ლავროვის "დებილობაზე" პუტინს ებრაელებისთვის ბოდიში რომ არ მოეხადა, მაშინ... - კვირის პალიტრა

ლავროვის "დებილობაზე" პუტინს ებრაელებისთვის ბოდიში რომ არ მოეხადა, მაშინ...

სტატიას მცირე ისტორიული გადახვევით დავიწყებთ: 2015 წელს რუსეთის უცვლელი საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად პრესკონფერენციას ატარებდა, როდესაც თავისთვის ჩაილაპარაკა: "დებილები! და ერთი ცნობილი რუსული სიტყვაც მიაყოლა, მაგრამ რუსეთის პირველი დიპლომატის ასეთ არადიპლომატიურ ლექსიკას ვერავინ გაიგებდა, მიკროფონი ჩართული რომ არ ყოფილიყო.

2016 წლის ბოლოს, ჰამბურგში, უკვე ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ლავროვმა კიდევ ერთხელ გამოცრა: "დებილები!, რაც უთუოდ იქ მყოფი ჟურნალისტების მისამართით იყო ნათქვამი.

ამ და სხვა გამონათქვამების გამო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სინონიმად იქცა სიტყვა "დებილები".

და, აი, რამდენიმე დღის წინ კვლავაც სკანდალური გამონათქვამების გამო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მკვახე შეფასება - დებილი და, ალბათ, რამდენიმესართულიანი რუსული გინებაც თვითონ მიიღო... პუტინისგან, რომელსაც ლავროვის სიბრიყვის გამო ბოდიშის მოხდამ მოუწია და თანაც - ვისთან!

მაჩოსა და მუდამ გამარჯვებულის იმიჯს ამოფარებული რუსეთის პრეზიდენტისათვის მართლაც სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა ბოდიშის მოხდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტისთვის, მაგრამ კრემლის მთავარ ბინადარს სხვა გზა არ ჰქონდა, რადგან რუსეთზე მეტისმეტად გაბრაზებულ ისრაელის სახელმწიფოს შეიძლებოდა უკრაინისთვის თანამედროვე შეიარაღების გადაცემა გადაეწყვიტა და ყარაბაღის ომში რაც დამართეს აზერბაიჯანისთვის მიყიდულმა „ჰაროპის“ დრონი-კამიკაძეებმა სომხების საბჭოთა დროინდელ ტანკებს, რუს გენერლებს კარგად მოეხსენებათ, უკრაინასთან ომში იმავეს გამეორებას კი არაფრით ისურვებდნენ.

მაინც, ასეთი რა წამოსცდა რუსეთის უცვლელ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ მის გამო ისრაელი რუსეთს კინაღამ დანასისხლად გადაეკიდა?

1-ლ მაისს ლავროვმა ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ნაცისტური გერმანიის ფიურერს, ადოლფ ჰიტლერს, შეადარა. ჟურნალისტის კითხვაზე, ებრაული წარმოშობის ზელენსკი როგორ იქნებოდა ნაცისტი, ლავროვმა უპასუხა, ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი და როგორც ბრძენი ებრაელი ხალხი ამბობს, ყველაზე მგზნებარე ანტისემიტები, ჩვეულებრივ, თავად ებრაელები არიანო...

სწორედ ლავროვის ამ ბოლო სიტყვებმა ისრაელსა და მთელ ებრაულ სამყაროში განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია, რაც გამძაფრდა ორი დღის შემდეგ, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „მოლაპარაკე "თავმა,“ მარია ზახაროვამ ცეცხლზე ნავთი დაასხა და თავისი მინისტრის „დებილობის“ დასაცავად ოფიციალურად უფრო დიდი სისულელე გაავრცელა - ისრაელს კიევის ნეონაცისტური რეჟიმის“ დახმარებაში დასდო ბრალი.

