"რაღაცაზე გაბრაზდე და რქებით სალ კლდეს დაეტაკო, სისულელეა!" - კვირის პალიტრა

"რაღაცაზე გაბრაზდე და რქებით სალ კლდეს დაეტაკო, სისულელეა!"

"სადაც ძალა არ გვაქვს, აუცილებელია დიპლომატია, ჭკვიანური მოქცევა. როცა ასეთ აგრესორ და დამპყრობელ ქვეყანას ვესაზღვრებით, იქ "ხერხი ჯობია ღონესა"... რაღაცაზე გაბრაზდე და რქებით სალ კლდეს დაეტაკო, სისულელეა! არც ის, რომ ოკუპანტს კარი გაუღო, მობრძანდი, შენ გენაცვალეო..." - მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი - ეკა ჩხეიძე დღევანდელობაზე გვესაუბრა...

- ქალბატონო ეკა, რას იტყვით რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ?

- დღეს რაც უკრაინაში ხდება, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების გარკვევა მგონია. მსოფლიო დიდად არ ერევა და შთაბეჭდილება რჩება, რომ თავს დიდად არ იწუხებს... უნდათ, მხოლოდ ორი იმპერია არსებობდეს, ძალიან ბინძური პოლიტიკური თამაშებია. მსოფლიოს გადანაწილებისთვის ხალხი ერთმანეთს ასე წირავს.

- წარმოიდგენდით, რომ 21-ე საუკუნეში ამ ყველაფრის მომსწრე გავხდებოდით?

- აფხაზეთში სხვანაირად იყო? საშინელებები ხდებოდა, მაგრამ მსოფლიოს არ აწუხებდა, რადგან ევროპისგან ჩვენ უფრო შორს ვართ და მათი პრობლემა, სატკივარი არ იყო, ჩვენი ტერიტორიები დაიკარგებოდა თუ არა. ყველას თავისი აღელვებს და სტკივა! ამიტომაც რა უნდა გითხრათ? - კარგი არაფერი!

- უკრაინაში ყოფილხართ, უკრაინელი მეგობრები გყავთ?

- დიახ, უკრაინაში ნათესავები მყავს და ნამყოფი ვარ გადაღებაზეც, ნათესავებთანაც... რუსეთშიც მყავს ნათესავები, რომლებიც საშინლად განიცდიან, რაც ხდება, ყველასთვის დიდი ტრაგედიაა... საქმეს ისიც ართულებს, რომ ახლა დათმობა, მოლაპარაკებაზე წასვლა ძალიან დაგვიანებულია. ომის გაჩერების მიზნით, თუ რამე ხელშეკრულებას ხელი მოეწერა და რუსეთს ის ტერიტორიები დაეთმო, რასაც ითხოვდა, ამის დაშვებაც კი არაფრით შეიძლება! მაშინ გამოდის, რომ ტყუილად იბრძოლეს, ტყუილად იყო ამდენი ადამიანის მსხვერპლი და ვოლოდიმირ ზელენსკის გენოციდს დააბრალებენ... ამიტომაც, ორივე მხარე სრულ გამარჯვებამდე იბრძვის. არ ვიცი, რა იქნება. მსოფლიოს ხელს არ აძლევს ახლანდელი რუსეთის გამარჯვება.

- არსებობს ორი რუსეთი?

