„არიან „მეგრელი“ სირაქლემები და მინდა, „გურული“ სირაქლემებიც გაჩნდნენ...“ - კვირის პალიტრა

„არიან „მეგრელი“ სირაქლემები და მინდა, „გურული“ სირაქლემებიც გაჩნდნენ...“

"ერთი ძროხა ყოველთვის გვყავდა, თუმცა გაჩნდა აუცილებლობა, რძის ნატურალური პროდუქტი მეტი გვქონოდა. თან ვენახში ბალახს რომ მოვთიბავთ, იმასაც ვიყენებთ საკვებად. მოკლედ, პირუტყვის რაოდენობაც გავზარდე. პროდუქტი ოჯახისთვისაც საკმარისია და ვყიდით კიდეც"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ზენობანი ჩვენი საყვარელი მწერლის, ნოდარ დუმბაძის სოფელია. სწორედ ზენობნის მკვიდრნი აქცია მწერალმა თავის პერსონაჟებად. მწერლის სახლ-მუზეუმიდან 100 მეტრში ცხოვრობს ლევან ჭანიშვილი, რომელმაც 20 წლის შემდეგ საკუთარ ფუძეზე, თავის მიწაზე დაბრუნება და მეურნეობის წამოწყება გადაწყვიტა. ლევან ჭანიშვილი ყოფილი სამხედროა, ერაყშიც არის ნამყოფი და 2008 წლის აგვისტოს ომშიც წინა ხაზზე იბრძოდა. ახლა მეურნეობას მიჰყო ხელი და რასაც დღეს ზენობანში აკეთებს, დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

ლევან ჭანიშვილი:

- იმ სოფლიდან ვარ, სადაც ნოდარ დუმბაძემ "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" დაწერა. ამ პერსონაჟების ნაფეხურებზე დავდივარ. აქვე, 100 მეტრშია, მწერლის სახლ-მუზეუმი. მიყვარს ჩემი სოფელი, კუთხე. აქ ცხოვრობდნენ ჩემი წინაპრები, ბებია, ბაბუა. სად არ ვყოფილვარ, რა საქმეზე არ მიმუშავია, მაგრამ აქაურობამ ბოლომდე წასვლის უფლება არ მომცა. ამ სიყვარულით დავბრუნდი. პირნათელი უნდა ვყოფილიყავი წინაპრების ხსოვნასთან, რომლებმაც დიდი ენერგია გაიღეს, რომ ჩემი სოფელი მყვარებოდა. მიყვარს ფრინველი, ცხოველი, ბუნება. ის წლები, რაც აქედან წასული ვიყავი, ახლა მინდა ავანაზღაურო. საოჯახო მეურნეობა გავაძლიერე და ძალები სხვადასხვა მიმართულებით მოვსინჯე. ჯერჯერობით ამართლებს.

siraqlema3-1652089441.jpg

- დიდი ხანია, დაბრუნდით?

- მესამე წელიწადია, აქ ვარ. საწყის ეტაპზე პანდემიამაც შემიწყო ხელი და ჩემი და ოჯახის წევრების ერთობლივი ძალისხმევით რაღაცებს თავი მოვუყარე.

- მრავალმხრივი მეურნეობა გაქვთ. მეფრინველეობით დავიწყოთ.

- ამ საქმით აქ ჩამოსვლამდე დავინტერესდი. რეკლამაში ვნახე, 100-ცალიანი ინკუბატორი იყიდებოდა. მაშინ ეს სიახლე იყო, აქ ამგვარი ინკუბატორები მასობრივად არ ჰქონდათ, უმეტესად, კუსტარულად აწყობდნენ. გადავწყვიტე, შემეძინა ჩემი მშობლებისთვის, რომლებიც აქ იყვნენ და მათთვის ჯაფა შემემსუბუქებინა. დედამ ამ საქმეს კარგად აუღო ალღო, მეც ინფორმაციას ვაწვდიდი შესაბამისი ლიტერატურით, მცოდნე ადამიანების დახმარებით. ამ ყველაფერმა სწორ გზაზე დაგვაყენა, რომ წიწილებისთვის სათანადოდ გვეპატრონა. ამასობაში რაღაც ცოდნა მეც დამიგროვდა. ამას დაემთხვა ის, რომ გააქტიურდა ჩემი შინაგანი ძახილი სოფელში წამოსვლასთან დაკავშირებით. მანამდე ამისთვის ოთხი წელიწადი ვემზადებოდი, რადგან ოჯახი თბილისში რჩებოდა: მეუღლე მუშაობს, ბავშვები სწავლობენ. ისინი იქ უნდა ყოფილიყვნენ, მე - აქეთ... მოკლედ, ჩამოსვლის შემდეგ ფრინველების მოვლაში აქტიურად ჩავერთე.

siraqlema4-1652089441.jpg

- რამდენი კაცი ხართ ოჯახიდან ამ საოჯახო მეურნეობაში გაერთიანებული?

- მშობლები და ძმები (სამი ძმა ვართ). ერთობლივად ვმუშაობთ. საოჯახო მეურნეობის გაძღოლა მე დამეკისრა. თავიდანვე გადავწყვიტე, რომ ეს უნდა ყოფილიყო ქართული პროდუქტის მწარმოებელი, ენდემურ ჯიშებსა და სახეობაზე ორიენტირებული; პროდუქტი უნდა ყოფილიყო ნატურალური და ჯანსაღი. როცა ცოდნა, გამოცდილება გაგვიღრმავდა, 1000-იანი ინკუბატორი შევიძინე. მერე იმაზეც ვიფიქრე, რომ ჩვენი სოფლისთვის განსხვავებული და ინოვაციური ყოფილიყო, თან - კომერციულიც და ასე გაჩნდა ჩვენს მეურნეობაში ხოხობი...

