდება, ამიტომაც უკრაინელები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ ფრონტების მომარაგება არ შეფერხდეს. 30-50-ვაგონიან და 2 კმ-ზე გადაჭიმულ სარკინიგზო ეშელონს ვერაფრით შენიღბავ ღამითაც კი, რადგან დაზვერვის თანამედროვე ტექნიკური საშუალებები, მათ შორის - თანამგზავრებიდან, ადვილად აღმოაჩენენ მოძრავ სარკინიგზო შემადგენლობას, თუმცა უკრაინელებმა ერთ ეშმაკურ გამოსავალს მაინც მიაგნეს, - ეს არის დასავლეთის მიწოდებული სამხედრო ტვირთების სარკინიგზო და საავტომობილო გვირაბებში დროებით გადამალვა მთელი მარშრუტის მანძილზე. უკრაინის სარკინიგზო ხაზებზე 50-მდე გვირაბია, მათგან ყველაზე მეტი - 31 კი ლვოვის სარკინიგზო ხაზზეა. ამ სარკინიგზო გვირაბების სიგრძე 800 მ-დან 2 კმ-მდეა, რაც ტვირთიან სარკინიგზო პლატფორმებს დროებით სრულად იცავს რუსული ფრთოსანი "კალიბრებისგან და როგორც კი საჰაერო განგაში გაუქმდება, ეს სარკინიგზო ეშელონები მეორე გვირაბამდე გადაჰყავთ. გვირაბების გამოსასვლელებში მობილიზებულია უკრაინის არმიის საზენიტო საშუალებები საჰაერო თავდასხმის მოსაგერიებლად. გვირაბების მონაცვლეობის პრინციპი მეტ-ნაკლებად წარმატებით მუშაობს დასავლეთ უკრაინაში, მაგრამ ცენტრალურ ნაწილში და მით უმეტეს - დონბასისკენ სარკინიგზო გვირაბები თითქმის აღარ არის, თუმცა უკრაინელებმა აქაც იპოვეს გამოსავალი: ფრონტის ხაზთან მიახლოებამდე სარკინიგზო პლატფორმებიდან სამხედრო ტვირთი იცლება და ის დანიშნულების ადგილამდე საავტომობილო ტექნიკის მცირე კოლონებით მიაქვთ.

საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა გაძლიერებულიყო, რაც თანდათანობით ისედაც ხდება, ამერიკული "ლენდ-ლიზის სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ კი ამას, ალბათ, წინ ვეღარაფერი დაუდგება, რაც, ფაქტობრივად, მინიმუმამდე შეამცირებს რუსული პილოტირებული საბრძოლო საფრენი აპარატების გამოჩენას. დასავლეთ უკრაინის - უჟგოროდის, ივანო-ფრანკოვსკის, ხმელნიცკის, ტერნოპოლისა თუ ლვოვის თავზე რუსული გამანადგურებლები და ბომბდამშენები, ჩამოგდების შიშით, დღესაც ვერ დაფრინავენ, მაგრამ, სამაგიეროდ, ამ ადგილებში საჰაერო თავდასხმას რუსეთი შორს მფრენი საზღვაო და საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით ახორციელებს. გადაიარაღებისა და გაძლიერების შემდეგ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემას გაცილებით მეტი ამგვარი რუსული ფრთოსანი რაკეტის ჩამოგდება შეეძლება, თუმცა "ისკანდერის“ აერობალისტიკური რაკეტების მოგერიება კვლავ ურთულეს პრობლემად დარჩება.

ომი უკრაინაში მალე არ დამთავრდება, საქმე შეიძლება იქამდეც მივიდეს, რომ ომის ბედი რუსული ტანკების სიძლიერემ ან „"ჯაველინების“ ჯავშანგამტანობამ კი არ გადაწყვიტოს, არამედ იმან, ვისი ეკონომიკა გაუძლებს ომის ჭაობში ყოველდღიურად ასეულობით მილიონი დოლარის „ჩაყრას.

იმედია, დასავლეთის მზარდი სამხედრო დახმარების პირობებში უკრაინის შეიარაღებული ძალები რუს საოკუპაციო ჯარებს საშუალებას არ მისცემენ, დონბასში ისინი ალყაში მოაქციონ. დღეს შეტევაზე გადასულ რუსულ საბატალიონე-ტაქტიკურ ჯგუფებს ცოტა ხანში არაქათი გამოეცლებათ, რადგან მუდმივად შეტევა არც ერთი ქვეყნის არმიას არ ძალუძს და ჩანაცვლება-დასვენება ყველას სჭირდება.

რუსეთის არმიის საუკეთესო დანაყოფები მესამე თვეა, იბრძვიან, მანამდე ერთი თვე კი მინდორში იყურყუტეს, რაც მათ გადაღლას და საბრძოლო სულისკვეთების დაქვეითებას იწვევს.

უკრაინის არმიის მეომრებიც მესამე თვეა, იბრძვიან და გადაღლა მათაც დაეტყოთ, მაგრამ უკრაინელთა მთავარი მოტივაცია და, შესაბამისად, უპირატესობაც ის არის, რომ ისინი სამშობლოს იცავენ.

რუსეთ-უკრაინის ომს გარდატეხა რამდენიმე კვირაში დაეტყობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი პუტინი ომის ჭაობში ბოლომდე ჩაეფლობა და რუსეთში საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხადებს, ძალით მობილიზებული და ომში გამოუცდელი რუსი "მუჟიკები“ უკრაინელ მებრძოლებს ვერ აჯობებენ, თუმცა ბევრი საშინელების დატრიალებას შეძლებენ.

P. S. გვირაბებში სარკინიგზო ეშელონების გადამალვა ახალი მეთოდი არ არის. აფხაზეთის ომის დროს მოწინააღმდეგე მხარე სარკინიგზო პლატფორმებზე მდგარ საარტილერიო დანადგარებს ქართული პოზიციებისა და სოხუმის უბნების დასაბომბავად იყენებდა. ჭურვების გარკვეული რაოდენობის გასროლის შემდეგ აფხაზი სეპარატისტების ეს იმპროვიზებული „ჯავშანმატარებელი“ თავს საჩქაროდ ახალი ათონის სარკინიგზო გვირაბს აფარებდა, რათა ქართველი არტილერისტების ჰაუბიცების საპასუხო ცეცხლის ქვეშ არ მოყოლილიყო.იმ ომში ქართული მხარეც იყენებდა სარკინიგზო პლატფორმებზე დაყენებულ საარტილერიო დანადგარებს, მათ შორის - საზენიტო ქვემეხებსაც, ერთხელ კი გუდაუთიდან გამოფრენილი რუსული მოიერიშე თვითმფრინავების ბომბებქვეშაც მოყვა.