- დიახ, არსებობს ორი რუსეთი! ძალიან ბევრი ადამიანი დღევანდელ რუსულ პოლიტიკას განუდგა. მათ სხვა გამოსავალი რომ ვერ ნახეს, ქვეყნიდან გაიქცნენ. ახლა რუსეთის წინააღმდეგ სხვა ქვეყნებიდან გამოდიან და ზოგიერთ მათგანს 50 წლით აეკრძალა რუსეთში შესვლა. მათ მოღალატეები იმიტომ დაერქვათ, რომ ხმამაღლა თქვეს, რუსეთი რომ დამპყრობელი, აგრესორია! ისინი აცხადებენ, რომ ეს არ არის სპეცოპერაცია, როგორც თავად პუტინი ეძახდა ამ ყველაფერს. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ რუსეთის კულტურის სფეროდან. ისინი კატეგორიული წინააღმდეგი არიან, სასტიკად გმობენ ამ ყველაფერს... ზოგიერთი მათგანი ხმამაღლა გამოთქვამს პროტესტს. ვნახეთ, რაც განაცხადა - ლია ახეჯაკოვამ... იგი იმ ფორმით დასაჯეს, რომ სახალხო არტისტის წოდება ჩამოართვეს. თუმცა ვის რად უნდა რუსეთის რამე წოდება?! ამ ადამიანმა ხალხის უზარმაზარი სიყვარული დაიმსახურა, ისედაც არც არასოდეს აკლდა!

- ამ დროს რუსეთში არიან ცნობილი ქართველები, რომლებიც მხარს კრემლის პოლიტიკას უჭერენ... მაგალითად, თინა კანდელაკი, ქეთა თოფურია, გრიგორი ლეპსი, სოსო პავლიაშვილი...

- როდესაც ადამიანი თავის კარიერას რომელიმე ქვეყანაში აიწყობს, მისი მატერიალური მდგომარეობა, ყველაფერი იმ ქვეყანაზეა დამოკიდებული და, ძალაუნებურად, იმ ქვეყნის მსახური ხდება. მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ, სხვაგან რა უნდა აკეთონ? ვინც რუსეთიდან წავიდა, ისინი რაღაცას წარმოადგენდნენ, ძალიან კარგად შეუძლიათ თავის პროფესიას სხვა ქვეყნებშიც ემსახურონ... კარგი მხატვარი, მოქანდაკე, რეჟისორი, მწერალი, სადაც გინდა იქ წახვალ და რეალიზდები...

- რამდენად არის ჩვენი ქვეყნიდან გამოხატული მხარდაჭერა, თანაგრძნობა უკრაინის მიმართ?

- რაც შეგვიძლია, ვაკეთებთ! ჩვენ დღეს ომის თავი არ გვაქვს, საკმარისი სისხლი დავღვარეთ რუსეთთან ბრძოლაში. არც მაგ დონის შეიარაღება გაგვაჩნია. ამიტომ, ჩემი აზრით, ომში ვერ ჩავერთვებით და ვერ შევეწირებით! უკრაინას ნურასოდეს შევედრებით ჯარის მომზადებით, რაოდენობით... წლების განმავლობაში ამზადებდა ნატო უკრაინის ჯარებს და რუსეთზე უკეთესი გადამზადება ჰქონდათ. ეს ომი ერთ ორშაბათს არ გადაწყვეტილა...

ჩვენ რისი თავიც გვაქვს, იმას ვაკეთებთ უკრაინისთვის და უკრაინელი ხალხისთვის... ჰუმანიტარული დახმარება გავგზავნეთ, უკრაინელი ლტოლვილები მივიღეთ, ბევრმა ბინაც კი დაუთმო უსასყიდლოდ, ძალიან ბევრმა უკრაინელმა აქ სამსახური იშოვა... დანარჩენი, ყველა მივყვებით დინებას, რადგან უძლურები ვართ. სადაც ძალა არ გვაქვს, აუცილებელია დიპლომატია, ჭკვიანური მოქცევა. როცა ასეთ აგრესორ და დამპყრობელ ქვეყანას ვესაზღვრებით, იქ "ხერხი ჯობია ღონესა"... რაღაცაზე გაბრაზდე და რქებით სალ კლდეს დაეტაკო, სისულელეა! არც ის, რომ ოკუპანტს კარი გაუღო, მობრძანდი, შენ გენაცვალეო...

- ომი რაც უფრო მწვავდება, მით უფრო ხშირად ისმის, ხალხს რუსულის გაგონებაც აღარ სურსო...