- მეურნეობას ნაბიჯ-ნაბიჯ, სხვადასხვა სეგმენტის დამატებით ავითარებთ... მეკვერცხულ-მეხორცული მიმართულება გაქვთ?

- კი, ორივე. მთავარია, რომ ქართულზე ვარ ორიენტირებული და ფრინველიც ქართული პროდუქტით უნდა იყოს გაზრდილი...ხოხბის შესახებაც ბევრ რამეს გავეცანი - როგორი ინფრასტრუქტურა, კვება, მოვლა სჭირდება, რომ გამრავლება შეძლოს და შედეგს აქაც მივაღწიეთ. ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ამასთან, ჩვენთან ახლოს არის ბახმარო, ნაბეღ­ლავი, გომის მთა და ასეთ გარემოში ცხოვრებაც ხელს გვიწყობს. მიზნად მაქვს ხოხბის გამრავლება და მათი ბუნებაში გაშვება. ის ხომ წითელ წიგნშია შეტანილი...

- თურმე სირაქლემებითაც აპირებთ ფერმის გამდიდრებას.

- სირაქლემების მოშენება ჩემთვის მწვერვალია. ვიცი, რომ ასეთი ფერმა სამეგრელოში უკვე არსებობს. არიან "მეგრელი" სირაქლემები და მინდა, "გურული" სირაქლემებიც გაჩნდნენ...

- მევენახეობაშიც გადაგიდგამთ ნაბიჯები, გურული ყურძნის ჯიშები - ჩხავერი, საკმიელა და ოცხანური დაგირგავთ...

- გურია მთიანი რეგიონია, მცირემიწიანი. მიუხედავად ამისა, მაინტერესებდა ადგილობრივი ჯიშის ვაზის გაშენება, ნატურალური ყურძნის მოყვანა და ნატურალური ღვინის დაყენება. ჩამოსვლიდან მალევე ჩავყარე გურული ჯიშის ვაზი. ბევრი ჩვენი, გურული ჯიში გვაქვს: ჩხავერი, ოცხანური, საკმიელა, მტევანდიდი, ჯანი. თითოეული ჩვენი სავიზიტო ბარათია. ნერგები 2500 კვადრატულ მეტრ ფართობზე დავრგე და კიდევ უნდა დავამატო.

siraqlema2-1652089440.jpg

- საქონელი თუ გყავთ?

- რა თქმა უნდა, ერთი ძროხა ყოველთვის გვყავდა, თუმცა გაჩნდა აუცილებლობა, რძის ნატურალური პროდუქტი მეტი გვქონოდა. თან ვენახში ბალახს რომ მოვთიბავთ, იმასაც ვიყენებთ საკვებად. მოკლედ, პირუტყვის რაოდენობაც გავზარდე. პროდუქტი ოჯახისთვისაც საკმარისია და ვყიდით კიდეც.

- ფიზიკურად თვითონ აუდიხართ ამ ყველაფერს?

- კი, რა თქმა უნდა. შვიდი წელიწადი ჯარში გავატარე, ვეტერანის სტატუსი მაქვს. 2005 წლიდან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ვიყავი. სამშვიდობო მისიით ერაყში წავედი, 2008-ში 6 აგვისტოდან ომის დამთავრებამდე იქ ვიყავი - მძიმე შეიარაღებაში, პირველ ხაზზე მიწევდა ბრძოლა სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის პირველ ბატალიონში. მეტყვიამფრქვევე ვარ, უფროსი სერჟანტი...

- მოკლედ, დიდი გამოცდილების ადამიანი ხართ. თქვენი სამეურნეო გამოცდილებიდან სხვებს რას ურჩევთ?

- ღმერთმა მოგვცა მიწა, რომელსაც დედამიწას ვუწოდებთ. ჩვენ შრომით შეგვიძლია, მიწას მოვეფეროთ და ის ყოველთვის იარსებებს, მაგრამ უნდა იყოს შთამომავლობაც, რომელიც მას მოუვლის, უპატრონებს. სანამ შეგვეძლება, მიწას უნდა მივხედოთ - ეს იქნება ჩემი რჩევაც და თხოვნაც. მიწიდან იმდენს მივიღებთ, გაგვიკვირდება კიდეც, თუმცა ამ საქმეში მთავრობის დახმარებაც საჭიროა, რომ წინსვლა შევძლოთ. ეს ყველას საქმეა. არის პრობლემაც - ხალხი შრომას გაურბის, არადა, სოფელში მიწასთან ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია. აქ შეგიძლია განვითარდე... ჩემი გულისტკივილი ის არის, რომ სოფლები იცლება.

ადრე გურიაში ჩაის კულტურას უვ­ლიდნენ. მერე ყველაფერი განადგურდა. სადაც ჩაის ბუჩქები იყო, მოცვი გავაშენე. ეს იყო სახელმწიფოს პროგრამა, რომელიც 100%-ით დაფინანსდა. მანამდე ჩემი ხარჯით გაველურებული ტერიტორია ავითვისე, მოვხანი, შემოვღობე... მე და ჩემი ოჯახის წევრებმა ვიშრომეთ და შრომა პირველივე წელიწადს დაგვიფასდა, საქმე წინ წავიდა. ასე ნელ-ნელა ვამრავალფეროვნებთ ჩვენს საოჯახო მეურნეობას და ძალიან მომწონს, რომ ქართულ პროდუქტს ვქმნით.