უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთით ერთ დღეში 50-ზე მეტი რუსი ოკუპანტი გაანადგურეს - კვირის პალიტრა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთით ერთ დღეში 50-ზე მეტი რუსი ოკუპანტი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ერთ დღეში 50-ზე მეტი რუსი ოკუპანტი და ერთი შვეულმფრენი გაანადგურეს, - ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ იტყობინება.

„დღის განმავლობაში ხერსონისა და მიკოლაევის მიმართულებით კონტაქტის ხაზზე პოზიციებზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა, თუმცა ჩვენმა ნაწილებმა დააფიქსირეს და ჩაშალეს მტრის მცდელობა დროულად გაეყვანა სადაზვერვო ჯგუფი. ბრძოლის შედეგად მტრის მხარეს არიან დაღუპულები, დაჭრილები და ტყვედ ჩავარდნილები,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მოწინააღმდეგე მთელი დღის განმავლობაში განაგრძობდა სამხრეთ რეგიონებზე სარაკეტო დარტყმებს. ოდესის რეგიონზე რუსულმა ძალებმა 9 სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, აქედან 6 რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.

"თავდასხმის შედეგად რეგიონში დაზიანდა ელექტრო ქვესადგური და გაზსადენი, განადგურდა რამდენიმე კერძო სახლი და დაზიანდა რეკრეაციული ზონები. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი", - ნათქვამია ანგარიშში.

ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ინფორმაციით, ლიკვიდირებულია 50-ზე მეტი ოკუპანტი.

„მტრის დანაკარგებმა ერთ დღეში შეადგინა: 51 რაშისტი, 2 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, ტანკი, "Панцирь-С"-ს საზენიტო სარაკეტო სისტემა, 2 უპილოტო საფრენი აპარატი და შვეულმფრენი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ინტერპრესნიუსი