- რუსეთის მთავრობამ რაც რუს ერს გაუკეთა, მტერი ვერ გაუკეთებდა! თავისივე ხალხი მთელ მსოფლიოს შეაძულა. რა თქმა უნდა, ყველგან არის ცუდიც და კარგიც, მაგრამ განზოგადება მოხდა და დღეს ყველა რუსი აგრესორად აღიქმება. რუსეთის პოლიტიკა იმდენად აგრესიულია, მათი საინფორმაციო იმდენად არის გამოჭედილი ტყუილებით, ხალხი დაზომბებულია. შენც თუ 24 საათი იმავეს გეტყვიან, ბოლოს აუცილებლად დაიჯერებ და მოტყუვდები.

- იყო შემთხვევები ქუჩაში, რომ აგრესია გამოხატეს რუსების მიმართ...

- შეიძლება თავი ვერ შეიკავო და აგრესია გამოხატო, მაგრამ ეგ ხომ არაფერს შველის?! რა თქმა უნდა, თავზე არ უნდა წამოისვა, ბინა მიაქირაო და ენდო... რუსები აქ ძალიან ადვილად შემოდიან და ხშირად ისმის, სააკაშვილმა სავიზო რეჟიმი რატომ მოხსნაო? სააკაშვილის მერე რამდენი წელი გავიდა და ისევ გაეუქმებინათ! თუმცა როდესაც ეკონომიკით რუსეთზე დიდწილად ხარ დამოკიდებული, ასე, ერთი ხელის მოსმით ვერ აკრძალავ! დამოუკიდებლობა რომ გამოვაცხადეთ, თითქოს გამოვეყავით, მაგრამ ბევრი რამით მაინც დამოკიდებულნი დავრჩით... მაშინ, ახლა სასწრაფოდ უნდა მივიღოთ ზომები, როგორ გადავრჩეთ და შიმშილით არ მოვკვდეთ... დენი, გაზი, ძალიან ბევრი რამ რუსეთიდან შემოდის. კი, ბატონო, გადაკეტე გზა, ეგ ადვილია, მაგრამ ეს ამდენი წლის განმავლობაში უნდა მოგეხერხებინა, ასე, წვეთოვანივით რუსეთზე არ ყოფილიყავი მიბმული, დამოუკიდებლად არსებობა უნდა შეგძლებოდა! ბალტიისპირეთის ქვეყნები, ევროპა ცდილობს, სხვა გზა გამონახოს და გაზი მხოლოდ რუსეთიდან არ ჰქონდეს... ჩვენ ჯერ უნდა მოვახერხოთ, დამოუკიდებლად რამე შევძლოთ.

ჯერჯერობით დამოუკიდებლობის მხოლოდ ყვირილი შეგვიძლია. იმდენად ფანტასტიკური მიწა გვაქვს, ტოტს ჩარგავ და ალუბალი ამოდის. ზარმაცი ხალხი ვართ, მიწაზე მუშაობა არ გვიყვარს. ყველამ რომ თავისი საქმე აკეთოს, თავისი ქვეყნისთვის შრომობდეს, რამეს მოვახერხებდით. თუმცა მზამზარეული გვირჩევნია... ძალიან მიყვარს ჰოლანდიური ყველი, ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში ვიკითხე და მითხრეს, კი, ჰოლანდიური ყველი გვაქვს, ოღონდ თურქულიო... რაღა უნდა მეპასუხა? გამოვტრიალდი, რასაკვირველია არ ვიყიდე... საქართველოში შემოდის თურქული კიტრი და პომიდორი, რომელსაც არაფრის გემო არ აქვს და ნიტრატებით სავსეა. კიტრის და პომიდვრის მოყვანა უმარტივესია, მაგრამ რომელიღაც კომპანიას ხელს აძლევს შემოიტანოს და გაასაღოს. ყველა თავის ჯიბეზე ფიქრობს და თავის ქვეყანაზე - არავინ! ასეთ მოჯადოებულ წრეზე დავდივართ.

(სპეციალურად საიტისთვის)