ამ დიპლომატიურ ვნებათაღელვას დიდი ყურადღებით აკვირდებოდნენ კიევში და უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის, ალბათ, იმედის ნაპერწკალი გაუჩნდა, რომ რუსეთის ხელისუფლებაზე განაწყენებულ ისრაელს შეიძლებოდა ნავსი გაეტეხა და უკრაინისთვის თანამედროვე შეიარაღების მიწოდება გადაეწყვიტა. მხოლოდ იმ ტიპის შეიარაღებით, რაც ისრაელმა წლების განმავლობაში აზერბაიჯანს მიჰყიდა (უპილოტო სადაზვერვო-დამრტყმელი საფრენი აპარატები, დრონი-კამიკაძეები, ტანკსაწინააღმდეგო "სპაიკები, საზენიტო-სარაკეტო "ბარაკ-8-ები თუ ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემები „"ლორა), უკრაინის არმია ფრონტის ხაზზე რუს ოკუპანტებთან დიდ საბრძოლო უპირატესობას მოიპოვებდა, მაგრამ პრეზიდენტ ზელენსკის იმედი არ გამართლდა - პრეზიდენტმა პუტინმა საკუთარ თავს აჯობა და ისრაელის ხელისუფლებას ბოდიში მოუხადა ლავროვის გამონათქვამების გამო.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი პესკოვი პუტინის მიერ ბოდიშის მოხდას კატეგორიულად უარყოფს, ეს თავად ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთ-ისრაელს შორის გაუგებრობა დასრულდა.

გასაგებია ომის ქარცეცხლში მყოფი უკრაინის ხელისუფლების მძიმე მდგომარეობა, როდესაც ისინი პერიოდულად მწვავედ აკრიტიკებენ იმ ქვეყნებს, რომელთაგან რუსეთთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტასა (ორჯერ ასეთი, დღემდე დაუსაბუთებელი კრიტიკის სამიზნე ჩვენი საქართველოც აღმოჩნდა) და მეტი შეიარაღების მიწოდებას მოითხოვენ, მაგრამ ამ ქვეყნების სიაში არასდროს ხვდება ისრაელი, რომელიც, ფაქტობრივად, არავითარ სერიოზულ სამხედრო დახმარებას არ უწევს ებრაული ფესვების მქონე უკრაინის პრეზიდენტს, პირიქით - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთი აქტიურად იყენებს „"ფორპოსტის ტიპის უპილოტო სადაზვერვო საფრენ აპარატებს, რომლებიც, ფაქტობრივად, ებრაული დრონებია და რომელთა აწყობის ლიცენზია ისრაელმა რუსეთს ათი წლის წინ მიჰყიდა.

P.შ. თუკი დიპლომატიურ შეცდომებზე ვლაპარაკობთ, არ შეიძლება არ გავიხსენოთ თავად უკრაინის ხელისუფლების, კერძოდ - პრეზიდენტ ზელენსკის დიდი პოლიტიკური შეცდომა, როდესაც უკრაინამ გერმანიის პრეზიდენტს, ფაქტობრივად, უარი უთხრა პოლონეთისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების პირველ პირებთან ერთად კიევში სტუმრობაზე, იმიტომ, რომ გერმანიის პრეზიდენტი შტაინმაიერი თავის დროზე მხარს უჭერდა "ჩრდილოეთ ნაკადი-2-ის გაზსადენის რუსეთიდან გერმანიამდე უკრაინის გვერდის ავლით გაყვანას, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შტაინმაიერმა სახალხოდ აღიარა, რომ ცდებოდა.

ამაზე განაწყენებულმა გერმანიის პრემიერ-მინისტრმა შოლცმაც გადადო ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში, რაც დაეტყო გერმანიის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების ტემპსა და მოცულობას.მიხვდა რა თავის სერიოზულ შეცდომას, პრეზიდენტმა ზელენსკიმ გერმანიის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს 8-9 მაისს კიევში სტუმრობისთვის ცალკე მოწვევა გაუგზავნა და მალე გამოჩნდება, დაივიწყეს თუ არა გერმანიის პირველმა პირებმა უკრაინელთაგან მიყენებული წყენა.